ცინცაძე ნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე ცინცაძე

ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე - (დ. - 10.IV.1886, ლანჩხუთი - გ. - 23.IX.1978, პარიზი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე.

სარჩევი

ბიოგრაფიაა

დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც სხვა სემინარიელებთან ერთად რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაება და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, ფიზიკა-მათემატიკოსის სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიიღო.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ნოე ცინცაძე დემოკრატიული საქართველოს შენებას აქტიურად შეუდგა. 1918 წლის სექტემბრამდე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი იყო, ხოლო 10 სექტემბრიდან, მაშინდელი სახალხო განათლების მინისტრის გ. ლასხიშვილის ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა, 1919 წლის 5 აპრილიდან კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, განათლების მინისტრის მოადგილე გახდა. 1918 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან - დამფუძნებელი კრების წევრი. ნოე ცინცაძემ უმძიმეს პირობებში შეძლო რუსული სკოლების ქართულით შეცვლა, ისინი სათანადო ქართული სახელმძღვანელოებით მოამარაგა. მისი ინიციატივით, ევროპაში სწავლა-განათლების მისაღებად გაიგზავნა რამდენიმე ათეული ქართველი ახალგაზრდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში, რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნოე ცინცაძე არალეგალურთა რიგებში გადავიდა და უშიშრად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად, რის გამოც ის სხვებთან ერთად დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, როგორც ანტისაბჭოთა მოძრაობის თვალსაჩინო წევრი, 1923 წლის 10 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს და საზღვარგარეთ გაასახლეს. ემიგრაციაში ყოფნის დროს, მისი ხელმძღვანელობით, პარიზში, „საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ასოციაცია“ შეიქმნა. ნოე ცინცაძემ ემიგრაციაში თან წაიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ისტორიის ამსახველი სახელმწიფო-პოლიტიკური არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ემიგრაციაში განაგებდა თვით ეროვნული მთავრობის წევრებისგან (ე. გეგეჭკორი, კ. კანდელაკი, ა. ჩხენკელი, გ. ერაძე, ნ. ცინცაძე, ს. ასათიანი) შემდგარი კომისია. ნოე ცინცაძე გერმანიაში გასახლებულ 60-კაციან ჯგუფთან ერთად მოხვდა ემიგრაციაში. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ის ეროვნული მთავრობის წევრების პოლიტიკური მუშაობისგან განცალკევებით იდგა. პოლიტიკურ საქმიანობაში მისი აქტიური ჩაბმა ე. წ. „პარიზის ბლოკის“ დაარსებიდან იწყება. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რადიო „თავისუფლების“ საქმიანობაში. უმთავრესი მუშაობა მას მოუხდა რუსეთის მიერ ჩაგრული ემიგრაციაში მყოფი ერების წარმომადგენლებთან, ის მათი მთავარი ორგანოს ხელმძღვანელი გახდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისის ეროვნული მთავრობის არქივის უსასყიდლოდ მოხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუტონის ბიბლიოთეკაში სამი პიროვნების ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ესენი იყვნენ: ნოე ცინცაძე, დუგლას ბრაიანი - ჰარვარდის ბიბლიოთეკარი და რიჩარდ პაიპსი - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თავის მოგონებებში, დაზიანებული ქართული არქივის პარიზიდან ჰარვარდში გადატანის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორად „ქართული ემიგრაციის წამყვან ფიგურას პარიზში“ - ნოე ცინცაძეს მიიჩნევს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 2129 (ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე, პირადი ფონდი);
  • რ. დაუშვილი, ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში, თბ., 2007.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები