კედია სპირიდონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სპირიდონ კედია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპირიდონ კედია

კედია სპირიდონ მალხაზის ძე (დ. - 20.IX.1884, ზუგდიდი - გ. - 17.V.1948, პარიზი) - პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

სარჩევი

ბიოგრაფია

ზუგდიდის ექვსკლასიანი საქალაქო სასწავლებელის დასრულების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა. თავდაპირველად ფედერალისტურ პარტიას დაუკავშირდა, თუმცა მალევე ჩამოშორდა მას. სტუდენტურ გამოსვლებში აქტიური მონაწილეობისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს, ხოლო გლეხთა რევოლუციურ მოძრაობასთან კავშირისათვის, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. 1906 წელს საფრანგეთში გახიზვნა მოახერხა. 1907 წელს ჩაირიცხა სორბონის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, თუმცა, დაამთავრა მონპელიეს უნივერსიტეტი და შეუდგა მუშაობას ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. სტუდენტობისას ფულად შემწეობას ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოსაგან იღებდა.

პირველი მსოფლიო ომის წინ სხვისი პასპორტით სამშობლოში გამოემგზავრა, მაგრამ რუსეთში გამოჩენისთანავე დააპატიმრეს და კრონშტადტის ციხეში ჩასვეს, საიდანაც პეტერბურგის ქართული კოლონიის წევრთა ძალისხმევით განთავისუფლდა. 1914 წელს თბილისში ჩამოვიდა. ქართველი მრეწველებისა და მეცენატების თანადგომით, დააარსა „საქართველო“. სპ. კედიას მოწინავეებსა თუ სხვა პუბლიკაციებს სათქმელის სიცხადე და პირდაპირობა, მიმზიდველი და დახვეწილი სტილი გამოარჩევდა. მიაჩნდა, რომ სამშობლო უზენაესი ღირებულებაა, რომ „ყოველი ნაბიჯი, ყოველი დასაწყები საქმე ეროვნული თვალსაზრისით უნდა განიზომებოდეს: იგი უნდა იყოს გზისა და ხერხის მაჩვენებელი კანდელი“.

სპ. კედიამ 1917 წლის მარტში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტი ჩამოაყალიბა. 1917 წლის 4-20 ივნისს თბილისში მოწვეულ ყრილობაზე გამოცხადდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა, რომლის თავმჯომარედ ერთხმად იქნა არჩეული სპ. კედია. შედიოდა „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“, საქართველოს ფილიალში. 1917 წელს ეროვნულ ყრილობაზე, დაუსწრებლად აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის მაისში მონაწილეობდა ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, საიდანაც, როგორც ქართველი ერის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გაიგზავნა გერმანიაში ამ ქვეყნის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. შედიოდა ჯერ დამფუძნებელი კრების საარჩევნო, შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიაში. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების დეპუტატად. იყო საკონსტიტუციო, ასევე, თვითმმართველობისა და ადგილობრივი მმართველობის მუდმივი კომისიების წევრი. პარლამენტში მემარჯვენე ოპოზიცია ჩამოაყალიბა და აკრიტიკებდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, მიუთითებდა მის შეცდომებზე, განსაკუთრებით, ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში, საგარეო ორიენტაციის, ეკონომიკური პოლიტიკისა თუ სხვა საკითხებში და სთავაზობდა ალტერნატიულ მოსაზრებებს. აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა კონსტიტუციის თავი „სახელმწიფო თავდაცვა”.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას სპ. კედია სამშობლოში დარჩა, იატაკქვეშეთში გადაინაცვლა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ეროვნული ძალების ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

1922 წლის თებერვალში ჩეკამ დააპატიმრა და ჯერ მეტეხის, შემდეგ კი ორთაჭალის ციხეში ჩასვა. ერთი წლის შემდეგ საქართველოდან გააძევეს. 1923 წლის ივნისიდან იმყოფებოდა საფრანგეთში, იყო პარიტეტული კოლეგიისა და ემიგრაციაში დაარსებული საქართველოს დამოუკიდებლობის საზღვარგარეთის დელეგაციის წევრი. 1924 წლიდან მისი და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის გზები გაიყარა. მიზეზად აგვისტოს აჯანყება იქცა, რომლის იდეასაც სპ. კედია არ იზიარებდა. ემიგრაციაში ქართველთა მთლიანობის აღდგენის მიზნით სპ. კედიამ 1925 დააარსა ჟურნალი „სამშობლოსათვის“, ხოლო 1932-1936 წლებში გამოსცემდა გაზეთს „საქართველოს გუშაგი“. ხელმძღვანელობდა გ. მაჩაბლის ამერიკული პარფიუმერული კომპანიის – „პრინცი მაჩაბელი“ - ფილიალს პარიზში. II მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიის მიერ შექმნილი ქართული ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავდა მეუღლე - სოფიო ჩიჯავაძე და ქალიშვილი თეო. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. I, თბ., 1991;
  • ო. ჯანელიძე, სპირიდონ კედია: პოლიტ. პორტრეტი, თბ., 2002;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002;
  • ს. ჩიჯავაძე-კედია, ნასმენ-ნახული. პარ. 2002.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები