ყიფიანი ნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:57, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყიფიანი ნოე მანუჩარის ძე (დ. - 1887, სოფ. ყუმისთავი - გ. - 1965, თბილისი) - გეოლოგი, პროფესორი (1930). 1912 დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი. მონაწილეობდა ცნობილი ვულკანოლოგის, მინერალოგის და პეტროგრაფის, ალფრედ ლაკრუას და გეოლოგის და პალეონტოლოგის, ემილ ჰოგის, მიერ მოწყობილ ექსპედიციებში (1912-1913). 1916 წ-დან იყო კავკასიის მუზეუმის გეოლოგიის განყოფილების მთავარი მცვლელი.

1919 წ-ის 1 აგვისტოს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ კავკასიის მუზეუმი გააუქმა და გამოსცა კანონი საქართველოს მუზეუმის დაარსების შესახებ. ყოფილი კავკასიის მუზეუმის მთელი განძი და ქონება გადაეცა საქართველოს მუზეუმს. 1919 წ-ის აგვისტოში მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ აირჩია და უმაღლესმა მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს მუზეუმისა და მასთან არსებული ბიბლიოთეკის დირექტორად. პარალელურად იგი 1919 წ-დან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკავა გეოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობა.

1921-1924 წწ-ში იყო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიის განყოფილების გამგე. 1930-1938 წწ-ში ხელმძღვანელობდა გეოლოგიურ კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შემდგომში კი სოხუმის (1938-1945) და ბათუმის (1945-1957) პედაგოგიურ ინსტიტუტებში.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • ქსე, X, თბ., 1986;
  • მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები