ძალადობა ბავშვზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძალადობა ბავშვზე სასტიკი (უხეში) მოპყრობა ბავშვის მიმართ - (child abuse) ბავშვის მიმართ ცუდი მოპყრობა, რაც გულისხმობს მასზე ზრუნვის არარსებობას, ასევე – მიზანდასახულ ექსპლოატაციას, შეურაცხყოფას ან ფიზიკური ზიანის მიყენებას.

უკანასკნელ წლებში ბავშვებზე ძალადობის კონცეფცია გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს ურთიერთგადამფარავ კატეგორიებს, როგორებიცაა: ფიზიკური, ემოციური, სექსუალური ძალადობა და უგულებელყოფა. კვლევების უმრავლესობა ჩატარებულია განვითარებულ ქვეყნებში და ნაკლებად განვითარებად ქვეყნებში, სადაც ბავშვები საკვების ნაკლებობას განიცდიან და უფრო მძიმე პირობებში იმყოფებიან. ამ ქვეყნებში სასტიკი ფიზიკური დასჯის, უგულებელყოფის, ბავშვთა პროსტიტუციისა და მათხოვრობის შემთხვევები უფრო ხშირია.

სარჩევი

ნაყოფზე ძალადობა

ტერმინი „ნაყოფზე ძალადობა“, გამოიყენება ისეთი ქცევის აღსანიშნად, რომელიც ნაყოფისთვის დამღუპველ შედეგებს იწვევს. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური დაზიანება ან დედის მიერ სხვადასხვა პრეპარატის მიღება, რაც ნაყოფისთვის ფატალური შედეგით მთავრდება. ტერმინი „გამოწვეული” (პათომიმიკრიული) აშლილობა (მიუნჰაუზენის სინდრომი), იხმარება ისეთი ვითარების აღსანიშნად, როდესაც სახეზეა ბავშვების აშკარა ავადმყოფობა, რომელიც მშობლების მიერ განზრახ, მაგ., ბავშვის ნაწილობრივი მოხრჩობითაა გამოწვეული.

ფიზიკური ძალადობა

ფიზიკური ძალადობა, რომელიც ზოგჯერ მოიხსენიება „ნაცემი ბავშვის სინდრომის“ კონტექსტში, აერთიანებს ბავშვის მიმართ ფიზიკურ სისასტიკეს, სისტემატურ მოწამვლას ან სხეულზე სხვა ზიანის მიყენებას.

ფიზიკური ძალადობის შემთხვევების სიხშირე განსხვავებულია შეფასებისთვის გამოყენებული კრიტერიუმების შესაბამისად. დიდ ბრიტანეთში 0-დან 18 წლის 1000 მოსახლიდან 3 - ბავშვთა ზრუნვის რეესტრშია გატარებული. უფრო მაღალი რიცხვია დაფიქსირებული აშშ-ში. უფრო ხშირია ნაკლებად მძიმე შემთხვევები, თუმცა, ისინი არ ექცევიან პროფესიონალთა მხედველობის არეში.

სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობა, ჩვეულებრივ, გულისხმობს გენიტალურ კონტაქტს და სისასტიკის ხარისხის მიხედვით ვარირებს სექსუალურად შეფერადებული მოფერებიდან ძალადობით ან ფიზიკური ზეწოლით განხორციელებულ სქესობრივ აქტამდე. აქვე შედის ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება და სხეულით ვაჭრობის იძულება.

ფსიქოლოგიური ძალადობა

ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს ბავშვში შიშის განცდის, განკიცხვის, დამცირების, მარტოობისა და სხვა ავადმყოფური ფსიქოლოგიური მდგომარეობების მიზანმიმართულ, სისტემატურ პროვოცირებას.


კლინიკური სურათი

მშობლებმა შეიძლება შვილი ექიმთან მიიყვანონ და განაცხადონ, რომ დაზიანებები შემთხვევითაა მიღებული. შესაძლებელია ნათესავებმა, მეზობლებმა, ან სხვა პირებმა მიმართონ პოლიციას, სოციალურ სამსახურებს ან ნებაყოფლობით სააგენტოებს. ყველაზე ხშირი დაზიანებებია: სხეულზე მრავლობითი სისხლნაჟღენთი, დამწვრობა, ნაკბენი, ნაჭდევები, დაზიანებული ზედა ტუჩი, ძვლების მოტეხილობა, სუბდურული და რეტინული სისხლჩაქცევები. ზოგი ბავშვი ბალიშითაა გაგუდული, ხოლო მშობლები მიზეზად აპნოეს შეტევას ასახელებენ.

ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს დაზიანების დამახასიათებელი პატერნები, წარსულში საეჭვო დაზიანება, მომხდარის არადამაკმაყოფილებლად და გაუგებრად ახსნა, ექიმთან მიმართვის დაგვიანება და მშობლების შეუსაბამო რეაქცია. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებანი განსხვავებულია, თუმცა, დამახასიათებელია მშობლების მიმართ შიში, შფოთვისა და უბედურების განცდა და სოციალური იზოლაცია. ასეთ ბავშვებს დაქვეითებული თვითშეფასება აქვთ, გაურბიან უფროსებთან ურთიერთობას და შეიძლება აგრესიულებიც იყვნენ.

ბავშვებზე ძალადობის რისკ-ფაქტორები
მშობლები
  • ახალგაზრდა ასაკი;
  • დაბალი ინტელექტი;
  • სოციალური იზოლაცია/დახმარების არარსებობა;
  • მეწყვილესთან გაყრა;
  • ბავშვის მოვლის უნარ-ჩვევების ნაკლებობა, ბავშვის საჭიროებების არცოდნა/სასტიკი დასჯა/არასაკმარისი წახალისება;
  • ბავშვობაში გადატანილი ძალადობა ან უგულებელყოფა;
  • კრიმინალური წარსული;
  • ფსიქიკური პრობლემები: დეპრესია, ნარკომოხმარება, პიროვნების აშლილობები.
ბავშვი
  • ფაქტორები, რომლებიც დედასთან მიჯაჭვულობის განვითარებას უშლიან ხელს;
  • განვითარებაში ჩამორჩენა/ფიზიკური ნაკლი;
  • ადრეულ ასაკში დედასთან განშორება (მაგალითად, ნეონატალურ განყოფილებაში გადაყვანა);
  • მძიმე ხასიათი/ხშირი ტირილი.
გარემო
  • სამეზობლოსთან დაკავშირებული პრობლემები: ოჯახური ძალადობის ხშირი შემთხვევები/სკოლის პრობლემები/მაღალი უმუშევრობა;
  • სამოქალაქო თვითშეგნების ნაკლებობა;
  • პრობლემის დროული გამოვლენა და მართვა.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები