ქართული ენის წარმოშობის თეორიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ქართული ენის კავშირი ეგვიპტურ ენასთან)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, რომ ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო-ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ  ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურ ენასთან, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ეგვიპტურ დამწერლობასაც ადარებდა და მათ შორის საერთო მოხაზულობას პოულობდა.  
 
ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, რომ ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო-ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ  ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურ ენასთან, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ეგვიპტურ დამწერლობასაც ადარებდა და მათ შორის საერთო მოხაზულობას პოულობდა.  
  
გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი ლაიბნიცი, მსჯელობდა რა მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციის საკითხებზე, აღიარებდა, რომ მისთვის მთლად ნათელი არ არის ქართული ენის (ე.ი. ძველი კოლხურის) დაკავშირება  ეგვიპტურ ენასთან. ეს საკითხი წამოჭრილია აგრეთვე ლაიბნიცისა და ცნობილი გერმანელი ფილოლოგის ანდრეას აკოლუტოს მიწერ-მოწერაში.
+
გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი [[ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ|ლაიბნიცი]], მსჯელობდა რა მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციის საკითხებზე, აღიარებდა, რომ მისთვის მთლად ნათელი არ არის ქართული ენის (ე.ი. ძველი კოლხურის) დაკავშირება  ეგვიპტურ ენასთან. ეს საკითხი წამოჭრილია აგრეთვე ლაიბნიცისა და ცნობილი გერმანელი ფილოლოგის ანდრეას აკოლუტოს მიწერ-მოწერაში.
  
 
ლორენცო ჰერვასი ამბობდა, რომ ლაზური (ჭანური) [[ქართული ენის განშტოებები|ქართული ენის დიალექტია]]; ეგვიპტურთან ლაზურ მეტყველებას მსგავსება არა აქვს, მაშასადამე ქართული ენის დაკავშირება ეგვიპტურთან შეუძლებელიაო.
 
ლორენცო ჰერვასი ამბობდა, რომ ლაზური (ჭანური) [[ქართული ენის განშტოებები|ქართული ენის დიალექტია]]; ეგვიპტურთან ლაზურ მეტყველებას მსგავსება არა აქვს, მაშასადამე ქართული ენის დაკავშირება ეგვიპტურთან შეუძლებელიაო.

16:48, 21 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

ქართული ენის წარმოშობის თეორიები - ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ XVII-XVIII სს-ში. ის ხანაა, როდესაც მეცნიერული აზროვნება ენის შესახებ ჯერ კიდევ არ არის გამომუშავებული (შედარებით-ისტორიული მეთოდი ენათმეცნიერებაში XIX ს. პირველი ნახევრის მონაპოვარია) და მკვლევარნი კმაყოფილდებიან მხოლოდ და მხოლოდ ენათა პრიმიტიული შედარებით ლექსიკის დარგში. ამ საუკუნეებში დაინტერესებული არიან მსოფლიო ენათა კატალოგიზაციის საკითხებით, ცალკეულ ენათა ნათესაობის დადგინებით, ენის წარმოშობის ძიებით.

მსოფლიო ენათა საერთო სქემაში გარკვეული ადგილი ჰქონდა მიჩნეული ქართულ ენას. კაცობრიობის ენათა პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული. სემიტურ ენათა ნათესაობა ამ დროს უკვე დადგენილად მიაჩნიათ. აზიის ენებისადმი ინტერესი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს, ვიდრე ევროპულ ენებში. აზიის ენებში მოქცეული იყო ქართული ენაც. მალე უკუგდებულ იქნა ებრაულ ენისაგან მსოფლიოს ენათა წარმომავლობის იდეა და ენათა კლასიფიკაციის პრობლემატიკაში ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა.

სარჩევი

ქართული ენის კავშირი ეგვიპტურ ენასთან

რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას, როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტიკურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხეთისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.

ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, რომ ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო-ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურ ენასთან, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ეგვიპტურ დამწერლობასაც ადარებდა და მათ შორის საერთო მოხაზულობას პოულობდა.

გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი ლაიბნიცი, მსჯელობდა რა მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციის საკითხებზე, აღიარებდა, რომ მისთვის მთლად ნათელი არ არის ქართული ენის (ე.ი. ძველი კოლხურის) დაკავშირება ეგვიპტურ ენასთან. ეს საკითხი წამოჭრილია აგრეთვე ლაიბნიცისა და ცნობილი გერმანელი ფილოლოგის ანდრეას აკოლუტოს მიწერ-მოწერაში.

ლორენცო ჰერვასი ამბობდა, რომ ლაზური (ჭანური) ქართული ენის დიალექტია; ეგვიპტურთან ლაზურ მეტყველებას მსგავსება არა აქვს, მაშასადამე ქართული ენის დაკავშირება ეგვიპტურთან შეუძლებელიაო.

ქართული ენის კავშირი ევროპულ ენებთან

პირველი მეცნიერი, რომელმაც სცადა ქართული ენა დაეკავშირებინა ევროპულ ენებთან (ბერძნულთან, ლათინურთან...), გახლავთ ლორენცო ჰერვასი. მას მოჰყავს ქართული სიტყვები პაოლინის ლექსიკონიდან და უდარებს იტალიურ სიტყვებს. საბოლოოდ ჰერვასი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს საერთო სიტყვები სიტყვათ სესხების შედეგია და არა გენეტური ერთიანობისაო.

ქართულ ენას ევროპული მოდგმის ენად თვლიდა ზემოხსენებული გერმანელი ფილოსოფოსი ლაიბნიცი. როგორც ითქვა, ლაიბნიცი ქართული ენის პრობლემას არაერთხელ შეჰხებია.

ჯერ კიდევ 1695 წელს აკოლუტოსადმი მიწერილ წერილში ლაიბნიცს მოჰყავს მთელი სია ქართული სიტყვებისა (პაოლინის ლექსი კონზე დაყრდნობით), რომლებსაც უდარებს ევროპული ენების სიტყვებს. 14 წლის შემდეგ, 1709 წელს, ლაიბნიცი ლა კროზუსადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ მას, სამწუხაროდ, ხელთ არა აქვს იტალიელი მაჯოს მიერ დაწერილი ქართული გრამატიკა, მაგრამ ამ შრომას იგი იცნობს იმ რეცენზიის მიხედვით, რომელიც დაბეჭდილია იტალიურ ჟურნალში. ეტყობა, ამ რეცენზიის საფუძველზე ამბობს ლაიბნიცი, „გამაოცა (ქართული ენის) დრო-კილოების სიუხვემო“.

1710 წელს თავის სტატიაში მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციის შესახებ ლაიბნიცი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ქართული, სპარსული და სომხური ენები წარმოადგენენ სკვითური და არამეული ენების ნარევს. აქ იგი აფართოებს თავის კონცეფციას ქართული ენის ევროპულ ენებთან ნათესაობის თაობაზე და დასძენს, რომ სურს გამოიკვლიოს ქართული ენისა და სემიტური ენების საერთო ელემენტები.

მიუხედავად იმისა, რომ ლაიბნიცის მიერ დამოწმებული ფაქტობრივი მასალა დამაჯერებელი არ არის სათანადო დასკვნების გამოსატანად, უნდა ითქვას, რომ ამ დიდი ავტორიტეტის შრომებში მოცემულ მსჯელობას ქართული ენის შესახებ უთუოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეცნიერო სამყაროში ქართული ენის პრობლემისადმი ინტერესების გამოჩენის თვალსაზრისით.

ფართო გავრცელება მოიპოვა ევროპულ ფილოლოგიურ ლიტერატურაში ცნობილი ფრანგი ორიენტალისტის ანკეტილ-დიუპერონის მიერ მოცემულმა ქართული და ზენდური ენების შედარებითმა ანალიზმა. ეს ჰიპოთეზა გამოთქმული იყო XVIII ს. ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანოში და მას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ.

თუ XVIII სს. დასავლეთ ევროპის ფილოლოგიურ ლიტერატურაში ქართული ენის ნათესაობის პრობლემა წყდებოდა ლექსიკური მასალის საფუძველზე, XIX ს. დასაწყისიდანვე საკვლევაძიებო ორბიტაში ჩართული იქნა გრამატიკული სტრუქტურის დამახასიათებელი ნიშნები ქართული ენის გენეალოგიის დასადგენად.

ქართული ენის კავშირი ინდოევროპულ ენებთან

ქართული (და, საერთოდ, ქართველური ენების) ნათესაობის კვლევის დარგში ახალი პერიოდის დასაწყისში უკავშირდება ცნობილი ფრანგი ქართველოლოგის აკადემიკოს მარი ბროსეს (1802-1880) სახელს.

ბროსე თვლიდა, რომ ქართული ენა გენეტურად დაკავშირებულია ინდოევროპულ ენებთან. კვლევა-ძიების დასკვნები, რომლებიც მოცემულია მის ფუნდამენტურ წიგნში „ქართული გრამატიკა“ (1834), შემდეგი სახითაა ჩამოყალიბებული:

1. ქართული ენის ლექსიკური მარაგი საერთოა ინდოევროპულ ენებთან, განსაკუთრებით სანკრიტთან, ძველ სპარსულთან და ზენდურთან;
2. ქართული ბუნებისა და შედარებითი ხარისხის ფორმანტი სანკრიტული ანდა ზენდურია;
3. ასევე მსგავსია ნაცვალსახელების სისტემა;
4. უღვლილების გარკვეული ნაწილი ამჟღავნებს პარალელებს სპარსულის, სანკრიტისა და ბერძნულის უღვლილებასთან;
5. სინტაქსი და სიტყვათა ნაწილი ქართულს თითქოს თავისებური აქვს, მაგრამ ამ სფეროშიც მრავალი შეხვედრის დადასტურება შეიძლება.

ქართული ენის გენეალოგიის საკითხით დაინტერესდა ლინგვისტური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი, უდიდესი გერმანელი მეცნიერი ფრანც ბოპი.

ბოპის დაინტერესებას ქართული ენის წარმოშობის პრობლემით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მეცნიერულ წრეებში ამ ენისადმი ყურადღების გამახვილების თვალსაზრისით. ლინგვისტური მეცნიერების საერთაშორისო ავტორიტეტმა ქართული ენის შესახებ მოხსენება წაიკითხა ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში ჯერ 1842 წლის 11 დეკემბერს, ხოლო მეორედ - იქვე, 1845 წლის 23 ოქტომბერს.

1846 წელს ბოპმა ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიურ-ისტორიული განყოფილების მემუარებში დაბეჭდა ნაშრომი: „ქართულის შესახებ ენათა ნათესაობის თვალსაზრისით“, ხოლო იგივე ნაშრომი 1847 წელს ცალკე წიგნადაც გამოქვეყნდა ამ სათაურით: „კავკასიის წევრები ინდოევროპულ ენათა ოჯახისა“.

ბოპი ქართველურ ენებს (საუთრივ ქართულს, მეგრულს, ლაზურს, სვანურს) უწოდებს „იბერიულს ანუ ქართულს“. ავტორი შესავალ ნაწილში გადმოგვცემს როზენის, კლაპროთის, სენმარტენის, ბროსეს შეხედულებებს ქართველურ ენათა შესახებ და შემდეგ ასაბუთებს საკუთარ თვალსაზრისს.

ფრან ბოპის შრომის მიზანია ცხადი გახადოს, რომ „ენობრივი ორგანიზმის ყველა ნაწილში - სახელთა ფლექსიაში, ზედსართავებში, ნაცვალსახელების ფუძეებსა და ბრუნებაში, რიცხვით სახელებში, აგრეთვე ზმნის უღვლილებაში - პირთა, რიცხვთა, დროთა და კილოთა მიხედვით ქართული ენა ავლენს ნათესაობას ინდოევროპულ ენებთან (სანკრიტთან და სხვ.).

ბოპის ნაშრომში არ არის ლაპარაკი ფონეტიკურ შესატყვისობათა შესახებ; საკითხი განხილულია მხოლოდ მორფოლოგიისა და ლექსიკის ჩვენებათა მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ბოპის წიგნში წარმოდგენილი ენობრივი მასალა და შედარებები თავის არსებით ნაწილში დარწმუნებული არ არის, მაინც უნდა ითქვას, რომ მან გამოთქვა ბევრი საინტერესო და უდავოდ სწორი დაკვირვება, რასაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს ქართული ენის მორფოლოგიის კვლევის დარგში.

ბოპის ნაშრომის კრიტიკული ანალიზი მოგვცა აკადემიკოსმა ბროსემ, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ქართულს ინდოევროპულის მონათესავედ თვლიდა. ბროსემ 1844 წლის 1 ნოემბერს თავისი შენიშვნები მოახსენა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიას (აკადემიის მემუარები, 1846).

ქართულ-კავკასიური ენები

ფრიდრიხ მიულერი აღნიშნავდა, რომ, ბოპის ცდა, „დაამტკიცოს ქართველური ენების ინდოევროპულობა, გასაოცრად გონებამახვილურია“, მაგრამ საკითხი დამტვკიცებული მაინც არ არისო.

1854 წელს მაქს მიულერიც მსჯელობს ქართველურ ენათა შესახებ (ბროსესა და როზენის შრომებზე დაყრდნობით) და დაასკვნის, რომ საერთოდ კავკასიური ენები ურალურ-ალათაურ ენებს ენათესავებიანო.

1864 წელს გამოქვეყნდა ვენის უნივერსიტეტის პროფესორის ფრიდრიხ მიულერის ნაშრომი „კავკასიურ ენათა ადგილი ენათმეცნიერებაში“, სადაც მიღებულია დასკვნა, რომ ქართულ-კავკასიური ენები წარმოადგენენ დიდ ენათა ჯგუფის გადმონაშთს.

ამრიგად, შემუშავდა თვალსაზრისი ქართველურ (და კავკასიურ) ენათა განკერძოებულობის შესახებ.

ალექსანდრე ცაგარელი

ფრიდრიხ მიულერის მიერ წამოყენებული წინადადება გაიზიარა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა, ქართველური ენათმეცნიერების დიდმა ავტორიტეტმა. 1872 წელს იგი ამბობდა: „თუ ჯერ კიდევ დღევანდლამდე განთქმულ ევროროპულ ლინგვისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა ქართული ენის გენეტური კავშირის შესახებ, ლინგვისტური თეორიების ასეთი გაუბედაობის, გაურკვევლობისა და წარუმატებლობის მიზეზი უნდა ვეძებოთ არა მხოლოდ გრამატიკული ფორმების (განსაკუთრებით ზმნების) სირთულესა და დახლართულობაში, არამედ, ჩემი აზრით, უმთავრესად იმაში, რომ სრულად და ყოველმხრივ არ არის შესწავლილი საგანი - ენა - ყველა თავისი განშტოებით და შენაკადით, არ არის შესწავლილი მისი ტიპი, მთელი თავისი დამახასიათებელი ნიშნებით, რომლებითაც იგი, როგორც ერთი განუყოფელი მთელი, განსხვავდება ყველა სხვა - მისი მსგავსი ობიექტისაგან. ენის ტიპის ამგვარი აღდგენა ყველას აარიდებდა უმადურსა და საფრთხილო შრომას - მორფოლოგიურ ანუ გენეალოგიურ კლასიფიკაციაში ეძებნათ ადგილი იმ ენისათვის, რომლის ტიპი ჯერ კიდევ გარკვეული არ არის“.

რომ ქართული ენა არ ენათესავება მსოფლიოში არსებულ ენათა ოჯახებს, ეს აზრი მკვეთრად და კატეგორიულად გამოთქვა ალ. ცაგარელმა იმ მოხსენებაშიც, რომელიც მან წაიკითხა ორიენტალისტთა მეშვიდე ყრილობაზე ქ. ვენაში 1886 წელს.

ქართული ენის (და, საერთოდ, კავკასიური ენების) განკერძოებულობის თეორიას მხარი დაუჭირა გერმანელმა მეცნიერმა რ. ერკერტმაც (1895 წ.).

მეცნიერებაში ერთ დროს წამოყენებული იყო თეორია სემიტური ოჯახის ენებთან ქართული ენის მონათესაობის შესახებ. ეს თეორია წამოაყენა აკად. ნ. მარმა.

ნ. მარის აზრით, ქართული ენა სემიტურის მონათესავეა, მაგრამ სემიტური ენა არაა. ქართული და სემიტური ენები ერთი ენისაგან არიან მიღებული და ეს უძველესი ფუძეენა სემიტურთან ახლოს იდგა. ეს იყო ნ. მარის საპროგრამო განცხადება. 20 წლის შემდეგ იბეჭდება მისი ვრცელი შრომა, სადაც მოცემულია ცდა მისი სტუდენტობის დროს წამოყენებული დებულების დამტკიცებისა.

შემდეგ თვით ნ. მარმა აღიარა, რომ ქართული ენის გენეტური დაკავშირება სემიტურ ენებთან არ გამართლდა.

ქართული ენის კავშირი მცირე აზიის ენების ჯგუფთან

დიდი ხანია მეცნიერებაში წამოყენებულია შეხედულება ქართული ენის გენეტური კავშირის შესახებ მცირე აზიის უძველესი (დღეს გადაშენებული) ენების ჯგუფთან.

წინა აზიისა და შუამდინარეთის ძველი ენებია: შუმერული, ხეთური, ჰურიტული, ელამური (ანუ სუზური). ხეთურ ენათაგან იბერიულ-კავკასიურ ენებს უკავშირებენ პროტოხეთურ ენას.

ეს ენები ძველი სამყაროს ცივილიზებული ხალხების ენებია.

ამ ენებთან ქართულის მონათესავობის იდეას წინათ მხარს უჭერდნენ ვინკლერი, ბორკი, ტრომბეტი, დირი, მიხეილ წერეთელი, სვანიძე, კარსტი, მარი და სხვ.

მეცნიერებაში დგას საკითხი წინაელინური (პელასგურ-ანატოლიური) კულტურის შემქმნელ ხალხებთან იბერიულ-კავკასიური ენების კავშირის შესახებ.

ჯერ კიდევ ადრე შეამჩნიეს, რომ ბერძნულ ენაში გამოიყოფა ფენა, რომელიც არ აიხსნება ინდოევროპული ენების საფუძველზე, მაშასადამე ეს დანალექი უნდა განეკუთვნებოდეს ხმელთაშუა ზღვის უძველეს მკვიდრთა სამყაროს. 1896 წელს სახელმოხვეჭილი მეცნიერი კრეჩმერი ამბობდა, რომ წინაბერძნული მოსახლეობის გარკვევა ენობრივ მასალებს თუ შეუძლიათო. „თუ ჩვენ წინ ენობრივი გადმოცემა არ გვიძევს, თავის ქალები ვერ გვეტყვიან, თუ რა ენაზე ლაპარაკობდნენ ოდესღაც მათი მატარებლებიო“, - გონებამახვილურად შენიშნავს დიდი ავტორიტეტი. იგი დაასკვნის, რომ მცირე აზიის უძველესი მოსახლეობა, ფრიგიელების გამოკლებით, არც ინდოევროპულია და არც სემიტური.

ასეთივე აზრი სხვებმაც გამოთქვეს.

ქართული ენისა და ეგეოსური ენების კავშირი

წინაბერძნული ეგეოსური ენების ამოცნობის გზები მიიმართება იბერიულ-კავკასიური ენებისაკენ, კერძოდ - ქართველური ენების სამყაროსაკენ.

ლინგვისტური მეცნიერების დიდი ავტორიტეტი ა. მეიე სრულიად გარკვევით მიუთითებდა, რომ ყველაზე უფრო საიმედო გზა წინაბერძნული მოსახლეობის ენის გასაცნობად მცირე აზიის ძველი ენებისა და კავკასიური ენების შესწავლაა. ეს საშუალებას მოგვცემს ძველი ბერძნული ენის ლექსიკაში ავხსნათ ის, რისი ახსნაც ინდოევროპულ ენათა გარემოში შეუძლებელი ჩანს. უპირველესად საჭიროა ნათესაობის დადგენა კავკასიური ენების შიგნით, კერძოდ სამხრეთ- კავკასიურ (ქართველურ) და ჩრდილო- კავკასიურ ენებს შორის.

ცნობილი გერმანელი ისტორიკოსი ედუარდ მაიერი ამბობდა: „კავკასიური რაიონები დასახლებულია მრავალრიცხოვანი ტომებით, რომელთა ეთნიკური ბუნება ჯერ კიდევ ნაკლებადააა გამოკვლეული. ეს ტომები თითქოს ერთმანეთთან არ არის ნათესაურ კავშირში. ამათგან ყველაზე ცნობილი არიან ივერიელები (აწინდელი ქართველები), რომელთაც მტკვრის ხეობა უჭირავთ. ეჭვს გარეშეა, ეს ხალხები ღრმად იყვნენ შეჭრილი მცირე აზიასა და სომხეთში. მათ უნდა მივათვალოთ მოსხები - მესხები (ასურული წყაროებით - მუშკაია, ბიბლიური - მეშეხ) და ტობარენები (ბიბლიური ტებალ, ასურული ტაბალაი), რომლებსაც ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაპადოკია ეჭირათ და იქიდან ილაშქრებდნენ ტიგროსის მხარეში“.

არნ. ჩიქობავას დასკვნით, რაც უფრო შორს ვიხედებით ქართველური და სხვა იბერიულ-კავკასიური ენების ისტორიულ წარსულში მით უფრო ხელშესახები ხდება ამ ენათა წარმოშობითი კავშირი წინა აზიისა და შუამდინარეთის ძველი ცივილიზაციის ენებთან (ურარტულთან, ჰურიტულთან, ხეთურთან, ელამურთან, შუმერულთან).

ცნობილი ბულგარელი ლინგვისტი ვ. გეორგიევი აღნიშნავს, რომ საბოლოოდ უნდა გაირკვეს ჩრდილოეთ კავკასიის ენებისა და ქართველური ენების ნათესაობა; საჭიროა საფუძვლიანად შევისწავლოთ წინააზიის ენები (ხეთური, ჰურიტული და სხვ.) იმის გათვალისწინებით, რომ ისინი შესაძლოა ენათესავებოდნენ კავკასიურ ენებს; ამ პრობლემის გარკვევას შეუძლია ცხადი გახადოს ეგეოსურ მცირეაზიისა და წინააზიის ენათა ტომებისა და ხალხების გენეზისი.

უდავო ჩანს, რომ ბერძნულმა ენამ შეითვისა წინაბერძნული ენობრივი სამყაროს ელემენტები. ეს ელემენტები მან გარდაქმნა თავისი შინაგანი კანონების თანახმად.

მკვლევარნი გამოთქვამდნენ შეხედულებებს იმის თაობაზე, თუ რა შეუთვისებია ბერძნულს წინაბერძნული ენიდან. ამის მაგალითებს აქ არ მოვიტანთ.

ეგეოსურ-ქართული პარალელების ძიება, ეჭვსგარეშეა, მომავალში საინტერესო სურათს გადაგვიშლის.

ირკვევა, რომ გეოგრაფიულ-სახელწოდებათა წარმოების ყველა ძირითად ეგეოსურ ტიპს აშკარა პარალელი მოეპოვება ქართველურ ტოპონიმიაში. შეხვედრა არ განისაზღვრება მხოლოდ გარეგნული მსგავსებით, იგი აფიქსთა ფუნქციის სრულ იდენტურობაშიაც ვლინდება. მაგალითად, ეგეოსური კუთვნილების სუფიქსი, რომელიც ეგეოსური არეალის ფარგლებში ძირითადად სამი სახით გვხვდება, სრულ შესაბამისობას გვიჩვენებს ქართველურ ტოპონომიაში გამოყენებულ სუფიქსებთან (პროფ. რ. გორდეზიანი).

...უდავოა, რომ ეგეოსურ და ქართველურ ენობრივ პარალელთა არსებობის ნებისმიერი ახსნა, ვიდრე შეპირისპირება გარკვეულ და თანმიმდევრულ სურათს არ მოგვცემს, ვერ გასცდება ერთ-ერთი შესაძლებელი დაშვების ფარგლებს.

ქართული ენის კავშირი მთის კავკასიურ ენებთან

ბევრ მეცნიერს გამოუთქვამს შეხედულება ქართული ენისა და მთის კავკასიური ენების ნათესაობის თაობაზე ცნობილი მკვლევარი უსლარი ამბობდა: „ქართული ენა კავკასიური ენაა და, საფიქრებელია, ყველაზე შესანიშნავი“ ამ ოჯახში. მიუხედავად გასაოცარი ნაირგვარობისა, კავკასიური ენები გვიჩვენებენ ღრმა ნათესაურ თვისებებსო.

ქართული ენის გენეტურ კავშირს მთის კავკასიურ ენებთან აღიარებდა აგრეთვე ნ. მარი.

1937 წელს გამოვიდა აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის კაპიტალური წიგნი „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“, სადაც წამოყენებულია შემდეგი ძირითადი დებულებები: ქართველებისა და მთის კავკასიელების შორეული წინაპრები მოძმე ტომები ყოფილან, რომელთაც მონათესავე და ერთი ენაც კი უნდა ჰქონოდათ; მრავალგვარმა სხვადასხვა გარემოებამ ეს მოძმე ერები და ტომები რომ ერთმანეთს საგრძნობლად დააშორა, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა ფაქტორებმა ისინი ხუთ დიდ ერთეულად აქცია; ქართული ენის ისტორიაში ორი დიდი ხანის არსებობა უნდა გვქონდეს გათვალისწინებული; პირველი და უძველესი ის ხანაა, როდესაც გრამატიკული სქეს-კატეგორიები იმ ენათა ძირითად დამახასიათებელ თვისებას შეადგენდა, მეორე - მომდევნო ხანა კი იმ დროიდან იწყება, როდესაც გრამატიკული სქეს-კატეგორიები გაქრა და ღრმა ცვლილებებთან დაკავშირებით, ქართული ენის ახალი სახე ჩამოყალიბდა.

ქართველური და მთის კავკასიური ენების ნათესაობას ამტკიცებს აკად. არნ. ჩიქობავას მეცნიერული სკოლა. ამ პრობლემას მიეძღვნა მრავალი მონოგრაფია და სტატია.

ქართულ და კავკასიურ ენათა წარსულში გახედვა გვარწმუნებს, - აღნიშნავს არნ. ჩიქობავა, - რომ მსგავსება პირველადია, სხვაობა კი მეორეული: რაც უფრო ახლოს ვეცნობით განვითარების წინა საფეხურებს, მით უფრო მეტია სიახლოვე; გენეტიკური ერთიანობა განსაზღვრავს ქართველურისა და მთის კავკასიური ენების ურთიერთობას (და არა ხანგრძლივი ისტორიული კონტაქტით შეპირობებული დამსგავსება, თუმცა ამასაც გარკვეული ადგილი უნდა დაეთმოს).

მეცნიერებაში დამკვიდრდა ცნება „იბერიულ-კავკასიური ენებისა“.

არიან მეცნიერები, რომლებიც არ იზიარებენ თეორიას ქართული ენის გენეტიკური კავშირის შესახებ მთის კავკასიურ ენებთან.

კავკასიური ენების ერთობის შესახებ ეჭვი გამოთქვა ჯერ კიდევ პროფ. ნ. ტრუბეცკოიმ. განსაკუთრებით უარყოფდა იგი ქართული ენის ჩრდილოეთ კავკასიის ენებთან ნათესაობის იდეას.

პროფ. გ. დეეტერსი, ცნობილი ავსტრიელი ქართველოლოგი, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თითებზე ჩამოითვლება საერთო სიტყვები ქართულ (და, საერთოდ, ქართველურ ენებსა) და სხვა კავკასიურ ენებს შორის, მაგრამ ტოპოლოგიურად მათ შორის საერთო ბევრიაო. ამიტომ ეს ენები გენეტურად კი არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ისინი ქმნიან „ენობრივ კავშირს“.

ნორვეგიელ ქართველოლოგს პროფ. ჰანს ფოგტს მიაჩნია, რომ საერთოკავკასიური ფუძეების აღდგენა უაღრესად პრობლემატური ამოცანაა. შედარებით-ისტორიული მეთოდი იბერიულ-კავკასიური ენების კვლევის დარგში არ მოგვცემს იმ შედეგებს, რომლებიც მან მოგვცა ინდოევროპული, სემიტური და უგროფინური ენების დარგში. ზოგიერთი მსგავსება, რომლებიც კი არსებობს ქართულსა და მთის კავკასიურ ენათა შორის, მეორეულია და მომდინარეობს კავკასიელი ხალხების ათასწლოვანი თანამეზობლობის საფუძველზე წარმოქმნილი ენობრივი კონვერგეციიდან (დაახლოებიდან). ფოგტის სიტყვით, კავკასიური ენების ერთიანობის ჰიპოთეზა მეტად მიმზიდველია და არც დამაჯერებლობასაა მოკლებული, მაგრამ ამავე დროს ძნელი დასამტკიცებელია.

აკად. გ. წერეთლის სიტყვით, „ვიდრე... რეგულარული მიმართებანი არ იქნება დადგენილი, საკითხი ქართველურ ენათა გენეტური ურთიერთობისა მთის კავკასიის ენებთან იქნება უფრო მეტად საგანი რწმენისა, ვიდრე ცოდნისა, და რაგინდ დიდი იყოს ეს რწმენა, იგი დებულებას ნათესაობის შესახებ მტკიცების ძალას ვერ შეჰმატებს“. იგივე ავტორი ფიქრობს, რომ ამჟამად წინა პლანზე დგება ამოცანა კავკასიური და წინააზიური არეალური ლინგვისტიკის პრობლემის შესწავლისა შედარებით - ტოპოლოგიური თვალსაზრისით. კავკასია წარმოადგენს ენათა მიკროკოსმოსს და ერთმანეთის მონათესავე ენათა გარდა აქ მრავალი სხვადასხვა სისტემის ენა (ინდოევროპული, თურქული, სემიტური) იყრის თავს მათი სტრუქტურული მოდელის დადგენა, პირვანდელი არქეტიპების რეკონსტრუქცია და ურთიერთმიმართებების გარკვევა მნიშვნელოვანია არა მარტო თითოეული მათგანის შესწავლისათვის, არამედ ენათა განვითარებისა და ურთიერთობის ზოგადი საკითხების და უნივერსალიების პრობლემების კვლევისათვის.

ამრიგად, ერთი მხრივ, ამტკიცებენ ქართულ-კავკასიური ენების გენეზისურ კავშირს, და მეორე მხრივ, ფიქრობენ, რომ მათ შორის სტრუქტურულ-ტიპოლოგიური მსგავსებანია მხოლოდ და არა წარმოშობითი ერთობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, თუ პირველ ასპექტს მიეძღვნება მონოგრაფიული გამოკვლევები, მეორე ასპექტი ჯერჯერობით არ გამხდარა მონოგრაფიული შესწავლის საგანი.




წყარო

შოთა ძიძიგური, ქართული ენის წარმოშობის თეორიები.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები