ქართული კინო 1918-1921 წლებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კინემატოგრაფია 1918-1921 წლებში - 1908 წლიდან იწყება ქართული კინოს წელთაღრიცხვა, როდესაც ვასილ ამაშუკელმა დოკუმენტური სიუჟეტები გადაიღო: „ხალხის სეირნობა ზღვის სანაპიროზე“, „მუშაობა ნავთის ჭაბურღილებთან“, „შეჯიბრება ცურვაში“, „გუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ერაძის მონაწილეობით“, „ბაქოს ბაზრის ტიპები“, „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით“, „გემის გადმოტვირთვა“, „ნავთის გადასხმა ტუმბოებით“.

ორი წლის შემდეგ, 1910 წლიდან ალექსანდრე დიღმელოვის დოკუმენტური სიუჟეტები გამოჩნდა: „თბილისის ბოტანიკური ბაღი“, „ბორჯომის მინერალური წყლები“, „მცხეთობა“, „ლადო მესხიშვილის იუბილე“, „სამების დღესასწაული ნ. ერისთავის მამულში“.

1912 წელს ვ. ამაშუკელმა პირველი შავ-თეთრი, ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (5 ნაწილად) „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაიღო. ფილმი მსოფლიო კინოხელოვნებაშიც პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად ითვლება. 1913 წელს ს. ესაძისა და ლ. ჩერნის რეჟისორობით, ისტორიული ქრონიკები - „კავკასიის დაპყრობა“, „ღუნიბის აღება“ გამოვიდა.

1916-1917 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით მიმდინარეობდა პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ გადაღება. 1918 წელს ფილმ „ქრისტინეს“ პრემიერა გაიმართა. სცენარის ავტორი და რეჟისორი იყო ა. წუწუნავა. სიუჟეტი ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დაიწერა. ოპერატორი ჯერ ა. შგერმანი იყო, მოგვიანებით კი - ა. დიღმელოვი. მონაწილეობდნენ: ა. აბელიშვილი (ქრისტინე), გ. ფრონისპირელი (იასონი), ვ. არაბიძე (დათია), ს. ყიფშიძე (მარიკა), მ. მგალობლიშვილი (სონა), ბ. როსტომაშვილი (ნატა), ც. წუწუნავა (მარინე). ეპიზოდურ როლებს ასრულებდნენ: ვ. აბაშძე, ი. ზურაბიშვილი, ნ. გვარაძე, თ. გაჩეჩილაძე, ს. ჟივაძე, პ. ფრანგიშვილი, ს. თარალაშვილი, ვ. მატარიძე, გ. იორდანიშვილი.

1919 წლის 27 სექტემბერს კოოპერატივთა კავშირის გამგეობისა და გერმანე გოგიტიძეს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც საქართველოს პროვინციებში ფილმების ჩვენებას ითვალისწინებდა, შემოსული თანხა კი თანაბრად განაწილდებოდა. ქართული კინო ამ ხელშეკრულების დადებით საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში გოგიტიძემ დოკუმენტური ფილმებიც გადაიღო:

  • „სახალხო გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში, 12 დეკემბერი 1918 წლისა“,
  • „დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს“,

ასევე, მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური სიუჟეტებიც გადაიღო:

  • „აზერბაიჯანის ფრონტი“,
  • „ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის“,
  • „ბათუმის სიმაგრეები“,
  • „1919 წლის 26 მაისი“,
  • „გორის მიწისძვრა“,
  • „მეორე ინტერნაციონალის ლიდერთა დელეგაცია“,
  • „სახალხო გვარდიის სასოფლო მუშაობა“,
  • „აჭარა“,
  • „სახალხო გვარდიელთა ჯირითი“,
  • „1920 წლის 26 მაისი“,
  • „ბათუმის პროტესტი“, „გორის წისქვილი“.

1918 წლიდან კინოგადაღება გახდა პოპულარული. კინოთეატრ „აპოლოს“ მეპატრონე ჰენრიხ გეგელესა და ამიერკავკასიის კინოთეატრების ქსელის მფლობელ პავლე პირონეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ფილმის შემოტანასა და ტიტრებით გაფორმებას უზრუნველყოფდა. თუმცა მალევე პირონე გერმანე გოგიტიძესთან კონკურენციაში შევიდა და ფილმების წარმოებას შეუდგა. ბაქოდან თბილისში მსახიობი ვლადიმირ ბარსკი ჩამოიყვანა, რომელსაც რეჟისორობა დაავალა. ოპერატორად ალექსანდრე დიღმელოვი მიიწვია და ათკაციანი კინოჯგუფი შექმნა. მათ გადაიღეს: „თავმოკვეთილი გვამი“, „მითხარ რისთვის“, „ცეცხლთაყვანისმცემლები“ და სხვ. ფილმების უხარისხობის მიუხედავად, ჯგუფს კომერციული მოგება მაინც გააჩნდა. პირონემ თბილისში იჯარით აიღო მიწის ნაკვეთი, ააშენა კინოატელიე. 1920 წლიდან თავისი სტუდია მთავრობას მიჰყიდა და საქართველოდან გაემგზავრა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გადაღებული ფილმების დიდი ნაწილი ცენზურას შეეწირა. კინო კი საბჭთა პროპაგანდისტულ იარაღად იქცა.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • ნ. ამირეჯიბი, დროთა ეკრანი, თბ., 1990;
  • ნ. ამირეჯიბი, სინემატოგრაფიდან კინოხელოვნებამდე, თბ., 1990;
  • გ. გოგიტიძე, ქართული კინოს წარსულიდან, 2013;
  • ი. მახარაძე, დიადი მუნჯი ქართული კინოს ისტორია, თბ., 2014.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

კინოთეატრები 1918-1921 წლების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები