ცეცხლი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლი - საბრძოლო მოქმედებების დროს მოწინააღმდეგის განადგურების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება; სხვადასხვა სახეობის იარაღის სროლა მიზნების დასაზიანებლად. ცეცხლის ეფექტიანობას აღწევენ მისი მაღალი სიზუსტით (სისხარტით), უეცარი გახსნით, უმნიშვნელოვანეს სამიზნეებზე მასირებით; ფართო მანევრით, მსროლელების ოსტატობისა და გონივრული მართვის მეშვეობით.

გამოყენებული იარაღის მიხედვით განასხვავებენ:

  • არტილერიის (ქვემეხები, ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, არაუკუმგორავი ქვემეხები);
  • სარაკეტო კომპლექსების, ტანკების (ქვემეხები და ტყვიამფრქვევები);
  • ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანების (ქვემეხები, ტყვიამფრქვევები, ტანსკაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები), სასროლი იარაღის, ყუმბარსატყორცნების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, საზენიტო დანადგარების, საზენიტო არტილერიის, საზენიტო ტყვიამფრქვევების, ავიაციის (რაკეტები, ზარბაზნები, ტყვიამფრქვევები);
  • ხომალდების (ქვემეხები, სარაკეტო კომპლექსები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, საზენიტო არტილერია და სხვა);
  • სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარების (ქვემეხები, სარაკეტო კომპლექსები) და სხვა სახეობის იარაღის ცეცხლს.

ცეცხლი შეიძლება წარმოებდეს იმ ამოცანით, რომ გაანადგუროს, დაანგრიოს, დააზიანოს მიზანი ან ძალა გამოაცალოს, კვამლით გაგუდოს, დააბრმავოს მოწინააღმდეგე; პირდაპირი დამიზნებით ან დახურული საცეცხლე პოზიციებიდან ცალკეული გასროლით, მარდი ან მეთოდური ცეცხლის ჯერით, ზალპით.

შეტევაში ცეცხლი წარმოებს ცეცხლით დაზიანების პერიოდების მიხედვით, თავდაცვაში იქმნება კომპლექსური ცეცხლით დაზიანების სისტემა, მათ შორის, ცეცხლის სისტემა.

სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები ცეცხლს უშენენ საზღვაო, სანაპირო და საჰაერო მიზნებს მოძრაობისას ან ღუზაზე (ნავსაბმელზე) დგომისას.

შეიძლება იყოს შემდეგი სახეობების:

სარჩევი

ალმაცერი ცეცხლი

ალმაცერი ცეცხლი, (მოძველებული), წარმოებდა ფრონტისადმი დაახლოებით 450-ანი კუთხით მიმართული ქვემეხებიდან და სასროლი იარაღიდან, თანამედროვე პირობებში ასეთ ცეცხლს ფლანგური ეწოდება.

თავმოყრილი ცეცხლი

1. საარტილერიო ცეცხლის სახეობა, რომელიც წარმოებს ერთდროულად რამდენიმე ბატარეის, დივიზიონის ან ხომალდის მიერ ერთ სამიზნისკენ, ან მიზნების ჯგუფისკენ. სახმელეთო არტილერიას დაენიშნება თავმოყრილი ცეცხლის მონაკვეთები; საზენიტო არტილერია თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებს მნიშვნელოვან საჰაერო მიზანზე რამდენიმე ქვედანაყოფის ძალებით ერთდროულად ან თანამიმდევრულად. სატანკო ოცეული, ასეული თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებენ პირდაპირი დამიზნებით;

2. სასროლი იარაღის ცეცხლის სახეობა - ერთდროულად რამდენიმე ტყვიამფრქვევით, ყუმბარსატყორცნით, ავტომატით, ერთ ან რამდენიმე ოცეულით (ასეულით) ერთ, ან რამდენიმე მიზანზე.

მარდი ცეცხლი

მარდი ცეცხლი, წარმოებს ერთი ან რამდენიმე ქვემეხიდან; გასროლები ერთიმეორეს მიჰყვება მაქსიმალური ტემპით ცეცხლის რეჟიმის დაურღვევლად და არა გამიზვნის სიზუსტის საზიანოდ.

მასირებული ცეცხლი

მასირებული ცეცხლი, საარტილერიო ცეცხლის სახეობა, რომელიც ერთდროულად წარმოებს საარტილერიო შენაერთის ყველა ან უმეტესი ძალებით უმოკლეს ვადაში მოწინააღმდეგის ობიექტის საიმედო დაზიანების მიზნით.

მეთოდური ცეცხლი

მეთოდური ცეცხლი, ცეცხლი, რომლის დროსაც ერთი ბრძანებით ყოველი მომდევნო გასროლა ხდება დროის თანაბარი შუალედების შემდეგ.

ფლანგური ცეცხლი

ფლანგური ცეცხლი, წარმოებს საცეცხლე საშუალებებით მიზნის (მოწინაამდეგის საბრძოლო წყობის) ფლანგში. წინათ ასეთი ცეცხლის დაშენას ფლანკირება ეწოდებოდა.

ფრონტალური ცეცხლი

ფრონტალური ცეცხლი, წარმოებს საცეცხლე საშუალებებით მიზნის (მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობის) ფრონტის პერპენდიკულარულად.

ხანჯლისებრი ცეცხლი

ხანჯლისებრი ცეცხლი, წარმოებს ტყვიამფრქვევებიდან, ცალკეული ქვემეხებიდან, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებიდან ან ტანკებიდან; ცეცხლს უეცრად უშენენ მოწინააღმდეგეს ახლო მანძილებიდან ერთი მიმართულებით.

შემაწუხებელი ცეცხლი

შემაწუხებელი ცეცხლი, წარმოებს ნელი ტემპით შეზღუდული რაოდენობის საცეცხლე საშუალებებით და საბრძოლო მასალით მოწინააღმდეგისათვის ქანცის გაცლის მიზნით; გასროლები ერთმანეთს მისდევს დროის არათანაბარი შუალედებით.

ჯვარედინი ცეცხლი

ჯვარედინი ცეცხლი, წარმოებს ერთი მიზნისკენ სულ ცოტა ორი მიმართულებიდან. ცეცხლით გადაფარვა, ტაქტიკური ხერხი, როდესაც ერთი ქვედანაყოფი განლაგებულია ისე, რომ თვალყურს ადევნებს მოწინააღმდეგის განლაგებას. ამავე დროს ახორციელებს მეორე ქვედანაყოფის ცეცხლით მხარდაჭერას, რათა მოწინააღმდეგემ ვერ შეუშალოს ხელი მის წინსვლას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები