უზნაძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი უზნაძე

უზნაძე დიმიტრი - Uznadze Dimitri, Узнадзе Дмитрий Николаевич, 1886-1950

გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის შემქმნელი {განწყობის თეორია} და ფსიქოლოგიის ქართული სკოლის ფუძემდებელი.

სარჩევი

ადრეული წლები და განათლება

უზნაძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ საქარაში შეძლებული მშრომელი გლეხის ოჯახში, რომელშიც განათლება დიდად ფასობდა. სასკოლო განათლება უზნაძემ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო, რომელიც 1904 წელს დაამთავრა, 1905 წელს კი გაემგზავრა გერმანიაში, სადაც შევიდა ლაიფციგის უნივერსისტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იმ დროს ეს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი იყო ბრწყინვალე პროფესურით ფილოსოფისა და ფსიქოლოგიის დარგებში − აქ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თვით ვ. ვუნდტი − ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მამამთავარი, მსოფლიოში პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიისა და ინსტიტუტის ფუძემდებელი. უზნაძემ სწორედ ამ ინსტიტუტში, ვუნდტის უშუალო ხელმძღვანელობით გაიარა მეცნიერული წრთობა. თავად ვუნდტის გარდა, აქ სხვადასხვა კურსები გამოჩენილ მეცნიერებს მიჰყავდათ, მათ შორის იყვნენ: ფ. კრიუგერი, ე. შპრანგერი, ბარტი, ფოლკელტი და სხვანი.

1907 წელს უზნაძემ ლაიფციგში დაწერა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი. ის გ. ლაიბნიცს მიუძღვნა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ პრემიით დაჯილდოვდა. 1909 წელს უზნაძემ შექმნა დიდი და ღრმა ნაშრომი უდიდესი რუსი ფილოსოფოსისა და თეოლოგის, ვლ. სოლოვიოვის ფილოსოფიურ მემკვიდრეობაზე. მისთვის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიანიჭეს ჰალე-ვიტენბერგის უნივერსისტეტში. უზნაძე იმავე წელს სამშობლოში, ქუთაისში დაბრუნდა. ის უკვე განსწავლული ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი იყო. მაგრამ მისი განათლება გერმანიაში მიღებული ცოდნით არ დასრულებულა. საზღვარგარეთ მიღებული დიპლომი რუსეთის იმპერიაში ოფიციალურ დოკუმენტად არ ითვლებოდა. ამიტომ უზნაძე იძულებული გახდა, ექსტერნის წესით ჩაებარებინა გამოცდები ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1913 წელს პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო.

ამ დროისთვის უზნაძე უკვე მთლიანად ჩართული იყო პრაქტიკულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ-პუბლიცისტურ და სამეცნიერო მოღვაწეობაში. ასევე, აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე. 1917-1919 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.

უზნაძის მეცნიერული ინტერესები იმხანად მიმართული იყო ლიტერატურათ¬მცოდნეობის, ესთეტიკის თეორიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკითხებისადმი. ესთეტიკური აღქმის ორიგინალურ მოაზრებაზე დაყრდნობით, უზნაძემ ქუთაისში მოღვაწეობის პირველივე წლებში შექმნა ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებთა ფსიქოლოგიური ანალიზის მშვენიერი ნიმუშები.

ფილოსოფიური და პედაგოგიური მოღვაწეობა

უზნაძის შემოქმედება ფილოსოფიაში მოიცავს როგორც ფილოსოფიის ისტორიას (მონოგრაფიები ვლ. სოლოვიოვისა და ა. ბერგსონის ფილოსოფიური სისტემების შესახებ, სერიოზული გამოკვლევა გ. ლაიბნიცის „მცირე პერცეფციების” შესახებ), ისე აქტუალურ ფილოსოფიურ პრობლემატიკას: სიკვდილი და უკვდავება, ომი და მისი სახეობანი, ცხოვრების რაობა და ცხოვრების საზრისი, პირადი ბედნიერება და ერისა თუ კულტურის სამსახური, ადამიანის ინდივიდუალობა და შემეცნების თავისებურება − იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც უზნაძე ამუშავებდა. უზნაძის ფილოსოფიურ თხზულებებს დღესაც არ დაჰკარგვია მეცნიერული მნიშვნელოვნება და აქტუალობა, ხოლო მათი ავტორი მართებულადაა მიჩნეული არა მხოლოდ ფსიქოლოგიის ქართული სკოლის, არამედ აგრეთვე ფილოსოფიის ქართული სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც.

საზოგადოდ უზნაძის ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი პოზიციის ზუსტი დახასიათება-კვალიფიკაცია საკმაოდ გაძნელებულია იმის გამო, რომ იგი ორ სრულიად სხვადასხვა ისტორიულ ხანაში ცხოვრობდა და მუშაობდა. საბჭოთა კომუნისტური წყობილების დამყარებამდე იგი აზროვნებდა თავისუფლად და წერდა ისე, როგორც ფიქრობდა. ხოლო მარქსიზმ-ლენინიზმის პირობებში ასე ვეღარ გაგრძელდებოდა. ძალზე ნიშანდობლივია ამ მხრივ ის, რომ 1925 წლიდან, უკვე აღიარებულმა ფილოსოფოსმა, შეწყვიტა მუშაობა ფილოსოფიაში. მას უთუოდ ჰქონდა თავისი პოზიცია ფილოსოფიის ძირეულ საკითხებზე. ამაში ჩაღრმავების გარეშეც შეიძლება ითქვას, რომ უზნაძე ფილოსოფიაში „სინთეზური მიდგომის” მომხრე იყო: ყოველ ფილოსოფიურ სისტემას აქვს ჩრდილოვანი და ნათელი მხარეები. ნათელი, დადებითი მხარეები შეადგენს მის უპირატესობას სხვა თვალსაზრისებთან შედარებით. ჭეშმარიტების მარცვლები ყველგანაა მიმობნეული და საჭიროა მათი „ორგანული სინთეზი”.

ძალიან მდიდარია და საინტერესო უზნაძის პედაგოგიური შემოქმედებაც. უზნაძემ წარმოადგინა შეხედულებათა მთლიანი სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც პედაგოგიკის, ისე ასაკობრივი და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს {განწყობის თეორია და პედაგოგიკა}. 1910-1916 წლებში უზნაძემ გამოაქვეყნა წერილების სერია თეორიულ პედაგოგიკაში. განსაკუთრებულად აღსანიშნავია წიგნი „შესავალი ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში” (1912), რომელმაც სათავე დაუდო საქართველოში ორ ახალ დარგს − ექსპერიმენტულ პედაგოგიკას და ბავშვის ფსიქოლოგიას. ამავე პერიოდში ახალგაზრდა სწავლულმა შექმნა ოთხი სახელმძღვანელო ძველი მსოფლიოს ისტორიაში. ეს იყო ქართულ ენაზე პირველი სახელმძღვანელოები მსოფლიო ისტორიაში. მათზე დიდი მოთხოვნა იყო. 1909-1918 წლებში უზნაძე თავად ასწავლიდა ისტორიას ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, მაგრამ მისი პრაქტიკულ-პედაგოგიური საქმიანობა ამით არ ამოიწურებოდა. გარემოებებმა მას საშუალება მისცა, პრაქტიკაში შეემოწმებინა თავისი პედაგოგიური სისტემა. 1915 წელს ქუთაისში დაარსდა ქალთა პირველი ქართული სკოლა „სინათლე”, რომლის დირექტორად უზნაძე დაინიშნა. მას დაეკისრა სწავლა-აღზრდის პროცესის ორგანიზაციული, შინაარსეული და მეთოდიკური პრინციპების ჩამოყალიბება და მათი პრაქტიკული განხორციელება. ახალგაზრდა მეცნიერმა წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას და ორიოდ წელიწადში ნოვატორული სკოლა შექმნა. უზნაძემ თავისი მუშაობის პრინციპები სპეციალური ანგარიშის სახით გამოაქვეყნა, რომელსაც პრესამ „ბრწყინვალე პედაგოგიური ტრაქტატი” უწოდა.

შემდგომში ამ პრობლემატიკის დამუშავებას უზნაძე უკვე ბავშვისა და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის კუთხით განაგრძობდა. მთავარი იდეა თავიდანვე გამოიკვეთა − ესაა მთლიანობის ჰუმანისტური პრინციპი. პიროვნება მრავალი მხარის ერთიანობაა. აღზრდა ცალმხრივი არ უნდა იყოს. ის ურთიერთშეწონილად უნდა მოიცავდეს ინტელექტუალურ, ესთეტიკურ, ეთიკურ, რელიგიურ თუ სხეულებრივ მხარეებს. ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებისთვის ყველა მათგანის განვითარებაა აუცილებელი. ერთ-ერთისთვის განუზომელი უპირატესობის მინიჭება რეალურ საფრთხეებს შეიცავს, რაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ჩვენს მკვლევარს.

ერთიანობა-მთლიანობის პრინციპი უზნაძემ განავითარა თავის კოინციდენციის თეორიაში, რომელიც ჩამოაყალიბა წიგნში „პედოლოგია” (1933). ეს კონცეფცია განვითარების მამოძრავებელი თანდაყოლილი (შინაგანი) და შეძენილი (გარეგანი) ფაქტორების კავშირის ბუნებას ეხება. კავშირი არსებითი ხასიათისაა; ეს ფაქტორები ერთმანეთს იმთავითვე გულისხმობს და, ამდენად, ერთიანობას ქმნის. ამ პრინციპიდან შორსმიმავალი დასკნები გამომდინარეობს. მართლაც, თუკი შინაგანი ძალა და გარეგანი ზეგავლენა ისეთ მთლიანობას ქმნის, რომ შინაგანი პირდაპირ მიგვითითებს, თუ როგორი ზემოქმედებაა საჭირო მისი განვითარებისთვის, მაშინ, ცხადია, აუცილებელი ხდება სათანადო ზემოქმედებათა შერჩევა და ორგანიზება, ანუ ის, რასაც აღზრდა ეწოდება. ამა თუ იმ ფუნქციის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეესაბამება აღმზრდელობითი ზემოქმედების ხერხები და გარემო ბავშვის მომწიფებად შინაგან ძალებს {ასაკობრივი გარემო}. ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური გარემო აქვს. ხანგრძლივი ისტორიული გამოცდილების საფუძველზე ასაკობრივ გარემოში გათვალისწინებული და ორგანიზებული უნდა იყოს ის პირობები, რომლებიც ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს შეესაბამება და ამდენად მათ ოპტიმალურ განვითარებას უზრუნველყოფს {პედოცენტრიზმი, მოსწავლეზე ორიენტირება}.

დიმიტრი უზნაძე − რაინდი, ლადო გუდიაშვილის ნახატი

უზნაძეს შესრულებული აქვს მრავალი ექსპერიმენტული და თეორიული გამოკვლევა, რომლებიც ეხება სხვადასხვა ფუნქციების ონტოგენეზს, ბავშვის ინტერესებს, თამაშს, სწავლას, სწავლისადმი მზაობას და სხვა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს წიგნი „ბავშვის ფსიქოლოგია“ (1947), რომელზეც ქართველი ფსიქოლოგების რამდენიმე თაობა აღიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა წლებში უზნაძე ხელმძღვანელობდა პედაგოგიკის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის განყოფილებას {ბავშვის ფსიქოლოგია საქართველოში, პედოლოგია საქართველოში, პედაგოგიური ფსიქოლოგია საქართველოში, თამაშის თეორიები}.

ქართული ფსიქოლოგიური სკოლა

1917 წელს უზნაძე საცხოვრებლად ქუთაისიდან თბილისში გადავიდა და მთლიანად ჩაერთო ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით განხორციელებულ უზარმაზარი ეროვნული მნიშვნელოვნების პროექტში − თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაშიც; წლების განმავლობაში იყო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მდივანი, პედაგოგიკის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტების დეკანი. უნივერსიტეტის მუშაობის დაწყებისთანავე (1918) უზნაძემ ფსიქოლოგიის კათედრა და ფსიქოლოგიური ლაბორატორია დააარსა და საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ჩამოყალიბებას შეუდგა. ასევე, 1918-1921 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის პედაგოგიკურ ინსტიტუტს. ამიერიდან საქართველოში ფსიქოლოგიის სწავლებისა თუ კვლევის ყველა საკითხი − მეცნიერული, პედაგოგიკური თუ ორგანიზაციული, ამ ერთ ადამიანს უნდა გადაეწყვიტა. მან კი არამარტო იმდროინდელი ფსიქოლოგიის კულტურა შემოიტანა ჩვენში, არამედ აგრეთვე თვით საქართველო აქცია ორიგინალური ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის სამშობლოდ. უზნაძე კითხულობდა ლექციებს, მიჰყავდა ლაბორატორიული მეცადინეობები, წერდა სახელმძღვანელოებს, ქმნიდა ტერმინოლოგიას, ამზადებდა კადრებს. მან დააფუძნა ფსიქოლოგებისა და პედაგოგების მოსამზადებელი კათედრები ქუთაისსა და სოხუმში, თვითონვე ასწავლიდა იქ. სულ მალე მეცნიერულმა ფსიქოლოგიამ ჩვენში ისეთი ძალა მოიკრიბა, რომ აუცილებელი გახდა ფსიქოლოგთა საზოგადოების შექმნა (1927) {დიმიტრი უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება}. ამ ფაქტით გაცხადდა, რომ ჩვენში არსებობდა სერიოზული სამეცნიერო სკოლა, რომელშიც სახელოვანი ქართველი ფსიქოლოგების მთელი პლეადა გაერთიანდა. თავდაპირველად მისი ერთადერთი ცენტრი უნივერსიტეტი იყო. მოგვიანებით, 1941 წელს, შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი უზნაძეც იყო. აკადემიის ფარგლებში მან მაშინვე ჩამოაყალიბა ფსიქოლოგიის სექტორი, რომლის ბაზაზეც ორ წელიწადში (1943) გაიხსნა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. უზნაძის ხელმძღვანელობით ამ ინსტიტუტში ძლიერი სამეცნიერო გუნდი ჩამოყალიბდა. უზნაძის ინსტიტუტი ქართული ფსიქოლოგიის ცენტრი გახდა, სადაც უზნაძის გარდაცვალების შემდეგაც წარმატებით ვითარდებოდა მის მიერ შექმნილი განწყობის ფსიქოლოგია. 1935 წელს უზნაძეს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები უზნაძემ კომუნისტური იდეოლოგიის წნეხში, დაპატიმრებისა და გასახლების შიშში გაატარა {ფსიქოლოგიის ქართული სკოლა}. ამის შედეგი ტრაგიკული აღმოჩნდა − შემოქმედებითი აქტიურობის ზენიტში მყოფი მეცნიერი 1950 წლის 9 ოქტომბერს მოულოდნელად გარდაიცვალა ინსულტით, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, ე.წ. „ოთხშაბათობაზე”, განწყობის შესახებ მსჯელობის დროს. იგი დაკრძალულია უნივერსიტეტის ბაღში უნივერსიტეტის სხვა დამფუძნებელთა შორის.

უზნაძის ფსიქოლოგიური ინტერესების სფერო უაღრესად ფართოა. გარდა ასაკობრივი და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის საკითხებისა, იგი ერთხანს ფსიქოტექნიკის (შრომის ფსიქოლოგიის) და პროფორიენტაციის საკითხებსაც იკვლევდა. ძალზე მრავალფეროვანია იმ პრობლემების წრე, რომელთაც უზნაძე ამუშავებდა ზოგად ფსიქოლოგიაში. იგი იკვლევდა ფსიქოლოგიის ისტორიისა და მეთოდოლოგიის პრობლემატიკას; შეისწავლიდა ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციებს და გამოთქვა მრავალი საყურადღებო აზრი კოგნიციური, ემოციური და მოტივაციური ფსიქიკური პროცესების შესახებ. მის კალამს ეკუთვნის ორი სქელტანიანი სახელმძღვანელო ზოგად ფსიქოლოგიაში (1925, 1940) (ზოგადი ფსიქოლოგია საქართველოში, ფსიქოტექნიკა საქართველოში). მაგრამ მისი ცხოვრების მთავარი საქმე, რა თქმა უნდა, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია იყო.

განწყობის თეორია

უზნაძემ კვლევითი მუშაობა ფსიქოლოგიაში 1920-იან წლებში დაიწყო. ამ დროსთვის ნათელი გახდა, რომ ფსიქოლოგიური მეცნიერება ღრმა კრიზისში იმყოფება. ის ვერ გაერთიანდა ცოდნის ერთიან სისტემად, ერთმანეთთან დაპირისპირებულ და საკუთარ ამოცანებზე ორიენტირებულ მიმდინარეობათა ერთობლიობად დაქსაქსული დარჩა: კლასიკური ფსიქოლოგია მარტო ცნობიერების შესწავლას მიიჩნევდა საჭიროდ, ბიჰევიორიზმი − მარტო ქცევის შესწავლას, ხოლო სიღრმისეულ ფსიქოლოგიას პირველ რიგში არაცნობიერი ტენდენციები და კლინიკური ფსიქოლოგია აინტერსებდა. ცალკე იყო კიდევ გაგებითი ფსიქოლოგია {ვ. დილთაი}. სწორედ ამ პერიოდში შეუდგა უზნაძე თავისი კონცეფციის ჩამოყალიბებას, რომელიც დაძლევდა არსებულ მიმდინარეობათა ცალმხრივობას და მათ მიღწევებს ერთ ლოგიკურ სისტემად გააერთიანებდა {ორგანული სინთეზი}. სათანადო ანალიზის შედეგად უზნაძე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მანამდე არსებულ ყველა ფსიქოლოგიურ თეორიასა თუ შეხედულებას ერთი საერთო შეცდომა ახასიათებდა − ყველა ემყარებოდა შეუმოწმებელ და უკრიტიკოდ მიღებულ, უმეტესად გაუცნობიერებელ, იმპლიციტურ მეთოდოლოგიურ პრინციპს, რომელსაც უზნაძემ უშუალობის პოსტულატი უწოდა. თავის ორიგინალურ ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში მან ამოცანად ამ პოსტულატის დაძლევა დაისახა {შუალობის პოსტულატი}. სწორედ ეს ფუნქცია აკისრია უზნაძის თეორიის მთავარ ცნებას − განწყობას. უზნაძის მიხედვით, მოთხოვნილებით აღძრულ ინდივიდში სიტუაციის ზემოქმედების შედეგად იქმნება სპეციფიკური მთლიანობითი მდგომარეობა − აქტუალური განწყობა. მისი ფსიქოლოგიური არსი მოთხოვნილებისა და სიტუაციის შესაბამისი აქტიურობის განხორციელების მზაობაა. განწყობა აქტიურობისთვის მომზადების, მომართვის მდგომარეობაა, მდგომარეობა, რომელიც ახასიათებს ერთიან სუბიექტს როგორც მთლიანობას და არა მის ცალკეულ პროცესსა თუ ფუნქციას.

განწყობა პირველადი მდგომარეობაა, რომელთან მიმართებაში ინდივიდში მიმდინარე ყველა ფსიქოლოგიური თუ ფიზიოლოგიური პროცესი მეორადი ხასიათისაა. აქტუალური განწყობა აერთიანებს ქცევის უშუალო მიზეზსა და მიზანს, ის ქცევის რეალური ფსიქოლოგიური მექანიზმია. განწყობა წინ უსწრებს ქცევას და განსაზღვრავს მის მიზანშეწონილ ხასიათს; მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტორი (ძალა), რომლებიც აქტივობის მიზანშეწონილი განვითარებისთვისაა აუცილებელი. ვინაიდან განწყობა მოთხოვნილებისა და სიტუაციის საფუძველზე ყალიბდება, მას შეუძლია საჭირო მიმართულებით აღძრას და წარმართოს ქცევა.

მსოფლიო ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ცენტრში − ლაიფციგში დაოსტატებული მეცნიერი ვერ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თეორიული ნააზრევით. უზნაძემ თავიდანვე იზრუნა განწყობის ემპირიულ შესწავლაზე. ამისთვის შეიმუშავა ამ მოვლენის ექსპერიმენტული კვლევის მარტივი, მოხდენილი და ნაყოფიერი მეთოდი − ფიქსირებული განწყობის მეთოდი. ეს ექსპერიმენტები არამხოლოდ განწყობის არსებობას ადასტურებს, არამედ მისი თვისებების გამოკვლევის საშუალებასაც იძლევა. ამ ექსპერიმენტში კანონზომიერად გაჩენილ ილუზიებს XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა ფსიქოლოგმა, ჟ. პიაჟემ „უზნაძის ეფექტი” უწოდა. მან თვითონაც, თანამშრომლებთან ერთად, საგანგებო ექსპერიმენტებით შეისწავლა ის.

უზნაძემ პირველ რიგში თეორიის ძირითადი დებულებები დაამტკიცა − განწყობის ბუნების შესახებ. კერძოდ, განწყობის მთლიანობითობა და არაცნობიერობა. უზნაძისეული ექსპერიმენტული სქემით პიროვნების თავისებურებათა შესწავლაც გახდა შესაძლებელი. გამოირკვა, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უმუშავდება ცდისპირს განწყობა, როგორია ილუზიის სიდიდე, როგორია მისი ჩაქრობის პროცესის დინამიკა, რამდენად გამძლეა დროში საგანწყობო ეფექტები და სხვა, შესაძლებელია გამოიყოს განწყობის ფიქსირების ესა თუ ის ტიპი (მაგ.: სტატიკური ან დინამიკური, პლასტიკური ან ტლანქი, კონსტანტური ან ვარიაბილური და სხვა). განწყობის ამ მახასიათებლებზე დაყდნობით პიროვნების ქარაქტეროლოგიურ თვისებებზე შეიძლება ლაპარაკი (დიფერენციალური ფსიქოლოგია საქართველოში, ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპოლოგია).

ამდენად, ფიქსირებული განწყობის მეთოდმა ნაყოფიერი ფსიქოდიაგნოსტიკური ტექნიკის სახე მიიღო, რომელიც პიროვნების ხასიათობრივ თავისებურებათა გამოვლენის საშუალებას იძლევა. ფიქსირებული განწყობის მეთოდის მაღალი ფსიქოდიაგნოსტიკური პოტენციალი ფსიქოპათოლოგიურმა კვლევამაც დაადასტურა. ეს კვლევა უზნაძემ წამოიწყო და წარმატებით განაგრძეს მისმა თანამშრომლებმა. უზნაძე ამოდიოდა იქიდან, რომ ფსიქიკური მოქმედების მეტ-ნაკლებად სერიოზულმა გადახრამ განწყობის მექანიზმში უნდა იჩინოს თავი და თავისებურად შეცვალოს იგი. მართლაც, აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათოლოგიის შემთხვევებში განწყობის მახასიათებლები არსებითად განსხვავდება ნორმისაგან; მეტიც, ყოველი კონკრეტული დარღვევისას განწყობის ტიპი სპეციფიკურად იცვლება {პათოფსიქოლოგია საქართველოში; განწყობის ფსიქოპათოლოგია}.

უზნაძე გარდაიცვალა შემოქმედებითი აქტიურობის ზენიტში. მას მრავალი იდეა დარჩა განსახორცილებელი. მის მიერ შექმნილი განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას ქართველი ფსიქოლოგების რამდენიმე თაობა ავითარებდა. დაგროვდა უდიდესი ექსპერიმეტულ-ემპირიული მასალა (ექსპერიმენტული ფსიქოლოგია საქართველოში), დაზუსტდა და განვითარდა მრავალი თეორიული დებულება და კონცეფცია ახალი აზრებით შეივსო (განწყობის სტატიკური მოდელი, განწყობის დინამიკური მოდელი, განწყობის დიალექტიკური მოდელი). ფსიქოლოგიის ამ მიმართულების ზრდის პოტენციალი XXI საუკუნეშიც დიდია.

პედაგოგიკაში დ. უზნაძე, საკუთარი ნააზრევის გარდა, მარია მონტესორის პედაგოგიკას და საზოგადოდ ჰუმანისტური პედაგოგიკის მიდგომებს დაემყარა., უზნაძის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია, აგრეთვე: მრავალმხრივი ჰარმონიული აღზრდა: ბავშვის თვითაქტიურობა (ფუნქციონალური ტენდენცია); აღზრდის ძირითადი ტრაგედია, ნებისყოფის გადამწყვეტი მნიშვნელოვნება და შეძლებისამებრ ინდივიდუალური მიდგომა. ის წერდა: „ხშირად სკოლა მოსწავლეს ისეთ რამეს აწვდის, რაც ბავშვის ძალასაც აღემატება და არც მის სურვილს შეეფერება. ბავშვი ზიზღით აკეთებს მისთვის არასაინტერესოსა და გაუგებარ საქმეს და, თუ მოახერხა, მას შუა გზაზე წყვეტს. < ... > ისე სჩანს, რომ სკოლა უკვე თავისი ძირითადი თვისებებით გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ მოსწავლეების ინდივიდუალურ თავისებურებურებებს გაეწიოს ანგარიში... დღევანდელი სწავლება უსახური საქონლის საფაბრიკო წარმოებას ჰგავს“.

დიმიტრი უზნაძის ფილოსოფიურმა შეხედულებებმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მის ფსიქოლოგიურ თეორიაზე. მეტიც, განწყობის ფსიქოლოგიის სიღრმე, სიფართოვე და ორიგინალურობა დიდწილად სწორედ იმას ემყარება, რომ ამ თეორიის ავტორი ფილოსოფოსი იყო და ფილოსოფიური პრობლემებისადმი შინაგანი ინტერესი არასდროს განელებია. განწყობის თეორიის საფუძვლები მყარად დგას ლოგიკურად გამართულ და ღრმა ფილოსოფიურ ცნებებზე. სახელდობრ, დ. უზნაძე შემდეგ ფილოსოფიურ ცნებებს იყენებდა:

  • „ორგანული სინთეზი” ვლ. სოლოვიოვის ფილოსოფიიდან − თეორიული კვლევებისა და თეორიის აგების მეთოდოლოგიური საფუძველი;
  • „მცირე პერცეფციები“ გ. ლაიბნიცის ფილოსოფიიდან, რომელსაც არაცნობიერის ცნების უზნაძისეული მოაზრება დაემყარა (განსხვავებით ზ. ფროიდისეული მოაზრებისგან (ფსიქოანალიზი და განწყობის თეორია));
  • სიცოცხლის ფილოსოფიის რამდენიმე ძირითადი ცნება ა. ბერგსონის ფილოსოფიიდან, რომლებსაც განწყობის თეორიის მთავარი ცნებები დაემყარა (შუალობის პოსტულატის ფილოსოფიური საფუძვლები; ობიექტივაციის ცნების ფილოსოფიური საფუძვლები; ფუნქციონალური ტენდენციის ცნების ფილოსოფიური საფუძვლები). თვით განწყობის უზნაძისეული ცნებაც სიცოცხლისფილოსოფიურია, რასაც ადასტურებს ის, რომ ამ ცნების პირველსახე უზნაძეზე ადრე სიცოცხლის ფილოსოფიის ქართველმა მიმდევარმა, კ. კაპანელმა ჩამოაყალიბა და თავისი თეორიის მთავარ ცნებად აქცია (თუმცა თავის ჩვეულ ესსეისტურ-მეტაფორულ სტილში).

„ორგანული სინთეზის” ბუნებრივი შედეგია აგრეთვე დ. უზნაძის მცდელობა, რომ შეარიგოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიდგომები: „ჩვენი თეორიული კონცეფციის მართებულობის ერთერთი საბუთი ისიცაა, რომ იგი როდი აუქმებს ყველაფერს, რაც დღემდე გაუკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებას, არამედ ყველა ჭეშმარიტ მეცნიერულ მონაპოვარს თავის წიაღში აღიქვამს და ერთ მთლიან სისტემაში აერთიანებს.“ უზნაძე ემპირიულ-საბუნებისმეტყველო მიდგომის ერთგული იყო, თუმცა მრავალ საკითხში ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას ეთანხმებოდა და მეტიც, მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა ამ მიდგომის განვითარებაში {ღია თეორია / დახურული თეორია; ა. მასლოუ; კ.გ. იუნგი }. განწყობის თეორია უმეტესად ნომოთეტურია, თუმცა იდიოგრაფიულ კვლევებსაც მოიცავს (თვითონ დ. უზნაძის გარდა, ამ მიმართულებას უზნაძის მოწაფე, ვლ. ნორაკიძე უძღვებოდა).

XXI საუკუნეშიც განწყობის ფსიქოლოგია ყველაზე სიცოცხლისუნარიან, ფართო, მრავალმხრივ და თან ღრმა თეორიად რჩება.

ადამიანის ცხოვრების საზრისად და მიზნად ახალგაზრდა დიმიტრი უზნაძემ ერის ისტორიულ მეხსიერებასთან ზიარება და მისი სამსახური მიიჩნია. და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში განუხრელად და საოცრად ნაყოფიერად ახორციელებდა ამ მიზანს. (ზურაბ ვახანია)

მთავარი ნაშრომები

  • განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ტ. 19.
  • ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები / შრომები, ტ. 2. თბილისი: „საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა”, 1960.
  • ზოგადი ფსიქოლოგია / შრომები, ტ. 3-4. თბილისი: „საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა”,1964.
  • ბავშვის ფსიქოლოგია; სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია / შრომები, ტ. 5. თბილისი: „საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა”, 1967.
  • განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები / შრომები, ტ. 6. თბილისი: „საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა”, 1977.
  • განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები / შრომები, ტ. 6. თბილისი: „საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა”, 1977.
  • ფილოსოფიური შრომები. თბილისი: „თბილისის უნივერისტეტის გამომცემლობა”, 1984.
  • ანრი ბერგსონი. - ფილოსოფიური შრომები, ტ. 2. თბილისი: „თბილისის უნივერისტეტის გამომცემლობა”, 1986.
  • პედაგოგიური თხზულებანი. თბილისი: „კოლორი”, 2005.
  • ძილი და სიზმარი. თბილისი: „ფავორიტი”, 2004.
  • დიმიტრი უზნაძე − ბიბლიოგრაფია. თბილისი: „მეცნიერება”, 1984.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები