წერეთელი ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ გიორგის ძე წერეთელი

ვასილ გიორგის ძე წერეთელი – (18.I.1862, სოფ. ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა - 23.X.1937, თბილისი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ექიმი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1884 წელს დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, საიდანაც ორი წლის შემდეგ გადავიდა იურიდიულ ფაკულტეტზე. თავდაპირველად ხალხოსნურ წრეში გაერთიანდა, შემდეგ კი მარქსისტი გახდა. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1887 წელს „მგლის ბილეთით“ გარიცხეს უნივერსიტეტიდან და საქართველოში ეტაპით გამოგზავნეს. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბათუმში. 1893 წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1899. იყო ჭიათურის მწარმოებელთა საავადმყოფოს გამგე, საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, თიანეთში, ბაქოს გუბერნიაში, რაჭაში, ქუთაისსა და სხვ. არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრად. იყო ჟურნალ „თეატრის“ მუდმივი თანამშრომელი, შემდეგ „ივერიის“ რედაქციაში გადაინაცვლა (შედიოდა იმ ჯგუფში, რომელიც „ახალგაზრდა ივერიელებად“ იწოდება). რუსულენოვან გაზეთ „ჩერნომორსკი გოლოსში“ თანამშრომლობისათვის, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით, ქალაქიდან გაასახლეს. 1912 წლიდან დაუკავშირდა ქუთაისურ გაზეთ „იმერეთს“ (შედიოდა მის სარედაქციო კოლეგიაში), ხოლო მოგვიანებით რედაქტორობდა მის ნაცვლად გამოცემულ გაზეთს „სამშობლო“, იყო ასევე, ქუთაისური გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ თანარედაქტორი. წერდა ფსევდონიმებით: „ვ. წ“, „ურო“, „კვესი“ „ულმობელი“, „ზემო იმერელი“, „ისარი“ და სხვ.

არჩეული იყო ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობის საბჭოს წევრად, ლექციებს კითხულობდა სახალხო უნივერსიტეტში. 1916 წელს შეადგინა და ქუთაისში გამოსცა ნაშრომი „ქართული სამეცნიერო და საფილოსოფოსო ტერმინოლოგია იოვანე პეტრიწის თარგმანის მიხედვით“. ვ. წერეთელი თავდაპირველად სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში შედიოდა და რევოლუციური საქმიანობისათვის განიცდიდა დევნას, რის გამოც დროებით არალეგალურად ცხოვრებაც მოუწია. შემდეგ დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიულ მიმდინარეობას და მისი ერთ-ერთი თეორეტიკოსი გახდა.

1917 წელს ვ. წერეთელმა გამოსცა რამდენიმე წიგნაკი, კერძოდ: „ავტონომია და ფედერაცია“, „1783 ტრაქტატი“, „გლეხთა საკითხი: (შეიძლება თუ არა მოისპოს კერძო საკუთრება მიწაზე)“ და სხვ. იყო ედპ-ის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე (1917 ივნისი) აირჩიეს ყრილობის თავმჯდომარის მოადგილედ. შედიოდა ედპ-ის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტში. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, არჩეულ იქნა ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად. 1918 წ-ის მა- ისში, საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, ედპ-ის სიით შევიდა საბჭოს შემადგენლობაში, აირჩიეს საბჭოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრად. 1918 წლის სექტემბერში მან გ. ვეშაპელთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა „დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქცია“, რომელიც გამოეყო ედპ-ს და საფუძველი დაუდო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის შექმნას (იგივე ეროვნული პარტია, იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია). ვ. წერეთელმცირე ხნით ამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1920 შეადგინა „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“, რომელიც გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა. მიუღებლად მიაჩნდა საქართველოს ფედერაციული მოწყობა და ნეიტრალიტეტი, მხარს უჭერდა წარმომადგენლობითი საკანონმდებლო სისტემის - პარლამენტის არსებობას, ასაბუთებდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საჭიროებას. აკრიტიკებდა მოქმედ საარჩევნო წესს, რომელიც, მისი აზრით, „პარტიულ დიქტატურას“ განაპირობებდა და მოითხოვდა, მოქალაქეს ნება ჰქონოდა, აერჩია, ვინც სურს, „სულ ერთია, მისი პარტიის კაცია თუ არა ასარჩევი კანდიდატი“.

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ვ. წერეთელი ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და ძირითადად სამედიცინო მოღვაწეობით იყო დაკავებული. 1921-1926 წლებში მუშაობდა ქუთაისში, შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1926-1930 წლებში იყო ქართული სამედიცინო ჟურნალის „სამკურნალო მოამბე“ (1927-1929 წლებში ეწოდებოდა „ჯანსახკომის მოამბე“, შემდეგ - „საბჭოთა მედიცინა“) რედაქტორი.

დაკრძალულია თბილისში, ვერის ძველ სასაფლაოზე.

ოთარ ჯანელიძე


ლიტერატურა

  • ვასილ წერეთელი: ლიტ. წერილები, მემუარები, კრებული შეადგინა დ. თევზაძემ, თბ., 1998;
  • ლ. ბიწაძე, არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004;
  • დ. ჭუმბურიძე, ისტორიული პორტრეტები, თბ., 2008;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.


იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები