ფადიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფადიკო − ჭარული საცეკვაო ფოლკლორის უძველესი სარიტუალო ხალხური ცეკვა, თამაში. ეს ცეკვა-სანახაობა სვანური „ვურყვავობის” მსგავს სატრფიალო სცენებს შეიცავდა.

გადმოცემით, ამ თამაშს ქორწილში ღამის თორმეტ საათზე აწყობდნენ. მოთამაშეებად შვიდ კაცს გამოყოფდნენ. მოქმედი პირები საპატარძლო, ცხენი, ორი სასიძო − ქალის დანარჩუნებისათვის მოცილენი, ერთი ცხენის წინამძღოლი და ორიც მაყარი იყო. ეს იმის დამამტკიცებელი უნდა იყოს, რომ „ფადიკოც” შვილიერების მფარველი ღვთაების სადიდებელი მისტერიის ნაშთი იყო. ფადიკოს ცეკვა-თამაშში იუმორისტულ-სატრფიალო შინაარსის მქონე ბერიკაობის ელემენტებიც იკვეთება. იგი მონაწილეთა სიმღერის თანხლებით სრულდებოდა.

გადმოცემათა სხვა ვერსიით, ფადიკოსათვის ექვსი კაცი და ერთი ქალი იყო საჭირო ანდა ორი ქალი წყვილ-წყვილად ცეკვავდა. ფადიკოს როლს კაცი ასრულებდა. მას ქალის სამოსს ჩააცმევდნენ და ცალკე ოთახში გაიყვანდნენ. ფადიკოს ცხენივით დაოთხილ ერთ-ერთ მოთამაშეზე შესვამდნენ. ცხენი აღვირით ერთს მიჰყავდა, სხვები კი − სიმღერით მისდევდნენ. ორი მონაწილე ფადიკოს დანარჩუნებისთვის ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ვინც პირველი მოასწრებდა და თეთრ ფულს გადააყრიდა, ქალიც მას რჩებოდა. ბოლოს ეს ორი მოქიშპე მაინც შერიგდებოდა და იტყოდნენ: „ერთს დღეი გვყავდეს, მეორეს ღამეო” და ფულებს ორივე გადააყრიდა. შემდეგ ფადიკოს „ყურბანს” − საკლავს შემოავლებდნენ და დაკლავდნენ. ამას ცეკვა-თამაში მოჰყვებოდა. ცეკვა ინსცენირების სახით იყო წარმოდგენილი: ფადიკოს ის ორი კაცი გაეთამაშებოდა, მაგრამ ცეკვის დროს ფადიკო უეცრად დაიმალებოდა. ამაზე მამაკაცები ერთმანეთს შარს მოსდებდნენ, ატყდებოდა ჩოჩქოლი და ყველანი ფადიკოს ეძებდნენ. ბოლოს ფადიკოს იპოვნიდნენ და ვახშმად დასხდებოდნენ. ნავახშმევს ერთ მათგანს დაეძინებოდა, მეორე კი ფადიკოს მიუწვებოდა და ეალერსებოდა. ამ დროს პირველი იღვიძებდა, დაინახავდა, რომ მისი ამხანაგი ფადიკოს ეალერსებოდა, წამოხტებოდა, ხმალზე ხელს გაიკრავდა, ამხანაგს დაჭრიდა და ფადიკოს გაიტაცებდა. ქალი ეწინააღმდეგებოდა, არ მიჰყვებოდა, თან გაიძახოდა − „ის შენზე მეტად მიყვარსო”. იგი კი ფადიკოს ეხვეწებოდა: „მე წამომყევი, მასზე უკეთესი ვარო”, თან ქრთამსაც ჰპირდებოდა. ბოლოს ქალი დათანხმდებოდა და მიჰყვებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფადიკო, გარდა ქორწილისა, შუამთობაზეც სრულდებოდა, რომელიც სამეურნეო დოვლათის, ნაყოფიერების, სიუხვის, შვილიერება-გამრავლებისათვის გამართული რელიგიურ-საკულტო ხასიათის დღესასწაული იყო. ფადიკოს შესრულების სხვადასხვა ვარიანტი იყო ცნობილი, მაგრამ მისი სიუჟეტური ქარგა და აზრობრივი დატვირთვა ყველგან ერთნაირი იყო.

ფადიკოს „ნაჲ-ნაჲ ნინაჲნასა” და „ქალების ხორომსაც” ეძახდნენ. ეს ცეკვა ბერიკაობის ნაირსახეობას წარმოადგენდა და აჭარულ მუსიკალურ მელოდიაზე სრულდებოდა, რომელშიც ქალებიცა და კაცებიც იყვნენ ჩართულნი. მიუხედავად უძველესი წარმოშობისა და განსხვავებული ფუნქციისა, იგი აჭარაში მაინც ტრადიციულ საქორწილო რიტუალთან იყო დაკავშირებული. ფადიკო დღეისათვის აჭარაში ცეკვის სახეობადაა შემორჩენილი − „სამასხარო ცეკვაა, სამობაა”. იგი დროთა განმავლობაში, ძირითადად, ქორწილსა და ლხინში შესასრულებელ ცეკვად, გასართობ სანახაობად იქცა, მაგრამ მასში ბერიკაობა-ყეენობის იდენტური ელემენტების არსებობა, ფუნქციურად მსგავსი პერსონაჟები, საკრალური ქორწინებისა და სქესთა ურთიერთობის იმიტაცია, პრეტენდენტთა ორთაბრძოლა, ფადიკოს გატაცება, „მეფის” მიძინება-გაღვიძება ადასტურებს, რომ ფადიკო აჭარაში ფრაგმენტული და რელიქტური სახით შემორჩენილი ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი უძველესი მისტერიის გადმონაშთი უნდა იყოს, რომელიც ქართველი ხალხის წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს ასახავდა და ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფას უკავშირდებოდა.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, 1935:32-33; 1971:53; ჯანელიძე, 1948:109-110; მსხალაძე, 1965:48; ლაზიშვილი, 2009:497-501; ლომთათიძე, 2017.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა [[კატეგორია:ქართული ხალხური დღესასწაულები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები