ჩოლოყაშვილი ქაქუცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (ქაქუცა) (დ. 14 ივლისი, 1888, მატანი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1930, 29 ივლისი, პასი, საფრანგეთი) ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, თავადი, ეროვნული გმირი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1907 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. გაიწვიეს ჯარში და მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, მიიღო ოფიცრის წოდება. 1912 წელს დატოვა სამხედრო სამსახური, მაგრამ I მსოფლიო ომის დაწყების გამო კვლავ ჯარში გაიწვიეს (1914). იბრძოდა დასავლეთის (ავსტრია-უნგრეთის) და კავკასიის (ოსმალეთის) ფრონტებზე. თავი გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლაში (1914 წლის დეკემბერი – 1915 იანვარი), რისთვისაც ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. შემდეგ მონაწილეობდა გენერალ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში. ორჯერ დაიჭრა. (ე. მეძმარიაშვილი)

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-1920 წლებში, მსახურობდა სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში, სადაც მეთაურობდა დივიზიონის პირველ ესკადრონს. თავი გამოიჩინა სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომში, ასევე 1919 წლის სოჭის ფრონტზე დენიკინის ნაწილების წინააღმდეგ და გორის მაზრაში ამბოხების ჩახშობის დროს. 1920 წლის აპრილში რამდენიმე ოფიცერთან ერთად გარიცხეს სახალხო გვარდიიდან, რადგანაც ისინი გამოექომაგნენ ერთ-ერთ ოფიცერს და მოითხოვეს მისი გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდნენ გვარდიას. მას აეკრძალა მომავალში არმიასა და გვარდიაში სამხედრო სამსახური. მთავრობის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს მიმართა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაწყებულიყო გამოძიება. 1920 წლის ივლისში გამომძიებელმა თარხნიშვილმა ცხენოსანი დივიზიონის ოფიცერთა საქმე წინასწარ ძიებაში მიიღო, მაგრამ შემდეგ საქმეს მსვლელობა არ მისცემია.

1920 წლის ზაფხულიდან მსახურობდა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორ ბენია ჩხიკვიშვილთან განსაკუთრებულ მინდობილობათა ოფიცრად. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დასაწყისში, გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში გააგზავნეს ახალი ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. ომის ბოლო პერიოდისათვის მათ შეძლეს ორი ესკადრონის შექმნა, რომელთაგანაც ერთ-ერთს ქ. ჩოლოყაშვილი ჩაუდგა სათავეში.

დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, 1922წელს, შექმნა შეფიცულთა რაზმი და დაიწყო პარტიზანულ ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მისმა რაზმმა 1922 წელს მოაწყო აჯანყება ხევსურეთში, ხოლო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მის რაზმს უნდა აეღო თბილისი. აჯანყების დამარცხების შემდეგ ქ. ჩოლოყაშვილი წავიდა საფრანგეთში ემიგრაციაში. გარდაიცვალა ტუბერკულოზით. 2005 ლევილიდან გადმოასვენეს თბილისში და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. (დიმიტრი სილაქაძე)

ლიტერატურა

  • დ. სილაქაძე, უცნობი ფურცელი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის სამხედრო მოღვაწეობიდან, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შრომები, ტ. V, თბ., 2012;
  • გ. საითიძე, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, თბ., 2012


იხილე აგრეთვე

ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები