ქრისტიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისტიანობა - ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანი მსოფლიო მონოთეისტური რელიგიაა. ქრისტიანულ მოძღვრებასა და ღვთისმსახურებას, რომელიც განსხვავებულ შინაარსსა და ფორმას ატარებს, თანაბრად აქვს ფესვები გადგმული სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციის საზოგადოებებში. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ახალი წელთაღრიცხვის ათვლას მისი დამაარსებლის, იესო ქრისტეს დაბადებიდან იწყებს.

ქრისტიანობა ჩაისახა ჩვ.წ. I საუკუნეში პალესტინაში როგორც იუდაიზმის ერთ-ერთი მცირე განშტოება, რომელიც რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა. თავდაპირველად ქრისტიანობა პალესტინასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ძირითადად, ებრაულ დიასპორებში ვრცელდებოდა, მაგრამ მოკლე ხანში, პავლე მოციქულის ქადაგების წყალობით, მან მიმდევრები სხვა ე.წ. წარმართ ხალხებშიაც გაიჩინა. V საუკუნემდე ქრისტიანობა უმთავრესად რომის იმპერიასა და მისი კულტურული გავლენის არეალში დამკვიდრდა (სომხეთი, საქართველო, სირია, ეთიოპია), შემდეგ (ძირითადად პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში) ანგლოსაქსსა და სლავ ხალხებში, უფრო გვიან კი (XIII-XIV ს.) ბალტიელ და ფინელ ხალხებშიაც შეაღწია. ახალ და უახლეს პერიოდში ევროპის მიღმა ქრისტიანობის გავრცელება კოლონიალური ექსპანსიისა და სამისიონერო მსახურების შედეგად გახდა შესაძლებელი. დღეს ქრისტიანობა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და ეროვნებაშია წარმოდგენილი. ამ პერიოდისთვის ქრისტიანთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 2 მილიარდს აჭარბებს, მათგან ევროპაში, სხვადასხვა შეფასებით, 400-დან 550 მილიონამდე ქრისტიანი ცხოვრობს, ლათინურ ამერიკაში - 380 მლნ., ჩრდილო ამერიკაში - 180-250 მლნ., აზიაში - 300 მლნ., აფრიკაში - 300-400 მლნ., ავსტრალიაში - 14 მლნ.

ისეო ქრისტე, ბიზანტიური მოზაიკა

სარჩევი

წარმოშობა და გავრცელება

სახარებისეული გადმოცემით, ქრისტიანობის დამაარსებელი იესო ქრისტე დაიბადა ბეთლემში, დავით ისრაელის მეფის შორეული შთამომავლის, ნაზარეთელი დურგლის იოსებ მართლისა და ასევე დავითის შთამომავლის, ქალწული მარიამის, ოჯახში - თორმეტ მოწაფესთან ერთად მიმოდიოდა გალილეას, იუდეისა და იორდანიის გაღმა დაბა-სოფლებში და ქადაგებდა მოახლოებულ ღვთის სასუფეველზე, სინაგოგებში რჯულის მასწავლებლებსა და მწიგნობრებს შეახსენებდა წმიდა წერილის წინასწარმეტყველებებს მესიაზე, თავს აშკარად აცხადებდა ღვთის ძედ და მესიად, რომელსაც უნდა ეხსნა ისრაელი. სახელი გაითქვა როგორც მკურნალმა და ყველგან, სადაც კი მივიდოდა, სნეულები, დავრდომილები, ბოროტი სულით შეპყრობილნი მიჰყავდათ მასთან და ისიც კურნავდა მათ. ბოლოს ოთხი დღის მკვდარიც გააცოცხლა. მისი ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა, საშიში ხდებოდა იერუსალიმის სამღვდელოებისთვის და მათაც აიძულეს იუდეის პროკურატორი პილატე, რომის ხელისუფლების მტრობისთვის, სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა მისთვის. ოცდაცამეტი წლის ასაკში ჯვარს აცვეს ორ ავაზაკს შორის, რომელთაგან ერთმა ირწმუნა მისი და მასთან ერთად მოხვდა სამოთხეში.

ქრისტიანებად პირველად ანტიოქიაში იწოდნენ ქრისტეს მორწმუნეები, რომლებიც ინახავდნენ იესო ქრისტეს პიროვნებისა და საქმეთა ცოცხალ ხსოვნას და ხალხში ქადაგებდნენ. ამ დროს ჯერ კიდევ არც ერთი სახარება არ იყო დაწერილი. ქრისტიანულ თემებში, რომლებიც მრავლად წარმოიშვა ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ როგორც პალესტინაში, ისე მის გარეთ, მთელ რომის იმპერიაში, თანდათანობით გაჩნდა საჭიროება წერილობით აღნუსხულიყო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ეპიზოდები და, რაც მთავარია, საქვეყნოდ გაცხადებულიყო მისი მოვლინების მისია. პირველი, რაც თავდაპირველმა ქრისტიანულმა სამყარომ წაიკითხა, ეს პავლე მოციქულის ეპისტოლეები იყო (4863 წწ.), რომელთაც იგი სხვადასხვა ქრისტიანულ თემებს (ეკლესიებს) უგზავნიდა მათი დამოძღვრისა და ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე წარმართვის მიზნით. მხოლოდ მოგვიანებით, ჯვარცმიდან ორმოციოდე წლის შემდეგ, გამოჩნდა სახარებები, რომელთაგან საბოლოოდ ოთხი შეირჩა.

ბედიის გულანი.
ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში

ადრეული ქრისტიანები „ახალ ერად“ იწოდებოდნენ და, მართლაც, ისინი თავიანთი ქცევით განსხვავდებოდნენ ყველა ქვეყნის ხალხისგან, სადაც უხდებოდათ მათ ცხოვრება. „ქრისტიანები, - ვკითხულობთ „დიოგნეტესადმი ეპისტოლეში“, - თავიანთ სამშობლოში ცხოვრობენ როგორც მწირნი... მათთვის ყოველი უცხო ქვეყანა სამშობლოა და ყოველი სამშობლო - უცხო ქვეყანა... მყოფობენ დედამიწაზე, მაგრამ ცის მოქალაქენი არიან“.

ერთარსება სამება

ქრისტიანობა ერთ, ყოვლისშემოქმედ ღმერთს, აბრაამის, ისააკისა და იაკობის პიროვნულ ღმერთს აღიარებს. ამავდროულად, ქრისტიანს სწამს და ამით განსხვავდება ქრისტიანობა სხვა მონოთეისტური რელიგიებისგან (იუდაიზმი, ისლამი), რომ ღმერთი არა მხოლოდ ერთია, არამედ სამპიროვანიც არის. ქრისტიანი თაყვანს სცემს მამას, ძესა და სულიწმიდას, ანუ სამებას (არსებობს ე.წ. არატრინიტარული მრწამსის ქრისტიანობაც, რომელიც განსხვავებულად იაზრებს მამის, ძისა და სულიწმიდის ურთიერთობას (იეჰოვას მოწმეები, მორმონები). სამება არ არის სამი ღმერთი, არამედ ერთი ღმერთი სამ პიროვნებაში (ჰიპოსტასში), ანუ სამი პირი ერთი ღვთიური არსებაა. სამი რომ ერთია, ლოგიკურად ვერ შეიმეცნება, რადგან იგი აბსურდია. მისი შეცნობა მხოლოდ რწმენის ძალით არის შესაძლებელი. ქრისტიანობა აღიარებს სამებას, მაგრამ ამავე დროს აღიარებს მის შეუცნობლობას ადამიანის გონების შეზღუდულობის გამო. სამების სულიერი გამოცდილება სიტყვით ძნელად გადმოიცემა, მისი წარმოდგენა ისევ და ისევ ბუნების მოვლენების ანალოგიით ხდება შესაძლებელი: წმიდა მამებს სამების არსის წარმოსაჩენად ხილული ბუნებიდან მოჰყავდათ მაგალითად მზე, რომელიც არსებობს თავისთავად, მაგრამ იმავე დროს იძლევა სხივებს და ანათებს და არ იყოფა ნაწილნაწილად. ღვთაებრივ სამებაში მამა შეუქმნელია, ძე - მარადიულად შობილი (მრწამსით: „უწინარეს ყოველთა საუკუნეთა“), სულიწმიდა - მამისაგან (კათოლიკეთა მრწამსით: და ძისაგან) გამომავალი და ძის მეშვეობით მოვლენილი ამქვეყნად.

მაზაჩო, სამება

ხსნა

ქრისტიანული რელიგიის ძირითადი არსის გამოსახატავად ორადორი სიტყვა საკმარისია: ქრისტიანობა არის ხსნის რელიგია. ბუდიზმსაც მიაჩნია, რომ იგი ხსნის რელიგიაა. ორივე რელიგია აცხადებს, რომ აუცილებელია და შესაძლებელია კიდეც ხსნა, მაგრამ ისმის კითხვა: ხსნა რისგან? ბუდიზმი ამბობს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება სატანჯველია, რისგანაც ადამიანი უნდა განთავისუფლდეს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ მან ყოველგვარ სურვილზე უარი თქვას, რადგან სწორედ სურვილები იწვევენ ტანჯვას, სურვილებია, რომ ქმნიან ამ წუთისოფლის სახეს, სადაც ყველაფერი წარმავალია. ეს არის, რისგანაც ადამიანმა უნდა დაიხსნას თავი და ბუდიზმი კარნახობს ადამიანს ხსნის მეთოდებს და გზას.

ქრისტიანობისთვისაც ეს სოფელი წარმავალია, სატანჯველია და სურვილები, ვნებები ქსოვენ წუთისოფლის სახეს. ქრისტიანობაც სთავაზობს ადამიანს ხსნას, მაგრამ ხსნას არა უბრალოდ სურვილებისგან, არამედ ცოდვებისგან, რომლებმაც ადამიანი მოსწყვიტეს ღმერთს და ნამდვილ ცხოვრებას ღმერთთან ურთიერთობაში. ამრიგად, ქრისტიანობის მთავარი საკვანძო სიტყვაცნება არის ცოდვა. ადამმა, კაცობრიობის წინაპარმა, რომელიც „ღვთის ხატად და მის მსგავსებად“ იყო გაჩენილი, დაარღვია აღთქმა - იგემა აკრძალული ნაყოფი იმ იმედით, რომ ღმერთივით სრულყოფილი გახდებოდა. იგი დაჰყვა სატანის ნებას, რომელიც გველის პირით ლაპარაკობდა და არად ჩააგდო ღვთის ნება. მაგრამ ერთადერთი სიკეთე ამ საქციელში ის იყო, რომ ადამმა გამოიყენა, თუმცა უკუღმართად, თავისუფალი ნება, რომელიც მიემადლა მას. ამით მან დაამტკიცა, რომ იგი ნამდვილად ღვთის ხატად იყო შექმნილი, ღმერთთან იმ მსგავსებით, რომელიც სწორედ თავისუფალი არჩევანის უნარში მდგომარეობდა. მაგრამ ამის სანაცვლოდ ადამმა და მისმა მოდგმამ მიიღო სატანჯველი ამ სოფელში და, საბოლოოდ, სიკვდილი. პირველსავე გამოყენებამ (დემონსტრაციამ) თავისუფალი ნებისა ადამი ცოდვაში ჩააგდო, ხოლო „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, - ამბობს პავლე მოციქული (რომ. 3:23). ამრიგად, ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ცოდვა ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ადამიანის ნებით არის გამოწვეული. ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია, მან ადამიანი არა სიკვდილისთვის, არამედ სამარადისო სიცოცხლისთვის შექმნა, რის საბუთსაც ქრისტიანობა სამოთხეში დანერგილ „სიცოცხლის ხეში“ ხედავს (დაბ. 2:9).

ცოდვის შედეგები და ქრისტეს მისია

ქრისტიანობა ამბობს, რომ პირველჩადენილმა ცოდვამ იბარტყა კაცობრიობაში, ცოდვა ცოცხლობს ყველა ადამიანში, თითოეული ადამიანი ნაზიარებია ადამის ცოდვას, რადგან ის ადამის სისხლი და ხორცია, მისი სული და სამშვინველია. ადამმა დატოვა სამოთხე, ანუ ჭეშმარიტი ცხოვრება და გავიდა წუთისოფელში, რომელიც მის მიერ ჩადენილი ცოდვის გამო ბოროტებას დაემონა. „მთელი სოფელი ბოროტის ხელშია“, - ამბობს იოანე ღვთისმეტყველი (1 იოან. 5:19). „თავადი ამის სოფლისა“ - ასე იწოდება სატანა სახარებებში.

ამრიგად, ქრისტიანული მოძღვრება ერთ უწყვეტელ ჯაჭვზეა აგებული, რომლის თითოეული რგოლი მეორეს განაპირობებს.

  1. ყველანი ცოდვილნი ვართ, რამდენადაც ერთი წინაპრიდან, ადამიდან, მოვდივართ, რომელმაც შესცოდა,
  2. ცოდვამ დაგვაშორა ღმერთს,
  3. იესო ქრისტე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად განკაცდა და ეცვა ჯვარს, მისი სიკვდილი იყო ჩვენი ცოდვების სასყიდელი,
  4. გამოსყიდული აღდგება უკეთეს მდგომარეობაში (ესაია 65:1725),
  5. ვისაც სწამს ქრისტე, როგორც მხსნელი, ის მიიღებს ხსნას, ხსნა, ისევე, როგორც ცოდვით დაცემა, ნებაყოფლობითი აქტია.

ქრისტიანობა ამბობს, რომ ღმერთმა სამოთხიდან ურჩობისთვის გაძევებული ადამიანი საბოლოოდ არ გაწირა. სიკვდილიც, რომელიც დაცემის შემდეგ შევიდა ადამის ბუნებაში, ისევ და ისევ მის სასიკეთოდ შევიდა: დაცემულ ადამს, რომელიც ერთგვარად სატანის ტყვეობაში ჩავარდა, არ უნდა ეგემნა სიცოცხლის ხის ნაყოფი, რათა ამგვარად ცოდვილი არ გაუკვდავებულიყო. სიკვდილმა სამანი დაუდო ცოდვას და, თუმცა უკვდავებას ადამი ვერ ეზიარა, მისი მოდგმა ევას მეოხებით, რომლის სახელი „სიცოცხლეს“ ნიშნავს, დაუსხლტა სიკვდილს, ღვთის ქმნილება გადაურჩა ტოტალურ გადაშენებას. და, თუმცა სამოთხის მისადგომებს მრისხანე ქერუბიმი ცეცხლოვანი მახვილით ხელში იცავს, ადამის მოდგმას მიეცა იმედი ედემის ბაღისკენ ანუ უკვდავებისკენ სხვაგვარად, სხვა გზით, დაბრუნებისა.

მაზაჩო, სამოთხიდან განდევნა, ფრესკა

ქრისტიანობა ამბობს, რომ რაკი კაცობრიობაში ცოდვა ერთი ადამიანის (ადამის) მეშვეობით შემოვიდა, კაცობრიობის ხსნა ასევე ერთი ადამიანის მეშვეობით უნდა მომხდარიყო. ეს ადამიანი იესო ქრისტეა, გალილეველი, წარმოშობით იუდა ბეთლემიდან, ბეთლემში შობილი. მაგრამ იესო რომ მხოლოდ ადამიანი ყოფილიყო, იგი ვერ შეძლებდა კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვას. მისი სიკვდილი არ იქნებოდა საკმარისი სასყიდელი მთელი ქვეყნიერების ცოდვებისთვის (1 იოან. 2:2). ყოფით ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, კაცობრიობის ვალების (თანანადებთა) გასტუმრება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ამისთვის ამოუწურავი მარაგი აქვს (რომ. 5:8; 2 კორ. 5:21). მაგრამ გამომსყიდველმა სიცოცხლის გაცემა რომ შეძლოს, იგი მოკვდავი არსება უნდა იყოს. და მხოლოდ ღმერთს შეუძლია სიკვდილი ხსნის იარაღად გამოიყენოს, მაგრამ ღმერთი უკვდავია. ღმერთი რომ მოკვდეს, ჯერ უნდა განკაცდეს ანუ შეიმოსოს მოკვდავი ადამიანის ხორცი. ამრიგად, ღვთის განკაცების საიდუმლო იგივე ხსნის საიდუმლოა. ეს არის ქრისტიანობის თავი და თავი, რითაც იგი აბსოლუტურად განსხვავდება სხვა რელიგიებისგან და, კერძოდ, იუდაიზმისგან, საიდანაც გამოვიდა იგი, როგორც ერთ-ერთი მიმდინარეობა.

ქრისტიანობა ამბობს, რომ კაცთა მოდგმის ხსნა წმიდა სამების ჩანაფიქრში გადაწყდა, იმავე სამებისა, რომელმაც, ბიბლიისავე თანახმად, კაცთა წინაპარი შექმნა („შევქმნათ ადამი ჩვენს ხატად...“ დაბ. 1:26). ადამიანი უნდა ეხსნა საკუთრივ მას, ვის ხატადაც იგი შეიქმნა. ეს იყო წმიდა სამების მეორე წევრი, ძედ წოდებული. მამამ, რათა ეხსნა თავისი ქმნილება, გაწირა თავისი მხოლოდშობილი ძე. ეს არის ღვთის უსაზღვრო სიყვარულის დასტური თავისი ქმნილებისადმი. ერთ-ერთი მორალური სენტენცია, რომელსაც სახარებაში ვკითხულობთ, საღვთისმეტყველო საიდუმლოს შეიცავს:

მე ვარ მწყემსი კეთილი, მწყემსი კეთილი თავის სულს (სიცოცხლეს) გაწირავს ცხვართათვის“ (იოან. 10:11),

და მეორე:

იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს წირავს თავისი მეგობრებისათვის. თქვენ კი ჩემი მეგობრები ხართ...“ (იოან. 15:1314ა).

ამ სიყვარულისთვის გაწირა მამამ მხოლოდშობილი ძე.

ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის...“ (რომ. 5:9).

ქრისტიანული მოძღვრების არსი თავად ქრისტიანობის დამაარსებლის, ქრისტე იესოს პიროვნებაშია გამოხატული, თავად ქრისტეა მოძღვრება, როგორც ის ამბობს: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება“ (იოან. 14:6). ყველაზე დიდი საიდუმლო ქრისტეს პიროვნებაში მისი ღმერთკაცობის საიდუმლოა, რაც გულისხმობს, რომ ქრისტე არის სამების მეორე პირის (ძის) განხორციელება. მრწამსი ამბობს, რომ სამების მეორე წევრი ქრისტე არის „მამისაგან შობილი უწინარეს საუკუნეთა“, მაგრამ როგორც კაცი, იგი გარკვეულ დროს იშვა. ამრიგად, მის პიროვნებაში ერთმანეთს შეხვდა უჟამო და ჟამიერი, მარადიული და დროული, ღვთიური და ადამიანური. ამრიგად, იგი თავის პიროვნებაში მოიცავს ორ ბუნებას - ღვთისას და კაცისას, იგი არის სრული კაცი და სრული ღმერთი. სრული კაცი ნიშნავს, რომ მას ჰქონდა ხორცით შემოსილი ადამიანური სხეული, რომ ჰქონდა ადამიანის სამშვინველი და სული, რომ ჰქონდა ადამიანური თვისებები (თანაგრძნობა, სიყვარული, მრისხანება...). არაფერი ადამიანური, გარდა ცოდვისა, ქრისტესთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო, რადგან სხვისი ცოდვების ტვირთვა მხოლოდ მას შეეძლებოდა, ვისაც საკუთარი ცოდვები არ დაამძიმებდა.

ქრისტე მოვიდა მხსნელად, როცა ადამიანს, ცოდვებით უზომოდ დატვირთულს, უკვე აღარ შეეძლო თავისი თავის შველა, ანუ მეტაფორულად რომ ვთქვათ, ვალების („თანანადებთა“) გასტუმრება („მოგვიტევე თანანადებნი ჩვენი“). ქრისტე მოვიდა და მოკვდა არა მართალთათვის და უცოდველთათვის, არამედ სნეულთათვის და ცოდვილთათვის, უპოვართათვის, მათთვის, ვისაც სასყიდელის გაღება არ შეუძლიათ. ქრისტე მოვიდა იმ ერთი დაკარგული ბატკნისთვისაც, ანუ ქრისტე თითოეული ადამიანის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა. ქრისტემ, რომელიც პიროვნულად ცნობს თითოეულს, დაფარა ყოველი ადამიანის ვალები. მაგრამ არ არის საკმარისი ვალების დაფარვა და ადრინდელი მდგომარეობის აღდგენა. ღვთის განკაცების, ღმერთკაცობის დოგმატის მეორე საზრისია: ღმერთი კაცი გახდა, რათა კაცი ღმერთი გამხდარიყო და უკვდავებას, რომელიც ცოდვის გამო სამოთხეში დაკარგა, ზიარებოდა. ქრისტემ შეიმოსა დაცემული ადამიანის ხორცი, რათა ნაკისრი ცოდვები ჯვარზე ასვლისას თავის მოკვდავ ადამიანურ ბუნებასთან ერთად მოეკლა, ჯვარზე გაეკრა ისინი. ქრისტე ჯვარზე მოკვდა როგორც კაცი, მაგრამ მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ სძლია სიკვდილს და ჯვარცმიდან მესამე დღეს ქრისტე აღდგა, აღდგა არა ძველი სხეულით, რომელიც მას ემოსა, არამედ განახლებული, გაუკვდავებული სხეულით.

ქრისტეს ამქვეყნიური გზა

ქრისტეს ცხოვრების გზაზე მნიშვნელოვანი აქტებია:

ლატური, ქრისტეს შობა

შობა. ის, რაც მოხდა ბეთლემის მახლობლად ბაგაში, რასაც მწყემსები შეესწრნენ და ანგელოსები უხილავად, ესაიას წინასწარმეტყველებაში იყო გამოთქმული: „აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“ (ესაია 7,14.). ემანუელ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“. ხუთასზე მეტი წელი აშორებს ამ სიტყვების წარმოთქმის დროს იმ დროისგან, როცა ქალწულმა მარიამმა გაბრიელ მთავარანგელოზისგან მიიღო ხარება (უწყება), რომ მას, ჯერ კიდევ უქორწინებელს, სულიწმიდისგან ჩაესახებოდა ძე, რომელიც მიიღებდა თავისი მამის, დავითის ტახტს და მის მეფობას დასასრული არ ექნებოდა. ადამიანური სახელი მისი იქნებოდა იესო (რაც თავისთავად ნიშნავს „მხსნელს“), მაგრამ მისი ჭეშმარიტი სახელი - ღვთის ძე. ისიც იყო უწყებული, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. (ლუკა, 1:2638). მახარებლის თანახმად, არა მხოლოდ მართალი იოსები, რომლის სახლში უნდა დაბადებულიყო ღვთის ძე, არამედ თავად მარიამიც ბეთლემელი დავით მეფის შთამომავალი იყო. მართალია, სამების დოგმატით ძე მარადიულად არის შობილი მამის წიაღში, მაგრამ მისი განკაცება ისტორიულ დროში მოხდა. სახარება ზუსტად ათარიღებს ქრისტეს შობას: იგი დაემთხვა აღწერას, რომელიც ჩატარდა მთელ რომის იმპერიაში ავგუსტუს კეისრის ბრძანებით. აღწერის წესის თანახმად, ყველა ადამიანი, იმპერიაში მცხოვრები, იმ ადგილზე უნდა აღწერილიყო, საიდანაც მისი წინაპრები იყვნენ წარმოშობილი. ამიტომაც იმხანად ნაზარეთში მცხოვრები იოსები და მარიამი ჩავიდნენ ბეთლემში, რათა იქ აღწერილიყვნენ. ბეთლემ ქალაქში ღამის სათევი რომ ვერ ნახეს, ბაგაში მოუხდათ ღამის გათევა. სწორედ იქ დაიბადა იესო.

იესოს ტაძრად მიყვანება.ებრაელთა ჩვეულებისამებრ, ორმოცი დღის შემდეგ, როცა გასრულდა მათი - მარიამისა და ახალშობილის - განწმედის დღეები, ჩვილი იესო მიიყვანეს იერუსალიმის ტაძრად და იგი მიირქვა სიმეონ მოხუცებულმა. მან ჩვილში გამოიცნო ყრმა, რომლის მოლოდინს იგი ატარებდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში: „სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე“ (ლუკა, 2:26).

ნათლისღება. იორდანეზე იოანე ნათლისმცემლისა და წინამორბედის ხელით. შეხვედრა იესო ქრისტესი და იოანე ნათლისმცემლისა ღირსშესანიშნავია როგორც ორი ეპოქის შეხვედრა. იოანე, ზაქარიასა და ელისაბედის სიბერის ძე, ძველი აღთქმის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, რომელიც თავის წინამორბედთა მსგავსად, თავად წინამორბედი, ერთი მხრივ, იუწყებოდა, რომ განაახლებდა მესიანისტურ თემას, იმეორებდა რა ესაიას სიტყვებს - „განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები“, მეორე მხრივ, მოუწოდებდა სინანულისკენ მოახლოებული ცათა სასუფევლის წინ. „მოინანიეთ!“ - ეს მოწოდება პირველად გაისმა ამ ენაზე უკანასკნელი წინასწარმეტყველის პირით. ეს სიტყვა იქცა ქრისტიანობის საკვანძო სიტყვად. ცათა სასუფეველს ატარებდა ის, ვის პიროვნებაშიც მან შეიცნო „კრავი, რომელიც იტვირთავს სოფლის ცოდვებს“ (იოან. 1:29); მანვე მონათლა იგი იორდანეზე, რა დროსაც პირველად მოხდა ძველი აღთქმის ტექსტში დაფარული სამების განცხადება მამა ღმერთის, (რომლის ხმა გაისმა: „აჰა, ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე“. - მათე, 3:17), იორდანეში შთაფლული ძისა და ძის მხარზე ციდან გარდამოსული მტრედის სახით. იორდანეზე ამოიწურა იოანე ნათლისმცემლის მისია, როცა მან თქვა იესოზე თავის მოწაფეთა გასაგონად: „აჰა, კრავი“, და მისი მოწაფეები გაჰყვნენ იესოს (იოან. 1:3637).

ეშმაკის მიერ გამოცდა უდაბნოში. იესომ, როგორც კაცმა (არა ღმერთმა), სძლია სამ საცთურს, რომელიც ეშმაკმა გაუმზადა მას: ნივთიერს, რაზედაც ჰქონდა პასუხი: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი“, უფლის გამოცდის საცთურს, რაზედაც უპასუხა: „კვლავ დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“ და ამქვეყნიური დიდების საცთურს, რაზედაც მიუგო: „განვედ“ და კვლავ წმიდა წერილი დაიმოწმა: „უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათე, 4:111). ასე სძლია მან სატანას, მაგალითი მისცა ადამიანებს და ანგელოზების მხარდაჭერა მოიპოვა. ისიც შევნიშნოთ, რომ თავის მოღვაწეობას იესო წმიდა წერილის სიტყვების დამოწმებით იწყებს და მითვე ამთავრებს: ჯვარზე გაკრულის უკანასკნელი სიტყვები ფსალმუნიდან იყო: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე“ (მათე, 27:46).

ფერისცვალება. უდაბნოში ეშმაკის პირისპირ ქრისტე გამოჩნდა როგორც სრული კაცი, თაბორის მთაზე კი თავის სამ მოწაფეს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს - გამოეცხადა როგორც სრული ღმერთი, რომლის შეუქმნელმა ნათელმა მისი სამოსელი განასპეტაკა. მათი მოძღვარი მოევლინა მათ როგორც საუკუნეთა უწინარეს შობილი ძე, სამების მეორე პირი, რაც მამის სიტყვებმა დაადასტურა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე, 17:18).

უკანასკნელი სერობა. უმნიშვნელოვანესი მომენტია ქრისტეს ცხოვრებასა და ქრისტიანობის ისტორიაში. იუდაური ჩვეულებისამებრ, ქრისტე და მისი მოწაფეები შეიკრიბნენ მთავარი დღესასწაულის, პასექის, აღსანიშნავად, რათა დაეკლათ და ეჭამათ პასექი, ანუ კრავი. ეს იყო იესოს უკანასკნელი პასექი, რომლის შემდეგ, მის მეორე დღეს, იესო თავად შეიწირა როგორც საპასექო მსხვერპლი. სერობის დროს იესომ პური აკურთხა თავის ხორცად და ღვინო - თავის სისხლად; უთხრა: ჭამეთ, ეს ჩემი ხორცია, შესვით, ეს ჩემი სისხლია (მათე, 26:2628). ამ დღეს ამ აქტით დაწესდა ევქარისტიის ანუ ზიარების საიდუმლო. როცა ამ ფუძემდებელ სიტყვებს ამბობდა იესო, იუდას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისი გაცემა.

ჯოვანი ბელინი, ლოცვა გეთსიმანიის ბაღში

უკანასკნელი ლოცვა გეთსიმანიაში. სერობის შემდეგ იესოს იგივე სამი მოწაფე (პეტრე, იაკობი და იოანე) თან რომ ახლდა ფერისცვალების დროს, ესწრება მის უკანასკნელ ლოცვას ზეთისხილის მთაზე, გეთსიმანიაში. თაბორის მთაზე იესო მათ თავისი მარადიული დიდებით, შეუქმნელი ნათლით შემოსილი, ეჩვენა, აქ კი მათ იხილეს მუხლმოყრილი კაცი, მამის წინაშე მხურვალედ მლოცველი, რომელსაც შუბლიდან სისხლის ოფლი სდიოდა. მწუხარებდა მისი ადამიანური სული სატანჯველის მოლოდინში. ამ დროს წარმოთქვა მან სიტყვები, რითაც დაადასტურა, რომ მისი მსხვერპლი ნებაყოფლობითია:

მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი. მაგრამ არა, როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ (მათე, 26:3646; ლუკა, 22:3946).

გაცემა. ქრისტეს სიტყვები „ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა“ (მათე, 26:24) გამოხატავს ტრაგიზმს, რომელშიც მოექცა კაცობრიობა ცოდვით დაცემის შემდეგ. სოფელში (ადამიანის ცხოვრებაში) შემოვიდა სიკვდილი, მაგრამ ვაი მას, ვისი ხელითაც მოკვდება ადამიანი. ვაი კაენს, ვისი ხელითაც გზა ნახა პირველად სიკვდილმა! ძე ღვთისას წასვლა გარდაუვალია, თუნდაც იმიტომ, რომ იგი იშვა როგორც მოკვდავი, როგორც ერთი ჩვენგანი. მაგრამ რატომ გაიცა იგი და რატომ აღმოჩნდა გამცემი მისი მოწაფე? პასუხი: ქრისტე უნდა მომკვდარიყო სწორედ იმიტომ, რომ ასეთია კაცი (მკვლელი, გამცემი...), სხვანაირად, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტეს გაღებულ გამომსყიდველ მსხვერპლს აზრი არ ექნებოდა: „ქრისტე... განწესებულ ჟამს მოკვდა უკეთურთათვის. ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის“ (რომ. 5:6ბ7ა). გამცემი რომ ქრისტეს თორმეტ მოწაფეს შორის აღმოჩნდა, ეს ერთი და უკანასკნელი წვეთია სასწორის იმ პინაზე, რომელსაც მისი ამგვარი წასვლა უნდა გადაეწყვიტა. „მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი. მაგრამ არა, როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ - „ამარიდე ეს სასმისი“ ადამიანური თხოვნაა, მაგრამ მამა (და ქრისტე, როგორც ღმერთი) მეტს ხედავს: იმდენად გაიხრწნა კაცობრიობა, რომ ბოროტებამ ქრისტეს წრეშიც შეაღწია, ანუ იქ, სადაც მას ადგილი არ უნდა ჰქონოდა.

ჯვარცმა. ქრისტე ჯერ მისმა მოწაფემ გასცა, მერე სამღვდელოებამ და მწიგნობრებმა გადასცეს რომის ხელისუფლებას, ბოლოს ხალხმა გაწირა, როცა პილატეს საბოლოო შეკითხვაზე - ვინ გსურთ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო? - მან ერთხმად აირჩია ავაზაკი ბარაბა, ქრისტესთვის კი ჯვარცმა მოითხოვა. ამრიგად, ქრისტეს რომის ხელისუფლებამ ხალხის სახელით გამოუტანა განაჩენი და რომისავე სასჯელით - ჯვარზე გაკვრით დაისაჯა, როგორც ავაზაკებს სჯიდნენ. ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, ანუ როგორც პროვიდენციაში იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ადამიანის ხელით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ასე მომხდარიყო. დაისაჯა უცოდველი ადამიანი, რომელსაც არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი არც იუდეველთა რჯულის, არც რომის კანონების წინააღმდეგ. ჯვარცმაც აუცილებელი იყო პროვიდენციულად, რამდენადაც ჯვარი კოსმიური მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლო იყო (თუმცა სასჯელად გამოყენებულს ეს მნიშვნელობა არ ახლდა), ხოლო ჯვარცმამ გახსნა მისი იდუმალი სიღრმეები. პროვიდენციული იყო ისიც, რომ იესო მისმა თანამოძმეებმა, საკუთარი რჯულის თანახმად, ჩაქოლვით ან საზოგადოებისგან ამოძირკვით ვერ დასაჯეს, რადგან დიდი დღესასწაული პასექი ახლოვდებოდა...

ჯოტო, ჯვარცმა

აღდგომა. ქრისტიანობის პარადოქსია, რომ მკვდრის აღდგომა - ეს უნიკალური ფაქტი - ყველაზე მეტი დამარწმუნებლობით გამოირჩევა და სახარებისეულ სხვა ფაქტებს შორის ურყევ მტკიცებულებებს შეიცავს. ახალი აღთქმის ხანაში (I ს-ის მეორე ნახევარი) არავისთვის იგი საეჭვო არ ყოფილა. ცარიელი საფლავი ბევრმა იხილა, ხოლო პავლე მოციქული საგანგებოდ აღნიშნავს, რომ იმ ხუთასიდან, რომელთაც აღმდგარი გამოეცხადა, უმეტესობა ცოცხალია და შეუძლიათ დაადასტურონ ეს ფაქტიო (1 კორ. 15:6). პირველად პავლე მოციქულმა ქრისტეს აღდგომაზე დააფუძნა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, განმარტა, რომ ქრისტეს აღდგომა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის გარანტიაა (1 კორ. 15:11219). ამავე დროს, ყველაფერი, რაც ნათქვამია ქრისტეზე, როგორც ღვთის ძეზე, ძველ აღთქმასა თუ სახარებებში, დადასტურებას აღდგომის ფაქტში პოულობს.

აღდგომის შემდეგ. მას შემდეგ, რაც აღდგა მოძღვარი და რეალობაში (ისტორიაში) შემოვიდა აბსოლუტური სიახლე - მკვდრეთით აღმდგარი სხეული, იგი სამებაში დაბრუნებამდე, ანუ ამაღლებამდე, კიდევ ორმოცი დღის განმავლობაში ეცხადებოდა მოწაფეებს. ემაუსის გზაზე (ლუკა, 24:13) ამგზავრებულმა აღმდგარმა იესომ მოწაფეებს აჩვენა თავისი ჭრილობები ყოველი ეჭვის გასაფანტავად, რომ იგი არც აჩრდილია, არც სხვა სხეული, არამედ იგივე ხორცი და ძვალი (ლუკა, 24:39), რომელსაც ეხებოდნენ, ვიდრე მათთან მიმოდიოდა. მაგრამ ეს აღმდგარი სხეული ისეთივე არ ყოფილა, როგორიც ადრე იყო. ამ ფერნაცვალი, სულქმნილი სხეულისთვის არ არსებობდა დაბრკოლება: მას შეეძლო კარდახშულ ოთახში შესვლა და გამოსვლა, გამოჩენა და კვლავ გაუჩინარება, არ ჰქონდა შიმშილის გრძნობა, მაგრამ შეეძლო ჭამა და მან მიიღო მათთან ერთად საზრდელი. ეს იყო წინასწარჩვენება იმისა, თუ როგორ სხეულს შეიმოსავდნენ მკვდრეთით აღმდგარნი, დასტური იმისა, რომ მისი აღდგომა საყოველთაო აღდგომის საწინდარია.

ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობას სწამს, რომ იესო ქრისტეს განვლილი გზა შობიდან გოლგოთამდე, როგორც მას სახარებები გადმოგვცემენ, სავსებით ამართლებს მის ორბუნებოვნების დოგმატში ჩაწერილ სიტყვებს - სრული კაცი. მას გადახდა და შეემთხვა, თვინიერ ცოდვისა, ყველაფერი, რაც შეიძლება გადახდეს და შეემთხვეს ადამიანს ცხოვრების განმავლობაში.

იესო დაიბადა ბაგაში პირუტყვებთან, როგორც ერთი უსახლკარო ვინმე (სამეფო წარმომავლობის კი იყო); დაემორჩილა რჯულს, როცა წინადასაცვეთად მიიყვანეს, რჯულს, რომლის აღსასრულებლად მოვიდა; ახალშობილის სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე, როცა ჰეროდემ ყრმები გაწყვიტა იმ იმედით, რომ მათ შორის იქნებოდა „ჰურიათა მეფე“; განიცადა მსხემობა თავის გადასარჩენად უცხო ქვეყანაში - ეგვიპტეში, წინაპართა კვალზე; განიცადა უნდობლობა ახლობელთაგან, ეჭვით ყურება, მითქმა-მოთქმა წარმომავლობის გამო; დევნა სასიკვდილოდ თვისტომთაგან; ღალატი მოწაფისგან; უარყოფა იმ მოწაფისგან, ვისაც ანდო დასამწყესად თავისი სამწყსო; ურწმუნოება და სულმოკლეობა მოწაფეთაგან, მისი ჯვარცმის შემდეგ სირცხვილისა და შიშისგან რომ გაიფანტნენ; ფიზიკური (გვემა, გაშოლტვა) და მორალური შეურაცხყოფა (ფურთხება, დაცინვა, აბუჩად აგდება); დაბოლოს - ჯვარცმა, როგორც კულმინაცია ყველაფრისა, რაც დაითმინა - დასჯა ავაზაკებთან ერთად.

იმ ნეგატიური გამოცდილების გვირგვინად, რაც უხვად იყო მის ცხოვრებაში, სულ რაღაც ორი ათეული წლის შემდეგ მისი ეკლესია მოეფინა მთელს ეკუმენას - რომის იმპერიას. ეს არის მისი სამარადისო მემკვიდრეობა. ქრისტიანული რელიგიის აბსოლუტური სიახლე და უნიკალობა, რაც ღვთის განკაცებისა და ჯვარცმის საიდუმლოში მდგომარეობდა, პავლე მოციქულმა ერთ ფრაზაში გამოთქვა: „ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ელინთათვის - უგუნურებას...“ (1 კორ. 1:23).

ეკლესია

ქრისტიანთა უმრავლესობას სწამს, რომ ქრისტიანობა ეკლესიის გარეშე არ არსებობს.

ეკლესია ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ზმნიდან ეკკალეო - „მოვუწოდებ“, „მოვუხმობ“. მაშასადამე, ახალი აღთქმის ეკლესია წოდებულთა, მოხმობილთა კრებულია.

ქრისტიანული რელიგიის მრწამსმა, რომელიც ჯერ ნიკეის (325წ.) და მერე კონსტანტინოპოლის (381 წ.) მსოფლიო კრებაზე იქნა მიღებული, ამგვარად ჩამოაყალიბა ქრისტიანული ეკლესიის ოთხი ნიშანი: „მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია“. განვმარტოთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

ერთი. ქრისტემ შექმნა მხოლოდ ერთი ეკლესია, ეკლესია, რაზედაც ლაპარაკობს მრწამსი. როგორც ერთია ღმერთი, როგორც ერთია ძე ღვთისა ქრისტე, როგორც ერთია ქრისტეს სხეული, ასევე ერთია ეკლესია. წმიდა. რაკი ეკლესია ქრისტეს დაფუძნებულია და ის არის მისი სხეული, იგი წმიდაა. ის წუთისოფელშია, მაგრამ განრიდებულია მისგან. წუთისოფლის სიბილწე არ ბღალავს მას. წმიდა არ ნიშნავს, რომ ყველა წევრი ეკლესიისა წმიდაა. წმიდა ნიშნავს, რომ ცოდვილნი, რომელთა მოწოდებისთვის მოვიდა ქრისტე, სიწმიდის გზაზე არიან, ეკლესიაში ეზიარებიან სიწმიდეს.

კათოლიკე. ერთი მნიშვნელობით ეს არის „მთლიანი“, „მრთელი“. ეკლესია შეიქმნა და არსებობს როგორც მთლიანი, დაუნაწევრებელი, ისევე როგორც ქრისტეს სხეულია მთლიანი. ყველა ცალკეული ეკლესია მთლიანად, არა ფრაგმენტულად, არა დანაწილებულად მოიცავს ერთს. მეორე მნიშვნელობით, კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს, უნივერსალურს. ეკლესია აერთებს ყველა ქრისტიანს, მთელ მსოფლიოში გაფანტულთ, ყველას - ცოცხალსა და განსვენებულს, წმიდასა და ცოდვილს, განურჩევლად ეთნიკურენობრივი, კულტურული, სოციალური კუთვნილებისა. არსებობს ქრისტეს ერთი ეკლესია თავის უნივერსალურ მთლიანობაში, ყველა მოდგმისათვის - ყველასათვის ერთნაირად განტეხილ-დათხეული ქრისტეს ხორცი და სისხლი, მაგრამ მაინც მთლიანი ხორცით და სისხლით. „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი... თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3:28).

სამოციქულო. სამოციქულო ნიშნავს, რომ ეკლესია დაარსებულია მოციქულთა მიერ და ინახავს მოციქულთა მოძღვრებას, რომელიც მათ უშუალოდ ქრისტესგან მიიღეს. ქრისტეს სიცოცხლეში თორმეტი მოციქული უკანასკნელ სერობაზე უკვე შეადგენდა ეკლესიას თავისი ევქარისტიის საიდუმლოთი (ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებით), მაგრამ ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე, როცა მოციქულთა კრებულზე გადმოვიდა სულიწმიდის მადლი და სხვადასხვა ქვეყნიდან იერუსალიმში შეკრებილ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ებრაელებს ყველას საკუთარ ენაზე ექადაგა სახარება (საქმე, 2:111).

ქრისტეს მეორედ მოსვლა და მკვდრეთით აღდგომა

რემბრანდტი, სადილი ემაუსში

თავისი პირველი მოსვლით ადამიანის მიწიერ სხეულში ქრისტემ კაცობრიობას ახარა ხსნის შესაძლებლობა და ასწავლა გზა ხსნისკენ, ხოლო მეორედ მოსვლისას იგი მოჰკითხავს ადამიანს თავისი ცხოვრების ნაყოფს და უკანასკნელ სამსჯავროზე მიაგებს საზღაურს. ამ დროს საბოლოოდ გაიმიჯნება ერთმანეთისგან კეთილი და ბოროტი.

ქრისტიანს სწამს მკვდრეთით აღდგომა, ადამიანთა მკვდრეთით აღდგომა, რომელიც მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლისას. მკვდრები აღდგებიან იმ სულიერ (ნათლის) სხეულში, როგორიც მათ ჰქონდათ სამოთხეში ცოდვით დაცემამდე. ამავე დროს ეს იქნება არა სხვა სხეული, არამედ მათი კუთვნილი ინდივიდუალური სხეული, რომლითაც ისინი მიწიერ ცხოვრებაში იყვნენ შემოსილნი. მკვდრეთით აღმდგარი სხეული თავისუფალი იქნება ხრწნადობისგან და სიკვდილისგან... „ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები...“ (ესაია). „მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა“, ნათქვამია „მრწამსში“.

ქრისტიანი მკვდრეთით აღდგომასთან ერთად მოელის მთელი ქმნილების განახლებას, ანუ ახალ შესაქმეს, რომლის მოლოდინი ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეპოქაში ჰქონდათ მორწმუნეებს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ესაია ამბობდა უფლის სახელით: „აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი...“. განქარდება ცოდვის ყოველი შედეგი, ღმერთი შეირიგებს ადამიანს და მისი ყოველი ქმნილება შეურიგდება ადამიანს, ბოროტება საბოლოოდ აღმოიფხვრება. ახალი აღთქმის წინასწარმეტყველი პერსპექტივაში უკვე ხედავს ამ სურათს: „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგან პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგნენ...“ (იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადება“).

ქრისტიანობის ფუძემდებლური ტექსტები

ქრისტიანობა მწიგნობრული რელიგიაა. ქრისტიანული მოძღვრება ეფუძნება ბიბლიას (ბერძნულად ნიშნავს „წიგნებს“), რომელიც შედგება ძველი და ახალი აღთქმებისგან. მათ შორის მჭიდრო კავშირია, თუმცა ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კულტურულ-რელიგიურ გარემოში იწერებოდა. ძველი აღთქმა დაწერილია ებრაულ ენაზე ძვ. წ. I ათასწლეულში და მოიცავს 39 წიგნს, ახალი აღთქმა - ჩვ.წ. I საუკუნეში და მოიცავს 24 წიგნს. ძველ და ახალ აღთქმებს შორის კავშირი გამოიხატება წინადადებით, რომელიც IV-V საუკუნეების ღვთისმეტყველს ეკუთვნის: „ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა, ხოლო ახალში გამოცხადებულია ძველი“, რაც ნიშნავს, რომ ძველ აღთქმაში ფარულად თუ ბუნდოვნად გამოხატული მესიანისტური იდეები ახალ აღთქმაში პოულობენ ხორცშესხმას. ძველი აღთქმა მოგვითხრობს ებრაელი ხალხის ისტორიულ-რელიგიურ თავგადასავალს, მასში გადმოცემულია მონოთეისტური რელიგიის მრწამსი. ახალი აღთქმის წიგნები გადმოგვცემენ იესო ქრისტეს ამქვეყნიურ მოღვაწეობას შობიდან ჯვარცმამდე (ოთხი სახარება), იესო ქრისტეს მოციქულთა მოღვაწეობას და ქრისტეს ეკლესიის დაარსებას („მოციქულთა საქმე“), მოციქულთა მიერ გადმოცემულ მოძღვრებას (ეპისტოლეები) და მსოფლიოს საბოლოო ხვედრს („გამოცხადება“).

ლოცვა

ლოცვები ქრისტიანობაში სამი ტიპის არის: ვედრებითი, სამადლობელი და ქება-დიდების. ქრისტიანი ადამიანის პირადად წარმოსათქმელი ლოცვები შედგება კანონიკური და თავისუფალი (საკუთარი) ლოცვებისაგან. კანონიკურში ვგულისხმობთ თავად ქრისტეს მიერ შემოთავაზებულ ტექსტს: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...“ (მათე, 6:9), ლოცვებს, როგორიც არის ე.წ. მეზვერის (მებაჟის) ლოცვა: „ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას“ (ლუკა, 18:13), იესოს ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, ზოგიერთ ფსალმუნს (განსაკუთრებით 51-ე ფსალმუნს) და სხვ. თავისუფალში კი იგულისხმება ადამიანის გულში და გონებაში დაბადებული ყოველი სიტყვა ან ფიქრის განწყობა, რომლითაც მორწმუნე ადამიანი მიმართავს ღმერთს კონკრეტულ გასაჭირში. არის ლოცვები ინდივიდუალური და საზოგადო, როცა მთელი კრებული, ეკლესია, ღმერთს სავედრებელი ან სამადლობელი სიტყვებით მიმართავს.

ისტორიული ეპოქები

ქრისტიანობის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპოქა და გარდამტეხი ხდომილებაა: დევნილობის ხანა, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რომის იმპერიაში, მსოფლიო საეკლესიო კრებების ეპოქა და დიდი სქიზმა. 1054 წელი ითვლება (თუმცა პირობით) ერთიანი ეკლესიის გახლეჩის თარიღად, რისი შედეგიც არის დღევანდელი მართლმადიდებელი და რომის კათოლიკე ეკლესიების ურთიერთდაპირისპირებულობა. მაგრამ რადგან არსებითად ქრისტეს ეკლესია განუყოფელია, თითოეული მათგანი თავს ერთიან ეკლესიად მიიჩნევს, მეორეს კი - მისგან ჩამოცილებულად თვლის. რეფორმაციის ხანაში (XVI ს.) კათოლიკურ ეკლესიას გამოეყო ლუთერანული, კალვინისტური, ანგლიკანური ე.წ. პროტესტანტული ეკლესიები, რომელთაგან თავთავის მხრივ, სხვადასხვა დენომინაციები წარმოიშვა. XIX-XX საუკუნეებში ევროპას სეკულარიზაციის, ხოლო რუსეთის იმპერიას კომუნისტური რევოლუციის ტალღამ გადაუარა, რამაც ქრისტიანობის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და კულტურული გავლენა შეასუსტა. ამავდროულად, საფუძველი ჩაეყარა ეკუმენურ მოძრაობას, რომელიც, იესო ქრისტეს მოწოდების თანახმად, ქრისტიანული ეკლესიების ხელახალ გაერთიანებას ისახავს საბოლოო მიზნად.

უმთავრესი ქრისტიანული კონფესიების დაახლოებითი რაოდენობრივი მაჩვენებელი დღეისათვის ასე გამოიყურება: 1 მილიარდი კათოლიკე, 400 მილიონი პროტესტანტი და 70 მილიონი ანგლიკანი, მართლმადიდებლებისა და ძველაღმოსავლური ეკლესიების მიმდევრების რაოდენობა (არაქალკედონიტური ეკლესიები და ნესტორიანელები) 240 მილიონია.

სოციალური განზომილება

პირველქრისტიანთა ცხოვრების წესი დემოკრატია, ე.ი. რელიგიურ წინამძღოლთა არჩევითობა, ნების თავისუფლება, ე.ი. საეკლესიო ცხოვრებაში ნებაყოფლობითი მონაწილეობა, კოლექტიურობა, ე.ი. სარჩო-საბადებლის ურთიერთშორის განაწილება და ეგალიტარიზმი, ე.ი. „ბერძენისა“ და „იუდეველის“, მონისა და ბატონის, ქალისა და კაცის თანასწორობა გახლდათ - ეს ეკლესიის ამოსავალი სოციალური პრინციპები და მახასიათებლებია. ამის გამო მათკენ, როგორც იდეალებისკენ, ილტვის წუთისოფლის მტვრით დამძიმებული და შევიწროებული ეკლესია, რომლის მიზანი წუთისოფლის დაძლევა და მასზე გამარჯვებაა. ეს ქრისტიანული პრინციპები კვებავს თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიულ მსოფლმხედველობასა და ცივილიზაციას, რომლის უპირველეს მონაპოვრად პიროვნებისა და მისი ნების ხელშეუვალობა, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლება, თანასწორობა და ინდივიდუალიზმი, სოციალური სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო და ღია საზოგადოება მიიჩნევა.

ზურაბ კიკნაძე

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები