ჩაის მცენარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ჩაის მცენარე - მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც მიეკუთვნება Theacea-ს ოჯახს, Camellia-ს გვარს. კულტურაში იწარმოება ჩაის სუბტროპიკული სახეობა - Thea assamica. იგი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ცილოვან ნივთიერებებს, თავისუფალ ამინომჟავებს, ალკალოიდებს, კოფეინს, პიგმენტებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ფერმენტებს, მონერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს,

ჩაის მცენარის გაშენების ძირითადი მიზანია ნაზი ყლორტების დუყების მიღება, რომლისგანაც მზადდება სხვადასხვა სახის (ბაიხაო, აგურა, ფილა, კრისტალური, ხსნადი) შავი, მწვანე, ყვითელი, წითელი მეწამური, თეთრი და სხვა ჩაი. ჩაის მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს. მის პოპულარობას განაპირობებს ადამიანის ორგანიზმზე განსაკუთრებულად დადებითი გავლენა, სასიამოვნო საგემოვნო თვისებების გარდა, მას მაღალი სამკურნალო თვისებებიც გააჩნია, რომელიც განპირობებულია ჩაის ფოთლის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებათა რთული კომპლექსით.

გასულ საუკუნეში საქართველო მსოფლიო ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მე 5-6 ადგილს იკავებდა. ჩაის პლანტაციების მთლიანი ფართობი 66,0 ათას ჰექტარს შეადგენდა, ყოველწლიურად მზადდებოდა 450-500 ათასი ტონა ნედლეული. პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი საბჭოთა კავშირი იყო, სადაც მოხმარებული ჩაის 95% ქართული იყო, ასევე საექსპორტოდ გადიოდა ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

ჩაის კულტურას საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში დიდი ეკოლოგიური დატვირთვაც გააჩნია. ჩაის პლანტაციები იცავენ ფერდობებს ეროზიული და მეწყერული მოვლენებისაგან, ამდიდრებენ და აკეთილშობილებენ ნიადაგს და მიკროკლიმატს.

უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი სტიქიურად განადგურდა, ახლო წარსულში ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახდა იმპორტიორი, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარს ხარჯავს ჩაისპროდუქციაზე საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამ ფონზე საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნილება ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა ჩაის პროდუქციაზე, რისთვისაც გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ფერმერულ და გლეხურ მეურნეობაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციასთან ერთად, ახალი პლანტაციების გაშენება მაღალპროდუქტიული სელექციური ჯიშებითა და კლონებით.

საქართველოში ძირითადად ჩაის ჩინური სახეობებია წარმოდგენილი, მათი ვეგეტაციის ხანგრძლივობა 150-210 დღეა, ყინვაგამძლეობა - 14-150C. თუმცა თოვლის საფარის ქვეშ -200C. ტემპერატურასაც უძლებს. სავეგეტაციო პერიოდში, მრავალწლიანი საშუალო ნალექების წლიური ჯამი 1200-1300 მმ-ის დროს, ნალექების ჯამი არა ნაკლებ 600 მმ-ს უნდა შეადგენდეს. ნიადაგის ტენიანობის ოპტიმუმი უნდა მერყეობდეს ზღვრული ტენტევადობის 80-85%-ის, ხოლო ჰაერის 70-80%-ის ფარგლებში. ჩაი სხვა კულტურებთან შედარებით, ყველაზე მეტად გამძლეა აგროკლიმატური რისკების მიმართ. (ყინვა, სეტყვა, გვალვა, თოვლი და სხვ.).

ჩაის პლანტაციების გაშენება

ჩაის პლანტაციების გაშენება შესაძლებელია თესლითა და სელექციური ჯიშებისა და კლონების ვეგეტატიური წესით გამრავლებული ნერგებით. გასული საუკუნის 30-90-იან წლებში საქართველოში ქართველი მეცნიერების მიერ გამოყვანილი იქნა ჩაის მაღალპროდუქტიული სელექციური (აკადემიკოსი. ქსენია ბახტაძე) ჯიშები და კლონები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჯიში „კოლხიდა“. დამუშავდა ჩაის ჯიშის „კოლხიდა“ ვეგეტატიურად ნერგების გამოყვანის, პლანტაციების გაშენებისა და ექსპლუატაციის პროგრესული ტექნოლოგია, რომელსაც მსოფლიო ანალოგი არ გააჩნდა. ჯიში „კოლხიდას“ პოტენციური მოსავლიანობა 13-15 ტონა მაღალხარისხოვან ნედლეულს შეადგენს, ხოლო მისგან გამოშვებული პროდუქცია ხარისხობრივი მაჩვენებლებით მსოფლიოს საუკეთესო ჩაის სტანდარტების დონეზე დგას. დღეისთვის ჩაის სელექციური ჯიშების და კლონების საწარმოო პლანტაციები მცირე ნაკვეთების სახით შემორჩენილია მხოლოდ ანასეულის (ოზურგეთი) და ჩაქვის (აჭარა) მიდამოებში. აღნიშნული ჯიშები საჭიროებენ სასწრაფო რეაბილიტაციას და გამრავლებას. რისთვისაც პირველ ეტაპზე საჭიროა შეიქმნას მცირე სანერგეები სათესლე და საკალმე ნარგაობის გასაშენებლად, რაც პერსპექტივაში უზრუნველყოფს ქართული სელექციური ჩაის ამ ჯიშების და კლონების მასიურ გამრავლებასა და გენოფონდის შექმნას.

სანერგეში ნერგების გამოზრდა შესაძლებელია ვეგეტატიურად გამრავლებული (დაფესვიანებული) კალმებით. ჩაის თესლის აღმოცენების უნარი მაღალია 75%, ასევე მაღალია ჩაის მწვანე კალმების დაფესვიანება 80-90%. როგორც თესლნერგების, ასევე ვეგეტატიურად გამრავლებული ნერგების გამოყვანა ხდება სუბსტრატით შევსებულ 15x20სმ. ზომის პოლიეთილენის პარკებში. გაშენებული პლანტაციები 1-2 წლით ადრე შედიან ექსპლუატაციაში და მაღალია მცენარეთა გახარების უნარი. თესლით გამრავლების შემთხვევაში პლანტაცია გამოდის არაერთგვაროვანი, რაც მიზანშეწონილი არ არის.

ვაკე და 10%-მდე დაქანებულ ფერდობებზე ჩაის პლანტაციების გაშენება ხდება ზოლებრივი შპალერული წესით. შპალერებს შორის დაცილება სამექანიზაციო ფართობებზე განისაზღვრება 1,75: 2,05 მ-ით, ფერდობებზე რიგთაშორის მანძილი 1,5: 1,25 მეტრია. მწკრივებში ბუდნებს შორის მანძილი 35-40სმ-ია. მუდმივ ადგილზე თესლით გაშენების შემთხვევაში თითოეულ ბუდნაში ათავსებენ 4-5 ცალ თესლს, ხოლო ნერგებით გაშენების შემთხვევაში ერთ სტანდარტულ ნერგს. ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციის გასაშენებლად საჭიროა 150-200 კგ. თესლი, ხოლო ნერგებით გაშენების შემთხვევაში 13-14 ათასი ნერგი. პლანტაციების გაშენება შესაძლებელია შემოდგომაზე (ოქტომბერი-ნოემბერი) და გაზაფხულზე (მარტი-აპრილი). ახალგაზრდა ჩაის პლანტაციების მოვლა მოიცავს: ნათესარების ხელით გამარგვლა, რიგთაშორისების გაფხვიერებას, მეჩხერიანობის ლიკვიდაციას, ტენით რეგულირებას, საკვები ელემენტებით უზრუნველყოფას, ნარგაობის დაცვას მექანიკური დაზიანებისაგან პლანტაციების შემოღობვას.

ჩაის ფოთლის კრეფა

ჩაის პლანტაციაში ფოთლის კრეფა დროულად უნდა დაიწყოს, ვინაიდან დაგვიანებით კრეფის დაწყება მოსავლის დაკარგვას და ხარისხის დაცემას იწვევს. პლანტაციაში ჩაის ფოთლის კრეფა მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც ბუჩქებზე 5-6 ფოთლიანი ყლორტების რაოდენობა მზარდი ყლორტების საერთო რაოდენობის 25-30%-ია.

ბუჩქების გაძლიერების, მისი ამაღლებისა და ვარჯის გაგანიერების მიზნით სეზონის განმავლობაში შემდეგი დიფერენცირებული ჩაის ფოთლის კრეფის წესები მყარდება:

ფოთლის კრეფა აპრილ-მაისში. აპრილ-მაისში ფოთლის კრეფა 5-6 ფოთლიან ყლორტებზე წარმოებს, იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი, ბუჩქის ნეკზე კი რჩება ორი ნორმალური ფოთოლი და “თევზა ფოთოლი”

ფოთლის კრეფა ივნისში. ივნისში დუყების კრეფა ოთხ და ხუთფოთლიან ნორმალურ ყლორტებზე წარმოებს, იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი, ხოლო ნეკზე თითო ნორმალური და “თევზა ფოთოლი” რჩება.

ფოთლის კრეფა ივლისიდან სეზონის ბოლომდე. ამ პერიოდში ფოთლის კრეფა 3-და 4 ფოთლიან ნორმალურ და “ყრუ ყლორტებზე” წარმოებს. იკრიფება 3-და 4 ფოთლიანი დუყები, ნეკზე მხოლოდ “თევზა ფოთოლი” რჩება.

კრეფის ასეთი წესების დაცვის პირობებში ერთი და იგივე პლანტაციაში სეზონის განმავლობაში შესაძლებელია 12-14-ჯერ ჩატარდეს კრეფა, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში მკაცრად დაირღვა ჩაის კრეფის წესები, ბუჩქებზე ხდება ყლორტების დაყოვნება 7-10 ფოთლამდე და შემდეგ მისი მექანიკური იარაღებით აჭრა. ასეთ პირობებში სეზონის განმავლობაში პლანტაციაში აწარმოებენ 2-3 ჯერად “გასხვლას“. ასეთი ნედლეული უხეშია და მისგან დამზადებული პროდუქცია დაბალი ხარისხისაა, რაც მთავარია, სავეგეტაციო პერიოდში ბუჩქების მკაცრი ექსპლუატაცია იწვევს მცენარის სიცოცხლისუნარიანობის შესუსტებას, ბუჩქების დაკნინებას და გახმობას.

მძიმედ გასხლულ ჩაის პლანტაციებში ფოთლის კრეფა იწყება მე-2 წელს, როდესაც ყლორტების სიმაღლე 50-55სმ. აღწევს. იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი, ყლორტებზე რჩება 5-6 ფოთოლი, გვერდით ყლორტებზე დუყები არ უნდა მოიკრიფოს. მძიმედ და ნახევრადმძიმედ გასხლული პლანტაციები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. აქ ყოვლად დაუშვებელია ე.წ. “მკაცრი კრეფა“ ხელის იარაღების გამოყენებით.

წყარო

ჩაის გადაზრდილ-გატყევებული პლანტაციების რეაბილიტაციის ტექნოლოგია და ახალი პლანტაციების გაშენება

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები