წმინდანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდანები - ეტიმ. ლათ. sanctus (ნამყოს მიმღეობა ზმნისა sancire „დამტკიცება“, „წმიდად ყოფა“) „ურღვევი“, „ხელშეუხებელი“. ზოგადი მნიშვნელობით, წმიდანი ეწოდება ყველა იმ პირს, ვინც გულმოწყალებით საზრდოობს და ღმრთის მადლში ცხოვრობს და კვდება. განსაკუთრებულად კი ტერმინი მათ მიემართება, ვინც ეკლესიამ წმიდათა რიცხვს მიაკუთვნა ქრისტიანულ სათნოებათა გმირულად განცდის ან რწმენისათვის სიცოცხლის გაღებისათვის.


სარჩევი

წმინდანებად იწოდებიან

გარდა წმინდა მამებისა, რომლებიც განდიდებულნი არიან, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი სწავლების გამო, არსებობენ სხვადასხვა ტიპის წმინდანები, რომლებიც განდიდებულნი არიან თავიანთი ღვაწლისათვის. მოციქულები წარგზავნილ იქნენ ქრისტიანული რწმენის საქადაგებლად, მახარებლები ქადაგებდნენ და წერდნენ სახარებას, წინასწარმეტყველები უშუალოდ იყვნენ შთაგონებულები, გამოეთქვათ უფლის სიტყვა. აღმსარებლები არიან ისინი, ვინც ეყვნენ რწმენისათვის, ხოლო წამებულები არიან ისინი, რომლებიც აღესრულნენ რწმენისთვის. ღირსი ეწოდება წმინდა მონაზვნებსა და ბერებს, ხოლო მართალი – წმინდა ერისკაცებს. ამასთანავე, საღვთისმსახურო წიგნებში არის განსაკუთრებული სახელდებანი წმინდა ეპისკოპოსებისა და მღვდლებისთვის, წმინდა მმართველებისა და სახელმწიფო მოღვაწეებისათვის. არსებობენ, ასევე, ქრისტესთვის სულელები – ისინი სხვადასხვა სიკეთეების – ტანსაცმლის, საკვების, სიმდიდრის, საცხოვრებლის, საზოგადოებრივი მდგომარეობის მიმართ თავიანთი უგულებელმყოფელი დამოკიდებულებით უკომპრომისოდ აღმსარებლობენ ცათა სასუფეველის სახარებას. მათი სახელდება პავლე მოციქულის სიტყვებიდან მომდინარეობს: „ჩუენ სულელ ქრისტესთვის“ (1 კორინთ. 4:10, 3:18).23 (პროტოპრესვიტერის თომა ჰოპკო)

წინასწარმეტყველები

წინასწარმეტყველებს ვუწოდებთ ისეთ წმინდანებს, რომლებიც სულიწმინდის შთაგონებით წინასწარმეტყველებდნენ მომავალს, უმეტესად დედამიწაზე მაცხოვრის მოვლინების შესახებ. წინასწარმეტყველები ცხოვრობდნენ იესო ქრისტეს შობამდე; გამონაკლისია წმ. იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ქრისტეს თანამედროვეა და მას უწოდებენ შუალედურ წინასწარმეტყველს ძველსა და ახალ აღთქმას შორის.

მოციქულები

იესო ქრისტეს უახლოესი მოწაფეები იყვნენ, რომელთაც იგი საქადაგებლად აგზავნიდა ჯერ კიდევ თავისი მიწიერი ცხოვრების დროს: მაცხოვრის აღდგომის დღეს მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმინდა და მათ დაიწყეს ქრისტიანობის ქადაგება სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ქვეყანაში. თავდაპირველად ისინი თორმეტნი იყვნენ, შემდეგ კი მათ კიდევ სამოცდაათი მოციქული მიემატა. მთავარ მოციქულებად, პირველ მღვდელმთავრებად ანუ მოციქულთა თავად იწოდებიან მოციქულები: .პეტრე და პავლე, ვინაიდან მათ მიუძღვით ყველაზე დიდი წვლილი ქრისტიანული რწმენის გავრცელებაში.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა, მატათამ , ბართლომემ და თადეოზმა, რის გამოც ქართულ მართლმადიდებელ ეკლსიას ოდითგანვე მიენიჭა საპატიო სახელი სამოციქულო ეკლესიისა.

მახარებლები

მახარებლებს უწოდებენ ოთხ წმ. მოციქულს: წმ. მათეს, წმ. მარკოზს, წმ. ლუკას და წმ. იოანე ღმრთისმეტყველს, რომლებმაც დაწერეს ოთხი სახარება: მათეს სახარება; მარკოზის სახარება; ლუკას სახარება და იოანეს სახარება.

მოციქულთასწორი

მოციქულთასწორს უწოდებენ წმინდანებს, რომლებიც მოციქულთა მსგავსად ავრცელებდნენ ქრისტეს სარწმონოებას სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ასე ეწოდება წმ. ნინოს, საქართველოს განმანათლებელს, წმ. კონსტანტინე დიდსა და მის დედას - წმ. ელენე დედოფალს და სხვა.

მოწამეები

წმიდა ადამიანები არიან, რომლებმაც დაითმინეს ენით უთქმელი ტანჯვა და სიკვდილი ქრისტეს რწმენისათვის. წმ. მამათა განმარტებით, მოწამენი არიან ისინი, ვინც უკვე ამაო წუთისოფელში შეიგრძნეს მარადიული ცხოვრების ნეტარება და მისთვის სიკვდილსაც კი არ შეუშინდნენ. როგორც პავლე მოციქულს, ასევე ყველა მოწამეს, მტკიცედ სჯეროდა - „რამეთუ ჩემდა ცხოვრება ქრისტე არს, და სიკუდილი - შესაძინებელ“ (ფილ. 1,21). მოწამე ცოცხალი რწმენის მოწმეა, რომელმაც არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩის მიხედვით, იცის, რომ ქრისტეს რწმენა მარადიულ ცხოვრებას ნიშნავს. წმინდანად და მოწამედ ადამიანს ღვთისა და ადამიანთა მოდგმისადმი ღვთაებრივი სიყვარული გარდასახავს. ამ მხსნელი სიყვარულის შეგრძნება ბადებს სურვილს, თვითონაც მოსიყვარულუ ღმერთისათვის იცხოვროს და იცხოვროს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ სიხარულით შეეწიროს მას, ვინც უყვარს. მოწამეობისაკენ ორი გზით მიდის ადამიანი: ერთი კეთილზნეობრივად მცხოვრები, რომელიც მოულოდნეად აღმოჩნდება მოხმობილი მოწამეობის გზაზე. მაგალითად, მღვდელი თევდორე. მეორე შემთხვევაში ადამიანს შეცნობილი აქვს მთელი სიდიდე საკუთარი ცოდვილობისა და ცდილობს მოწამეობრივად დაღვრილი სისხლით ჩამოირეცხოს იგი. მაგალითად, მეფე დიმიტრი თავდადებული.

აღმსარებლები

ქრისტიანები, რომლებიც უშიშრად აღიარებდნენ თავის რწმენას. ისინი საჯაროდ მოუწოდებდნენ ხალხს ქრისტია ნობისაკენ. მათ ბევრი ითმინეს დევნის დროს. ზოგიერთ მათგანს „დადაღულებსაც“ უწოდებდნენ, ვინაიდან წარმართები მათ სახეზე ნიშანს ადებდნენ, რომ ხალხში ადვილად ამოეცნოთ. ღმსარებლები ბუნებრივი სიკვდილით აღესრულებოდნენ. მაგ.: წმ. გაბრიელ ურგებაძე. აღმსარებლები ეწოდებათ ტანჯვა-წამებას გადარჩენილთ და ჩვეულებრივი სიკვდილით გარდაცვალებულთ. მაგალითად, წმ. ამბროსი ხელაია, - საქართველოს მესამე პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, რომელმაც უამრავი წამება გამოიარა ბოლშევიკების ხელში, მაგრამ თავისით აღესრულა.

პირველმოწამეები

ქრისტესთვის წამებულთა შორის პირველები: მაგ. მთავარდიაკონი სტეფანე, წმ. თეკლე, წმ. რაჟდენი და სხვა.

დიდმოწამეები

რწმენისათვის განსაკუთრებით მძიმე ტანკვა-წამებით გარდაცვლილები. მაგალითად: წმ. დიდმოწამე გიორგი, წმ. დიდმოწამე ბარბარე და წმ. დიდმოწამე ეკატერინე, წმ. კონსტანტინე კახი, წმ. ბიძინა ჩოლოყაშვილი, წმ. შალვა ახალციხელი და სხვა.

მღვდელმთავრები

წმინდანები, რომლებმაც თავიანთი უბიწო ცხოვრებით უფლის გული მოიგეს. მაგ. წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი.

სამყაროს მოძღვრები

წმ. ბასილი დიდს, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს და წმ. იოანე ოქროპირს უწოდებენ სამყაროს მოძღვრებს ანუ მთელი ქრისტიანული ეკლესიის მასწავლებლებს.

ღმრთისმოწამეები

მღვდელმთავრები, რომლებმაც ქრისტესთვის საშინელი ტანჯვა აიტანეს.

ღირსი მამები

წმიდა ღმრთისმოსავი, ღმრისმორწმუნე ადამიანები არიან, რომლებიც განუდგნენ საერო, საზოგადოებრივ ცხოვრებას, შეინახეს უმანკოება (არ დაქორწინებულან), ლოცვითა და მარხვით ცხოვრობდნენ უდაბნოსა და მონასტრებში. მაგალითად: წმ. შიო მღვიმელი, წმ. ანტონ მარტყოფელი და სხვა.

ღმრთისმოსავნი

მართალთ უწოდებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენსავით ერში ცხოვრობდნენ, ჰყავდათ ოჯახი, როგორც წმიდა ღმრთისმოსავ იოაკიმესა და ანას, მარიამ ღმრთისმშობლის მშობლებს, მაგრამ თავიანთი წმიდა მართალი ცხოვრებით უფლის გული მოიგეს და მის სიყვარულში გაატარეს მთელი სიცოცხლე. მაგალითად, ასეთია წმ. ილია მართალი.

წმინდა მამები

იწოდებიან აღმოსავლეთის პატრიარქები, კეთილმორწმუნე რომის პაპები, მიტროპოლიტნი და მთავარეპისკოპოსნი, რომელნიც განაგრძობდნენ მოციქულთა დაწყებულ საქმეს და მთელი ცხოვრება კეთილად იღვწოდნენ ღმერთის სადიდებლად. აგრეთვე წმ. მამებად ითვლებიან ეპისკოპოსნი, მღვდლები და დიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მრავალი გვემანი და ტანჯვანი ქრისტეს სჯულისა და წმ. ეკლესიისათვის.

ღირს მოწამენი

წმინდა სახელი მიენიჭათ მამებს და დედებს (ბერებსა და მონაზვნებს), რომლებმავ თავიანთი რწმენის გამო, საკუთარ თავზე გადაიტანეს მწამებლებისაგან აურაცხელი გვემა და ტანჯვა, მაგრამ ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ ღვთის კანონის აღსრულებისა. მაგ.: წმ. ამბროსი ხელაია, წმ. დოსითეოს ქუთათელი, წმ. ექვთიმე გაენათელი. ამათ აღმსარებლებადაც მოიხსენიებენ.

ღირსნი

ღირსთა სახელით ცნობილნი არიან მხოლოდ ბერები და მონაზვნები, რომლებიც ცხოვრების არჩეული პირობების მიხედვით შემდეგნაირად იწოდებიან: მეუდაბნოენი და განდეგილები (ამქვეყნიურ ცხოვრებას განშორებულნი), მღვიმეში მყოფი (კეთილი სურვილით განმარტოებულნი მღვიმეში), მესვეტენი (ღია ცის ქვეშ დიდ სვეტებზე მოღვაწენი) და მდუმარენი (მათ თავიანთი ნებით აღუთქვეს ღმერთს დუმილი).

უვერცხლონი

უვერცხლონი ანუ უსასყიდლონი ეწოდებათ იმ ქრისტციანებს, რომლებიც მთელი სიცოცხლე უვერცხლოდ ანუ უფასოდ იღვწიან მშიერთა, მწყურვალთა და სნეულთა კეთილდღეობისათვის. მაგ.: ძმები კოზმა და დამიანე.

ნეტარნი

ნეტარად აღიარებდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ხალხში ან უდაბნოში. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული თავმდაბლობით და ყოველივე ამქვეყნიურ სიკეთისა და ფუფუნების მკაცრი უარყოფით.

სალოსი

სალოსი ანუ ქრისტესთვის სულელი ეწოდება ისეთ ჭეშმარიტ ქრისტიანს, რომელიც ხალხის წინაშე განგებ ისულელებს თავს, რითაც საშუალება ეძლევა ღმერთის სიმართლე უთხრას მაღალი წრის წარმომადგენელთ (ამისათვის არ ისჯება როგორც სულელი). საქართველოში ასეთი იყო აღმსარებელი, სალოსი და ღირსი მამა გაბრიელ ბერი.

ადამიანები ასეთ მკაცრ ცხოვრების პირობებს ირჩევენ, რათა მიაღწიონ სულის ზეიმს საკუთარ სხეულზე.

თვით წმიდანებიც ითმენენ ხორციელ ტკივილებსა და სნეულებებს და ისინიც ემორჩილებიან გარდაუვალ ბიოლოგიურ სიკვდილს.

კითხვაზე, თუ რატომ უშვებს უფალი წმინდანთა ტანჯვას - წმ. იოანე ოქროპირი რვა პასუხს იძლევა. იგი ბრძანებს: „პირველი მიზეზი არის ის, რომ წმინდანთა სათნოებებმა და მათ მიერ აღსრულებულმა დიადმა საქმეებმა მათი გაამპარტავნება არ გამოიწვიოს (2 კორ. 12, 7); მეორე, იმის შიშით, რომ მათი განდიდება იმაზე მეტად არ მოხდეს ვიდრე ეს საჭიროა და ადამიანებმა ისინი მიიღონ როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები და არა როგორც ღმერთები; მესამე, იმის გამო, რომ უფრო ცხადად წარმოჩინდეს ღვთის ძალმოსილება, ვინაიდან მოციქულის სიტყვისამებრ, ღვთის ძალა „უძლურებაში აღესრულება“ (2 კორ. 12,9); მეოთხე მიზეზი კი ის არის, რომ კაცთათვის ცხადად სახილველი გახდეს წმინდანთა მოთმინება და ის, რომ ისინი უფალს რაღაც საკუთარი ინტერესებისათვის კი არ ემსახურებიან, არამედ წმინდა სიყვარულით და ყოველგვარი განსაცდელის მიუხედავად, მისი ერთგულნი რჩებიან ; მეხუთე, დაგვაფიქროს მკვდართა აღდგომაზე, ვინაიდან როცა ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი სათნოებით აღვსილი წმინდანიც კი ვერ გადის ამ ცხოვრებიდან დაუსრულებელი განსაცდელებისა და ტანჯვის გარეშე, გავიხსენოთ მომავალი განკითხვის ჟამი, რაც, თავის მხრივ, იქნება ნიმუში სამართლიანობისა; მეექვსე, მათ ვინც განსაცდელში იმყოფებიან, ნუგეში მიიღონ იმის ხილვით, რომ უფრო წმიდა და უფრო დიდმა მოღვაწეებმაც იგივე გადაიტანეს, რაც მათ; მეშვიდე მიზეზი ის არის, რომ წმინდანთა მიერ აღსრულებულ დიდებულ საქმეთა გამო არ შეგვექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ისინი სხვა ბუნებისანი არიან და რომ შეუძლებელია მათ მივბაძოთ (იაკ. 5.17); მერვე,რათა ჭეშმარიტად შევიცნოთ, თუ რას ნიშნავს ბედნიერება და უბედურება“ (წმ. იოანე ოქროპირი „კერპების შესახებ“, საუბარი VIII, 28), და გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სათნო ცხოვრებით ღმერთთან ერთობაა, ხოლო ნამდვილი უბედურება - მისგან განშორება.

სნეულება და მისგან მომდინარე ტკივილები სრულიადაც არ არის გამოწვეული ღვთისაგან, მაგრამ შეიძლება დაშვებული იყოს ღვთის მიერ. შემოქმედი თავისუფალ ნებას ანიჭებს ეშმაკს, ისევე როგორც კაცს, მაგამ თუ ადამიანი მზად არის სულის ხსნისათვის მასზე მოწეული ყოველგვარი ტანჯვა-წამება გადაიტანოს, მას მარტო არ ტოვებს. უფალი საზღვარს უდებს ეშმაკის ზემოქმედებას ადამიანზე (იობ. 1, 12; 2,6), ამავე დროს, არ უშვებს, რომ ადამიანი იმაზე მეტად გამოიცადოს, ვიდრე მას ამის ძალა შესწევს (იობი,1, 10-13). ის მიუშვებს ეშმაკს, რათა მოუვლინოს ადამიანებს სხვადასხვა განსაცდელი, ვინაიდან უწყის, რომ ისინი ვინც შეძლებენ ყოველივე მხნედ დაითმინონ, მიიღებენ ისეთ უზომო სულიერ სარგებელს, რომ სხვაგვარად ცხოვრებას ვეღარასოდეს შეძლებენ.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები