სტალინი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 15 ივნისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ სტალინი

სტალინი იოსებ ბესარიონის ძე - (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი), (21.XII.1879 (სხვა ვერსიით: 6.XII.1878), გორი - 5.III.1953, მოსკოვი), საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, გენერალისიმუსი (1945), დიქტატორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

საბჭოთა სახელმწიფოს და კომუნისტური პარტიის ლიდერი-დიქტატორი. დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში. 1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულება ვერ შეძლო სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო. 90-იანი წლების ბოლოს გახდა „მესამე დასის“ რადიკალური ფრთის, ე. წ. „რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატთა დასის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც 1901 წელს გამოსცა გაზ. „ბრძოლა“. მხარს უჭერდა ერთიანი რუსეთის სოციალ დემოკრატიული პარტიის შექმნის იდეას. 1903 წელს მიემხრო ბოლშევიკებს და იყო ადგილობრივი ბოლშევიკების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1904 წელს ღიად დაუპირისპირდა როგორც მენშევიკებს, ისე ქართულ ეროვნული მიმართულების პარტიებს: სოციალისტ-ფედერალისტებს, ეროვნულ-დემოკრატებს, ანარქისტებს, რომლებიც ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის იბრძოდნენ.

1905 წელს იყო რსდმპ ტამერფორსის კონფერენციის, რსდმპ IV და V ყრილობების დელეგატი. 1907 წლდან, როდესაც ბოლშევიკები საქართველოში დამარცხდნენ, წავიდა რუსეთში და პროფესიონალი რევოლუციონერი-ბოლშევიკის გზა განაგრძო, რისთვისაც არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 წელს კოოპტაციის წესით აირჩიეს რსდმპ ცკ-ის წევრად. 1913 წელს ბოლშევიკურ გაზ. „პროსვესჩენიეში“ გამოაქვეყნა ნაშრომი „მარქსიზმი და ეროვნული საკითხი“, რომელიც რუსეთის ბოლშევიკების საპროგრამო ტექსტად იქცა, ხოლო ავტორი ეროვნული საკითხის ბოლშევიკ ავტორიტეტად. 1913 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.

1917 წელს იყო ბოლშევიკური გადატრიალების და ახალ სახელმწიფოდ გარდაქმნილი რუსული იმპერიის - საბჭოთა რუსეთის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც მთავრობაში დაიკავა ნაციონალურ საქმეთა სახალხო კომისრის (მინისტრის) თანამდებობა. 1917 წლის 2 ნოემბერს ვ. ლენინმა და ი. სტალინმა ხელი მოაწერეს მის მიერ დაწერილ „რუსეთის ხალხთა უფლებების დეკლარაციას“, რომელშიც ფარისევლურად იყო აღიარებული ყოფილი იმპერიის ხალხთა ეროვნული თვითგამორკვევის უფლება, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ი. სტალინი და საბჭოთა ხელისუფლება თავიდანვე მტრულად დაუპირისპირდა საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკას და იყო მის წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი აქტივობების მთავარი ორგანიზატორი, რომლის მიზანიც საქართველოსა და სხვა პოსტმონარქისტული ახალგაზრდა სახელმწიფოების დაპყრობა და რუსეთთან შეერთება იყო.

1918 წლის მარტში გაზ. „პრავდაში“ გამოქვეყნდა მისი სტატია: „ამიერკავკასიის კონტრრევოლუციონერები სოციალიზმის ნიღბით“. ეს და სხვა სტატიები მიზნად ისახავდა, დამოუკიდებელი საქართველოს სახით, მტრის ხატის შექმნას, დისკრეტიზაციას და ნიადაგის მომზადებას მისი დაპყრობისათვის, როცა საამისო პირობები შეიქმნებოდა („მდგომარეობა კავკასიაში“ და სხვ). 1918 წლის ივლისში ის ბაქოს კომუნისტ ლიდერს სტეფანე შაუმიანს განუმარტავდა, რათა გერმანელები დაერწმუნებინათ, რომ საქართველოს საკითხი იყო რუსეთის საშინაო საკითხი და ამიტომ საბჭოთა რუსეთი არ ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას. მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა აზერბაიჯანი და სომხეთი გაასაბჭოვა, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ოკუპაციის საკითხი. ლენინი ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარების დადგომას თვლიდა საჭიროდ, სტალინ-ორჯონიკიძე სასწრაფო ოკუპაციას უჭერდნენ მხარს. 1920 წლის 30 ნოემბერს „პრავდაში“ გამოქვეყნდა სტალინის სტატია, რომელშიც მან განაცხადა, რომ „საქართველო ამჟამად თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის... არა გვგონია საეჭვო იყოს, რომ მძიმე წუთს ანტანტა ისევე მიატოვებს საქართველოს, როგორც სომხეთი მიატოვა“. ამ დროს მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთ-ბრიტანეთის სავაჭრო ხელშეკრულების დადება და დემოკრატიული საქართველოს ბედი გადაწყვეტილი იყო.

1921 წლის 24 იანვარს სტალინმა წინადადება მისცა ცკ-ს, შედგომოდა მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს საქმეებში „სამხედრო ჩარევისათვის“ და მიეცათ ორჯონიკიძასთვის დირექტივა, რათა მოემზადებინა აჯანყებულთა გამოსვლები საქართველოს რომელიმე რაიონში, რომლებიც საბჭოთა არმიას სთხოვდნენ დახმარებას. ეს იყო საქართველოს ოკუპაციის სცენარი. 26 იანვრის ცკ-ს პლენუმმა, ლენინის მიერ დაწერილი პროექტის საფუძველზე, მიიღო დადგენილება საქართველოსთან ომის მომზადების შესახებ. საბოლოოდ, რკპ(ბ) ცკ-ის 1921 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, იმავე დღის 16 სთ-ზე სტალინმა ორჯონიკიძეს გამოუგზავნა ცნობილი დაშიფრული ტელეგრამა: „ახლავე შეუტიე დასტურია აიღე ქალაქი“. ი. სტალინისა და მისი თანამოაზრე ქართველი ბოლშევიკების წყალობით, საქართველომ სოციალიზმის საფასურად მიიღო დამოუკიდებლობის დაკარგვა და სოციალური უსამართლობის უმწვავესი სახე - მრავალწლიანი ეროვნული უთანასწორობა და უფლებების შელახვა. საქართველოს გასაბჭოებისა და რკპ(ბ) ცკ-ის გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ (1922. აპრილი) ი. სტალინი ხშირად მონაწილეობდა რესპუბლიკის საქმეებში, თუმცა, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ საქართველო რაიმე პრივილეგიით სარგებლობდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან შედარებით. პირიქით, საბჭოთა დიქტატორი შესაძლოა განაწყენებულიც კი იყო საკუთარ სამშობლოზე, რომელსაც კლასობრივი ბრძოლის პრინციპებიდან აფასებდა.

1921 წელს, საქართველოში ყოფნის დროს, მან ადგილობრივ ბოლშევიკ-ხელმძღვანელებს მითითება მისცა, რომ საქართველოს ოქტომბრის რევოლუციის უთო უნდა გადაესვასო. ეს იყო მენშევიკური და ნაციონალისტური პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ მკაცრი რეპრესიების განხორციელების პირდაპირი მითითება. ასეც მოხდა: 20-30-იან წლებში განხორციელებული რეპრესიების შედეგად საქართველოში პრაქტიკულად განადგურდა ყველანაირი არაბოლშევიკური პოლიტიკური ელიტა. საბჭოთა კავშირის შექმნის პროცესში, სტალინმა წამოაყენა ე. წ. ავტონომიზაციის პლატფორმა, რომლის თანახმადაც, მოკავშირე ქვეყნები ავტონომიის სტატუსით უნდა შესულიყვნენ საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. ეს პროექტი დაწუნებული იქნა. 20-იან წლებში ი. სტალინმა ზედიზედ ჩამოიცილა გზიდან მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალები და გახდა უზარმაზარი საბჭოთა იმპერიის ერთპიროვნული მმართველი (1941 წლიდან იგი იყო ჯერ სახკომსაბჭოს, შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე).

30-იან წლებში მან განახორციელა უპრეცედენტო რეპრესიები ყველანაირი პოტენციური მოწინააღმდეგეების მიმართ, რომელსაც მილიონობით ადამიანი შეეწირა ფიზიკური ლიკვიდაციისა და გადასახლების სახით. ეს ეპოქა ისტორიაში შევიდა „სტალინური რეპრესიების“ სახელწოდებით.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, რომელიც სტალინის ინიცირების საფუძველზე, დიდი სამამულო ომის სახელწოდებითაა ცნობილი, საბჭოთა კავშირის გამარჯვება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სტალინის პირადმა თვისებებმაც: პრინციპულობა, დაუნდობლობა, სისასტიკე, მმართველობის ერთპიროვნულობა და ა. შ. ომში გამარჯვების შემდეგ სსრკის იმპერიულ გავლენაში მოექცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი (აღმოსავლეთ ევროპა, ჩინეთი).

სტალინის პიროვნების შესახებ დღემდე არ ცხრება კამათი. ერთი მხრივ, ის ისტორიაში შევიდა როგორც მრისხანე დიქტატორი, ხოლო მეორე მხრივ, ის აღიქმება როგორც მსოფლიოში პირველი ე. წ. მუშურ-გლეხური სახელმწიფოს პრაქტიკოსი-განმახორციელებელი, სახელმწიფოსი, რომელიც დაშენებული იყო უპრეცედენტო რეპრესიების საფუძველზე.

პირველი ცოლისაგან, ეკატერინე სვანიძისგან ჰყავდა ვაჟი - იაკობი, მეორე ცოლისგან, ნადეჟდა ალილუევასგან ქალ-ვაჟი: ვასილი და სვეტლანა. ი. სტალინი დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე.

დიმიტრი შველიძე

თხზულებები

ი. სტალინი, თხზულებანი, ტ. 1-13, თბ., 1947-1952.

ლიტერატურა

ვ. გურული, მეფე-მამა თბ., 2014.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე გარეთვე

სტალინი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები