შარაშიძე ქრისტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტინე შარაშიძე

შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული (დ. - 1889, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა - გ. - 10.XI.1973, თბილისი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან.

სარჩევი

ბიოგრაფია

1899-1904 წლებში სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში, თანამშრომლობდა პრესასთან და სამედიცინო „მფრინავ რაზმებში“ მუშაობით დახმარებას უწევდა თბილისის სომეხ-თათართა შეტაკებაში დაშავებულებს. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის კერძო გიმნაზიაში (1907), იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი (1910-1911); საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი (1917).

საქართველოს დამფუძნებელ კრებაში იყო კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი, საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების წევრი (1919-1921). საქართველოს დემოკრატიულш რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომლის მიზანი პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარება იყო. 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად - „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი”.

დააპატიმრეს რამდენჯერმე: 1921 წლის აგვისტოში ოზურგეთში; 1922 წლის თებერვალში თბილისში და 4 თვით გამოკეტეს მეტეხის ციხეში. დაპატიმრებული იყვნენ აგრეთვე მისი ოჯახის წევრები: ძმა - შალვა, მამა - გიგო, სიძე - ნიკოლოზ ქარცივაძე. ამის შემდგომ ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი (1917-1931); თსუ ბიბლიოთეკარი (1934-1935); მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე (1924-1925). მონაწილეობდა რუსთაველის 750 წლის საიუბილეო გამოფენის მომზადებაში (1936-1937), „ქართული წიგნის ბიბლიოგრაფიის“ შედგენაში (1938-1941). განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, ხელნაწერთა ინსტიტუტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში (1940-1964), სადაც მან შეისწავლა მრავალი ხელნაწერი, გამოსცა მონოგრაფიები ქართული სასტამბო საქმის, სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ. 1964 წლიდან იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

ბონდო კუპატაძე

ლიტერატურა

  • ქალები წარსულიდან, თბ., 2015;
  • დაკარგული ისტორია-მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ. SOVLAB, თბ., 2012;
  • საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი №141 - ქრისტინე შარაშიძის პირადი ფონდი.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები