ყვითელი კეთილშობილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვითელი კეთილშობილი

ყვითელი კეთილშობილი - ვაშლის ევროპული ჯიშია. საქართველოში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, უმთავრესად – ქართლში. თითო–ოროლა ხე კი კახეთსა და ახალციხეშიაც გვხვდება.

ნაყოფი

ნაყოფი ძლიერ მსხვილი აქვს, მომრგვალო ბურთისებრი მოყვანილობისაა, ზოგჯერ მაღალი შენების, საშუალო სიგრძის, წვრილი ბოში ყუნწით, რომელიც განიერ და ღრმა ღრუში ზის. ნაყოფი ძლიერ ადვილად სცვივა მცირე ქარისგანაც კი. ჯამი ნახევრად ღია აქვს და ზის განიერ და საკმაოდ ღრუში.

ნაყოფის კანი გლუვია, მეტად ცხიმოვანი ზედაპირით, თხელი და საკმაოდ მკვრივია. სრული სიმწიფისას ყვითელ ფერს ღებულობს, რის გამოც მიიღო სახელწოდება „ყვითელი“. მზის მხარეზე უფრო მუქი ოქროსფერ–ყვითელი ელფერი აქვს, ძლიერ მცირე ღია ვარდისფერი სიწითლით. ნაყოფი ლამაზი გარეგნობისაა და მასთან ნაზი სურნელება ახასიათებს. ქეცის ხალები იშვიათად უჩნდება, ნაყოფჭამია კი ძლიერ აზიანებს.

ნაყოფის ხორცი ფხვიერია, მსხვილმარცვლოვანი, წვნიანი, რბილი, სურნელოვანი. მოტკბო–მომჟავო გემოსი. მოკრეფის დრო აგვისტოში უდგება, მოკრეფილს შემდეგ ნაყოფი არ უნდა იოფლებოდეს და მაშინ საწყობში 2 თვეს სძლებს. მისი მოხმარებითი სიმწიფე სექტემბერი–ოქტომბერში დგება, ხშირად შესდევს ნოემბრის გასვლამდეც.

ხე

ხე იზრდება მეტად ძლიერად, ინვითარებს გაშლილ, ჩამოკიდებულ, განიერ–მომრგვალო და ფხვიერ ვარჯს, მსხვილ და თხელად შეფოთლილი ტოტებით. უფრო მეტად მოგრძო წკეპლისებრი ტოტები და შუბები აქვს ხოლმე განვითარებული. ხე საკმაოდ დიდი მომთხოვნია გარემო პირობების და ნიადაგის მიმართ. უხვ და რეგულარულ მოსავალს იძლევა ღრმა, ნახევრად მძიმე, ზომიერად ტენიან, ალუვიურ ნიადაგებზე. მყუდრო და უქარო ადგილები აუცილებელი პირობაა ამ ჯიშის გასაშენებლად, თუ გვინდა, რომ მოსავალი მაღალხარისხიანი მივიღოთ და დანაკარგები მცირე იქნეს. უამისოდ ძლიერ ბევრი ნაყოფის გაცვივნა იცის, მოკრეფამდის ნახევარი მოსავალი ნაქარად იქცევა ხოლმე. კარგი ყინვაგამძლეა. ყვავილიც არაა მგრძნობიარე ყინვის მიმართ, ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. ყვავილი თვითსტერილია, გვიან შედის მსხმოიარობაში, მაგრამ მოსხმა უხვი იცის.

საქართველოს სამრეწველო ასორტიმენტში არ არის შეტანილი იმის გამო, რომ მოსავალი უბარაქო იცის, მიუხედავად უხვი მსხმოიარობისა.

ხე დიდ მოთხოვნილებას უყენებს გარემო პირობებს; საშემოდგომო ჯიშია, შემოდგომის ვაშლის ჯიშები კი დიდად არა ფასდება საქართველოში, რადგანაც ამ დროისათვის მსხლისა და ატმის მრავალი ძვირფასი ნაყოფი შემოდის ბაზარზე.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები