ქართლის ცხოვრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ქართლის ცხოვრება“ - საქართველოს ისტორიის უმთავრესი წერილობითი წყარო, ისტორიულ თხზულებათა და მატეანეთა კრებული.

„ქართლის ცხოვრებაში“ სხვადასხვა ავტორის ისტორიული თხზულებანი ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა შეტანილი, რაც ერთიანი ისტორიის სურათის წარმოჩენის საშუალებას იძლევა. „ქართლის ცხოვრების“ მნიშვნელობა იზრდება იმით, რომ მასში უშუალოდ საქართველოსა და ქართველების ისტორიის გარდა გადმოცემულია ცნობები სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის (სომხების, აზერბაიჯანელების, ოსების, ყაბარდოელების, ლეკებისა და დაღესტნის სხვა ხალხების, ბერძნების, რომაელების, სპარსელების, არაბების, ბიზანტიელების, ოსმალების, მონღოლებისა და სხვ.) წარსულის შესახებ.

„ქართლის ცხოვრება“ შედგენილია XII საუკუნის პირველ მეოთხედში. (არსებობს სხვა მოსაზრებებიც - ზოგიერთი მკვლევარის აზრით „ქართლის ცხოვრება“ შეადგინეს VII-VIII, VIII-IX, X ან XI-XII საუკუნეების მიჯნაზე).

ქვეყნის პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ეკონომიკურმა და კულტურულმა აღმავლობამ დღის წესრიგში დააყენა საქართველოს წარსულის ერთიანი და სრული აღნუსხვა. აქ იგულისხმებოდა არა მარტო უბრალო აღწერა ისტორიისა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ერთიანობისა და ბაგრატიონთა მეფობის იდეოლოგიური დასაბუთებაც.

„ქართლის ცხოვრებაში“ შემავალი თხზულებები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ავტორის მიერ არის დაწერილი. ყველა ცალკე აღებული თხზულება არა მარტო უპირველესი მნიშვნელობის ისტორიული წყაროა, არამედ ყველა მათგანი ქართული ისტორიოგრაფიის ძეგლია.

არსებობს „ქართლის ცხოვრების“ ორი ციკლი, ე. წ. „ძველი ქართლის ცხოვრება“, და „ქართლის ცხოვრების გაგრძელება“. „ძველ ქართლის ცხოვრებაში“ გადმოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIV საუკუნემდე. ხოლო „ქართლის ცხოვრების გაგრძელება“ XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-ს დავალებით შეადგინა ე.წ. სწავლულ კაცთ კომისიამ ბერი ეგნატაშვილის მეთურობით მას ხშირად შეცდომით უწოდებენ „ახალ ქართლის ცხოვრებას“.

„ძველი ციკლის“ თხზულებები: ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“, „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“; ჯუანშერის „ცხოვრება და მოქალაქობა ვახტანგ გორგასლისა“; ლეონტი მროველის „წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი“; „მატიანე ქართლისა“; „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“; სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“; „ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე“; თამარის პირველი ისტორიკოსის „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“; ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“; ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი ისტორია“ (სათაური პირობითია). ეს უკანასკნელი თხზულება XIV საუკუნის დასაწყისით, გიორგი ბრწყინვალის გამეფებით, მთავრდება

ახალი „ქართლის ცხოვრების“ შექმნას ოც წელზე მეტი დრო მონდომებია. ვახტანგ VI-ის დროინდელი ნუსხები აშკარად მიუთითებენ იმ დიდ შრომაზე, რომელიც „მეცნიერ კაცებს“ განუხორციელებიათ. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ „ქართლის ცხოვრება“ იმდროინდელი ქართველი საზოგადოების ყურადღების არეალში მოექცა. გაჩნდნენ ამ ძეგლის გადაწერის დამკვეთები და შემსრულებლები. ვახუშტი ბაგრატიონი საგანგებოდ აღნიშნავდა „ქართლის ცხოვრების“ ნუსხების სიმრავლეს: „დედანი იგი მატიანისა შეურყევლად ჰგიეს, არა ერთი, არამედ მრავალი“.

1955-59 წლებში აკადემიკოსმა სიმონ ყაუხჩიშვილმა გამოსცა იმ დროს ცნობილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით კრიტიკულად დადგენილი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტი. ამ პუბლიკაციამ დიდი როლი შეასრულა როგორც საერთოდ საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში, ასევე საკუთრივ ძეგლის ტექსტოლოგიურ-წყაროთმცოდნეობით შესწავლაში.

სარჩევი

ქართლის ცხოვრების ნუსხები

ვახტანგამდელი ნუსხები:

  • ანასეული - A (XV ს.),
  • მარიამისეული - M (1633-1646 წწ.),
  • ჭალაშვილისეული - C (XVI ს.),
  • M - მაჩაბლისეული (1731 წ.),
  • აკაკი კლიმიაშვილის მიერ 1959 წელს აღმოჩენილი ნუსხა - (Q 1697 წ.).


ვახტანგისეული რედაქციის ნუსხები:

  • რუმიანცევისეული - R (1703 წლამდე)
  • თეიმურაზისეული - T (XVIII ს.)
  • ჭალაშვილისეული ნუსხია - c
  • ჯანაშვილისეული - D (XVIII ს.),
  • ფალავანდიშვილისეული - p (1761 წ.),
  • ბარათაშვილისეული b - (1761 წ.),
  • დადიანისეული d - (XVIII ს.),
  • სხვიტორული s- (XVIII ს.),
  • ბროსესეული - (B 1843 წ.)

„ქართლის ცხოვრების“ თარგმანები

არსებობდ „ქართლის ცხოვრების“ XII საუკუნის სომხური თარგმანი;

„ქართლის ცხოვრებაში“ შესული ცალკეული თხზულებანი ითარგმნა რუსულ (ვლ. ახვლედიანი, გ. წულაია, მზ. შანიძე, მ. ლორთქიფანიძე, კ. კეკელიძე, ვ. დონდუა და სხვ) ფრანგულ (მ. ბროსე), გერმანულ (გ. პეჩი) და ინგლისურ (კ. ვივიენი) ენებზე.

ქართლის ცხოვრების გამოცემები:

1. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის, თარგმნილი და გამოცემული ღვაწლით უ. ბროსე, წევრისა საიმპერატორო აკადემიისა მეცნიერებათა, ნაწილი პირველი. ძველი მოთხრობა, 1469 წლამდის ქრისტეს აქეთ. სანკტპეტერბურღს, 1849, 484 გვ. (თავფურცელი ქართულ და ფრანგულ ენებზე).

2. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის. ნაწილი მეორე. ახალი მოთხრობა 1469 წლიდან, ვიდრე 1800 წლამდე, გამოცემული დ. ჩუბინოვისაგან, სანკტ. პეტერბურღს, 1854, XXXIII, 576 გვ. (თავფურცელი ქართულ და ფრანგულ ენებზე). დ. ჩუბინაშვილის წინასიტყვაობა რუსულ [793] და ფრანგულ [829] ენებზე; წინასიტყვაობის ქართული თარგმანი - 608.

3. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის, ტომი პირველი, მეორე გამოცემა, ზ. ჭიჭინაძის მიერ, ტფ., 1897, 210 + I-II გვ.

4. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის, წიგნი მეორე, ტომი პირველი, მეორე გამოცემა ზ. ჭიჭინაძისა, ტფ., 1897, 213-650 გვ.

5. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის, წიგნი მესამე, ტომი პირველი, მეორე გამოცემა ზ. ჭიჭინაძისა, ტფ., 1897, 653-770 გვ. ბოლოსიტყვაობა: ზ. ჭ(იჭინაძე), „ქართლის ცხოვრების გამოცემის შესახებ“, გვ. I-VIII.

6. [ქართლის ცხოვრება, ორი ნაწყვეტი], ივერია, 1900, № 77, გვ. 4.

7. ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი. გამოცემული ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფ., 1906, 993 გვ.

8. ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდე, გამოცემული ღვაწლითა უ. ბროსე, წევრისა რუსეთის სამეცნიერო აკადემიისა. ნაწილი პირველი, ძველი მოთხრობა, 1469 წლამდის ქრისტეს აქეთ, ა. რვეული. ჴელმეორედ დაბეჭდილი აკადემიკოს ნიკო მარრის თვალმიდევნით, დასაწყისი ნაწყვეტი, პეტროგრადს, 1923, 200 გვ. სათაური მეორდება ფრანგულ ენაზე. უძღვის ნ. მარის წინასიტყვაობა ფრანგულ ენაზე - „Avant propos de la seconde édition” [820].

9. ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლის ნუსხა, დასაბეჭდად მოამზადა ფილოლოგიის განყოფილებამ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1942, 316 გვ.

10. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი. ქართული ტექსტი და ძველი სომხური თარგმანი გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილია აბულაძემ, თბ., 1953, 344 გვ.

11. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I, თბ., 1955, 464 გვ.

12. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I, თბ., 1955 [რეპრინტული გამოცემა - 11, გამომცემლობა „ალიონი“, (ბათუმი), 2002].

13. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბ., 1959, 708 გვ.

14. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II, თბ., 1959 [რეპრინტული გამოცემა - 13, გამომცემლობა „ალიონი“, (ბათუმი), 2002].

15. („ძველი ქართლის ცხოვრება“), გამოსაცემად მოამზადეს, წინასიტყვაობა და ტერმინთა განმარტება დაურთეს აკადემიკოსებმა ილია ანთელავამ და ნოდარ შოშიაშვილმა, თბ., 1996, 560 გვ.

16. ქართლის ცხოვრება. სასწავლებელში მყოფ მოწაფეთა და ყოველთა ქართველთა საკითხავად. მოკლედ შედგენილი მესხის იოანე მღვდელი გვარამაძისაგან. პირველი ნაწილი. ძველი მოთხრობა შეიცავს ჩვენ წინა-პართ ცხოვრებას, კერპთმსახურებას 393 წლამდის, თბ., 1882, 276 გვ.

17. ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი შეადგინეს, კომენტარები და ლექსიკონი დაურთეს მანანა სანაძემ, ნოდარ შოშიაშვილმა, თბ., 1994, გვ. 168.

18. ქართლის ცხოვრება, წიგნი II, ტექსტის ადაპტაცია, ბოლოთქმა და განმარტებები ეკუთვნით: მანანა სანაძეს, ნოდარ შოშიაშვილს, რედაქტორი აკად. როინ მეტრეველი, თბ., 1998, 208 გვ.

19. Histoire de la Géorgie depuis l'antiquité jusqu'au XIXe siиcle. Traduite du géorgien par M. Brosset, Ire partie, SPb., 1849, 634 გვ. [1-ის თარგმანი].

20. Histoire de la Géorgie depuis l'antiquité jusqu'au XIXe siиcle. Traduite du géorgien par M. Brosset, IIre partie. Histoire moderne. Ire livraison, SPb., 1856, 660 გვ. [2-ის თარგმანი].

21. Chronique Arménienne: M. Brosset, Additions et éclaircissements а l'Histoire de la Géorgie, SPb., 1851, pp. 1-61.

22. Das Leben Kartlis. Eine Chronik aus Georgien 300-1200. Herausgegeben von Gertrud Pдtsch, Leipzig, 1985.

23. The Georgian Chronicle, trans. by Robert Berdosian, New York, 1991.

24.Thomson W. Robert, Rewriting Caucasian History: The Medieval Armenian Adaptation of the GeorgianChronicles (The Original Georgian Texts and the Armenian Adaptation), Oxford, 1996, p. 2-309.

25. „Kartlis cxovreba“. The Georgian Royal Annals and their Medieval Armenian Adaptation, Edited by Stephen H. Rapp, Jr. Volume I, Delmar, New-York, 1998, 43+464 გვ. [ქც-ის I ტომის ს. ყაუხჩიშვილისეული გამოცემის - 11 რეპრინტული განმეორება].

წყარო

ქართლის ცხოვრება/ საქ. მეცნ. ეროვნ. აკად., საქ. ისტორ. წყაროების კომისია, საქ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომ-ტი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი; სარედ. კოლ.: მედეა აბაშიძე [და სხვ.]; [ტექსტები გამოსაც. მოამზადეს: მიხეილ ქავთარია [და სხვ.]; ბიბლიოგრ. შემდგ. ვალერი სილოგავა; საძ. შემდგ. ნესტან ბაგაური; მხატვ. შოთა ნიორაძე; ილ. ბუბა კუდავა]. - თბილისი: მერიდიანი: არტანუჯი, 2008. - 830 გვ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები