წერეთელი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე წერეთელი

ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი – (დ. 1 ნოემბერი, 1889, სოფ. ჭილა (ზემო იმერეთი) — სოციალისტ-ფედერალისტი

სარჩევი

განათლება

1909 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებლის კურსი და 1910 წ. ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა; უნივერსიტეტის კურსი 1915 წელს დაასრულა. ამავე წლიდან ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა.

ცხოვრების განვლილი ეტაპები

სოციალისტ-ფედერალისტია, პარტიას 1905 წლიდან მიეკედლა; იგი უახლოეს მონაწილეობას ღებულობდა ამ პარტიის ახალგაზრდა წევრთა ორგანიზაციულ მუშაობაში და თანამშრომლობდა მათ არალეგალურ გაზეთ „კავშირში“. 1907 წელს, მოწაფეთა საერთო მოძრაობის დროს, ალ. წერეთელი სხვა ამხანაგებთან ერთად იქნა მოკლე ხნით დაპატიმრებული.

რუსეთში ყოფნის დროს მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა როგორც სტუდენტთა საერთო ორგანიზაციებში, ისე ქართულ სათვისტომოში და ერთ ხანს ამ სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარეთ იყო; მისი მეოხებით ხარკოვის ქართველ სტუდენტთა შორის არჩილ ჯორჯაძის სახელობის ჯგუფი დაარსა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ცდილობდა მჭიდრო კავშირი დაეწესებია უკრაინელ სტუდენტთა ჯგუფთან, რომელსაც გარკვეული პროგრამა ჰქონდა რუსეთის ერთა თავისუფლების შესახებ. 1913 წლის მაისის 12-ს ხსენებული ჯგუფის ხელმძღვანელთა კრებას მოულოდნელათ ჟანდარმები და პოლიციელები დაესხა თავს და ყველა დააპატიმრა. ალ. წერეთელთან ერთად დაპატიმრებულ იქნენ: ტფილისის უნივერსიტეტის პროფ. ახვლედიანი, შალვა ბერიძე, განსვენებულნი: არჩილ ამირეჯიბი და სიკო ბრაგვაძე; ექიმები კლ. იოსელიანი, ვ. ვარაზაშვილი, სამსონ კიკაბიძე და სხვ. ვინაიდგან ყოველგვარი ფარული საბუთი დროზე იქნა მოსპობილი თავისუფლათ დარჩენილ ამხანაგების მიერ, ყველა ეს პირი ადმინისტრატიული წესით მოათავსეს ხარკოვის ცნობილ საგუბერნიო ციხეში. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ალ. წერეთელი პირველ ხანებში ხარკოვიდან სოფლათ გადაასახლეს, ხოლო შემდეგ ვიდრე რევოლიუციამდე, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

მიუხედავათ ამისა, ქუთაისში დაბრუნების შემდეგ იგი განაგრძობდა არალეგალურ პარტიულ მუშაობას და ამავე დროს სხვა და სხვა კულტურულ-საზოგადოებრივ დაწესებულებათა ცხოვრებაში მონაწილეობას იღებდა (ქუთაისის დრამატული, ისტორია-ეთნოგრაფიის საზოგადოებათა გამგეობის წევრი და სხვა).

რევოლიუციის დროს იგი „ხალხის მეგობრის“ რედაკტორობას ასრულებდა; არჩეულ იქნა ქუთაისის ქალაქის განახლებულ საბჭოს წევრათ, მუშათა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის პრეზიდიუმის წევრათ და სხვ. წარსულ დროს ს. ფ. პარტიის მთავარი კომიტეტის დადგენილებით შალვა ალექსი რამიშვილთან (საქარ. რესპუბ. ეხლანდელი იუსტიციის მინისტრი) ერთად რუსეთის სოციალისტ-რევოლიუციონერთა მოსკოვის კონფერენციაზე წარმომადგენლათ იქნა გაგზავნილი, აქედან კი სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების განსაკუთრებული თათბირის წევრათ იქნა მიწვეული.

საქართველოს სოციალისტ-ფედერალისთა სარევოლიუციო პარტიის ფედერალური საბჭოს დადგენილებით ალ. წერეთელი რუსეთის დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ კანდიდატათ იქნა წამოყენებული.

შრომები

ალ. წერეთელს აქვს გამოცემული პატარა შრომა ავსტრალიის ფედერაციის შესახებ. სწერს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საკითხებზე და განსაკუთრებით კი ხელოვნებაზე.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები