ქვევრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვევრი


ქვევრი - ღვინის დასაყენებელ-შესანახი ჭურჭელი. ქვევრი მთლიანად მეღვინეობის საქმეს ემსახურება. კახეთი და იმერეთი ძველთაგანვე საქართველოს მევენახეობის უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო, ამიტომ მექვევრეობაც ყველაზე მეტად ამ მხარეებში გავრცელდა. კახეთში მექვევრეობის ცენტრებია - ვარდისუბანი, ახალსოფელი, ყარსუბანი. ზემო იმერეთში კი ტყემლოვანი, ბოსლევი და დიდწიფელა. პატარა და საშუალო ზომის ქვევრებს ამზადებდნენ ქსნის ხეობაში, ლეჩხუმში.

ქვევრი ისე, როგორც სხვა ჭურჭელი, მზისა და ქარისაგან დაცულ ქარხანაში მზადდება, მისი გამოძერწვა ყველგან ხელით სატრიალებელ მორგვზე იწყება. მექვევრე ოსტატი ერთდროულად 10-დან 20- მდე ქვევრის კეთებას შეუდგება და რიგრიგობით ერთი ქვევრიდან მეორეზე გადადის. ქვევრი ერთჯერად არ შენდება, მორგვზე მხოლოდ ქვევრის ძირი შენდება, ძირის შეშრობის შემდეგ მისი შენება „სკამზე“, ქვევრის ძირის დასადგამზე გრძელდება. თანდათანობით განსაზღვრულ სიმაღლეზე ამოყვანილი ქვევრი უკვე მიწაზე იდგმება, სადაც მისი შენება მთავრდება.

გამომშრალი ქვევრის გამოსაწვავად საქართველოს ყველა მხარეში ოთხკუთხიან და ერთსართულიან ქურას ხმარობენ. ქურაში გამოსაწვავად ქვევრის ჩადგმას სპეციალური ღვედებით შეიარაღებული კაცები ასრულებენ. საშუალო ქურაში გამოსაწვავად დაახლოებით 6 ქვევრი და 20-მდე ქოცო ეტევა.სითხეჟონვადობის თავიდან ასაცილებლად გაცხელებულ ქვევრს შიგნიდან სანთელს ან ცხიმს უსვამდნენ, ხოლო ქვევრის მეტი გამძლეობის მიზნით გარედან ქვიშისა და კირის ხსნარის სქელი ფენით ფარავდნენ. საქართველოში დამზადებულ ქვევრთა მოცულობა სხვადასხვაა. მცირე მოცულობის - 10-12 ლიტრიან ქვევრს „ქოცოს“ უწოდებენ, ხოლო დიდი მოცულობისას (1000-5000 ლიტრის ტევადობის) ჭურს.

ლიტერატურა

  • ვ. ჯაოშვილი, კერამიკული მრეწველობა საქ.-ში, 1959.
  • ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა,. 1949.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები