ქართლის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლის ერისთავი - შიდა ქართლი, ადრინდელი „ზენა სოფელი“, ძველი ქართლის სამეფოს დაარსების დროიდან ვიდრე სამეფოს გაუქმებამდე სპასპეტის საგამგებლო ტერიტორია იყო. VII-VIII სს-ში, როდესაც ძველი ერისთავები „გამთავრდნენ“, შიდა ქართლის ტერიტორია სამეფო საგვარეულოს იმდროინდელ განშტოებათა შორის გადანაწილდა. ამ გადანაწილებას გულისხმობს არჩილის დროინდელი ცნობა, რომ არჩილმა „ნერსიანს და ადარნასიანს განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი“. IX-X სს-ში ეს ტერიტორია ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის ბრძოლის უმთავრესი ობიექტი გახდა, რამდენადაც მისი ფლობა სიმბოლურად და ფაქტობრივად ძველი ქართლის მეფეთა მემკვიდრეობის დაუფლებას ნიშნავდა. ამავე დროს შიდა ქართლის ფლობა კავკასიის რეგიონისათვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სამხედრო და სავაჭრო გზების გაკონტროლების საშუალებას იძლეოდა. IX ს-ის მიწურულს ძველი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები (ფარნავაზიან-ხოსროიანები) არაბებმა ამოწყვიტეს, ხოლო მათი სამართლებრივი და პოლიტიკური მემეკვიდრეების - ბაგრატიონების არაერთგზისი მცდელობა დაპატრონებოდნენ შიდა ქართლს, მარცხით დამთავრდა. ასეთ ვითარებაში გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე შიდა ქართლის მკვიდრი ფეოდალები: ტბელები, აბაზასძეები, ძამელები, კორინთლები, საზვერელნი და სხვ. X ს-ის დასაწყისში შიდა ქართლი დაიმორჩილა ეგრის-აფხაზეთის სამეფომ, რომელიც ყველაზე ცენტრალიზებული პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა იმჟამინდელ ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის. პირველად სწორედ ეგრის-აფხაზეთის მეფეებმა აქციეს შიდა ქართლი საერისთავო ქვეყნად. ქართლის ერისთავის რეზიდენცია იყო უფლისციხე. ეპიგრაფიკული მასალის თანახმად, თავდაპირველად ქართლის ერისთავები ადგილობრივი დიდაზნაურების, ტბელების წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ჩანს, ტბელები დიდხანს ვერ ინარჩუნებენ აფხაზთა მეფეების ნდობას და ერთხანს ერისთავობას კარგავენ. ამის შემდეგ, დაახლოებით 923/924 წ. გიორგი ეგრის-აფხაზეთის მეფემ (922-957) ქართლი სამართავად თავის უფროს ძეს, კოსტანტის გადასცა. მაგრამ კოსტანტი არა ერისთავად, არამედ ქართლის გამგებლად იწოდებოდა. „გამგებელი“ გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდების“ თანახმად, ერისთავის მოადგილე იყო და იერარქიულადაც ერისთავებზე დაბლა იდგა. კოსტანტი გამგებლობით არ დაკმაყოფილდა - სამი წლის შემდეგ იგი ტბელების მხარდაჭერით გიორგი მეფეს აუჯანყდა „ძებნად მეფობისა“. გიორგიმ მეამბოხე შვილი შეიპყრო და სასტიკად გაუსწორდა. კოსტანტის შემდეგ გიორგი ეგრის-აფხაზეთის მეფემ ქართლის ერისთავად უმცროსი ძე ლეონი განამწესა. ლეონი ქართლის ერისთავობის დროს დიდ დახმარებას უწევდა გიორგი მეფეს კახეთის შემოერთებისათვის ბრძოლაში. 957 წ., როდესაც გიორგი აფხაზთა მეფე გარდაიცვალა, ლეონ ქართლის ერისთავი კვირიკე ქორეპისკოპოსს დაეზავა და ეგრის-აფხაზეთის ტახტზე ავიდა, ხოლო ქართლის ერისთავობა, როგორც ჩანს, ისევ ტბელებს დაუბრუნა. ეგრის-აფხაზეთის მომდევნო მეფის დემეტრეს (967-975) დროს ქართლის ერისთავი დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვანი, საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი იოანე მარუშისძე იყო, რომელმაც აფხაზთა სამეფოში დაწყებული ქაოსის შესაჩერებლად შეიმუშავა ეგრის-აფხაზეთისა და ქართველთა საკურაპალატოს მშვიდობიანი გაერთიანების გეგმა. ეს გეგმა განხორციელდა დავით კურაპალატის მხარდაჭერით, რომელიც 975 წ. ბაგრატ უფლისწულს (მომავალ ბაგრატ III-ს) ჯარით შეუძღვა შიდა ქართლში. აქ მათ იოანე მარუშისძე შეეგება და უფლისციხე ჩააბარა, რაც მისგან ქართლის ერისთავობის დასრულებასაც ნიშნავდა. შემდგომ, 980 წ-მდე, შიდა ქართლს განაგებდა ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი, ასული გიორგი აფხაზთა მეფისა. ქართლის საერისთავოს დაუფლებისათვის 980 წ. ტბელები ბრძოლას უმართავენ ბაგრატ III-ს. ბაგრატმა ტბელები სასტიკად დაამარცხა, რის შემდეგაც მათი ნაწილი ქართლიდან გადაიხვეწა. დანიშნა თუ არა ვინმე ბაგრატმა ქართლის ერისთავის თანამდებობაზე, უცნობია. ქართლის საერისთავომ იარსება X-XIV სს-ებში. წყაროებში უკანასკნელ ქართლის ერისთავად იხსენიება ამადა სურამელი, მაგრამ „ძეგლი ერისთავთას“ ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელშიც მოთხრობილია გიორგი VII-ის დვალებთან შებრძოლების ამბავი (1403), ნახსენებია ვინმე ერისთავი სურამელი, რომელიც წინამძღოლობდა არაგვის ხეობის მთიულებს „დარიალამდის“. რადგან „სურამელი“ ქართლის ერისთავთა ტრადიციული საგვარეულო სახელია, ამ ცნობაზე დაყრდნობით, მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს ქართლის საერისთავოს არსებობას XV ს-მდე, თუმცა, „სურამელი“ ამ დროისათვის უკვე სხვა საგვარეულოებშიც ჩნდება საკუთარ სახელად და მისი მოხსენიება წყაროში ქართლის ერისთავთა არსებობის მტკიცე საბუთად ვერ გამოდგება (ბახტაძე). ქართლის ერისთავი, მხოლოდ როგორც თანამადებობა, XV ს-ის მეორე ნახევარში ორიოდ საბუთის მოხელეთა ჩამონათვალში ისევ მოიხსენიება.

ქართლის ერისთავები. XI-XIV ს-ის დასაწყისი

წყაროები და ლიტერატურა

  • მეფეთა ცხოვრება 1955: 25;
  • ჯუანშერი 1955: 241;
  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 267, 268, 272-275;
  • შოშიაშვილი 1980: 176, 142, 193;
  • ძეგლი ერისთავთა 1965: 117;
  • ქისკ 2013: 116, 178;
  • ლორთქიფანიძე 1973: 521;
  • ნინიძე 1989: 44;
  • არახამია 1988: 132-133;
  • ბახტაძე 2003: 131-132, 134-135, 173.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები