ქართული კინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული კინო - ქართული კინოს ისტორია ვასილ ამაშუკელის მიერ 1912 წელს გადაღებული ფილმით, „აკაკი წერეთლის მოგზაურება რაჭა-ლეჩხუმში“ იწყება, სადაც დიდი მგოსანი მთელი თავისი მითოლოგიური სიდიადით წარმოგვიდგება. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეს არის ხელოვანზე გადაღებული ყველაზე სრულფასოვანი და გრძელი ფილმი. კინოს განვითარების პირველ ეტაპზე ასეთი ფილმები საერთოდ არ არსებომდა, მაგრამ საქართველოში მწერლებისა და პოეტებისადმი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ხშირად მათ ღვთის რჩეულებსაც უწოდებდნენ.

პირველი საზაფხულო კინოთეატრი მუშტაიდის ბაღში იყო, სადაც მუნჯური ფილმების ჩვენება ეწყობოდა. კინოსეანსებმა თავიდანვე ცხადყო, რომ ახალი ხელოვნების, კინემატოგაფის მიმართ დიდი ინტერესი არსებობდა. სწორედ ამის დასტურია 1912 წელს გადაღებული ვასილ ამაშუკელის ფილმიც, რომელიც ჩვენთვის დღემდე საამაყო კინემატოგრაფიულ მანიფესტად რჩება.

პირველი ქართული მხატვრული ფილმი თეატრისა და კინოს რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის, „ქრისტინეს” ეკრანიზაცია 1915 წლით თარიღდება. „ქრისტინეს“ შემდეგ ქართულ კინემატოგრაფში უდიდესი როლი შეასრულეს მიხეილ კალატოზიშვილის, კოტე მიქაბერიძის, ნიკოლოზ შენგელაიას, კოტე მარჯანიშვილის ფილმებმა. ფაქტობრივად ეს იყო რეჟისორთა თაობა, რომელმაც ქართული კინო შექმნა. კინემატოგრაფული ენის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნლობა ჰქონდა მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთეს“, ნიკოლოზ შენგელაიას „ელისოს“, კოტე მარჯანიშვილის „სამანიშვილის დედინაცვალს“, კოტე მიქაბერიძის ფილმს „ჩემი ბებია“, რომელიც 30-იან წლებში ფორმალიზმის მიზეზით აკრძალეს და მისი ნახვა ეკრანზე შეუძლებელი იყო.

„ჯიმ შვანთეს“ კინემატოგრაფულ თხრობასა და მონტაჟს, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჰქონდა მაყურებელზე. კინოს უკვე ჰყავდა მონტაჟისა და მსხვილი ხედის დიდოსტატები - გრიფიტი და ეიზენშტეინი. ამჯერად კი ახლებურმა კინემატოგრაფულმა ენერგიამ გააცოცხლა ეკრანი, რომელზეც სრულად აისახა სვანეთის სილამაზეც და დოკუმენტური სიმკაცრეც.

ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო“ (1928 წ.), ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ფილმში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საოცარი ტემპი და მონტაჟი. და დღეს, როცა „ელისოს“, „ჯიმ შვანთეს“, ან თუნდაც „ჩემი ბებიის“ კადრებს ვუყურებთ, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი კინემატოგრაფის პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია მსოფლიო კინემატოგრაფულ პროცესებთან.

„ელისოში“, სახეების გარდა, მაყურებელს შეუძლია გარემოსაც დააკვირდეს. მაგალითად, როგორ მოძრაობენ ადამიანები, რა აცვიათ, სად ცხოვრობენ. ფაქტობრივად, კინემატოგრაფი, გარდა მხატვრული გამონაგონისა, გარკვეულ დოკუმენტურ და ისტორიულ რეალობას აღწერს. მაგალითად, ისტორიული მასალებით ჩვენ შეგვიძლია ერთგვარი წარმოდგენა შეგვექმნას მიხეილ ჭიაურელის ფილმზე „არსენა“, რომელიც ასევე სოციალურ მანიფესტად იქცა.

თუმცა, ყოველგვარ არტისტულ თუ სოციალურ მანიფესტზე მაღლა დგას ნატო ვაჩნაძე, რომელიც ძალიან მალე გახდა ქართული კინოს ნამდვილი ვარსკვლავი. „ქრისტინე“, „გიული“, „მამის მკვლელი“, „სამი სიცოცხლე“, „ვინ არის დამნაშავე“... კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ყველა ერთნაირი მნიშვნელობის არ იყო, მაგრამ ვარსკვლავის არსებობა უკვე კინოს პოპულარობას განაპირობებდა.

სპარტაკ ბაღაშვილის არსენა (ფილმში „არსენა”) იქცა ამბოხებული გმირის მითოლოგიურ სახედ. ის არ იყო პროფესიონალი მსახიობი, რეჟისორმა ქუჩაში შეამჩნია და მიხვდა, რომ ამ ბრგე ადამიანში დიდი ეკრანული ქარიზმა იმალებოდა. მიხეილ ჭიაურელი კარგი მოქანდაკე იყო და შესანიშნავად გრძნობდა პლასტიკას. სწორედ ასეთი ადამიანებით იქმნებოდა კინემატოგრაფი, როგორც სინთეზური ხელოვნება. ის ეყრდნობა ლიტერატურას, მხატვრობას, არქიტექტურას, ვიზუალურ ხელოვნებას.

სარჩევი

30-იან წლების ქართული კინო

30-იან წლებში საბჭოთა იდეოლოგიის გავლენა სულ უფრო მძლავრად იგრძნობოდა. თავისუფალი მანევრირების საშუალება რეჟისორებს ნაკლებად რჩებოდათ. 1936 წელს, კონსტიტუციის მიღების შემდეგ დასმენებისა და დაჭერების მთელი სერია დაიწყო. ადამიანები ხშირად უმიზეზოდ ქრებოდნენ სახლებიდან. ამიტომ ძნელია 30-იან წლების შემოქმედებით თავისუფლებაზე საუბარი.

რეჟისორები კომედიებს ან უმტკივნეულო დრამატულ-თეატრალურ ფორმებს ირჩევდნენ. ასეთთა შორის იყო დავით რონდელის კომედია „დაკარგული სამოთხე“, რომელშიც გასული საუკუნის თავად-აზნაურთა ფუქსავატი ცხოვრებაა აღწერილი. თუმცა ალაგ-ალაგ სატირის სიმძაფრეც იგრძნობა. ამის მიუხდავად, ფილმი დიდი წარმატებით სარგებლობდა მაყურებელთა შორის.

მოგვიანებით, მსოფლიო ომის დროს, გამოდის ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმი-მიუზიკლი „ქეთო და კოტე“, რომელშიც ქართველ მსახიობთა მთელი თანავასკვლავედი მონაწილეობს - 12 წლის ლეილა აბაშიძით დაწყებული, ელისაბედ ჩერქეზიშვილითა და ცეცილია წუწუნავათი დამთავრებული. ვიქტორ დოლიძის პოპულარული ოპერის ეკრანიზაცია რაღაცით კავკასიურ ჰოლივუდურ ფილმს ჰგავდა, რადგან ყველაფერი - კოსტიუმები, მხატვრობა, მუსიკა, მსახიობები საოცარ სანახაობას ქმნიდა. ამ ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჰოლივუდზეც, სადაც ფილმი უჩვენეს. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ფილმში ყვლაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აღსანიშნავია ვახტანგ ტაბლიაშვილის რეჟისურა, რომელიც თეატრიდან იღებს სათავეს.

30-იან წლებში მარჯანიშვილი იღებს „კომუნარის ჩიბუხს“, ვერიკო ანჯაფარიძისა და უშანგი ჩხეიძის მონაწილეობით. აქაც, თეატრის გავლენა და ტრადიცია ძალიან დიდია, რადგან მარჯანიშვილი თეატრის უდიდესი რეჟისორი იყო და შთაგონებას სწორედ თეატრიდან იღებდა. ფილმი ძირითადად პავილიონშია გადაღებული. ცენზურისა და იდეოლოგიის გამო, რეჟისორები როგორღაც ცდილობდნენ, რომ მხატვრული ფორმა და იდეოლოგია შინაარსობრივად ერთმანეთისთვის მოერგოთ.

40-50–იან წლებში ქართულ კინო

40-50–იან წლებში ქართულ კინოში მცირე რაოდენობის ფილმებს იღებენ. ეს დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომთან. ამ დროის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ფილმი „გიორგი სააკაძე“, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა 1942 წელს გადაიღო. ფილმს, ისე როგორც სერგეი ეიზენშტეინის „ივანე მრისხანეს“, ძალიან დიდი იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა პირდაპირ შეუკვეთა რეჟისორს, გადაეღო ფილმი ძლიერ, სამართლიან, წინააღმდეგობით სავსე, მაგრამ პოზიტიურ გმირზე ორაზროვანი დამოკიდებულების მიუხედავად სააკაძის პერსონის მიმართ, რომელიც დღემდე გრძელდება.

ისტორიული დისკურსი - ვინ არის სააკაძე, მოღალატე თუ გმირი, დღესაც გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ სტალინის იმდროინდელ, კარგად აწონილ, იდეოლოგიურ გადაწყვეტილებას ერთი მიზანი ჰქონდა - როგორმე გაემყარებინა მითი, რომ გიორგი სააკაძე გმირი იყო, რადგან ომის დროს საზოგადოებას სჭირდებოდა კონსოლიდაცია გმირის ირგვლივ. სტალინის მესიჯი კარგად გაიგო მიხეილ ჭიაურელმა და სწორედ ისეთი ფილმი გადაიღო, როგორიც სტალინს სურდა. „გიორგი სააკაძე“ სტალინს პირადად აჩვენეს, მოგვიანებით კი - ფრონტზე ჯარისკაცებს, მათი ბრძოლისუნარიანობის და შემართების განსამტკიცებლად. ფილმში უამრავი ცნობილი მსახიობი თამაშობს: აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე. სერგო ზაქარიაძე კი გარდასახვის განსაცვიფრებელ ხარისხს აღწევს შადიმანის როლში.

სტალინის სიკვდლის შემდეგ კინო თითქოს გათავისუფლდა მარწუხებისგან, თუმცა არც ახალი რეალობა აღმოჩნდა სასურველი და თავისუფალი კინოხელოვნების განვითარებისათვის.

რეზო ჩხეიძე

1954 წელს რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე ერთობლივად იღებენ ფილმს „მაგდანას ლურჯა“, რომელიც 1955 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსზე მთავარი პრიზით - „ოქროს პალმის რტოთი“ დაჯილდოვდა. ეს ქართული კინოს ძალიან დიდი წარმატება იყო. ამ ფილმმა გარკვეული საფუძველი ჩაუყარა კინოს აღმავლობასა და აღორძინებას. ახალგაზრდა და პოპულარული მსახიობი დუდუხანა წეროძე მთავარ როლს თამაშობდა. ფილმში ასევე მონაწილობდა აკაკი კვანტალიანი და პატარა მსახიობები - ნანი ჩიქვინიძე და მიხო ბორაშვილი.

„მაგდანას ლურჯა“ ეყრდნობოდა ლიტერატურულ პიველწყაროს, რაც გარკვეული ტრადიციაა ქართულ კინოში. ეკატერინე გაბაშვილის სოციალური მოთხრობა ზუსტად მოერგო რეჟისორთა სათქმელს. მიუხდავად იმისა, რომ მთავარი აქცენტები და დროც შეცვლილია, ფილმი უაღრესად თანამედროვე გამოვიდა. იმხანად პოპულარულმა ნეორეალიზმმა დრამატული პედალირებით გარკვეული ასახვა ჰპოვა ფილმის ფინალზე. „მაგდანას ლურჯაში“ კომპოზიტორმა არჩილ კერესელიძემ შესანიშნავი მუსიკალურ-დრამატული თემები შექმნა.

რეზო ჩხეიძემ შემდგომში გადაიღო ფილმი ,,ჩვენი ეზო“, სადაც სრულიად ახალგაზრდა გიორგი შენგელაია და სოფიკო ჭიაურელი მონაწილეობენ, ხოლო თენგიზ აბულაძემ _ „სხვისი შვილები“ და ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. მოგვიანებით კი ტრილოგია („ვედრება“ “ნატვის ხე“ და „მონანიება), თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში მაინც ,,მონანიებაა“, რომელიც ერთგვარად აჯამებდა მთელ საბჭოთა კინოს.

ფილმმა კანის კინოფესტივალზე ჟიურის დიდი პრიზი დაიმსახურა. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ფრანგი მსახიობი ივ მონტანი იყო, რომელიც გამოირჩეოდა ანტისაბჭოური განწყობით.

რეზო ჩხეიძემ ,,ჩვენი ეზოს“ შემდეგ გადაიღო „ჯარისკაცის მამა“, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. ფილმმა გაუძლო დროს და ეს ყვლაზე კარგი შეფასებაა. 2013 წ. “ჯარისკაცის მამა” გააფერადეს კიდეც და აპირებენ გადაიღონ რუსეთში.

60-იანი წლების ქათული კინო

60-იანი წლების ქათულ კინემატოგრაფიულ ლანდშაფტს ელდარ და გიორგი შენგელაიები, ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, თემურ ბაბლუანი, ალქსანდრე რეხვიაშვილი ქმნიან. ეს პერიოდი გამოირჩევა საავტორო კინოს გამოცოცხლებით.

ლანა ღოღობერიძის „მე ვხედავ მზეს“ ნოდარ დუმბაძის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაა. რეჟისორები ცდილობენ, მხატვრული ნაწარმოები კინოეკრანზე თანამედროვეობასთან შესაბამისად ასახონ. მაგალითად, რეზო გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას ტანდემი „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ საფირმო იუმორის ნიშანია. ფილმი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც მეტაფორა ფუჭად დაკარგულ დროსა და ხელოვანზე, რომელიც ბედის ირონიით სასაფლაოზე ძეგლებს დგამს, თუმცა მის ეზოში მდგარი მარმარილოს ქვა დიდ ხელოვნებაზე მეოცნების მეტაფორაა.

გიორგი შენგელაიას რამდენიმე კარგად ნაკეთი არტჰაუზის ფილმი აქვს გადაღებული. მათ შორის „ფიროსმანი“ განსაკუთრებულია, საუკეთესოა სხვადასხვა დროს მხატვრებზე გადაღებულ ფილმებს შორის. მთავარ როლს ავთო ვარაზი ასრულებს.

ოთარ იოსელიანი

გამორჩეულია ოთარ იოსელიანის შემოქმედება. იგი დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან რეჟისორად რჩება 60-იანელთა თაობაში და არა მხოლოდ. იოსელიანმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; სწავლობდა კონსერვატორიაში და შემდეგ კი გადაწყვიტა დაემთავრებინა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი. მისი პედაგოგი დიდი რეჟისორი, ალექსანდრ დოვჟენკოა, თუმცა ყველაზე დიდი გავლენა მასზე მაინც ფრანგულმა კინომ იქონია. ეს იგრძნობა ყველაფერში - მხატვრულ ქსოვილში, იუმორში, კადრირებაში, სცენარში, ამბის ორიგინალურ გადმოცემაში. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ფრანგული კინოს კლასიკოსად აღიარეს. ყველა დროის საუკეთესო კინორეჟისორებს შორის ოთარ იოსელიანი ყოვლთვის შედის ასეულში. საშუალო და ახლო ხედი მისი კინოენის დამახასიათებელი ნიშანია. სხვა რეჟისორებისაგან განსხვავბით, არ წყალობს პროფესიონალ მსახიობებს. მიაჩნია, რომ პროფესიონალი მსახიობი „მასალას აფუჭებს“. ურჩევნია გადაიღოს ადამიანები, რომლებიც არაფრით არ არიან გამორჩეულები.

მათემატიკა და მუსიკა დიდ გავლენას ახდენს ოთარ იოსელიანის მსოფლმხედველობაზე. მას ზუსტად აქვს კადრი გათვლილი და სხვა რეჟისორებისგან განსხვავებით, ნაკლებად მიმართავს იმპროვიზაციას. მისი ფილმები სავსეა პოეზიით და უცნაური იუმორით. იოსელიანს მიაჩნია, რომ კინემატოგრაფში უმთავრესია გამოსახულება და არა სიტყვა. ამიტომ, ფილმი რეჟისორმა უხმო კინოს გამომსახვლობითი პრინციპით უნდა გადაიღოს.

60-70-იან წლებში იოსელიანი იღებს ტრილოგიას - „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“ და “პასტორალი“. საკავშირო კინოსტუდიასთან კონფლიქტის შემდეგ საფრანგეთში მიემგზავრება. ,„მთვარის ფავორიტები“ - იოსელიანის პირველი ფრანგული ფილმია, რომელსაც ეკრანზე გამოსვლისთანავე დიდი წარმაეტება ხვდა წილად. რამდენიმე ფილმი გადაიღო საფრანგეთსა და იტალიაში. ბერლინის სართაშორისო კინოფესტივალზე, საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ ფილმს „ორშაბათ დილით“ კრიტიკოსთა პრიზი - ფიპრესი და ჟიურის დიდი პრიზი გადაეცა.

ალექსანდრე რეხვიაშვილი

60-იანელთა დიდი თაობის რეჟისორთა ფონზე, ალექსანდრე რეხვიაშვილის შესახებ ნაკლებად წერენ, თუმცა მისი ფილმები ყოველთვის კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრშია. საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, საოპერატორო ხელოვნებას დაეუფლა. მოგვიანებით კი დაამთავრა სარეჟისორო ფაკულტეტი. მისი პირველი ფილმი „ნუცა“, მიხეილ ჯავახიშვილის ნოველის მიხედვით არის გადაღებული. მთავარ როლს მარინა ჯანაშია თამაშობს. ამ პატარა, 10-წუთიან შავ-თეთრ ფილმში უკვე იგრძნობა რეჟისორის ხელწერა, მისთვის დამახასიათებელი კინოენის თავისებურებანი. 70-80-იან წლებში რეხვიაშვილი იღებს ფილმებს: „გზა შინისაკენ”, „საფეხური“ და „მიახლოება“.

მიხეილ კობახიძე

ქართული კინო წარმოუდგენელია მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟინი ფილმების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ორმოცი წლის განმავლობაში გადაღებული აქვს მხოლოდ ოთხი ფილმი, პირველი - „ქორწილი“ (1964) დღემდე მიუღწეველ ნიმუშად რჩება ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს ისტორიაში. მისი ცნობილი ფილმები - „ქოლგა“ და „მუსიკოსები“, ხშირად აღფრთოვანებისა და დისკუსიის საგანად ქცეულა. სწორედ „მუსიკოსების“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ აუკრძალეს მას ფილმის გადაღება, რასაც თან დაერთო პირადი დრამა. 80-იან წლებში საფრანგეთში წავიდა და საცხოვრებლად დარჩა. თითქმის 30-წლიანი დუმილი დაარღვია 2003 წელს გადაღებული ფილმით „და ქარი წაგვიღებს“. აქაც, წინამორბედი ფილმების მსგავსად, მნიშვნელოვანია: გამოსახულება, კადრის გამომსახველობა, დახვეწილობა, მუნჯური კინოსთვის დამახასიათებელი ესთეტიკა. რეჟისორის სათქმელი უხმოდ ეტევა კადრებში. მიხეილ კობახიძის ყველა ფილმი, ძველიც და ახალიც, მიუღწეველ და სევდიან ბედნიერებაზეა.


წყარო

საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები