ფრანგული სკულპტურა: XIX საუკუნის დასასრული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრანგული სკულპტურა:XIX საუკუნის დასასრული – დაწესებული სტანდარტების უგულვებელყოფა და ემოციური გამომსახველობა გვიანი XIX საუკუნის ევროპის ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის (Auguste Rodin 1840-1917) ნამუშევრებს ახასიათებს.

ოგიუსტ როდენი. კალეს მოქალაქეები, 1884-1889; ბრინჯაო, 2,1X2,4X2 მ. ჰირშჰორნის მუზეუმი და სკულპტურის ბაღი, სმითსონიანის ინსტიტუტი, ვაშინგტონი, ჯოზეფ ჰირშჰორნის საჩუქარი, 1966

ოგიუსტ როდენი

ოგიუსტ როდენი პარიზში დაიბადა. ნატიფი ხელოვნების სკოლაში მოხვედრის სამი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როდენი იძულებული იყო ოცი წლის განმავლობაში სხვა მოქანდაკეებთან ასისტენტად ემუშავა. 1875 წელს იტალიაში მოგზაურობის შემდეგ, სადაც როდენი დონატელოსა და მიქელანჯელოს ხელოვნებას გაეცნო, იგი არასტანდარტულ, ხშირად, უხერხულ პოზებში წარმოდგენილ, ენერგიულად მოდელირებული ფიგურების სკულპტურებს ქმნის. მისი ქანდაკებები, ერთი მხრივ, აკადემისტი კრიტიკოსების მხრიდან დაცინვის ობიექტი ხდება და, მეორე მხრივ, საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს.

როდენი დიდ მოქანდაკედ 1884 წელს იქნა აღიარებული, როდესაც მისმა ქანდაკებამ "კალეს მოქალაქენი", კონკურსში გაიმარჯვა. ეს სკულპტურული კომპოზიცია ასწლიანი ომის მოვლენების აღსანიშნად, ქალაქ კალესთვის საგანგებოდ შეიქმნა. 1327 წელს ინგლისის მეფემ, ედვარდ III-მ ქალაქ კალეს ექვს წარჩინებულ მოქალაქეს პირობა წაუყენა: თუკი ისინი ჯვალოთი შემოსილნი, ყელზე ყულფით და ხელში ქალაქის გასაღებით მეფეს ეახლებოდნენ, ანუ სასიკვდილოდ თავს გაწირავდნენ, მაშინ იგი ალყაშემორტყმულ ქალაქს დაინდობდა. საბოლოოდ, ამ ადამიანთა სიმამაცით აღფრთოვანებულმა მეფემ ისინი შეიწყალა და გაათავისუფლა. საკონკურსო კომისიის წევრები არც თემის როდენისეული ინტერპრეტაციით მოხიბლულან და არც მხატვრის იმ განზრახვით აღფთოვანებულან, რომ ფიგურები დაბალ პოსტამენტზე, თითქმის ქუჩის პირზე აღემართათ. მხატვრის ეს ჩანაფიქრი მაყურებელზე იყო გათვლილი, რათა მას გასჩენოდა განცდა, რომ ღირსეული საქციელი მათსავით რიგითი ადამიანისთვისაც არ არის უცხო ხილი. მშვიდი, იდეალიზებული გმირების ნაცვლად, როდენი მორჩილებისა და უიმედობის განსხვავებული განცდით შეპყრობილ რიგით ადამიანებს წარმოგვიდგენს; იგი ამძაფრებს სახეთა გამომეტყველებას, აგრძელებს და ადიდებს კიდურებს - ხელის მტევნებს, ტერფებს. მძიმე ქსოვილში გახვეული როდენის კალეს მოქალაქეები წარმოდგენას გვიქმნიან არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, არამედ იმაზეც, თუ რას გრძნობდა თითოეული მათგანი ყოველი ნაბიჯის ძალდატანებით გადადგმისას. როდენის მიერ ადამიანის სხეულის სტილიზაცია, რასაც ექსპრესიის მისაღწევად იყენებს ავტორი, სამომავლოდ, სკულპტურულ აბსტრაქციას გაუხსნის გზას.

კამილ კლოდელი

კამილ კლოდელი. ვალსი, 1892-1905; ბრინჯაო, სიმაღლე 25 სმ. ახალი პინაკოთეკა. მიუნჰენი

კამილ კლოდელი (Camille Claudel, 1864-1943), რომელიც კალეს მოქალაქეებზე მუშაობისას როდენის ასისტენტი იყო, ქანდაკების ხელოვნებას მის სახელოსნოში მისვლამდეც ეუფლებოდა. თავდაპირველად იგი როდენის სახლში დიასახლისის ფუნქციას ასრულებდა, შემდგომ კი მას მოქანდაკესთან რთული სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რამაც 15 წელი გასტანა. კლოდელი, რომლის დრამატულ ცხოვრებას ხშირად ახსენებენ ხოლმე, პროფესიული წარმატებით სარგებლობდა, მაგრამ ფსიქიკური პრობლემების გამო, მან ცხოვრების ბოლო 30 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. კლოდელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ვალსი, რომლის რამდენიმე ვერსია მოქანდაკემ 1892-1905 წლებში შექმნა. ქანდაკება შიშველ მოცეკვავე წყვილს წარმოგვიდგენს, თუმცა, ქალის სხეულის ქვედა ნაწილი გრძელი, ფრიალა დრაპირებითაა დაფარული. ამ დათმობაზე კლოდელი მას შემდეგ წავიდა, რაც ხელოვნების სამინისტროს ინსპექტორმა ფიგურათა აშკარა სენსუალობა მიუღებლად ჩათვალა და ქანდაკების მარმარილოს ვერსიისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა ავტორს. ეს ნამუშევარი მიუღებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ვალსის ცეკვისას, იმ დროის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ფიგურები ზედმეტად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. კლოდელმა შიშველი სხეული საკმარისად დაფარა დრაპირებით იმისათვის, რომ დაფინანსება მოეპოვებინა, მაგრამ ქანდაკების დასრულება მან ვეღარ მოახერხა. თუმცა, მან სკულპტურის რამდენიმე მოდიფიცირებული მცირე ზომის ვერსია შექმნა ბრინჯაოთი, რომლებშიც დრაპირების სპირალური დინება სივრცეში ტრიალით გატაცებული, ჩახუტებული მოცეკვავეების მოძრაობის ილუზიას ქმნის.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები