ქუთაისის 1921 წლის 17- 18 მარტის მოლაპარაკებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:10, 6 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქუთაისის 1921 წლის 17- 18 მარტის მოლაპარაკებები - ოსმალეთის საჯარისო შენაერთების მიერ ბათუმის ოკრუგის დაკავებამ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის დაკარგვის რეალურმა საფრთხემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ბოლშევიკებთან მოლაპარაკების აუცილებლობამდე მიიყვანა. 1921 წლის 17 მარტს ქუთაისში დაიწყო დემოკრატიული საქართველოს, საბჭოთა რუსეთის და ე.წ. საქართველოს (შულავერის) რევოლუციური კომიტეტის წარმომადგენელთა სამმხრივი მოლაპარაკებები (გრ. ლორთქიფანიძე, ა. ენუქიძე და მ. ორახელაშვილი, ალ. სვანიძე, შ. ელიავა).

მოლაპარაკების სტენოგრაფიული ანგარიშიდან ჩანს, რომ საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლები (ა. ენუქიძე) ბათუმის ოკრუგის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის მხარდაჭერის სანაცვლოდ, გრ. ლორთქიფანიძისგან მოითხოვდნენ გასაბჭოებული საქართველოს ხელისუფლების კანონიერად აღიარებას დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებისაგან. სამაგიეროდ, ისინი ქართული არმიის ნაწილებს დაახმარდნენ საბჭოთა არმიის შენაერთებს. თუ ამას დემოკრატიული საქართველოს მთავრობა არ გააკეთებდა, ბოლშევიკები ბათუმის დაკარგვას ნ. ჟორდანიას მთავრობას დააბრალებდნენ. „უმთავრესი მოთხოვნილება ჩვენი პლატფორმისა - ამბობდა მ. ორახელაშვილი, - არის ცნობა ... საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და აღიარება საქართველოს დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკისა. ამ საკითხებში თუ შევთანხმდებით... დანარჩენ საკითხებში შეთანხმების ნიადაგი უკვე გამორკვეული იქნება და გაგვიადვილებს საქმეს... თუკი დღესვე იქნება აღიარებული საბჭოთა გადატრიალება საქართველოში და ამ გადატრიალებიდან გამოსული საქართველოს რევოლუციური კომიტეტი“. მოლაპარაკების პროცესში აბ. ენუქიძემ რუსეთ-ოსმალეთის 16 მარტის ხელშეკრულებაზეც გაამახვილა ყურადღება და ბათუმის ოკრუგის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენას საგანგებოდ გაუსვა ხაზი. ბათუმის ოკრუგის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენისათვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, მ. ორახელაშვილი საქართველოს კანონიერი მთავრობისგან თვითლიკვიდაციის გამოცხადებას მოითხოვდა, რომელიც ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციას დაედებოდა საფუძვლად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მისი კონტროლირებადი ტერიტორიის (ბათუმის ოლქის ნაწილი, ბათუმითურთ) ძალდაუტანებლად საბჭოთა მთავრობისადმი გადაცემაზე თანხმდებოდა, მაგრამ კაპიტულაციაზე უარს აცხადებდა. საბჭოთა მხარისათვის ეს ფაქტი მიუღებელი იყო. ალ. სვანიძე აცხადებდა: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იტოვებს მუდმივ უფლებას და როდესაც შესაფერის შემთხვევას იპოვის თავს გამოაცხა დებს მთავრობად“. საბჭოთა მხარემ ვერ გატეხა გრ. ლორთქიფანიძის და დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობა.

გრ. ლორთქიფანიძემ დაასაბუთა, რომ საქართველოში არავითარი შინაური გადატრიალება არ მომხდარა. ქვეყანა დაიპყრეს უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთებმა, რის გამოც ძალმომრეობაზე დაფუძნებული მთავრობის ლეგიტიმაციას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ვერ მოახდენდა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ძალაუფლების გადაცემა არც იურიდიულად შეეძლო, რადგან ამ უფლების წყარო საქართველოს დამფუძნებელი კრება იყო, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის მიერ იყო არჩეული; ამ და სხვა მიზეზების გამო, საქართველოს მთავრობა იყო და რჩებოდა კანონიერ მთავრობად. მეტიც, რამდენადაც საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება ხალხის მიერ არ იყო არჩეული, იგი ფიქტიურ სახეს ატარებდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, ჯერ კიდევ მიმდინარე ომი და შეიარაღებული წინააღმდეგობა შეეწყვიტა და ხელი შეეწყო, რომ ბათუმის ოკრუგი დარჩენილიყო საქართველოს საზღვრებში, თუნდაც ეს საბჭოთა საქართველო ყოფილიყო.

საბჭოთა წარმომადგენლები დათანხმდნენ გრ. ლორთქიფანიძის წინადადებას. 18 მარტს ხელმოწერილი 17-პუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, I-VI მუხლების ჩათვლით, საბჭოთა ხელისუფლებას ბათუმის ოკრუგის ტერიტორიის გაკონტროლების, ხოლო XI არმიის ნაწილებს თავისუფლად გადაადგილებისა და ბათუმში შესვლის უფლება მიეცათ. მართალია, დოკუმენტის VI პუნქტი ორივე მხარის საჯარისო შენაერთების ოსმალო ასკერების წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებას ითვალისწინებდა, მაგრამ იგი საბჭოთა წარმომადგენლების მხრიდან შეუსრულებელი დარჩა. ბათუმის ოკრუგი ოსმალო ასკერებისგან ისევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებმა, გენერალ გ. მაზნიაშვილის სარდლობით, გაათავისუფლა.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

შ. ვადაჭკორია, საბჭოთა რუსეთთან საქართველოს დამარცხების ზოგიერთი ფაქტორის დაზუსტებისათვის (1921 წლის თებერვალ-მარტი), თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები