წერაქვეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 14 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წერაქვეთა – იყო ერთი კაცი, სახელად წერაქვეთა, ცხოვრობდა წერაქვეთაში თავის ცხრა ვაჟთან და ცხრა რძალთან ერთად. ერთხელ აჭარაში მიმავალ წერაქვეთას მაღალ მთაზე დაღამებია. ხედავს, ეშმაკებს ქორწილი აქვთ. გაუშლიათ ხალიჩა და ზედ ოქროს თასი დაუდგამთ. მიიპატიჟეს წერაქვეთა, იქეიფეს, ჭამეს და სვეს, დიდად მოილხინეს წერაქვეთამ და ეშმაკებმა. ბოლოს, რომ შეთვრნენ, ესმის, რომ ეშმაკები ერთმანეთში ლაპარაკობენ: ეს კბილ-სავარცხელა საიდან ჩაგვივარდა ხელში, უნდა შევჭამოთო. წერაქვეთა არ დაიბნა, იცოდა, რომ ეშმაკებს რკინის ეშინიათ, იშიშვლა ხანჯალი და ხალიჩაზე ჩაარჭო. ხანჯლის ამოღება და ეშმაკების გაქრობა ერთი იყო. გამოახვია წერაქვეთამ ოქროს თასი ხალიჩაში და შინისკენ გასწია. გათენებისას ვიღაც მიდგომია წერაქვეთას ჭიშკარს და დაუძახია: ჩქარა დამიბრუნე თასი და ხალიჩაო. მაგრამ წერაქვეთას პასუხი არ გაუცია. მეორე დილასაც მოსულან, მესამე დილასაც, მაგრამ წერაქვეთამ არ დაუბრუნა თასი და ხალიჩა: წადი, გამეცალე, არც თასს დაგიბრუნებ და არც ხალიჩასო. თუ არ დამიბრუნებ, შვილებს ერთიანად ამოგიწყვეტო, დამუქრებია ეშმაკი და გამქრალა. არაფრად ჩაუგდია წერაქვეთას ეშმაკის მუქარა და ცხოვრობდა ბედნიერად.

ერთხელ, ერთ ზამთარს წერაქვეთას ცხრა ვაჟი სანადიროდ წავიდა მთაში. წინ თოვლში შველი წამოუხტათ და გაედევნენ ვაჟები მოსაკლავად. გარბის შველი, მისდევენ მონადირეები, გავიდნენ თოვლიან ფერდობზე და უცებ შვლის ნაკვალევი გაიხსნა, მოსკდა ზვავი და ცხრავე ძმა უფსკრულში ჩაიტანა. ამ დროს წერაქვეთა სახლის სახურავზე იდგა და თოვლავდა სახლს. დაინახა, როგორ გააქანა ზვავმა მისი შვილები უფსკრულისკენ, მაგრამ სადილამდე არ გაუმხილა ცოლს და რძლებს ეს ამბავი. როცა სადილი ჭამეს, მაშინღა გამოუცხადა წერაქვეთამ, რომ დაღუპული არიან შვილები.

წავიდა წერაქვეთა თავის მეზობელ გიორგისთან, დამეხმარე, შვილები ამომაყვანიე ზვავის ქვეშიდანო. მაგრამ გიორგიმ უარი უთხრა. ახლა ჭათამურზე წავიდა და იქაურ ხალხს შეეხვეწა, ამომაყვანიეთ შვილები. მათგანაც უარი მიიღო. ბოლოს, ზემო ხინოში ავიდა ქათამაძეებთან, მათაც შეეხვეწა. დაეხმარნენ ქათამაძეები და ამოაყვანინეს ცხრა შვილი ზვავის ქვეშიდან. მადლიერი წერაქვეთა შეპირდა ქათამაძეებს, ასეთი სიკეთე რომ მიყავით, ჩემს ადგილ-მამულს თქვენ დაგიტოვებთ, მე კი აქედან გადავიკარგებიო. მართლაც ასე მოხდა. დღეს წერაქვეთას ნასახლარზე ქათამაძეები ცხოვრობენ. სოფელს კი სახელად წერაქვეთა შერჩა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები