უოქერი კერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:43, 22 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კერა უოქერი. დარქითაუნის ამბოხება, 2001; გამოჭრილი ქაღალდი და კედელზე პროეცირებული განათება. მთლიანობაში 4.3X11.3მ. დიდი ჰერცოგის ჟანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MUDAM), ლუქსემბურგი © კერა უოქერი

კერა უოქერი – კერა უოქერის (Kara Walker, d.1969) ხელოვნება, დღეს ამერიკაში, ყველაზე გამომწვევად და პროვოკაციულად არის მიჩნეული. ის მაყურებლის გაშიშვლებულ ნერვებს ეხება, ზარავს მას და შოკში აგდებს. შავი მუყაოსგან გამოჭრილი დიდი ზომის ფიგურების სილუეტებს ის გალერეის კედლებზე ცვილით ამაგრებს და მათ პროეცირებული შუქით ანათებს. ნამუშევარში დარქითაუნის ამბოხება უოქერი, თავისი შავი სილუეტების მეშვეობით, გალერეის კედლებზე გადაშლილ, მონების აჯანყებისა და მათიჟლეტის საშინელ ამბავს მოგვითხრობს. ოთახში მორევივით ბრუნავს კედლებზე პროეცირებული, მშვენიერი ფერადოვნების შავი, თეთრი, ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი შუქები და მოცეკვავე ჩრდილები. ფიგურების თვალიერებისას, პროექტორის წინ აღმოჩენილი მაყურებლის ჩრდილი ასევე ეცემა კედლებს და ასეთნაირად, მისთვის ძალზე არაკომფორტულად, ის განვითარებული ნარატივის სიახლოვეს, ანდა სულაც მის შუაგულში ექცევა. უოქერის ისტორიები სხვადასხვაგვარად წარმოიქმნება - მონათა ნარატივიდან, მენესტრელების წარმოდგენებიდან, სარეკლამო სუვენირებიდან, ხან კი გამომცემლობის Harlequin (არლეკინი) სასიყვარულო რომანებიდან. ის ერთმანეთს უზავებს გამონაგონსა და სინამდვილეს, რათა ჩაგვრისა და საშინელი ძალადობის ისტორია წარმოაჩინოს. უოქერი არ ერიდება სხეულის ისეთი არასასიამოვნო ან მტკივნეული ფუნქციების ასახვასაც კი, როგორიცაა დეფეკაცია, ღებინება და მშობიარობა. მისი შავი და თეთრი პერსონაჟები სტერეოტიპულები, ზოგჯერ კარიკატურულებიც კი არიან. ხელოვანი ერთმანეთს უპირისპირებს თავისი თეთრკანიანი ხალხის შეზღუდულობასა და სტერეოტიპებს, რომლებიც მისივე აფრო-ამერიკელების თავისებურებებადაა მიჩნეული. ზოგ პერსონაჟს ის ისეთი დამაკნინებელი გამონათქვამებითაც კი იხსენიებს, როგორიცაა: "ნიგერი გოგონები" ან "პატარა ზანგუნია". უოქერი თამაშობს თეთრკანინათა შიშებით, რომლებიც რასების შერევისა და რასობრივი სიწმინდის შელახვის საფრთხითაა გამოწვეული. ხელოვანი იმდენად შორს გადის დასაშვების ფარგლებიდან, რომ მისი ინსტალაციების დათვალიერება შესაძლოა, მაყურებლისთვის ძალზე არაკომფორტულ და დამანგრეველ გამოცდილებად იქცეს. უოქერის ფიგურები მუდმივად გვაშფოთებს, რადგან ჩვენგან ქმედებას ითხოვს. ინსტალაციაში წარმოდგენილი ყველა სილუეტი შავი ფერისაა, ეს კი ნიშნავს, რომ კანის ფერის მიხედვით, მათი რასობრივი კუთვნილების გარკვევა შეუძლებელია. ნარატივის წასაკითხად, რასობრივი ნიშნების ამოსაცნობი სხვა ვიზუალური მარკერები გვესაჭიროება, რაც გვაიძულებს მახინჯი სტერეოტიპების მთელი ისტორია მოვიხმოთ და გავერკვეთ როგორი ტუჩები აქვთ ფიგურებს - თხელი თუ სქელი, სწორი თმა აქვთ თუ ხვეული, ელეგანტურია მათი სამოსი თუ გაცვეთილი. ასეთნაირად, უოქერი რასისტულ ქმედებაში გვიტყუებს და ნათლად მიგვანიშნებს, რომ ის უშუალოდ ჩვენ მოგვმართავს და არა ვიღაც, თეორიულად არსებულ რასისტს, რომ თავად რასიზმი თეორიულად კი არ არსებობს, არამედ რეალურია და ჯერაც არ ქცეულა წარსულის კუთვნილებად. როგორც უოქერი ამბობდა: "საინტერესოა, რომ როგორც კი რასიზმის ისტორიის თხრობას იწყებ, მაშინვე იწყებ მის გაცოცხლებას". უოქერმა დაგვანახა, რომ XXI საუკუნის დასაწყისში, იდენტობა ჯერ კიდევ არ არის ისე მკაფიოდ გამოკვეთილი, როგორც ეს შეიძლება გვსურდეს. ჩვენ ყველანი რთული არსებები ვართ, რომლებიც მუდმივად ვეძიებთ ჩვენს ადგილს სამყაროში, ვცვლით და ხელახლა ვქმნით საკუთარ თავს. კერა უოქერის ხელოვნება არ არის სასიამოვნო, მაგრამ ის გვცვლის, რადგან ცლის სამყაროს ჩვენეულ აღქმას. ის გვახსენებს, რომ წარსულის, აწმყოსა თუ მომავლის ხელოვანთა ნამუშევრებს შესწევს ძალა ბევრი რამ დაგვანახოს იმ დროისა და ადგილის შესახებ, რომლებშიც შექმნილან, წარმოაჩინოს სამყარო, რომელშიც ვბინადრობთ, თანაც ისეთი ხერხებით, რომლებიც მიუწვდომელია კომუნიკაციის სხვა საშუალებებისთვის. და თუკი ხელოვნების ისტორიის ამ ფართო და ვრცელ მიმოხილვას ჰქონდა ერთი გამაერთიანებელი თემა, ეს სწორედ სამყაროს შეცნობის თემა იყო.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები