ყვითელი ბელფლორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვითელი ბელფლორი

ყვითელი ბელფლორი(Belle-fleur jaune.) ვაშლის ჯიში.

ყვითელი ბელფლორი მე–XIX საუკუნის დასაწყისში New-jersey Burlington შტატში იყო ნაპოვნი და პირელად პომოლოგ Cox–მა აღწერა (Л.П. Симиренко «Крымское промышленное плодоводство».). ყვითელი ბელფლორი შემოტანილი იქნა საქართველოში მე– XIX საუკუნის ოთხმოციან წლებში.

სხვა უცხო ჯიშებთან შედარებით ნაკლებად გავრცელდა საქართველოს მოსახლეობის რაიონებში. დღეს ბელფლორის ძველი ხეები (60–80წ.) გვხვდება უმთავრესად ქართლის მეხილეობის რაიონებში. მის მცირე რაოდენობას ვხვდებით აგრეთვე [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხისა]] და ლაგოდეხის რაიონებში. თითო–ოროლა ხეს საქართველოს მეხილეობის სხვა რეგიონებშიაც შეხვდებით.

ხეხილის ახალ ნარგავებში ყვითელი ბელფლორი ძლიერ მცირედ (5–10%) გაშენდა. ამის მიზეზია ის, რომ ყვითელი ბელფლორი სხვადასხვა ჰავისა და ნიადაგის პირობებში ერთნაირად კარგად ვერა გვარობს. ნაყოფი აქვს მსხვილწახნაგოვანი (მცირე ტრანსპორტაბელობის ნიშანია). აქვს სუსტი და ძლიერ დახრილი და გადაშლილი ვარჯი და უხვი გრძელი წკეპლა სანაყოფე ტოტები (მეტადრე ახალგაზრდა მსხმოიარე ხეებს).

ყვითელი ბელფლორის ყვავილი

ყვითელი ბელფლორი კარგად გვარობს შედარებით მსუბუქ თიხიან, ქვიშიან და ლამიან ალუვიური წარმოშობის, ზომიერი ტენიანობის მქონე ნიადაგებზე.

მძიმე თიხნარებზე, ჭარბტენიან ნიადაგებში, თუმცა იზრდება, მაგრამ, ნაყოფის სიმსხოს მიუხედავად, დაბალი ხარისხის მოსავალს იძლევა და გამძლეობაც მცირე აქვს საწყობში. უკანასკნელში შენახვისას იჩითება და უჩნდება აბედის ხალები, რომლებიც ნაყოფის სირბილის მთელ სისქეზე ვრცელდება.

ბელფლორი საუკეთესო სუფრის ჯიშად ითვლება, იძლევა მაღალი ხარისხის, გემოს მხრივ, ნაყოფს, რომელიც ზამთრის გასვლამდე საკმაოდ კარგად ინახება (თებერვალი, მარტი). მაღალი ხარისხის მოსავალს ბელფლორი იძლევა სამხრეთ–ოსეთის მეხილეობის რაიონებში, ზემო ქართლის რაიონებში (ტყვიავი, მერეთი, შინდისი და სხვა), და აგრეთვე ახალციხის, ტოლოშის და ადიგენის რაიონებში (ბენარის ბაღი). საზოგადოდ ბელფლორი უკეთესად გვარობს და კარგ მოსავალს იძლევა მაღალ ზონაში და ზომიერნალექიანი ჰავის პირობებში. დასავლეთ საქართველოს ჰავის პირობებში ყვითელი ბელფლორი სრულიად მიუღებელი ჯიშია.

ყვითელი ბელფლორი აბილაურის თესლნერგების საძირეებზე დამყნილი, კარგად იზრდება, ხანგრძლივად ცოცხლობს, უხვსა და მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა.

ყვითელ ბელფლორს ადრეული ყვავილობა და ყვავილობის მოკლე პერიოდი ახასიათებს. ყვავილები აქვს დიდი ზომის, ლამაზი მოვარდისფრო გვირგვინის ფურცლების კიდეებით. ყვავილი გაზაფხულის ყინვების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. ბელფლორის ყვავილები აბსოლუტურად თვითსტერილებია.

საუკეთესო დამამტვერიანებლად ითვლება „თეთრი კალვილი“.

ნაყოფი მსხვილი და საშუალო ზომისაა. მსხვილწახნაგოვანი – ჯამთან და შეფენილ–წახნაგოვანი – ყუნწის ღრუსთან. ნაყოფი გარეგნობით მეტად ლამაზია. წააგავს კალვილებს; კლასიფიკაციის მიხედვითაც ბელფლორი კალვილების ჯგუფს ეკუთვნის.

ნაყოფის კანის შეფერვა მოყვითალოა. მზის მხარეზე კი ზოგჯერ უჩნდება ოდნავ ღია ვარდისფერი ლოყა. ნაყოფის კანი ნაზია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. ნაყოფის კანი მოფენილია დიდრონი მორუხო–მონაცრისფრო წინწკლებით. ჯამი ნახევრად დახურულია, ხან მთლად დახურული და ზის არაღრმა ბორცვიან ღრუში. ნაყოფის ყუნწი მაგარი, სქელი, გახევებული და ზის არაღრმა ღრუში.

ნაყოფის ხორცი ჩალისფერი ნაზი, მსხვილმარცვლოვანი და დაძარღვული, საკმაოდ ტკბილი, სასიამოვნო ნაზი სურნელებით და მცირე მჟავიანობით. მოკრეფის დრო შუა სექტემბრიდან უდგება.

ხე ახალგაზრდობაში ძლიერად იზრდება. ინვითარებს გრძელ და დახრილ ტოტებს და ვარჯი საბოლოოდ იღებს განიერ გადაშლილ პირამიდულ ფორმას, რის გამოც საჭიროა შტამბის გამოყვანისას ბელფლორის ნამყენს მიეცეს მაღალი ტანი (შტამბი).

ხე ზამთრის დაბალი ტემპერატურის მიმართ არ არის ძლიერ მგრძნობიარე.

ბელფლორის, როგორც სამრეწველო ჯიშის, უარყოფითი სამეურნეო და ბიოლოგიურ მხარს წარმოადგენს მის მეტის–მეტად დიდი მოთხოვნილება გარემოსადმი, ნიადაგის ზომიერი ტენიანობისა და ნაყოფიერების მიმართ. თვითონ ხე თხოულობს დიდ მოვლას, ძლიერ ზიანდება ნაყოფჭამიათი და ქეცით, იძლევა არათანაბარ ზომის ნაყოფს, რის გამოც სასაქონლო გამოსავალი მცირე აქვს და მოსავალიც ცვალებადი, მეწლეურია, უხვი ტენიანობის პირობებში კი ნაყოფის სიმსხო თუმცა მატულობს, მაგრამ მისი შენახვის უნარიანობა და ხარისხი ძლიერ ქვეითდება. საუცხოოდ კარგად გვარობს სუსტ საძირეზე, იძლევა ეფექტიან მსხვილ და ლამაზ ნაყოფს. შპალერებისა და ნაგალა კულტურების წარმოებისას ბელფლორი ერთ–ერთ ძვირფას ჯიშად უნდა ჩაითვალოს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები