წიფორელნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 14 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წიფორელნი – წიფორში ყოფილან ცხრა ძმანი, ისეთი გაბუდაყებულები ყოფილან, რომ მთელ სოფელს მოსვენებას არ აძლევდნენ. ართმევდნენ მეზობლებს საქონელს, ფულს ან სხვა რამეს, რაც მოეწონებოდათ. თუ ვინმე დაქორწინდებოდა იმ სოფელში, მათი შიშით მალვით მოჰყავდათ პატარძალი. გაიგებდნენ, რომ ვინმეს სოფელში პატარძალი მოჰყავს, და მოვიდოდა ერთ-ერთი ცხრა ძმათაგან, დედოფალს პურის ჭმევა უნდაო და გამოაყვანინებდა ქალს, წაიყვანდა თავის სახლში. დაბრუნდებოდა ქალი პატივახდილი. გაუბედურებული იყო მათგან მთელი სოფელი. არ იცოდნენ, რა მოემოქმედათ.

ბოლოს, ხევისბრებს უთქვამთ, სადამდე ვიყოთ ასეო, ავიყაროთ და გადავსახლდეთო. ადგნენ ხევისბერ-ხუცესნი და წიფორის წმიდა გიორგის ხატში სანთელი აანთეს, ილოცეს, ან ჩვენ დაგვაშორე აქედან, ან ეგენი მოგვაშორეო. და შეისმინა წიფორის წმიდა გიორგიმ მათი ვედრება.

გავიდა მცირე ხანი და ცხრა ძმანი მთაში თივას თიბავენ. ბიჭების დედამ უთხრა რძალს: პური გამოაცხვე და მთაში წაუღე მთიბლებსო. ქალი აცხობს პურს, პატარა ბალღი იქვე ჰყავს. დედამთილი რძეს დღვებავს. უცებ გაიყინა ეს რძე, აღარ იდღვიბება, ქვასავით გახდა. ახლა ეს აკვნიანი ბალღი რომ ჰყავს გვერდით, იმ ბალღის შარდი გაიყინა და ლოლუასავით მიეკრა აკვნის ძირს. იმ ცხრა ძმას ღვინო ჰქონდათ კოკით და ისიც გაიყინა. თქვეს იმ ცხრა ძმათ, ღმერთი გაგვიწყრა, ეს რა ამბავიაო? დავაგოროთ კოკები, არ გატყდება მაინცო. დააგორეს და არ გატყდა, ისე ჩამოვიდა ჭალაში. ადგნენ და წამოვიდენ სახლში, რაღაც უბედურებაა ჩვენს თავზეო. მოვიდენ, ხედავენ, გაყინულია აკვნის ძირიც, რძეც. დედამ უთხრა: უბედურებაა ჩვენ თავს და ეცადეთ, სანამ არაფერი მოგვივაო.

ამდგარა ცხრა ძმა ღამით და დაუწყიათ თხრა. თორმეტი დღე თავისთვის სამარეები თხარეს. მიიტანეს სიპები და სიპებით გააწყვეს აკლდამა მიწაში. დიდძალი ოქრო-ვერცხლი ჰქონდათ და სულ ყანებში გაიტანეს და ჩაფლეს. ჩვენ ვიღუპებით და ნურავის დარჩესო, დედას უთქვამს. მერე გასულან ყველანი, სახლისთვის თავი დაუნებებიათ, დედაც წაუყვანიათ, ბავშვიც და შესულან აკლდამაში. თორმეტი დღის მერე ყველანი გაწყვეტილან. არც ერთი არ დარჩენილა ცოცხალი.

გაიხარა სოფელმა. ამის შემდეგ გაიგო სიცოცხლე და წუთისოფელი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები