შამპანური რენეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბროცკი

შამპანური რენეტი - (Reinette blanche de Champagne Niederlandisch weisse Reinette Loskriger) საქართველოში გავრცელებული ვაშლის ჯიში. ადგილობრივი სინონიმი: ბროცკი.

შამპანური რენეტის წარმოშობა არ არის ზუსტად გამორკვეული. მას უფრო გერმანული წარმოშობის ჯიშად სთვლიან, ვიდრე ფრანგული წარმოშობისად, მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება ფრანგული აქვს „Reinette blanche de Champagne“ ჯერ კიდევ მე-XVIII საუკუნის ბოლოს გერმანიაში ფართოდ ცნობილ ჯიშად ითვლებოდა. პომოლოგ დილ-მა 1794 წელს პირველმა აღწერა ეს ჯიში პომოლოგიურად „Loskriger“-ის სახელწოდებით.

შამპანური რენეტი საქართველოში ფართოდ გავრცელებული სამრეწველო ჯიშია. იგი გვხვდება საქართველოს მეხილეობის თითქმის ყველა რაიონში.

ძირითად სამრეწველო ჯიშად კი იგი ქართლისა და სამხრეთ-ოსეთის რაიონებისათვის ითვლება. ახალციხეშიც ერთერთი პირველი ადგილი უჭირავს სამრეწველო ასორტიმენტში. ძველ ნარგავებში შამპანური რენეტი კანადურ რენეტთან და ზამთრის ოქროს პარმენთან შედარებით, ნაკლებად გვხვდება.

ახალ ნარგავებში ზოგიერთ ადგილში 50%-მდე აქვს დათმობილი, საშუალოდ კი სამრეწველო რაიონებში 35-40%-მდე ადგილი ეთმობა.

ShampanuriRenetisKvavili.jpg

საქართველოს სხვა რაიონებში - კახეთსა, იმერეთსა და აჭარა-აფხაზეთში შამპანური რენეტი უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე სხვა დანარჩენი უცხო ჯიშები.

საუკეთესო პროდუქტებს საქართველოში შამპანური რენეტი იძლევა ზემო ქართლის და სამხრეთ-ოსეთის მეხილეობის რაიონებში.

შამპანური რენეტის ნაყოფი საშუალო ზომისაა, ბრტყელი, იშვიათად მომრგვალო ან წახნაგოვანი. წახნაგოვანი ნაყოფის მომცემი ხეები უსათუოდ უნდა ჩაითვალოს შამპანური რენეტის ერთ-ერთ ვარიანტად. ნაყოფი უმეტეს შემთხვევაში სიმეტრიულადაა განვითარებული. ახალგაზრდა და ნაგალა საძირეზე დამყნილი ძლიერ მსხვილ და ზოგჯერ არასიმეტრიულად განვითარებულ ნაყოფს იძლევა.

საერთო გარეგნობით შამპანური რენეტის ნაყოფი მეტად ლამაზი მოყვანილობისა და მიმზიდველი შეხედულებისაა. ნაყოფს ისხამს კუნწულ-კუნწულად. 3-5-ს ერთად.

ნაყოფი იშვიათად ზიანდება ქეცით.ჯამი ნახევრად დახურული ან მთლად დახურულია და მოთავსებულია განიერ და საკმაოდ დანაოჭებულ ღრუში.

ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, წვრილი და ოდნავ სცილდება ყუნწის ღრუს, რომელიც განიერი და საკმაოდ ღრმაა. ყუნწის ღრუ ხშირად მოფენილია ჟანგაროს ხალებით.

ნაყოფის კანი გლუვია, პრიალა, თხელი და საკმაოდ მკვრივი. მოკრეფის დროს მომწვანო- მოთეთრო ფერისაა. საწყობში სრული სიმწიფისას მოთეთრო-მოყვითალო ცვილისებრ ფერს ღებულობს. მზის მხარეზე ნაყოფს ხშირად მოწითალო ხალები უჩნდება. ზოგჯერ ასეთი ლოყასიწითლე ნაყოფის 1/3 -ს ფარავს, ძლიერ უხვად მოფანტულია ნაყოფზე კანქვეშა თეთრი წერტილები. ცვილისებრი ფიფქი ძლიერ მცირე აქვს, ოდნავ სრული სიმწიფისას ნაყოფის კანის ზედაპირი ცხიმოვანი ხდება, რის გამოც სოკოების დასახლება ნაყოფის კანზე შეზღუდულია. შენახვისას ნაყოფის კანი არ იჭმუჭნება და ნაყოფი არ ჭკნება: ისე საღად ინახება ბოლომდე, რომ ახალ მოკრეფილი ნაყოფის შთაბეჭდილებას სტოვებს.

საწყობში ნაყოფი თავისი ხარისხის სრული შენარჩუნებით მაისის ბოლომდე სძლებს, თუ საწყობში 10 +20 +30 გრადუსი და შეფარდებითი ტენიანობა 750 გრადუსზე-ზე მეტი არ არის.

ნაყოფის ხორცი თეთრია, მომწვანო ძარღვებით; თავდაპირველად იგი მკვრივია, სრული სიმწიფისას კი ფხვიერდება, რბილდება, წვნიანდება და სასიამოვნო ხდება, ოღონდ ცოტა ჭარბი მჟავიანობით და მცირე სიტკბოთი ხასითდება და არც სურნელება აქვს.

მოკრეფა ჩვენში 10/ X – 15/ X ხდება, მოხმარებით სიმწიფე კი დეკემბერ-იანვრიდან უდგება. ხანგრძლივი დაოფვლა გროვებში, დაკრეფის შემდეგ, ძლიერ უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის შენახვის უნარიანობაზე. მოკრეფის შემდეგ 4-3 დღეზე (ამინდის მიხედვით) მეტი არ უნდა რჩებოდეს გროვაში; უკეთესია მისი მოკრეფის უმალვე დახარისხება, ჩაწყობა და ცივ სარდაფებში შენახვა; მაშინ იგი ღებულობს ცვილისებრ ღია თეთრ ფერს, დამახასითებელს შამპანური რენეტისათვის და საწყობშიაც უფრო დიდხანს სძლებს ნაყოფის თვისებების სრული შენარჩუნებით.

ხე საშუალო ზრდისაა, ახალგაზრდა ხე პირველად სუსტად იზრდება, მხოლოდ შემდეგ კი სწრაფად იწყებს ზრდას და ხშირად ძლიერ ხედ ვითარდება. შამპანური რენეტის ხის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ხელსაყრელ გარემო პირობებსა და სათანადო მოვლის პირობებში დიდია. ხე ინვითარებს განიერ, ხშირ და მომრგვალო ვარჯს.

შამპანური რენეტის ხის ბიოლოგიურ თავისებურებას შეადგენს; გვიანა და არათანაბარი ყვავილობა. ყვავილი ყინვების მიმართ არამგძნობიარეა. ხასიათდება თვითსტერილობით. მის ყვავილს კარგად ანაყოფიერებს ორლეანური რენეტი და ბელფლორი. თვით ხე არშეიძლება დიდ ყინვაგამძლედ ჩაითვალოს, ძლიერ ხშირად უფრო მეტად ზიანდება შემოდგომის ადრეული ყინვებისგან, ვიდრე ზამთრის ყინვისგან, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ შამპანურ რენეტს ახასიათებს გრძელი ვეგეტაცია და მთელ რიგ რაიონებში ვერ ასწრებს დროულად საზამთრო მოსვენების პერიოდში შესვლას. (მეორე ნაზარდს ვერ იმწიფებს).

მეტადრე მაშინ, თუ შამპანური რენეტი უხვი რწყვის და ან ჭარბტენიან ნიადაგებში არის დარგული, ან უხვი აზოტიანი კვება აქვს, მისი ყინვაგამძლეობა კიდევ უფრო კლებულობს. 1932 წელს ნოემბრის 16-18 რიცხვებში 140 -160-დან უეცრივ დაეცა - 12-140-მდე. ამის შედეგად ატმის ხეები ნაკლებად დაზიანდა, ვაშლის ჯიშების ახალგაზრდა ხეები კი – მეტად განსაკუთრებთ შამპანური რენეტის 15-19 წლის ხეები დაზიანდა. მაშინ როდესაც სხვა ჯიშების დიდი ხეების დაზიანება შედარებით სუსტი იყო, შამპანური რენეტის დიდი (25-30 წლის) ხეები მეორე სახსრებამდე გახმა.

შამპანური რენეტი ადრე შედის მოსავლიანობაში (მე-4–5 წლიდან), 8–10 წლის ხე უკვე საკმაოდ უხვ მოსავალს იძლევა. ნორმალურ მოსავალს კი 12–15 წლის ხე იძლევა. 25–30 წ. ხე უკვე უხვმოსავლიანი ხდება. შამპანური რენეტს ხშირად ახასიათებს, მოსავლის პერიოდულობა. უხვ და მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა მხოლოდ კარგი სტრუქტურის , ღრმა და ზომიერი ტენიანობის მქონე ნიადაგებში. მშრალ, თხელ და ღარიბ ნიდაგებზე ვერც ხე იზრდება კარგად და არც მოსავალს იძლევა კარგს.

შამპანური რენეტი ძლიერ ეფექტიან ნაყოფს იძლევა ნაგალა საძირეზე დამყნილი. იგი მეტად კარგ ჯიშად უნდა ჩაითვალოს ფორმიანი კულტურის წარმოებისას.

ადრეული და უხვი მოსავლიანობა, ნაყოფის ზომიერი სიმსხო და ლამაზი გარეგნობა, დიდი სასაქონლო გამოსავალი, ქარებისაგან ნაყოფის მცირე გაცვივნა, საწყობში ხანგრძლივი გამძლეობა მცირე დანაკარგებით და ღირსების სრული შენარჩუნებით, შედარებით მცირე მოთხოვნილება გარემოსადმი, ნაყოფის კარგი გამახალისებელი გემო, კარგი ტრანსპორტაბელობა და სოკოვან დაავადებათა მიმართ კარგი გამძლეობა უნდა ჩაითვალოს იმ მთავარ მიზეზად, რაც შამპანურ რენეტს მსოფლიოში თითქმის ყველგან სამრეწველო ჯიშად ხდის. მისი უარყოფითი მხარეებია მხოლოდ შედარებით ნაკლები გამძლეობა ყინვებისადმი, ისიც ადრეულა შემოდგომის ყინვებისადმი, მკაცრი მეწლეობა და სხვა ძვირფას ევროპულ ჯიშებთან შედარებით ნაყოფის შედარებითი დაბალი ხარისხი (გემო).



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები