შემოდგომის წითელი კალვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შემოდგომის წითელი კალვილი

შემოდგომის წითელი კალვილი(Calville rouge d’automne Grelot, Sonnette, Rother Herbst Calville). ვაშლის ჯიში.

შემოდგომის წითელი კალვილი საქართველოში შემოტანილ ძველ ევროპულ და სხვა უცხო ჯიშებს შორის ფართოდ ცნობილი ჯიშია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველად შემოტანილ უცხოურ ჯიშებს შორის მან თითქმის ყველაზე საპატიო ადგილი დაიკავა, რაც იქიდან ჩანს, რომ მისი გავრცელების რეგიონში – ქართლში, ყველა მეკომურის კარმიდამოს აუცილებელი დასამშვენებელი ხეა. ხეხილის ვერც ერთ ძველ ნარგავს ვერ შევხვდებით ქართლში, რომ მასში შემოდგომის წითელი კალვილი საკმაოდ უხვად არ იყოს წარმოდგენილი. შემოდგომის წითელი კალვილის ასეთი მოწონება ქართლის მოსახლეობის მიერ იმით აიხსნება, რომ ლამაზი და თვალწარმტაცი ნაყოფი აქვს, უხვად მსხმოიარე და ნაკლები მოთხოვნილებისაა გარემო პირობებისადმი.

შემოდგომის წითელი კალვილის, როგორც სამრეწველო ჯიშის, დიდ უარყოფით მხარეს ის შეადგენს, რომ მეტად ავადდება ქეცით, ნაყოფი უწვრილდება უხვი მსხმოიარობის შემთხვევაში და თვით ნაყოფიც არ არის მაღალხარისხოვანი, ოდნავ გადამწიფების შემთხვევაშიც კი მთლიანად ფუყდება და ცომდება – ქაშდება.

ნაყოფი

შემოდგომის წითელი კალვილის ნაყოფი გარეგნობით ძლიერ წააგავს ზამთრის წითელი კალვილის ნაყოფს, ხარისხით კი ძლიერ ჩამოუვარდება მას. მაგრამ უხვი მოსავლიანობით და ხის ძლიერი განვითარებით შემოდგომის კალვილი დიდად სჯობნის ზამთრის წითელ კალვილს.

შემოდგომის კალვილის ნაყოფი შემდეგი ნიშნებით განირჩევა ზამთრის წითელი კალვილის ნაყოფიდან: ზამთრის წითელი კალვილის ნაყოფის ხორცი მთლად თეთრია, მას არ ახასიათებს არც ხორცში და არც კანისქვეშა წითელი შეფერვა, თესლსაკნების ფარები მომწვანო ფერისა აქვს.

შემოდგომის წითელი კალვილის ნაყოფი საშუალო სიდიდსაა, უფრო ხშირად მსხვილია, საკმაოდ ლამაზი მოყვანილობისაა, წახნაგოვანი. ჯამი ნახევრად ღია აქვს და მოთავსებულია არაღრმა მონაოჭებულ ბორცვიან საჯდომში.

ნაყოფის ყუნწი წვრილია, გრძელი, ღრმა და განიერ ძაბრში ზის. ყუნწის ღრუ ჟანგისფერი ზოლებითაა დაფარული.

კანი თხელია, გლუვი, ოდნავ ცხიმოვანი, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. ძირითადი ფერი მომწვანო–მოყვითალოა, საფარი კი ღია წითელი ან ლალისფერ–წითელი, მზის მხარეზე უფრო ჩამუქებული. ზოგჯერ ნაყოფზე მომწვანო–მოყვითალო ზოლები და ხალებია შერჩენილი დაჩრდილვის გამო.

ნაყოფის ხორცი მოვარდისფრო–მოწითალოა, უფრო მეტად შეფერილია კანთან და თესლბუდესთან. ნაყოფის ხორცი ფხვიერი შენებისაა, ოდნავ მომჟავო გემოსი, გადამწიფებისას – ფაშარი ხდება და ხშირად ქაშდება, რის შედეგადაც უგემური ხდება. ადგილობრივ თბილისის ბაზარზე საკმაოდ ფასდება და დიდი მოთხოვნილება აქვს, როგორც შემოდგომის საოჯახო მასობრივი მოხმარების პროდუქტს.

ახალ ნარგავებში შემოდგომის წითელ კალვილს უკვე ადგილი აღარ ეთმობა.

ხე

ხე ძლიერი ზრდისაა, ინვიტარებს მეტად ძლიერ ვარჯს.

ხე დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს გარემო პირობებს, ისხამს უხვად და შედარებით რეგულარულად. ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში ძლიერ ავადდება სოკოვანი ავადმყოფობებით და ამის გამო ნაყოფის ხარისხი ძალიან ეცემა.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები