შალიკაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით შალიკაშვილი

შალიკაშვილი დავით იოსების ძე - (1886-1940) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლის, იოსებ ივანეს ძე შალიკაშვილისა (1848-1903) და ნინო დიმიტრის ასულ სტაროსელსკაიას (გარდაიცვალა 1930), ოჯახში. მისი პაპები იყვნენ: მამის მხრიდან - რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი ივანე იოსების ძე შალიკაშვილი (1813-1866), ხოლო დედის მხრიდან - პოლონური წარმომავლობის არისტოკრატი, რუსეთის იმპერიის სენატორი, გენერალ-ლეიტენანტი, ბაქოს გენერალ-გუბერნატორი დიმიტრი სიმონის ძე სტაროსელსკი (1832-1884).

დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია და სანკტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი. რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცრის რანგში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო თათართა ცხენოსანი პოლკის პორუჩიკი. მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში პოლკოვნიკის წოდებით. იყო საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888-1930), უახლოესი მეგობარი. შეფიცულთა რაზმის წევრის, ალექსანდრე სულხანიშვილის (1897-1990), ცნობით, დავით შალიკაშვილი „ძალიან კარგი ოფიცერი იყო და დიდი ამხანაგი ქაქუცასი“. იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სასახლის ფლაგშტოკზე წითელი დროშის ჩამოხსნისა და ეროვნული სამფეროვანი დროშის აღმართვისა, საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. დამკვიდრდა საფრანგეთში, სადაც უცხოელთა ლეგიონში ოფიცრად ჩაირიცხა. მსახურობდა აფრიკაში.

გარდაიცვალა გერმანული არმიის საფრანგეთში შეჭრისას. დაკრძალულია ქალაქ ნიცაში.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

ნ. ჯავახიშვილი, შალიკაშვილები (ფესვები, ტრადიციები, დღევანდელობა), თბ., 1997.

იხილე აგრეთვე

ქართველები უცხოეთში

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები