ფეტვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Fetvi.jpg|thumb|250პქ|'''ფეტვი''' – Panicum miliaceum L.]]
 
[[ფაილი:Fetvi.jpg|thumb|250პქ|'''ფეტვი''' – Panicum miliaceum L.]]
'''ფეტვი''' - '''(''Panicum miliaceum L.'')'''. მარცვლეული კულტურა. დიდი ხნის განმავლობაში [[ქართველები|ქართველთა]] სამეურნეო ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ფეტვს. ლაზურად ამ მცენარეს ეწოდება „მჭკიდი“, ჭანურად – „მ-ჭკუდ- ი“ // „მ-ჭკიდ-ი“, მეგრულად –  „ჭკიდშ (ი)“ // „ჭკიდი“ // „ფიტი’ // „ფატი“, სვანურად –  „ფეტჳ“// „ფეტვრა“; იმერულად და გურულად –  „ჭადი“, აფხაზურად –  „აშაგ’რძ“, კახურად –  „ფარჩხა“ // „ფაჩხა“; [[რაჭა]]ში ფეტვს ჭადს, ლეჩხუმში „ფეტვსა“ და „შავ ჭადსაც“ უწოდებენ ''(ჩიქობავა, 1938; მაყაშვილი, 1991; ალავიძე, 1951; კალანდია, 2005; მაჭავარიანი, 2006).''
+
'''ფეტვი''' - '''(''Panicum miliaceum L.'')'''. მარცვლეული კულტურა. დიდი ხნის განმავლობაში [[ქართველები|ქართველთა]] სამეურნეო ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ფეტვს. ლაზურად ამ მცენარეს ეწოდება „მჭკიდი“, ჭანურად – „მ-ჭკუდ- ი“ // „მ-ჭკიდ-ი“, მეგრულად –  „ჭკიდშ (ი)“ // „ჭკიდი“ // „ფიტი’ // „ფატი“, სვანურად –  „ფეტჳ“// „ფეტვრა“; იმერულად და გურულად –  „ჭადი“, აფხაზურად –  „აშაგ’რძ“, კახურად –  „ფარჩხა“ // „ფაჩხა“; [[რაჭა]]ში ფეტვს ჭადს, [[ლეჩხუმი|ლეჩხუმში]] „ფეტვსა“ და „შავ ჭადსაც“ უწოდებენ ''(ჩიქობავა, 1938; მაყაშვილი, 1991; ალავიძე, 1951; კალანდია, 2005; მაჭავარიანი, 2006).''
  
 
[[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯავახიშვილის]] (1930) განმარტებით, ძველ [[საქართველო|საქართველოში]] ფეტვი მარცვლეული მცენარეების, ფეტვნაირთა ჯგუფის ყველაზე უფრო დამახასიათებელი მცენარე იყო. „ფეტჳ“ იხსენიება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ყოფა-ცხოვრების ამსახველ ძეგლებსა და საბუთებში.
 
[[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯავახიშვილის]] (1930) განმარტებით, ძველ [[საქართველო|საქართველოში]] ფეტვი მარცვლეული მცენარეების, ფეტვნაირთა ჯგუფის ყველაზე უფრო დამახასიათებელი მცენარე იყო. „ფეტჳ“ იხსენიება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ყოფა-ცხოვრების ამსახველ ძეგლებსა და საბუთებში.

14:44, 17 იანვარი 2020-ის ვერსია

ფეტვი – Panicum miliaceum L.

ფეტვი - (Panicum miliaceum L.). მარცვლეული კულტურა. დიდი ხნის განმავლობაში ქართველთა სამეურნეო ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ფეტვს. ლაზურად ამ მცენარეს ეწოდება „მჭკიდი“, ჭანურად – „მ-ჭკუდ- ი“ // „მ-ჭკიდ-ი“, მეგრულად – „ჭკიდშ (ი)“ // „ჭკიდი“ // „ფიტი’ // „ფატი“, სვანურად – „ფეტჳ“// „ფეტვრა“; იმერულად და გურულად – „ჭადი“, აფხაზურად – „აშაგ’რძ“, კახურად – „ფარჩხა“ // „ფაჩხა“; რაჭაში ფეტვს ჭადს, ლეჩხუმში „ფეტვსა“ და „შავ ჭადსაც“ უწოდებენ (ჩიქობავა, 1938; მაყაშვილი, 1991; ალავიძე, 1951; კალანდია, 2005; მაჭავარიანი, 2006).

ივ. ჯავახიშვილის (1930) განმარტებით, ძველ საქართველოში ფეტვი მარცვლეული მცენარეების, ფეტვნაირთა ჯგუფის ყველაზე უფრო დამახასიათებელი მცენარე იყო. „ფეტჳ“ იხსენიება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ყოფა-ცხოვრების ამსახველ ძეგლებსა და საბუთებში.

დაბადების ქართულ თარგმანში ხორბლეულისა და სხვა მარცვლეულის სახელებთან ერთად გვხვდება „ფეტვი“ (ჯავახიშვილი, 1934). ფეტვი მოხსენიებულია ათონის მონასტრის XI ს.-ის, აგრეთვე, ნიკორწმინდის (XI ს.) ხელნაწერებში – „ფეტჳ კაბიწის“ სახელწოდებით. დავით ნარინის დროის სიგელში (XIII ს.), რომელიც გელათის მონასტრისადმია ბოძებული, ამ სიგელის მიხედვით ფარსმანაყანელი და მაღლაკელი გლეხები იფქლით, ფეტვით და ღომით არიან დაბეგრილნი. ფეტვი საქართველოში ითესებოდა XII-XIII საუკუნეებში (დეკაპრელევიჩი, 1938; ჯალაბაძე, 1990; მაისაია, 1998).

XV ს.-ის იტალიელ მოგზაურთა ცნობებით, სამეგრელოში დიდი რაოდენობით ამზადებდნენ ფეტვის თხელ ფაფას, რომელიც წვნიანის მაგივრობას სწევდა (კრ.: XV საუკუნის იტალიელი მოგზაურების ცნობები, 1981).

ს. მაკალათია (1941) თავის წიგნში „სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“ აღნიშნავს: „... უძველესი დროიდან სამეგრელოში ითესებოდა ღომი, მეგრულად – „ჩხვერი“ და ფეტვი – „ჭკიდი“, რომელიც მოსახლეობის მთავარ პურეულს შეადგენდა. ღომისაგან იხარშებოდა ფაფა „ღუმუ“. ფეტვის ფქვილისაგან კი აცხობდნენ „ჭკიდს“ ან ხარშავდნენ პატარა „კვერებს“.

არქანჯელო ლამბერტი (XVII ს.) და ჟან შარდენი (XVII ს.) სამეგრელოს აღწერისას აღნიშნავენ, რომ აქ, გარდა ღომისა, დიდი რაოდენობით მოჰყავთ ფეტვი (ლამბერტი, 1938; შარდენი, 1975).

ფეტვის ნათესი

დონ კრისტოფორო დე კასტელისა (XVII ს.) და ი. გიულდენშტედტის (XVIII ს.) ჩანაწერების მიხედვით, ფეტვი აღნიშნულია დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მარცვლეულთა შორის (კასტელი, 1976; გიულდენშტედტი, 1962).

ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (VI ს.) რამდენჯერმე მიუთითებს, რომ კოლხეთში ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად იკვებებოდა ფეტვით, რომელსაც რომაელები ვერ მიირთმევდნენ. რომაელი ისტორიკოსი და გეოგრაფოსი სტრაბონი (ძვ.წ. I-ახ.წ. I ს.) თვლიდა, რომ ფეტვი საკმაოდ გამძლე კულტურაა. მისივე ცნობით, პონტოს სამეფოში განუსაზღვრელი რაოდენობით თესდნენ ფეტვს (ძიძიგური, 2002).

XVIII ს.-ის საქართველოს კულტურული მცენარეების შედგენილობასა და მნიშვნელობაზე საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი: „გარნა არს ქვეყანა მშვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ და არა ხელოვნებითა კაცთათა, რამეთუ ნაყოფიერებს ყოველნი თესლ-მარცვალნი კაცთა საზრდელნი: ბრინჯი, ხორბალნი, ქრთილნი, შვრივა, ღომი, ფეტვი, მუხუდო... და სხვანიცა“ (ვახუშტი,1941)

კახური კარ-მიდამო. გ. ჩიტაიას სახ. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

კ. კოხი (1836-1838 წწ.) და ო. სპენსერი (1836-1837 წწ.) თავიანთ ჩანაწერებში დაწვრილებით მოგვითხრობენ, თუ როგორ ამზადებენ საქართველოში ფეტვის ფქვილისაგან რაღაც ფაფას – polenta-ს (მაისაია, 1998).

გ. ჩიტაიას (1959) აზრით, კოლხეთში ითესებოდა უმთავრესად: ფეტვი, მთის ხორბალი ჩელტა ზანდური, მახა და სხვ. ფეტვი არსებით როლს ასრულებდა თესლბრუნვაში.

პალეობოტანიკური მონაცემებით ირკვევა, რომ ძვ. წ. II ათასწლეულიდან დაწყებული I ათასწლეულის ბოლომდე ფეტვი მასობრივად იყო გავრცელებული როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ვლ. მენაბდე (Менабде, 1948) აღნიშნავს, ძველი კოლხეთის არქეოლოგიურ მასალებში უხვად აღმოჩენილი მცენარეული ნარჩენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პრეისტორიულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში უმეტესად ფეტვნაირი პურეული (ფეტვი, ქვრიმა), შემდეგ ხორბალი და ქერი იყო გავრცელებული.

ყველაზე მნიშვნელოვანია არუხლოს ძვ.წ. VI-IV ათასწლეულის ფენებში აღმოჩენილი ფეტვის კარბონიზირებული მარცვლები (Русишвили, 1990). დიხა გუძუბას გათხრების დროს სხვა მარცვლეულთა შორის ფეტვიც აღმოჩნდა. ნ. ხოშტარია ამ მასალას ნეოლითის (VIII-VI ათასწლეულის) ბოლო პერიოდით ათარიღებს (ხოშტარია, 1944).

უახლესი გამოკვლევებით ფეტვის ნაშთები აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოს (ნოქალაქევი, IV-III სს; ვანი V ს.) არქეოლოგიურ ძეგლებზე (ბოკერია, 2013; 2014).

საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხში შემორჩენილი თქმულებებით, არსებობდა ფეტვის ოთხნაირი ჯიში:

  • წითელი ფეტვი,
  • თეთრი ფეტვი,
  • ყვითელი ფეტვი
  • შავი ფეტვი.

დავით დადიანის მიერ 1852 წ. შედგენილ საბუთში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რა კულტურული მცენარეები მოჰყავდათ სამეგრელოში XIX ს.-ის პირველ ნახევარში. ამ აღწერიდან ჩანს, რომ სამეგრელოში ამ პერიოდში ფეტვის ორი ჯიში ითესებოდა “თეთრად და შავად წოდებული” (მეუნარგია, 1939).

ნ. კახიძის (1968) მონაცემებით, მაჭახლის ხეობის მემინდვრეობაში მთავარი ადგილი ფეტვის ნათესებს ეჭირა.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის მიხედვით, შესაძლებელია გამოიყოს ქართული ფეტვის ორი გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ჯგუფი:

  1. ფეტვის მთის ჯგუფი, რომელსაც აქვს მოკლე სავეგეტაციო პერიოდი და აღმოცენებიდან სრულ შემოსვლამდე საჭიროებს დაახლოებით 70-80 დღეს. ამ ჯგუფის წარმომადგენელია სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზოგიერთ სხვა მაღალმთიან მხარეში გავრცელებული ფეტვის ჯიშები.
  1. ფეტვის დაბლობის ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა შედარებით გრძელი სავეგეტაციო პერიოდით, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე საჭიროებს დაახლოებით 100-120 დღეს. ამ ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელია გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზოგიერთი სხვა მხარის დაბლობ ადგილას გავრცელებული ფეტვის ჯიშები (მაისაია, მოსულიშვილი, 2003)

ფეტვის მოყვანის ხალხური აგროტექნიკა, ისევე როგორც ღომისა, თავისებურია. ფეტვი ითესებოდა მარიამობის თვეში. უხუცესთა გადმოცემით: „ფეტვის გუთანი ან ორშაბათს უნდა გავიდეს ან ხუთშაბათს, ეს ორი დღეა მთელი დღე. თესლი ახალ მთვარეზე უნდა დაითესოს“ (მაისაია,1998).

ფეტვის ერთ-ერთ დამახასიათებელ ბიოლოგიურ თავისებურებას წარმოადგენს თავდაპირველად შედარებით ნელი ზრდა, რის გამოც მცენარე ადვილად იჩაგრება სარეველებით; ამიტომ აგროტექნიკური ღონისძიებებიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თესლბრუნვაში ფეტვის წინამორბედი კულტურების შერჩევას. ამ მხრივ კარგია სამარცვლე პარკოსანი მცენარეები, რომლებიც ნიადაგს აზოტითაც ამდიდრებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფეტვი თავისთავად სხვა კულტურების კარგი წინამორბედია. მაგ., სვანმა მიწათმოქმედებმა დიდი ხნის წინათ შეამჩნიეს, რომ ფეტვი უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე სხვა პურეული და ამიტომ შესაძლებელია მისი დათესვა გვიან გაზაფხულზე. ჩვეულებრივ ამ დროისათვის მინდვრად უკვე ჩნდება სარეველა მცენარეები. თავდაპირველად თოხით ან სახვნელი იარაღით მიწა სარეველებისაგან იწმინდებოდა. ამგვარი დამუშავების შემდეგ გადარჩენილი სარეველები კი საბოლოოდ ისპობოდა ფეტვის მარგვლის დროს. ფეტვი იმარგვლებოდა სპეციალური სამუშაო იარაღის გამოყენებით, რომელსაც „წამს“ უწოდებენ. კარგად დამუშავებულ მიწაზე დათესილი ფეტვი იძლეოდა არა მარტო კარგ მოსავალს, არამედ ასუფთავებდა ნიადაგს სხვა კულტურებისათვის (მაისაია, 1998).

ხის კავი. ხონი, სოფ. გუბი
ფეტვის ცეხვა
ფეტვის ცეხვა. გ. ჩიტაიას სახ. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

სამეურნეო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თვისებები – გვალვაგამძლეობა და მოკლე სავეგეტაციო პერიოდი ფეტვს სადაზღვევო კულტურის მნიშვნელობას ანიჭებს. საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ამა თუ იმ მიზეზით დაღუპვის შემდეგ, შესაძლებელია დაღუპული ნათესების გადათესვა ფეტვით. ძველ კოლხეთში მიღებული იყო ფეტვნაირების თესლის შენაცვლება: 2 წელიწადს ითესებოდა ფეტვი, შემდეგ ორ წელიწადს – ღომი, მერე ისევ – ფეტვი და ა.შ.

დასავლეთ საქართველოში ნიადაგი იხვნებოდა ადრე გაზაფხულზე ხის კავით. მთხრობელთა გადმოცემით, „სიმინდის თესვა რომ მოთავდებოდა, მაისში ან აპრილის ბოლოს, ითესებოდა მჭადი. მჭადის დათესვა ნაპურალშიც შეიძლებოდა. მჭადს თუ ნაპურალში დავთესავდით, ერთჯერ ვთოხნიდით, ისე – ორჯერ“ (ქვემო იმერეთი).

„მიწას მოვხნავდით გაზაფხულზე – მარტში, აპრილში, მეორე დღესვე დავფარცხავდით ძლიერად და მაშინვე დავთესავდით; მეორეჯერ კიდევ დავფარცხავდით, როდესაც დავთესავდით. პირველად იმიტომ ვფარცხავდით, რომ ფარცხი გაასწორებდა მიწას, რომ ფეტვი უსწორმასწოროდ არ ამოსულიყო, თორემ ფეტვი რომ ღრმად ჩავა მიწაში, გვიან ამოვა და არ ივარგებდა, წვრილია, ძირს წავა და გვიან ამოვა, აღარ დამწიფდება“. „ფეტვს ნამგლით მომკა უნდა და გალეწვა როგორც პურს (ზემო ქართლი)“. „ფეტვი აქ მარიამობის თვის გასულს იმკება, ვმკით ფრთხილად, რომ მარცვალი არ გასცვივდეს. ფეტვის ძნებს არ ვაათეულებთ, ერთმანეთზე მივაყუდებთ მწკრეზე და ამას ჰქვიან მელეური (გარე კახეთი)“ (მასალები საქ. შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, 1987; კახაძე, 1987; მაისაია, 1998).

ფეტვი ფშავშიც ითესებოდა. სამკელად ქალები და კაცები ერთნაირად გამოდიოდნენ. ძნებს ალაგებდნენ „წერებად“ (მუხლის ძნად); „წერას“ ზემოდან „სამჩხირს“ ადგამდნენ, რომ ძნა არ დაშლილიყო და წვიმას, თოვლს მარცვალი არ ჩაელპო. ძნები კალოსთან გადაჰქონდათ ან ზურგით ან ცხენით ან მარხილით („მანჯიკით“ და „ყალით“). როცა სახედრით გადაჰქონდათ, ზურგზე გადაკიდებდნენ ხოლმე წყვილკაპიან ჯოხებს, რომელსაც ტყეში საგანგებოდ ეძებდნენ და საამისოდ გამოთლიდნენ. მათ „ქოჭებს“ უწოდბდნენ. ლეწვა მიმდინარეობდა ორი ტიპის „ველისა“ და „საფრიან“ კალოზე. ივრის ხეობაში ჩასახლებულ ფშაველებს ლეწვა კევრით სცოდნიათ (ჯალაბაძე, 1963, 1986).

ადრე გაზაფხულზე ფეტვი დიდი რაოდენობით ითესებოდა კახეთის თითქმის ყველა სოფელში. საგაზაფხულო ხვნას საფეტვების ხვნასაც უწოდებდნენ. ფეტვი ჩვეულებრივ მარტსა და აპრილში უნდა დაეთესათ, რომ აგვისტოს დასაწყისისათვის შემოსულიყო. მომწიფებული მარცვლეულის შესანახად გამოყენებული იყო ორმო და ხარო, ცეხვავდნენ საცეხველით. ფეტვს ფქვავდნენ და აცხობდნენ ფეტვის მჭადს. ზოგჯერ ურევდნენ ხორბლის ფქვილს, აგრეთვე იყენებდნენ საფურაჟედ, საქონლის საკვებად (ჯალაბაძე, 1963, 1986).

XIX ს.-ის პირველი ნახევრის ევროპელი მოგზაურების კ. კოხისა და ო. სპენსერის დაკვირვებით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელი მთელი დღის განმავლობაში საზრდოდ იღებს ცოტა ფეტვს, ანუ მჭადს და მაწონს (კოხი, სპენსერი, 1981).

უხუცესთა გადმოცემით, „...სამეგრელოში ძველად ფეტვს დაფქვავდნენ ხელის წისქვილში (მეგრულად – „სკიბუ“); წმინდად დაფქვილს, მოზელავდნენ რძეში და გამოაცხობდნენ ქვის კეცებში. კეცს გაახურებდნენ, ქვეშ ჩაუფენდნენ კაკლის ფოთლებს, ზედ გააბრტყელებდნენ მოზელილ ცომს; ზემოდან დააფარებდნენ თუნუქს (მეგრულად „თანაქას“), რომელზედაც ეყარა ნაკვერჩხალი. ოდნავ როცა შეშრებოდა ცომის ზედაპირი, დააფენდნენ კაკლის ფოთლებს, მანამდე, სანამ არ შეიბრაწებოდა“ (მარტვილის რ-ნი, სოფ. ლევახანე, მთხრ. ნ. სიგუა, 1996).

ძველი საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დაფიქსირებულია ფეტვის, როგორც მობნევით, ისე მწკრივთაშორისი თესვა, მწკრივებს შორის 45-50 სმ-ის დაშორებით. თესვის დროს უნდა გავითვალისწინოთ თესლის ჩათესვის სიღრმე (4-5 სმ). თესლის სიწვრილის გამო, უფრო ღრმად დათესილი ფეტვის აღმონაცენი მეჩხერი გამოვა. დათესვიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ფეტვი იწყებს აღმოცენებას. როგორც კი მწკრივები გამოჩნდება, საჭიროა ხშირი ნათესი გამოიხშიროს – გაიმარგლოს და მწკრივთაშორისები მაშინვე 2-3 ჯერ გაითოხნოს – გაფხვიერდეს. მოსავალი უნდა ავიღოთ მცენარის სრული სიმწიფის პერიოდში, მშრალ მდგომარეობაში, შევკრათ კონებად.

„მჭადი“– ფეტვი სამეგრელოში ჩვეულებრივ საცეხველათი (ჩამურით) იცეხვებოდა.

„... სვანეთში თუ ვინმეს ბლომად აქვს დათესილი ფეტვი, მაშინ იციან ფეხებით მოთელვა (სვანურად– „ლიკვლინე“). გადააბრუნებენ „ჩავს“ (ძარს) და დაადებენ ფეტვის კონას, ზედ შედგებიან ფეხებით და ისევ თელავენ. კაკალი ქვემოთ იყრება“ (ქვემო სვანეთი). ამის შემდეგ ყრიდნენ საცეხველში და კაკუტებით ცეხვავდნენ. კარგა ხნის ცეხვის შემდეგ „აიბერტყებოდა“ (გასუფთავდებოდა) და ისევ იწყებოდა ცეხვა, მაგრამ ამჯერად საცეხველში გასაცეხვ „მჭადს“ თავზე აყრიდნენ სიმინდის გაშლილ ფუჩეჩს, რომ ცეხვის დროს მჭადის კაკალი არ გასხლტომოდა „კაკუტს“ და კარგად გაცეხვილიყო. როცა ორი წილი სრულიად გაიცეხვებოდა, მაშინ ამოიღებდნენ საცეხველიდან და ხელმეორედ „დაიწმინდებოდა“– განიავდებოდა“ (მასალები საქ. შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, 1987; კახაძე, 1987; მაისაია, 1998).

გაცეხვილი მარცვალი ინახებოდა ფეტვის კიდობანში (სვანურად – „ლაფტურალ კიბდვენ“). მთხრობელთა გადმოცემით, „... ფეტვის ფქვილისაგან აცხობდნენ მჭადს (მეგრულად– „ჭკიდს“) ან ხარშავდნენ პატარა ყველიან კვერებს. ზოგჯერ ფეტვის ფქვილს დაფშვნილ ჭყლინტ ყველს შეურევდნენ, მოზილავდნენ ნელ-თბილი წყლით, გამოაცხობდნენ ქვის კეცებზე. ამას „ჭვიშტარს“ უწოდებდნენ (მარტვილის რ-ნი, სოფ. მუხურჩა, მთხრ. ფ. ფოჩხუა, 2010).

ზემო სვანეთი. უშგული

ზემო სვანეთში ფეტვის ფქვილისაგან ამზადებდნენ „ფეტვრა ჭიშდვარს“, „ფეტვრა ლუკვნეს“, „ფეტვრა ხევწარს“. „... ფეტვის მარცვალს ვფქვავთ ჩვეულებრივ ხელის წისქვილში და გავცრით. ამის შემდეგ ფეტვის ფქვილს ავურევთ ყველში, დაემატება ცოტა უცხო სუნელი, მომზადებულ გულს ჩავდებთ პურის ფქვილის ცომში და გამოვაცხობთ „ფეტვრაგს“. ზოგჯერ ყველში არეული ფეტვის ფქვილი პატარა გუნდებად გაკეთდება და შეიძლება უმად ვჭამოთ. ვაკეთებთ „ჭიშდვარს“, ფეტვის ფქვილში ავურევთ ჭყლინტ ყველს, მოვზილავთ ცივ წყალში, მასა სქელი უნდა იყოს და გამოვაცხობთ ზეთიან ტაფაზე” (მესტიის რ-ნი, სოფ. ბეჩო, მთხრ. ფ. კვიციანი, 2013 წ.)

უხუცესთა გადმოცემით: „სამეგრელოში ფეტვის მოხალული ფქვილისაგან ამზადებდნენ „ქუმუს“. „ქუმუ“ ტკბილი ნამცხვრის მაგივრობას სწევდა. მოხალავდნენ ფეტვის ფქვილს და ჩაზილავდნენ თაფლიანი წყლით, მოამრგვალებდნენ და მზად იყო სუფრაზე მისატანად“. სვან ტყისმჭრელებს სამუშაოზე თურმე საგზლად ფეტვის ნამცხვარი მიჰქონდათ. ფეტვი საუცხოო კონცენტრირებული საკვებია შინაური ფრინველებისათვის, ხოლო მწვანე მასა და ჩალა, როგორც მაღალკალორიული საკვები, წარსულში ფართოდ გამოიყენებოდა მეცხოველეობაში (მაისაია, 2009). მესხეთში ფეტვის ფქვილს ხშირად ურევდნენ პურისა და ქერის ფქვილთან, აკეთებდნენ მისგან ფაფებს (ბერიაშვილი, 1973).

ფეტვის მარცვალში ცილების რაოდენობა მერყეობს 16-19%-ის ფარგლებში. ცილების შემცველობა ყველაზე მაღალია ქართულ ფეტვში (19,1%). ქართული ფეტვი გამოირჩევა, აგრეთვე, ლიზინის მაღალი შემცველობით (6,2-5,5%). მასში მაღალია გლუტამინის მჟავის (12,7-17,7%) შემცველობაც (მაისაია და სხვ., 2005).

ძველად საქართველოში ფეტვს სხვადასხვა საეკლესიო რიტუალის აუცილებელ ელემენტად თვლიდნენ. სვანეთში უძველესი დროიდანაა ცნობილი ამ კულტურასთან დაკავშირებული საეკლესიო – სახალხო რიტუალები: „იენშიერ“, „სამტაიშობ“, „ლიხევწარი“ და სხვ. „გენშიერის“ სახელით ცნობილი დღესასწაულის დროს უქმობდნენ განსაკუთრებით ქალები; უქმე დაწესებული იყო ფეტვის მოსავლის დასაბევებლად. დღეობისათვის სამზადისი ჯერ კიდევ შემოდგომის პირზე იწყებოდა. ახალი მოსავლის აღების დროს ფეტვის საუკეთესო მარცვლებს გადაარჩევდნენ, დაფქვავდნენ და საგანგებო კიდობანში მოათავსებდნენ. ამ მარაგს „ფატვა გვიზ“, ანუ „ჲანა გვიზ“ ეწოდებოდა. კიდობანს პირველად დიასახლისი გახსნიდა. ფეტვის გვიზის ცომს მოზელდა და ფეტვის მჭადებს, ზოგან „ჭიშდვრობს“ (ყველში გადაზელილ ფეტვის ტაბლებს) ან მჭადებს აცხობდნენ. „ლილაშუნეს“ დღეობის დროს ფეტვის თავთავების გამომხატველ რიტუალურ კვერებს – „ფეტვი შდას“ აცხობდნენ (ბარდაველიძე, 1951; აბაკელია, ალავერდაშვილი, ღამბაშიძე, 1991).

უხუცესთა გადმოცემით, „... სვანეთში ფეტვის ორი ჯიში იყო ცნობილი – თეთრი ფეტვი და შავი ფეტვი. ფეტვის სვანური ჯიშები ხასითდებოდა მოკლე სავეგეტაციო პერიოდით, ითესებოდა ცოტა გვიან. ფეტვი მიჩნეული იყო საკულტო მცენარედ; ფეტვის ფქვილსა და ყველს ურევდნენ ერთმანეთში და ხვნისა და მკის დაწყების დროს სპეციალურად აცხობდნენ ფეტვის ხაჭაპურს“

ფეტვს საკულტო დანიშნულებით იყენებდნენ სხვადასხვა სახის რიტუალებშიც: სვანეთში ცნობილია მიცვალებულთა სულების დაპატიჟება (ახალი სტილით 5 იანვარს), ამას ეწოდება „ლიფანალი“. თუ 5 იანვარი კვირადღეს დაემთხვეოდა, მხოლოდ ერთი დღე იყო სულების მასპინძლობა, კვირასავე ერთ დღეში მთავრდებოდა. თუ 5 იანვარი ორშაბათ დღეს დაემთხვეოდა, მაშინ სულების გამასპინძლება კვირამდე გრძელდებოდა. ირეცხებოდა ჯამ-ჭურჭელი, დგამი (მაგიდა), სკამი, ლოგინი. ოჯახის უფროსი მამაკაცი საღამოს შებინდებისას წავიდოდა სასაფლაოზე, წაიღებდა კანაფის მარცვლის ზეთს და „ნათავედ“ არაყს (ქერისაგან გამოხდილი არაყი). წაუქცევდა სასაფლაოზე ზეთს და არაყს და ხმამაღლა ეუბნებოდა: რაც შეგვეძლო, ყველაფერი მოვამზადე თქვენს საპატივცემლოდ და გთხოვთ მეწვიოთ ოჯახში, ტკბილი სუფრა გელოდებათო. ამ სუფრაზე კეთდებოდა სპეციალურად ფეტვის ჭვიშტარი (ფეტვის ფქვილი და ყველი ერთმანეთში არეული). ხორცეულთან ერთად მუხუდოს და ცერცვის წვნიანიც იყო. ამას ახალ გაცხელებულს შემოიტანდნენ. ოჯახის უფროსი დალოცავდა სუფრას და დაპატიჟებული მიცვალებულის სულებს მაგიდასთან მიიწვევდა. „ლიფანალის“ დროს ხმამაღალი ლაპარაკი არ შეიძლებოდა. თუ პატარა ჩვილი ბავშვი იყო ოთახში, მას სხვაგან გაიყვანდნენ, ტირილი რომ არ დაეწყო. უნდა ყოფილიყო სიწყნარე, ხმადაბალი ლაპარაკი და ლოცვა. ამ დღისათვის ოჯახი სპეციალურად ამზადებდა თაფლა კვერებს. ყოველ დილა-საღამოს სუფრა უნდა განახლებულიყო. კვირა დილას, ადრე, ახალი სუფრა იშლებოდა და სულებს გაისტუმრებდნენ. ამ სტუმარს შეიძლება მოყოლოდა ავი სულიც, ამიტომ პატარა ბავშვები რკინაზე ცემით კერიას სამჯერ შემოუვლიდნენ და ამ ეშმაკისეულსაც გააქცევდნენ სახლიდან“ (მესტიის რ-ნი, სოფ. მაზერი, მთხრ. ი. კვიციანი, 2014 წ).

ფეტვის კულტურასთან დაკავშირებული მრავალი რიტუალი არსებობდა სამეგრელოს ყოფაშიც. ამგვარი რიტუალთა კატეგორიას მიეკუთვნება „მიქამგარიას“ კულტი. “მიქამგარია” ითვლებოდა ამინდის გამგებელად, აგრეთვე საქონლისა და მოსავლის მფარველად (აბაკელია, 1999).

ფეტვის ფქვილი სამკურნალოდ იხმარებოდა, როგორც შემკვრელი და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება (წუწუნავა, 1960; ბაგრატიონი, 1992).

ამჟამად ფეტვი მცირე რაოდენობით ითესება მხოლოდ სვანეთში, საკარმიდამო ნაკვეთებზე.

წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები