სულხან-საბა ორბელიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულხან-საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანი − Sulkhan-Saba Orbeliani, Сулхан-Саба Орбелиани 1658-1725

ქართველი მწერალი, ლექსიკოგრაფი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე, პედაგოგი, შთამომავლობით დიდგვაროვანი თავადი. დაახლოებული იყო სამეფო კართან, სადაც კარგი განათლება მიიღო საერო და სასულიერო მხრივ. მეფე გიორგი XI-სთან ერთად, რომელთან ბავშვობიდან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, ბევრ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და კულტურულ-საგანმანათლებლო წამოწყებაში მონაწილეობდა. იყო მომავალი გამოჩენილი, განათლებული მეფის, ვახტანგ VI-ის აღმზრდელ-მასწავლებელი. ვახტანგ VI-ის დავალებით 1713-1716 წლებში დიპლომატიური მისიით ევროპაში იმოგზაურა, სადაც შეხვდა საფრანგეთის მეფეს, ლუი XVI-ს და რომის პაპს, კლიმენტი XI-ს. 1724 წელს პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის მოსკოვს გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. დაკრძალულია ესესვიატსკოეში.

სარჩევი

ფსიქოლოგიურ ცნებათა განმარტებები სულხან-საბას „სიტყვის კონა”-ში

სულხან-საბა ჭაბუკობიდანვე ჩაება სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. 20-25 წლის ასაკში დაწერა იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე სიცრუისა”, რომელშიც იგავური ფორმით სწავლა-აღზრდის საკითხებია გადმოცემული. ამასთან ერთად გამოთქმულია ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული აზრებიც. ყველაზე დიდი სახელი მას მოუტანა ენციკლოპედიურმა თხზულებამ „ქართული ლექსიკონი” („სიტყვის კონა”, 1685-1716), რომელშიც ფსიქოლოგიურ ცნებათა განმარტებას დიდი ადგილი უკავია. მასში ფსიქოლოგია პირველად არის წარმოდგენილი, როგორც ფილოსოფიური ცოდნის დარგი. ავტორი ცდილობს, მოგვაწოდოს ფილოსოფიური შემეცნების შედეგად მოპოვებული ცოდნა, მათ შორის სულის სამყაროს შესახებ. იგი ძირითადად ბერძნული ფილოსოფიური წყაროების თარგმანებს იყენებს, თუმცა განმარტებებს იმის მიხედვით არჩევს, თუ რამდენად შეესაბამება ისინი მის საკუთარ შეხედულებებს; ყველა ცნების განმარტებას იგი თავის წარმოდგენებთან მიმართებაში განიხილავს. იგივე ითქმის ფსიქოლოგიურ ცნებებზეც, რაც ნიშნავს, რომ სულხან-საბას გაცნობიერებული აქვს მათ შორის არსებული კავშირი, ანუ ფლობს ფსიქოლოგიური ცოდნის გარკვეულ სისტემას. მასში მოცემულია სულის თვისებებთან და პროცესებთან (შეგრძნება, მეხსიერება, აზროვნება/გონება, გრძნობა, მოტივაცია, ნებელობა და ა.შ.) დაკავშირებულ ცნებათა განმარტებანი. სულხან-საბას ფსიქოლოგიური შეხედულებები, რა თქმა უნდა, ეკლექტიკურია (ავტორი ხომ არა სამეცნიერო თხზულებას, არამედ ლექსიკონს ქმნიდა, რომლის უპირველესი დანიშნულებაა, მკითხველს მიაწოდოს „აუცილებელი” და, ამავე დროს, „საადვილოდ აღწერილი” ცოდნა, ქართული ენის ლექსიკასთან დაკავშირებით). სულხან-საბა საგანგებოდ არჩევდა, ერთმანეთთან აჯერებდა და სისტემაში მოჰყავდა სხვა ავტორების შეხედულებები (განმარტებები). მართალია, ამას იგი გააზრებულად, საკუთარი კრიტერიუმების შესაბამისად აკეთებდა, მაგრამ „ქართულ ლექსიკონში” მოცემული ფსიქოლოგია მაინც არაა ავტორის საკუთარი მეცნიერული ძიების ნაყოფი და ტრადიციული სქოლასტიკის გავლენაც ეტყობა, მეტ-ნაკლებად. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ლექსიკონმა, როგორც ენციკლოპედიამ, მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რათა სინამდვილის ცოდნა თვით სინამდვილის დამოუკიდებელი ძიებებით შესწავლის საფუძველზე ყოფილიყო მოპოვებული” (ა. ფრანგიშვილი).

ძალიან დასაფასებელია სულხან-საბას მისწრაფება მიახლოებითი სინონიმების ერთმანეთისგან გამიჯვნისა, განსხვავების ფაქიზ ელფერთა გაცნობიერებისა და წარმოჩენისა; ცნებათა შორის ლოგიკურ მიმართებათა გარკვევისა და დაზუსტებისა, მაგ., მათ შორის ზოგადკერძოობის მიმართების დადგენისა. თანაც ამას ქართული ენის სიღრმისეული ცოდნისა და უდიდესი სიყვარულის საფუძველზე აკეთებდა, ცდილობდა ქართული ენის გამდიდრებას ქართულის შინაგანი ბუნების შეურყვნელად. სულხან-საბას დიდი ენციკლოპედიური ცოდნა და უძლიერესი ენობრივი გუმან-ინტუიცია ჰქონდა. მაგ., მან ერთმანეთისგან განარჩია რისხვა და დრტვინვა, ხოლო მათ ზოგად გვაროვნულ ცნებად ბრაზი დაადგინა; განარჩია შური, და გვაჯი {შენატრება}; სულის ზოგად ცნებაში მოაქცია მისი კერძო სახეობანი, მათ შორის სამშვინველი, თანაც ეს ცნებები ისე განმარტა, როგორც ქართული ენა მოითხოვს − და არა ისე, როგორცაა უცხო ენებში (ბერძნულში, ლათინურში, რუსულში...). ამასთან, ცხადია, მრავალი ტერმინის განმარტება ბერძნული, არაბული თუ სხვა წყაროებიდანაა გადმოთარგმნილი. ასეთია, მაგ., ტემპერამენტის ტიპების შესაბამისი ფერის „ნაღველთა“ დახარისხება. (ზ. ვახანია)


მთავარი ნაშრომები:

  • სულხან-საბა ორბელიანი. ქართული ლექსიკონი. თბილისი: „მერანი”, 1991;
  • სულხან-საბა ორბელიანი. სიბრძნე სიცრუისა. თბილისი: „საბჭოთა საქართველო”, 1970.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

სულხან-საბა ორბელიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები