ჩხენკელი აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ჩხენკელი

ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე (დ. - 19.V.1874, სოფ. ოქუმი - გ. - 1959) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მრავალშვილიანი მღვდლის ოჯახში. მამა - ივანე ჩხენკელი ხონიდან იყო და იმდროინდელმა საეგზარქოსომ გაამწესა აფხაზეთში სამუშაოდ, დედა - ბოჭორიშვილის ქალი. ჩხენკელებმა ქვეყანას გაუზარდეს სახელოვანი შვილები (სამი ვაჟი და ორი ქალი), რომელთა შორის აკაკი და კიტა ჩხენკელები არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ ევროპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სამეცნიერო და კულტურულ წრეებშიც კარგად იყვნენ ცნობილი.

ხონის სასწავლებლის დასრულების შემდეგ აკაკი ჩხენკელი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გაფიცვაში მონაწილეობის გამო, სასწავლებლიდან გარიცხეს (1893). 1896-1901 წლებში რუსეთშია, კიევში, მოსკოვსა და პეტერბურგში, სწავლობს იურიდიულ მეცნიერებას. სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სწავლა ვეღარ გააგრძელა და სამშობლოში დაბრუნდა.

1902-1904 წლებში აფხაზეთში ადვოკატად მუშაობდა, ებრძოდა რუსეთის დამპყრობლურ-შოვინისტურ პოლიტიკას, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამავე პერიოდში ცოლად შეირთო მაკრინე სიმონის ასული თურქია და საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. ცხოვრობდა ბერლინში, ვენაში, პარიზში, ლონდონში, ეცნობოდა სოციალისტურ იდეოლოგიას, ამ თემაზე დაწერილ ნაშრომებს, ესწრებოდა სოციალისტურ კონფერენციებსა და კონგრესებს. 1907 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა გააგრძელა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში. 1909 წელს სამშობლოში დაბრუნებული, წერს ეროვნულ საკითხებზე. 1910 წელს დააპატიმრეს, ჯერ მეტეხის ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი როსტოვში გადაასახლეს. 1912 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი აფხაზეთიდან და ბათუმ-ყარსის ოლქიდან. სათათბიროს ტრიბუნიდან იცავდა ე. წ. „მოღალატე აჭარლების“ უფლებებს. ბევრი ადამიანი სიკვდილით დასჯას გადაარჩინა. 1912 წელს სათათბიროს ტრიბუნიდან გააპროტესტა ქართველი ხალხის ეროვნული უფლებების შელახვა და მოითხოვა ეროვნულ-კულტურული ავტონომია.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობაში და ხელმძღვანელობდა ყველა ქართული პრობლემის მოგვარებას. 1917 წლის ნოემბერში გამოცხადებულ ამიერკავკასიის კომისარიატში შინაგან საქმეთა კომისრის პოსტი ეკავა, ხოლო როდესაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რეპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ახალი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ. იმავდროულად, უაღრესად ენერგიულ მოღვაწეობას ეწეოდა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის. იყო 1917 წლის აპრილში შექმნილი ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე. როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და შეიქმნა დემოკრატიული რესპუბლიკა, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის საზავო დელეგაციებს ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციებზე, აგრეთვე, 1918 წლის ივნისში გერმანიის მთავრობის წინაშე მივლინებულ ქართულ დელეგაციას. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. ბევრი იღვაწა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისათვის, ერთა ლიგაში მისი გაწევრიანებისათვის.

როდესაც 1921 წლის თებერვალში საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო, საქართველოს პირველი ელჩი საფრანგეთში, აკაკი ჩხენკელი, დიდი პატივით მიიღეს ელისეს სასახლეში. თავად ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, მილიერანმა, გადასცა მას ელჩის მანდატი. ცამეტი წელი გაგრძელდა მისი დიპლომატიური მოღვაწეობა საფრანგეთში, სანამ ქართული ლეგაცია არ გაუქმდა და აზრი არ დაკარგა მისმა არსებობამ (1933). ლეგაციის გაუქმების შემდეგაც არ შეუწყვეტია ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, ევროპელების ყურადღების მობილიზება საქართველოს პრობლემებისადმი, ურთიერთობა ყოფილი რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნების ემიგრაციასთან. მისი არქივი ერთ-ერთი საუკეთესოდ შენახული და მოწესრიგებულია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მისი შემდგენლის ხასიათსა და პასუხისმგებლობაზე თანამედროვე თუ მომავალი საქართველოს წინაშე.

გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფალაოზე.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1831, აღწ. 2, აკაკი ჩხენკელის პირადი ფონდი;
  • სცსა, ფ. 1864, აღწ. 2;
  • გ. საითიძე, აკაკი ჩხენკელის პირველი გამოსვლა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, ჟურ. „საისტორიო ვერტიკალები“, 2002, №2.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები