წერეთელი მიხეილ (მიხაკო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხაკო წერეთელი

წერეთელი მიხეილ (მიხაკო) - (ფსევდ.: Baton, მ. სანგალა, ალაროდიელი, ვრაცი) (დ. - 23. XII.1878, სოფ. ცხრუკვეთი - გ. - 2.III.1965, მიუნხენი) - ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოვაწე, პროფესორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და კიევის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, საიდანაც 1899 წელს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის გარიცხეს. შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით და ერთხანს იქვე კითხულობდა ლექციებს. თავდაპირველად მიხეილ წერეთელი მარქსიზმს იზიარებდა. მან პირველად თარგმნა მარქსის „კაპიტალი“ ქართულად და მიუტანა ნოე ჟორდანიას „კვალის“ რედაქციაში.

1900-1907 წლებში, მიხეილ წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილთან, პეტრე კროპოტკინთან და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან; ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. წერილებს აქვეყნებდა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის პერიოდულ პრესაში. 1904 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული პოლიტიკური ფრაქციების ინტერპარტიულ კონფერენციაში, რომელზეც დაარსდა სოციალისტ-ფედერალისტთა ბლოკისტური პარტია („თერგელის“ ფსევდონიმით). 1907 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ისარში“, ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა მიხეილ წერეთლის ცნობილი წერილი: „კაცია ადამიანი?!“. ილიას დაკრძალვაზე მან ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც სტატიის სახით იმავე წლის დამლევს გამოქვეყნდა მემორიალურ კრებულში „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“. 1910 წელს თბილისში გამოიცა მიხეილ წერეთლის მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა - „ერი და კაცობრიობა“, რომელიც პირველი ქართული სოციოლოგიური მონოგრაფია იყო. 1910 იგი სიტყვით გამოვიდა ლონდონის ჩაგრულ ერთა ყრილობაზე. 1914 წელს მიხეილ წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს ცალკე წიგნად გამოიცა ხსენებული უნივერსიტეტის მიერ. პირველი მსოფლიო ომის წლებში მიხეილ წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი ორგანიზაციის - „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი” - ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ცდილობდა გერმანიის მეშვეობით საქართველოს გათავისუფლებას. 1916 წელს იგი მონაწილეობდა ლოზანაში გამართულ ჩაგრულ ერთა ყრილობაში, სადაც სიტყვა წარმოთქვა ანტანტის პოლიტიკის წინააღმდეგ. ომის დროს ის წყალქვეშა ნავით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც იარაღი და ფული ჩამოიტანა. შეხვდა ნოე ჟორდანიას, რომელმაც საქართველოში ანტირუსულ გამოსვლებს მხარი არ დაუჭირა.

1918-1919 წლებში მიხეილ წერეთელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი სკანდინავიის ქვეყნებში. 1919-1920 წლებში იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში.

1921 წლის თებერვალ-მარტში მიხეილ წერეთელი იძულებული გახდა, სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო. 1922-1945 წლებში იგი იყო ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის (1922-1933), შემდეგ ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის (1933-1945) პროფესორი. 1920-იანი წლის პირველ ნახევარში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა წერეთლის მიერ ნათარგმნი „გილგამეშიანი“ და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა „ხეთის ქვეყანა“. 1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე იყო ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ლიდერი. მეორე მსოფლიო ომის წლებში მიხეილ წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო კომიტეტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან ასობით ქართველი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა. გარდა ამისა, 1942 წელს იგი იყო ერთ-ერთი მოთავე ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის - „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ დაფუძნებისა. 1945 წლიდან მიუნხენში (გერმანია) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „ბედი ქართლისა“, რომელშიც მიხეილ წერეთლის არაერთი საყურადღებო წერილი გამოქვეყნდა. გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის - „GeorgIca“ (ლონდონი) - ფურცლებზე.

მიხეილ წერეთელი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 2012 წელს ვასილ და მიხეილ წერეთლების სახელი მიენიჭა ქუჩას ქალაქ ჭიათურაში. 2013 წელს მიხეილ წერეთელს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • რ. დაუშვილი, „ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში“, თბ., 2007;
  • ლ. ურუშაძე, „ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ისტორიისათვის“, ჟურნ. „ამირანი“, XXI, თბ. - მონრეალი, 2009;
  • ურუშაძე., „დიადი სულის უკვდავება (მიხაკო წერეთელი)“, თბ., 2012.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები