წულუკიძის თეთრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:WulukiZis TeTra.png|thumb|250px|'''წულუკიძის თეთრა''' – ადგილობრივი ვაზის ჯიში]]
 
[[ფაილი:WulukiZis TeTra.png|thumb|250px|'''წულუკიძის თეთრა''' – ადგილობრივი ვაზის ჯიში]]
'''წულუკიძის თეთრა''' – ადგილობრივი ვაზის ჯიშია. იგი გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში და იძლევა ბუნებრივად ნახევრადტკბილ, სუფრის ხარისხოვან თეთრ ღვინოს, ხოლო ყირიმსა და შუა აზიაში ხარისხოვან მაგარ და სადესერტო ღვინოს.  
+
'''წულუკიძის თეთრა''' – ადგილობრივი ვაზის ჯიშია. იგი გავრცელებულია [[რაჭა]]-ლეჩხუმში და იძლევა ბუნებრივად ნახევრადტკბილ, სუფრის ხარისხოვან თეთრ ღვინოს, ხოლო ყირიმსა და შუა აზიაში ხარისხოვან მაგარ და სადესერტო ღვინოს.  
  
 
[[საქართველო|საქართველოში]] წულუკიძის თეთრა ცნობილია აგრეთვე რაჭული თეთრას სახელწოდებით. საბჭოთა კავშირის მევენახეობის რაიონებში, განსაკუთრებით ყირიმში, ჯიში ცნობილია „ალბილო კასტელანოს“, „ალბილო ყირიმულის“ (კორჟინსკი, 12), „პედრო ქიმენესის“ და „ქიმენეს ზენბონის“ (ტაბიძე, 16) სახელწოდებით.  
 
[[საქართველო|საქართველოში]] წულუკიძის თეთრა ცნობილია აგრეთვე რაჭული თეთრას სახელწოდებით. საბჭოთა კავშირის მევენახეობის რაიონებში, განსაკუთრებით ყირიმში, ჯიში ცნობილია „ალბილო კასტელანოს“, „ალბილო ყირიმულის“ (კორჟინსკი, 12), „პედრო ქიმენესის“ და „ქიმენეს ზენბონის“ (ტაბიძე, 16) სახელწოდებით.  

15:53, 16 იანვარი 2020-ის ვერსია

წულუკიძის თეთრა – ადგილობრივი ვაზის ჯიში

წულუკიძის თეთრა – ადგილობრივი ვაზის ჯიშია. იგი გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში და იძლევა ბუნებრივად ნახევრადტკბილ, სუფრის ხარისხოვან თეთრ ღვინოს, ხოლო ყირიმსა და შუა აზიაში ხარისხოვან მაგარ და სადესერტო ღვინოს.

საქართველოში წულუკიძის თეთრა ცნობილია აგრეთვე რაჭული თეთრას სახელწოდებით. საბჭოთა კავშირის მევენახეობის რაიონებში, განსაკუთრებით ყირიმში, ჯიში ცნობილია „ალბილო კასტელანოს“, „ალბილო ყირიმულის“ (კორჟინსკი, 12), „პედრო ქიმენესის“ და „ქიმენეს ზენბონის“ (ტაბიძე, 16) სახელწოდებით.

წულუკიძის თეთრა ადგილობრივი რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშია, იგი წარმოშობილი უნდა იყოს კულტურული ვაზის ჯიშების წარმოქმნის ადგილობრივ კერიდან. თავისი მორფოლოგიური ნიშნებით იგი, მსგავსად უსახელოურისა, ეკუთვნის ოდნავ შებუსვილფოთლებიან ჯიშების იმ ჯგუფს, რომელიც საქართველოში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.

1932 წელს მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში ვაზის ჯიშების დიდი საკოლექციო ვანეხის გაშენებასთან დაკავშირებით ყირიმიდან შემოტანილი იყო 300-მდე სხვადასხვა ვაზის ჯიში. აღნიშნული ჯიშების ადგილობრივ და სხვა რაიონის ჯიშებთან ადგილზე შედარებისა და ერთმანეთთან დაპირისპირების შედეგად ბევრი რამ საინტერესო გამოირკვა: 1) ყირიმიდან, ხოლო ყირიმში უცხოეთიდან გრო-კოლმანის, დოდრელიაბის, ოქსენაუგეს და სხვა სახელწოდებით შემოტანილი ჯიში კოლხური ხარისთვალა აღმოჩნდა; 2) ზემო იმერეთში გავრცელებული ჯიში ქვიშხური და გორული მწვანე ერთი და იგივე აღმოჩნდა; 3) ალბილო ყირიმული და წულუკიძის თეთრა მსგავსი ჯიშები აღმოჩნდა, იმ განსხვავებით, რომ წულუკიძის თეთრა უფრო უხვმოსავლიანია, ვიდრე ალბილო ყირიმული.

ამ ორი ჯიშის წარმოშობის ადგილის და მათი იგივეობის საკითხის დასადგენად საჭირო შეიქმნა ამპელოგრაფიული ნაშრომების გადასინჯვა. აკად. ს. კორჟინსკის (13) ნაშრომში წულუკიძის თეთრა აღწერილია ალბილიო კასტელანოს სახელწოდებით, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ყირიმის ალბილო კასტელანო თავისი სამეურნეო და ბოტანიკური ნიშან-თვისებებით სრულებით არ ჰგავს ესპანელ ამპელოგრაფ როხას კლემენტეს მიერ აღწერილ ნამდვილ ალბილო კასტელანოს.

აკად. ს. კოჟინსკიმ მეორე დიდი შეცდომაც აღმოაჩინა, სახელდობრ: „პედრო ქიმენესის“ სახელწოდებით გავრცელებული ჯიში ფრანგული მუსკადელი, ხოლო ალბილო გუელბა ფრანგული ჯიში – ტრესო თეთრი აღმოჩნდა. ამრიგად ნიკიტის ბაღის კოლექციაში ჯიშების სახელწოდებები საკმაოდ არეული გამოდგა. მევენახეობის ინს-ტის „მაგარაჩის“ უფროს მეცნ. თანამშრომლის ნ. ხილკევიჩის დამოწმებით წულუკიძის თეთრა ყირიმში ცნობილი ყოფილა ორი სახელწოდებით: პირველად იგი 1855 წელს აღწერილი ყოფილა ნიკიტის ბაღის დირექტორ ჰარტვისის მიერ ალბილო კასტელანოს სახელწოდებით, ხოლო 1911 წელს კი აკად. ს. კორჟინსკის მიერ „ყირიმული ალბილოს“ სახელწოდებით.

აკად. ს. კორჟინსკი, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის მიერ აღწერილი ჯიში ნამდვილად არ იყო ალბილო კასტელანო მას მაინც ალბილო უწოდა, ხოლო მისგან განსასხვავებლად ყირიმული შეარქვა. პირდაპირ მითითება თუ საიდან და როდის შემოიტანეს ნიკიტის ბაღში ალბილო კასტელანო ნ. ხილკევიჩის ცნობაში არ მოიპოვება. არსებობს მხოლოდ ჰარტვისის ცნობა იმის შესახებ, რომ ჯიში ქიმენესი ნიკიტის ბაღმა პირველად 1825 წელს პროვანსიდან ოდიბერის ბაღიდან მიიღო „Plant de Malaga“-ს სახელწოდებით. ნ. ხილკევიჩი და ა. პრეობრაჟენსკი ძირითადად ამ ცნობისა და აგრეთვე ვიალა და ვერმორელის ამპელოგრაფიულ ატლასებში მოტანილ ჯიშებს მხატვრული სურათების შედარების საფუძველზე ასკვნიან, რომ წულუკიძის თეთრა ალბილო კასტელანო კი არა, არამედ პედრო ქიმენესის ერთ-ერთი ვარიაცია, სახელდობრ ქიმენეს ზენბონი უნდა იყოსო. მაგრამ ნიკიტის ბაღის არც ერთ ჩანაწერში წარსულიდან მოყოლებული დღემდე ასეთი სახელწოდებაც კი არ აღმოჩნდა. ნ. ხილკევიჩს თუ დავეთანხმებით და მასთან ერთად სურათების მსგავსებისა და აღწერილობითა მიხედვით წულუკიძის თეთრას პედრო ქიმენესის ვარიაციად – ქიმენეს ზენბონად მივიჩნევთ, მაშინ იგი წარმოშობითაც ნამდვილად ესპანური ჯიში უნდა იყოს. მაგრამ თვით ესპანელი და ფრანგი ამპელოგრაფები, რომელთაც პირველად აღწერეს პედრო ქიმენესი, ასახელებენ მის სამშობლოდ კუნძულ მადეირას ან საბერძნეთს, საიდანაც ის პირველად შეიტანეს ესპანეთში, ხოლო გერმანელი ამპელოგრაფები (შტოლცი, ბაბო, გოფმანი და სხვ.), ძირითადად საქსის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ჯიშის სახელწოდებას უკავშირებენ ესპანელ მებაღეს პედრო ქიმენესს, რომელმაც ვითომ ჯერ კიდევ VII საუკუნეში მიიტანა იგი რეინისა და მოზელის ნაპირებიდან მალაგაში, ხოლო რეინსა და მოზელში ეს ჯიში კანარის კუნძულებიდან მოხვედრილა. ჯიშის წარმოშობის გერმანული ამპელოგრაფების მოსაზრება უარყოფილია ფრანგი და ესპანელი ამპელოგრაფების მიერ, რომელთა უმრავლესობა მას ბერძნულ წარმოშობის ჯიშად თვლის.

გასაკვირია, რომ ნ. ხილკევიჩი ცდილობს ამ გაურკვეველ სახელწოდების მქონე ჯიშის წარმოშობა უცხოეთს დაუკავშიროს, მაშინ როდესაც, მისივე ცნობით ყველაზე დიდი ფართობი საბჭოთა კავშირში მას რაჭაში უჭირავს და დასძენს, რომ „როდის და რა პირობებში მოხვდა იგი საქართველოში ამის გარკვევა ვერ მოხერხდაო“. მათ არგუმენტებზე დანდობით შეიძლებოდა საფერავიც და სხვა ბევრი ქართული ვაზის ჯიში, რომელთა ყირიმში შეტანის დრო და პირობები მათთვის გაურკვეველია უცხოურ ჯიშებად გამოეცხადებია. ჯერ კიდევ 1940 წელს „საკავშირო ამპელოგრაფიის“ №3 ბუილეტენში, ჩვენ მიერ მოყვანილი იყო ქართული ვაზის ჯიშების ყირიმში შეტანის უფრო დამაჯერებელი ცნობა, სახელდობრ, შემდეგი: მეფის ნაცვლის კანცელარიის არქივში, იასე ცინცაძის მიერ აღმოჩენილია საქმე №1752, დათარიღებული 1847 წლით, სათაურით: „მებაღე ივ. ფრიკისა და მისი მოწაფე სტ. ფედოროვის მივლინება საქართველოში, იმერეთში, სამეგრელოში და სხვაგან თესლების და მცენარეების შესაგროვებლად“. მათვე ჰქონდათ დავალებული ნიკიტის ბაღიდან ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღწერა, მტევნების მოყვანილობის დახასიათება და მათი სახელების აღნუსხვა. შემდეგ ცნობილია, რომ აღნიშნული პირები 1847 წლის 14 ნოემბერს დაბრუნებულან იალტაში შეგროვილი მასალებით, რომლებიც ჩალაგებული ჰქონიათ 5 დიდ ყუთში (ივ. ჯავახიშვილი, 7). ცხადია, ამ ყუთებში ალბათ ქართული ვაზის ჯიშებიც იქნებოდა, რომლებიც ყირიმში, ძველ დროიდან არიან ცნობილი, სახელდობრ: საფერავი, ბუდეშური, რქაწითელი, ამლახუ, აპაპნიჟი და სხვ. მათგან, ცაბელის ცნობით, ყირიმში საფერავი 1853 წელს იყო გაშენებული 80-100 ძირის რაოდენობით, უფრო ფართოდ კი 1863 წლიდან, ხოლო ალბილო კასტელანო (წულუკიძის თეთრა) 1855 წლიდან, რადგან ამ დროისათვის იგი 1500 ძირამდე იყო გამრავლებული. წულუკიძის თეთრას რომ დროებით თავი დავანებოთ, საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო 1853 წლისათვის საფერავი ყირიმში თუ არა ფრიკისა და ფედოროვის საშუალებით, რადგან საფრანგეთში საფერავი 1873 წლამდე ცნობილი არ იყო – იგი საფრანგეთში პირველად 1868 წელს ბარონ ლონგვილის წყალობით მოხვდა ქუთაისიდან ამპელოგრაფ პიულას კოლექციაში.

მოყვანილი ცნობების მიხედვით უფრო სწორი იქნება ვიფიქროთ, რომ „ალბილო ყირიმული“ ანუ წულუკიძის თეთრა ყირიმში საქართველოდან მოხვდა და მსგავსად სხვა მრავალი ჯიშისა, მისი სახელწოდებაც შეცვლილი უნდა იყოს, ვიდრე იგი ვიგულვოთ ესპანური ჯიშ პედრო ქიმენესის ვარიაციად – ქიმენეს ზენბონად, იმ მოსაზრებით, რომ იგი მხატვრულ სურათში მას წააგავს.

ამ ცნობების საფუძველზე წულუკიძის თეთრა უფრო ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიშად მოჩანს, ვიდრე ყირიმიდან შემოტანილად.

წულუკიძის თეთრა საკმაოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი ძირითადად გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში. საქართველოს დანარჩენ რაიონებში იგი მეტად მცირე რაოდენობით, ძირითადად, საკოლექციო და ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე გვხვდება.

ვენახების 1940 წლის აღწერის მასალების მიხედვით წულუკიძის თეთრას სულ საქართველოში 336 ჰექტარი ეჭირა, მათგან 335,35 ჰექტარი რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ვენახების 1953 წლის აღწერის მასალების მიხედვით წულუკიძის თეთრას სულ საქართველოში 485 ჰექტარი უკავია, აქედან 476,80 ჰექტარი რაჭა-ლეჩხუმშია, დანარჩენი 8,2 ჰექტარი სხვა რაიონებში.

საქართველოს გარეთ წულუკიძის თეთრა გავრცელებულია უმთავრესად ყირიმში ღვინის კომბინატის „მასანდრას“ საბჭოთა მეურნეობაში, სულ 15 ჰექტარ ფართობზე. შუა აზიის რესპუბლიკებში იგი უმთავრესად გვხვდება უზბეკეთის კვების მრეწველობის სამინისტროს საბჭოთა მეურნეობაში სულ 14 ჰექტარ და ყაზახეთში 0,7 ჰექტარ ფართობზე.

მცირე რაოდენობით წულუკიძის თეთრა გვხვდება აგრეთვე დარუბანდში, ოდესაში და სხვაგან. სულ საბჭოთა კავშირში მას დაახლოებით 516 ჰექტარი ფართობი უჭირავს.

სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია სოფ. ჭრებალოში (ამბროლაურის რ-ნი) ვენახების გამოკვლევისა და ვაზის ჯიშების გამოვლენა-შესწავლის დროს; უფრო დეტალურად იგი შესწავლილია მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში. ჭრებალოში წულუკიძის თეთრას ვენახი გაშენებულია საკმაოდ დაქანებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე 545,8 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი ნამყენია, 20 წლისაა, ქართული წესით გასხლული, სარზეა დაკავებული. მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახი ქ. თელავში გაშენებულია ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი ქართული წესით ორ ნეკსა და ორ საკავებლებზეა გასხლული და გამართულია სარ-მავთულზე. ვაზები დამყნობილია რუპესტრის დულოზე. ვაზები 24 წლისაა.

ახალგაზრდა ყლორტი

მოზარდი 15-20 სმ სიგრძის ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია საკმაოდ სქელი ქეჩისებრი ბეწვებით, განსაკუთრებით ფოთოლაკების ქვედა მხრიდან და მოთეთრო-მოწითალო ღვინისფერი არშიის შემოვლებით ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ. მეორე იარუსის (მე-3 – მე-4) ფოთლების შებუსვა საგრძნობლად მცირდება და ზედა მხრიდან ფოთლები ღია მწვანეა მოყვითალო იერით. ახალგაზრდა ყლორტი ღია მწვანეა მოწაბლისფრო იერით ცალ მხარეზე.

ერთწლიანი რქა

კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით ღია მორუხო მიხაკისფერია. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი, ვიდრე მუხლთშორისები. ერთწლიანი რქები უფრო ხშირად წვრილია, მათი მუხლთაშორისების სიგრძე მერყეობს 5-დან 10 სმ-მდე და საშუალოდ 7-8 სმ უდრის. ზოლები მუხლთაშორისების გასწვრივ სუსტად არის გამოსახული.

ფოთოლი

კარგად განვითარებული შუა იარუსის ფოთლები (9-12) საშუალო ზომისაა, 18X16 სმ, ფოთლები მომრგვალოა, უფრო ხშირად ოდნავ წაგრძელებული. ფოთლების დიდი უმეტესობა სამნაკვთვიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანია. მათი ზედაპირი სწორი, იშვიათად ძაბრისმაგვარია ნაკვთების ბოლოების ოდნავ ამოწევის გამო. ფირფიტის ზედაპირი გლუვი ან იშვიათად ბადისებრ დანაოჭებულია. ფოთლის შუა ნაკვთი უფრო ხშირად მახვილკუთხიანია, იშვიათად სწორკუთხიანიც გვხვდება.

ზედა ამონაკვეთები ჩვეულებრივ საშუალო სიღრმისაა, იშვიათად ზეზეური ამონაკვეთებიც გვხვდება. ამონაკვეთების ფორმა დიდად არ ცვალებადობს. უფრო ხშირად იგი ღია ჩანგისმგვარი ფორმისაა შევიწროებული ყელითა და მომრგვალო ფუძით, იშვიათად ოდნავ შესამჩნევი შეჭრილი კუთხისმაგვარია, ხოლო კიდევ უფრო იშვიათად დახურული, კვერცხისმაგვართვლიანი ამონაკვეთებიც გვხვდება.

ქვედა ამონაკვეთები ჩვეულებრივ ზეზეურია, ფორმით ოდნავ შესამჩნევი ნაპრალისებრი ან შეჭრილი კუთხისმაგვარია. ხშირად ქვედა ამონაკვეთები სულ არ არის გამოსახული ან ძნელად შესამჩნევია.

ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, მისი ფორმა ხშირად მერყეობს ჩანგისმაგვარიდან განიერ მშვილდისმაგვარამდე. უფრო ხშირად გვხვდება ღრმა, თაღისებრი ამონაკვეთები წამახვილებული ან მომრგვალო ფუძით.

ფოთლის მთავარი ძარღვები მთავრდება მოზრდილი მახვილწყვეტიანი ოდნავ გვერდებგამოწეული სამკუთხედისმაგვარი კბილებით. გვერდითი ძარღვები ბოლოვდება ხერხის კბილისმაგვარ, ოდნავ ცალგვერდგამოწეულ სამკუთხედისებრი კბილებით.

ფოთლის ქვედა მხარე ერთი შეხედვით თითქმის შიშველია, მაგრამ როცა დავუკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ თხელ აბლაბუდისმაგვარ ბეწვებს, რომლებიც ფოთოლზე თითის გასმით ეცვლება ფიფქის სახით, ხოლო ქვედა იარუსის ფოთლების ძარღვებზე და მათ გასწვრივ შესამჩნევია აგრეთვე მეტად იშვიათი ჯაგრისებრი ბუსუსიც.

ფოთლის ყუნწი შიშველია, სიგრძით იგი უდრის ფოთლის მთავარ ძარღვს ან მასზე ოდნავ მოკლეა. ყუნწი შეფერილია მოწითალო იისფრად.

ყვავილი

ნორმალური აგებულების ყვავილი ორსქესიანია. ყვავილში ჩვეულებრივ ხუთი მტვრიანაა, იშვიათად ექვსიც გვხვდება. მტვრიანათა ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან მერყეობს 1,25-დან 2,0-მდე, უფრო ხშირად ეს შეფარდება 1,50 ან 1,75 უდრის. ბუტკო სწორი კონუსისებრი ფორმისაა, იგი მსხლისებრ თანდათან ვიწროვდება ყელისაკენ, რის გამოც სვეტი მკაფიოდ არაა გამოსახული.

მტევანი

მტევნები საშუალო სიგრძისაა, მათი სიგრძე მერყეობს 9-დან 18 სმ-მდე, ხოლო განი 5-დან 9 სმ-მდე. საშუალო ზომის მტევნის სიგრძე-სიგანე 14X7 სმ უდრის. მტევნების ფორმა ხშირად ცილინდრული ან ვიწრო კონუსისებრია, იშვიათად გვხვდება დატოტვილი, უფორმო მტევნებიც. ხშირად მტევნები მხრიანია, ზოგჯერ მხარი ძირითად მტევნის სიგრძის სამ-მეოთხედს აღწევს. უფრო ხშირად მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად გვხვდება თხელი, კუმსი მტევნებიც. მტევნის ყუნწი წვრილი და გრძელია, მისი სიგრძე მერყეობს 5-დან 8 სმ-მდე, ხოლო საშუალოდ იგი 5-6 სმ უდრის. ყუნწი ბალახისებრია, ფერად მწვანე, რქასთან მიმაგრების ადგილას იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწი მწვანეა, მისი სიგრძე 0,6-დან 1,2 სმ-მდე მერყეობს. ყუნწის ბალიში ვიწრო კონუსისებრია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე განიერი კონუსისებრი ფორმის ბალიშიც. მარცვლების ყუნწზე მიმაგრება საშუალოა, მარცვლები ადვილად არ ცვივა.

მარცვალი

მარცვლები საშუალო და საშუალოზე დიდია. მათი სიგრძე მერყეობს 1,2 სმ-დან 1,9 სმ-მდე, ხოლო განი 1,0-დან 1,7 სმ-მდე. საშუალო მარცვლის ზომა უდრის 1,62X1,48 სმ, ხოლო მსხვილი მარცვლებისა – 1,90X1,73 სმ. მარცვლის ფორმა ოვალურია და უდიდესი სიმსხო მარცვლის შუა ნაწილზე მოდის. მარცვლის ბოლო მომრგვალებულია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე მომრგვალო ფორმის მარცვლებიც. მარცვლების შეფერვა მომწვანო-ყვითელია თეთრი იერით. მარცვალზე ხშირად შესამჩნევია მოყავისფრო პატარა ხალები, ხოლო მზის მხარეზე, უფრო ხშირად გადამწიფებისას, შესამჩნევია სიდამწვრის ლაქები. მარცვლის კანი თხელი და ნაზია, იგი ადვილად არ ეცლება რბილობს. ზემოდან იგი დაფარულია თხელი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი მდნარია, წიპწები ადვილად ეცლება მას, წვენი უფერული, სასიამოვნოა და ტკბილი, ხოლო გადამწიფებისას უხალისო.

წიპწა

მარცვალში უფრო ხშირად 1 ან 2 წიპწაა, იშვიათად სამიც გვხვდება. საშუალოდ მარცვალზე 1,6 წიპწა მოდის. წიპწის სხეული მიხაკისფერი ან ღია რუხი ფერისაა, მისი სიგრძე 5-6 მმ უდრის, ხოლო განი 3,5-4,5 მმ. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, იგი მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, მისი ზედაპირი ოდნავ ჩაზნექილია. ღარი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ განიერი და არაღრმაა, ხოლო ქალაძიდან ნისკარტისაკენ სუსტად ემჩნევა. ღარები მუცლის მხარეზე არა ღრმაა და ნისკარტისაკენ პარალელურად მიემართება. წიპწა ქედიანია, ნაწიბური კარგად ემჩნევა მთელ სიგრძეზე. ნისკარტი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმისაა. იგი შეფერილია ყვითლად, მისი სიგრძე 1,5-2,0 მმ, ხოლო განი 1,2-1,5 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო პერიოდი და მისი ფაზების მსვლელობა

ჯიშის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა ისწავლებოდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (ქ. თელავი), კვების მრეწველობის სამინისტროს მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში (ქ. იალტა), საქარის საცდელ სადგურზე (ქ. ზესტაფონი), ფილოქსერაგამძლე საძირეების სანერგეში (ქ. კრასნოდარი), შუა აზიის საცდელ სადგურზე (ქ. ტაშკენტი) და დაღესტანში – დარუბანდის საცდელ სადგურზე. ქვემოთ მოყვანილია წარმოებულ დაკვირვებათა შედეგები (იხ. ცხრ. 1).

1-ლ ცხრილში მოტანილ მონაცემებიდან ირკვევა, რომ სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა საგრძნობლად ცვალებადობს ცალკეული ადგილების გარემო პირობების შესაბამისად. ასე მაგალითად, სადაც ჰავა უფრო მშრალია და ჰაერის ტემპერატურის დონე მაღალია ჯიშის სავეგეტაციო პერიოდი მოკლდება. ყველაზე მოკლე სავეგეტაციო პერიოდი წულუკიძის თეთრას დაღესტანსა და შუა აზიაში აქვს, ხოლო ყველაზე გრძელი – საქარასა და კრასნოდარში. აღნიშნული მონაცემების მიხედვით წულუკიძის თეთრა სიმწიფის II პერიოდის ვაზის ჯიშებს უნდა მიეკუთვნოს.

წულუკიძის თეთრას ერთწლიანი რქები ფოთოლცვენის დაწყებამდე სავსებით ასწრებს მომწიფებას ჯიშის გავრცელების თითქმის ყველა რაიონში, სახელდობრ ყირიმში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთში, უზბეკეთსა და დაღესტანში.

ზრდის სიძლიერე

წულუკიძის თეთრა საშუალო სიძლიერის ზრდით ხასიათდება. ხოლო ცალკეული რაიონების მიხედვით მისი ზრდა-განვითარება საგრძნობლად იცვლება. მაგალითად, ყირიმის მშრალ სამხრეთ ფერდობებზე ფიქალებიდან წარმოქმნილ ნიადაგებზე ჯიში საშუალოზე სუსტად ვითარდება, ადრე ბერდება და სუსტ ნაზარდს ივითარებს. იმავე რაიონის დაბლობ ადგილებში ქვეთიხნარ ნიადაგებზე მისი ზრდა საშუალოზე ძლიერია. შუა აზიის ღონიერ სარწყავ ნიადაგებზე წულუკიძის თეთრა ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდება, ხოლო საქართველოს მევენახეობის რაიონებში წულუკიძის თეთრა ხასიათდება საშუალო სიძლიერის ზრდით.

მოსავლიანობა

წულუკიძის თეთრა ადგილობრივი ძირითადი ვაზის ჯიშების მსგავსად ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს. ერთწლიანი ნამყენები დარგვიდან მესამე წელს იძლევა პირველ მოსავალს, ხოლო მეოთხე-მეხუთე წლიდან – სრულ მოსავალს. ყირიმის სამხრეთ სანაპიროს მშრად ფერდობებზე იგი სუსტად ვითარდება და სრულ მოსავალს მე-6, მე-7 წელს იძლევა. წულუკიძის თეთრა უხვმოსავლიანი ჯიშია. მეცნ. კანდიდატის ალ. მიროტაძის მიერ ამბროლაურის რაიონში წარმოებული აღრიცხვების მიხედვით წულუკიძის თეთრა კარგი მოსავლიანობით ხასიათდება – მწირ ნიადაგებზე 1,5 კგ, ხოლო ძლიერ ნიადაგებზე 1 ძირის მოსავალი 3,5 კგ აღწევს, რაც ჰექტარზე გადაყვანით 80-175 ცენტ. შეადგენს. ზოგიერთ ღონიერ და ნოყიერ ნიადაგებზე მისი მოსავალი 200 ცენტნერსაც კი აღწევს ჰექტარზე. ჯიში მსხმოიარობის მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება, რაც 1-დან 2,5-მდე მერყეობს, ე.ი. რქაზე 1-დან 2,5-მდე მტევანს ისხამს.

მსხმოიარობის საშუალო კოეფიციენტი ამბროლაურის რაიონისათვის 1,75, ხოლო თელავის რაიონისათვის 1,5 უდრის. ამბროლაურის რაიონში საშუალო მტევნის წონა 135 გ, დიდი მტევნისა 324 გ აღწევს, ხოლო თელავის რაიონში შესაბამისად 105 გ და 200-250 გ უდრის.

ყირიმში წულუკიძის თეთრა მშრალჰავიან და ხირხატ ნიადაგებზე საშუალოზე მცირე მოსავლიანობით ხასიათდება. ასე, მაგალითად, მისი მოსავლიანობა 15-დან 30 ცენტნერამდე მერყეობს და 6 წლის საშუალო მოსავალი 20 ცენტნერს უდრის ერთ ჰექტარიდან. უფრო უხვ მოსავალს წულუკიძის თეთრა გურზუფის საბჭოთა მეურნეობაში იძლევა. ნ. სილკევიჩის მონაცემების მიხედვით ყირიმის საბჭოთა მეურნეობაში წულუკიძის თეთრას უდიდესი მოსავალი ჰექტარზე მერყეობს 30 ცენტნერიდან 56 ცენტნერამდე და აღწევს საშუალოდ 44 ცენტნერს, რაც ყირიმის პირობებში მაღალ მოსავლად ითვლება.

მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (ქ. თელავი) გაშენებულ ამბროლაურის რაიონიდან ჩამოტანილ წულუკიძის თეთრასა და მისგან 20 მ დაშორებით ყირიმიდან ჩამოტანილი „ლბილო ყირიმულის“ (იგივე წულუკიძის თეთრა) მოსავლის შორის საგრძნობი განსხვავება აღინიშნა. ამბროლაურიდან ჩამოტანილი წულუკიძის თეთრა გაცილებით მეტი მოსავლიანობით ხასიათდება, ვიდრე ყირიმიდან მიღებული იგივე წულუკიძის თეთრა. ეს მაგალითი საკმაოდ ადასტურებს ჰავის, ნიადაგების და საერთოდ გარემო პირობების და მოვლის დიდ მნიშვნელობას ჯიშის მოსავლიანობისთვის. წულუკიძის თეთრას მოსავლიანობა ყირიმის მშრალი ჰავისა და სამხრეთ ფერდობების ფიქალებიან ნიადაგების პირობებში ნახევარი საუკუნის მანძილზე კულტივირების შედეგად საგრძნობლად შემცირდა, რაც მკვეთრად აღიბეჭდა მის მოდგმათა მოსავლიანობაზე. ამ შეცვლილ გარემო პირობებში იგი სუფრის ღვინის ნაცვლად იძლევა ხარისხოვან მასალას სადესერტო ღვინისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსავლის ადრე მოცემის თვისება მან შეინარჩუნა და დარგვიდან მეოთხე წელს მისი მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,4 უდრის, მაშინ როდესაც ყირიმში მე-6, მე-7 წელს იწყებს სრულ მოსავლიანობას, თუმცა სარწყავ რაიონებში ეს ვადა საგრძნობლად მოკლდება. ამროიგად, კახეთში ყირიმიდან მოტანილ წულუკიძის თეთრას მოსავლიანობა ჰექტარზე გადაანგარიშებით 30-45 ცენტნერამდე მერყეობს, ხოლო ამბროლაურიდან ჩამოტანილი იმავე ჯიშის მოსავლიანობა მეტია და შეადგენს

40-დან 80 ცენტნერამდე. ასე მაგალითად, 1949 წელს თელავში ძირის საშუალო მოსავალი 2,467 კგ უდრიდა, ხოლო ზოგიერთი ძირებისა 3,5-4 კგ აღწევდა. კარგი მოსავლიანობით ხასიათდება წულუკიძის თეთრა აგრეთვე დარუბანდში, სადაც ჩატარებული ამორჩევითი აღრიცხვების მიხედვით მისი მოსავლიანობა ჰექტარზე 100 ცენტნერამდე აღწევს.

საერთოდ, წულუკიძის თეთრა მოსავლიანობის კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება – მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი თელავში 1-დან 2-მდე მერყეობს და საშუალოდ 1,5 უდრის; რაჭაში 1-დან 2,5-მდე მერყეობს და საშუალოდ 1,75 უდრის; ყირიმში მოსავლიანობის კოეფიციენტი 0,5-დან 1,45-მდე მერყეობს და 0,9 უდრის საშუალოდ. შუა აზიის რესპუბლიკებში (ტაშკენტი) წულუკიძის თეთრას მოსავლიანობის კოეფიციენტი 1940 წელს 1,4 უდრიდა, ხოლო მტევნის საშუალო წონა 90-120გ.საერთოდ, წულუკიძის თეთრას მოსავლიანობა რაიონების მიხედვით საგრძნობლად მერყეობს. იგი დიდად არის დამოკიდებული დატვირთვის სიძლიერეზე, ვენახების კარგი დამუშავების, სასუქების სისტემატური შეტანისა და მოვლის პირობებზე. ჯიში კარგი მოვლა-დამუშავების პირობებში ადვილად ეგუება გრძელ გასხვლას და დიდ დატვირთვას, რომლის დროს იგი უხვ მოსავალს იძლევა.

ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობა

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ წულუკიძის თეთრა კარგი გამძლეობით ხასიათდება. რაჭაში და თელავის რაიონში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით მისი გამძლეობა ჭრაქის მიმართ საშუალოზე მეტია. დარუბანდის მევენახეობის ზონალური სადგურის დაკვირვებებით წულუკიძის თეთრა სხვა ჯიშებზე ნაკლებად ზიანდება ჭრაქისაგან. შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება წულუკიძის თეთრა აგრეთვე ნაცრის მიმართაც, ხოლო ყირიმელ მევენახეთა დაკვირვებითაც იგი შედარებით კარგად უძლებს ნაცარს. ასეთივე კარგი გამძლეობით ხასიათდება იგი თელავის საკოლექციო ვენახშიაც. ფილოქსერის მიმართ მისი გამძლეობა საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე ალექსანდროულისა. ჯიშის ძირითად ნაკლს მარცვლების ლპობისადმი მიდრეკილება შეადგენს, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. ყველაზე მკვეთრად ამ მიდრეკილებას ჯიში რაჭა-ლეჩხუმში და იმერეთში ამჟღავნებს, უმთავრესად დაბლობ ადგილებში. ყირიმში წარმოებული დაკვირვებით ყურძნის ლპობას მშრალი ჰავის პირობებში ადგილი არა აქვს, ხოლო მექანიკურად დაზიანებული მარცვლები ადვილად ჭკნება და ჩამიჩდება. თელავის რაიონში ჩვეულებრივი ამინდის პირობებში ყურძენი ნაკლებად ლპება, მხოლოდ ხშირ წვიმებიან შემოდგომით იგი საგრძნობლად ზიანდება მისგან.

საძირეებთან მონათესაობა

საძირე ვაზის ჯიშებთან წულუკიძის თეთრას კარგი მონათესაობა ახასიათებს. კარგ შედეგს წულუკიძის თთრა რიპარიაXრუპესტრის 3309 და 101/14-თან იძლევა, თუმცა წინათ რუპესტრის დულოსაც ფართოდ იყენებდნენ. საძირეები უნდა შეირჩეს ნიადაგის თვისებების მიხედვით: კირნარ ნიადაგებისათვის უმჯობესია ბერლანდიერიXრიპარიას ჰიბრიდები №5ბბ ან 420ა, დანარჩენ ნიადაგებზე რიპარიაXრუპესტრის ჰიბრიდები 3309 და 3306, ხოლო მშრალ ქვიან ნიადაგებზე რუპესტრის დულოსაგანაც კარგ შედეგს უნდა ველოდოთ.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი

რაჭა-ლეჩხუმში წულუკიძის თეთრა ყინვების მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება. რაჭა-ლეჩხუმში ზამთრის ყინვები ხშირად -15-16º აღწევს. ასეთ ყინვებს წულუკიძის თეთრა კარგად იტანს და იშვიათად ზიანდება. ყირიმში ნ. ხილკევიჩის ცნობით წულუკიძის თეთრა ყინვების მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება. ასე მაგალითად, 1940 წლის სუსხიან ზამთარში, როცა ყინვებმა ალუშტის საბჭოთა მეურნეობაში (ყირიმი) -19º მიაღწია გამოიწვია წულუკიძის თეთრას კვირტების 47%-ით დაზიანება. მაგრამ სხვა ჯიშებთან შედარებით ეს გამძლეობა დაბალი აღმოჩნდა. შუა აზიაში (ტაშკენტი) ხელოვნური გაყინვის პირობებში წარმოებული იყო დაკვირვება ვაზის სხვადასხვა ჯიშის გამძლეობის დასადგენად. დაკვირვებათა შედეგად წულუკიძის თეთრას ყინვაგამძლეობა კაბერნე ფრანზე ნაკლები, ხოლო ვერდელოსა და სერსიალზე საგრძნობლად მეტი აღმოჩნდა.

დარუბანდის ზონალურ სადგურზე წარმოებულ დაკვირვების მიხედვით 1940 წლის სუსხიან ზამთრის -19º ყინვების დროს წულუკიძის თეთრას დაუზიანდა კვირტების მხოლოდ 28%, მაშინ როდესაც შუა აზიის ჯიშების – ნიმრანგის, ტაიფის და სხვების დაზიანებული და მოყინული კვირტების რაოდენობა 50-დან 70%-მდე აღწევდა.

წულუკიძის თეთრა ნიადაგების მიმართ განსაკუთრებულ მოთხოვნას არ აყენებს, კარგად ვითარდება რაჭა-ლეჩხუმის თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ მაღალი ღირსების ღვინოს იგი იძლევა ფერდობებზე განლაგებულ კირნარ-თიხნარ და ნეშომპალა-კარბონატულ ტიპის ნიადაგებზე. ყირიმში ციცაბო ფერდობების ფიქალებიან მშრალ ნიადაგებზე წულუკიძის თეთრა სუსტად ვითარდება, მაგრამ მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა, ხოლო შედარებით ვაკე ადგილებში ქვიან თიხნარ ნიადაგებზე იგი უფრო ძლიერ ვითარდება დ კარგი ღირსების სუფრის ღვინოს იძლევა.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

წულუკიძის თეთრა მტევნების გარეგნული შეხედულების, მექანიკური შედგენილობისა და წვენის ქიმიური შეცულობის მიხედვით საღვინე ვაზის ჯიშია. წარმოებაში მას ძირითადად ამ მიმართულებით იყენებენ.

ყურძნის მექანიკური შედგენილობა

წულუკიძის თეთრას მტევნების მექანიკური შედგენილობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია ამბროლაურში, ყირიმში, დარუბანდსა და ტაშკენტში წარმოებული ანალიზების შედეგები (იხ. ცხრ. 3).

როგორც მე-3 ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, წვენის გამოსავლიანობა ყურძნის ლაბორატორიულ პირობებში გადამუშავების შემთხვევაში მერყეობს 77%-დან 80%-მდე, ხოლო წარმოების პირობებში ნაკლებია და იგი 70-75% უდრის.

საქართველოში წულუკიძის თეთრა არ ხასიათდება შაქრის დაგროვების დიდი უნარით. ჯიშის სამხრეთ რაიონებში გავრცელების შემთხვევაშიაც კი მისი შაქრიანობა იშვიათად აღემატება 24,0%, მაშინ როდესაც სხვა ჯიშების შაქრიანობა იმავე პირობებში 26-28% და მეტს აღწევს. ყურძნის წვენში შაქრიანობა-მჟავიანობის დაგროვების უნარის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია სხვადასხვა რაიონში ჩატარებული ანალიზის შედეგები (იხ. ცხრ. 4).

ყურძნის გადამუშავება და ღვინის ხარისხი

წულუკიძის თეთრას ყურძნის მოსავალი ძირითადად მიდის სუფრის თეთრი და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების დასაყენებლად. კოლექტიურ და საბჭოთა მეურნეობებში მისგან მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოს – „თეთრას“, ხოლო გლეხურ მეურნეობებში კი მისგან სუფრის თეთრ ღვინოს აყენებენ. სუფრის ღვინის დასამზადებლად ყურძენს წურავენ ხორგოში (საწნახელში), გამოწურვის შემდეგ ტკბილს მაშინვე ასხამენ ქვევრში და ადუღებენ უჭაჭოდ, ე.წ. „ჩქეფად“. ზოგ მეურნეობაში ტკბილს დუღილის დაწყებამდე უმატებენ მცირეოდენ ჭაჭას და დადუღების შემდეგ ღვინოს გადიღებენ სუფთად გარეცხილ ქვევრში.

წულუკიძის თეთრას ღვინო კარგი ღირსების დგება. იგი ღია ყვითელი ფერისაა, აქვს კარგად გამოსახული არომატი, საშუალო სხეული და ნაზი სასიამოვნო გემო. გაცილებით უფრო მაღალი ღირსების ღვინო დგება წულუკიძის თეთრასაგან ყურძნის დროული მოკრეფის, წესიერი გადამუშავებისა და ღვინის შესაფერი მოვლის პირობებში.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელობით დამზადებული წულუკიძის თეთრას ღვინო მაღალი ღირსებისად იქნა აღიარებული. ასე, მაგალითად, 1942 წლის მოსავლის ღვინო, დამზადებული ძველებური წესით სამტრესტის მთავარი მეღვინის ვალ. კანდელაკისა და ნ. ვარდანაშვილის მიერ სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის მიერ 1944 წლის 1 ივლისის სხდომაზე შეფასებული იყო ნიშნით 8,5 და დახასიათებული იქნა, როგორც „ნაზი, ჯანსაღი, ძლიერ მაღალი ღირსების ევროპული ტიპის ღვინო, წულუკიძის თეთრასათვის არა დამახასიათებელი სიტკბოთი და საკმაოდ განვითარებული ჯიშური არომატით“. 1945 წლის მოსავლის ღვინო, რომელიც დაჭაშნიკებული იყო ცენტრალურ სადეგუსტაციო კიმისიის სხდომაზე ქ. მოსკოვში 1946 წლის 11 აპრილს მაღალი შეფასება (ნიშანი 8,3) მიიღო და დახასიათებული იქნა შემდეგნაირად: „ფერი ღია, მოოქროსფრო, არომატი სასიამოვნო დამახასიათებელი, გემო სრული, ჰარმონიული“. ასეთივე მაღალი შეფასება აქვს მიღებული წულუკიძის თეთრას სხვა წლების მოსავლის ღვინოებსაც. საერთოდ ვენახების კარგი მოვლა-დამუშავების და ღვინის წესიერი დაყენების პირობებში წულუკიძის თეთრა მაღალი ღირსების ნაზ, სასიამოვნო სუფრის ღვინოს იძლევა.

ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე წულუკიძის თეთრას, ძირითადად, სადესერტო ღვინოების დასამზადებლად იყენებენ, თუმცა ძველად – გასულ საუკუნეში წულუკიძის თეთრასაგან მხოლოდ სუფრის ღვინოები მზადდებოდა. აკად. ს. კორჟანსკისაც ყირიმის ამპელოგრაფიაში აღნიშნული აქვს, რომ ალბილოს (წულუკიძის თეთრას) ძველად სუფრის ღვინის დასამზადებლად იყენებდნენო. უკანასკნელ დროს ყირიმში „მასანდრას“ კომბინატში წულუკიძის თეთრას იყენებენ პორტვეინისა და მადერას ტიპის ღვინოების დასამზადებლად. პორტვეინი „ალუპკა“ მზადდებოდა სემილიონის, მუსკადელის და ალბილოსაგან (წულუკიძის თეთრა) – უკანასკნელი საგრძნობლად ამაღლებს კუპაჟების ხარისხს. წმინდა წულუკიძის თეთრასაგან დამზადებული პორტვეინი მეტად მაღალი ღირსების დადგა, იგი ყირიმის სამხრეთ სანაპიროს მაგარი ღვინოების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

მადერას ტიპის „მასანდრას“ სახელწოდების ღვინოში წულუკიძის თეთრა კარგად არის შეთვისებული და შეხამებული ჯიშ ვერდელო და სერსიალთან.

ტკბილი და მაგარი ღვინოების ტექნოლოგიის თავისებურებანი ყირიმში შემდეგში მდგომარეობს: თეთრი პორტვეინისათვის ყურძენი იწურება და კლერტის მოცლის შემდეგ ორი-სამი დღის განმავლობაში ტკბილს ჭაჭაზე აყენებენ კოდებში. ამ დროის განმავლობაში ჩვეულებრივ 6-8% შაქარი ასწრებს დადუღებას. კოდიდან მადუღარი ტკბილი ჭაჭასთან ერთად გადააქვთ წნეხში. გამოწნეხვის შემდეგ ღვინო მიდის კასრებში სადუღრად, როცა ტკბილში 9-10% დადუღარი შაქარი დარჩება აჩერებენ დუღილს სპირტის მიმატებით და მისი საერთო რაოდენობა მადუღარ ტკბილში 18,4-18,6 მოცულობით %-მდე აჰყავთ. ორი-სამი კვირის შემდეგ, როცა ღვინო დაიწმინდება – მას გადაიღებენ. ამ წესით წმინდა ალბილოსაგან (წულუკიძის თეთრა) დამზადებული პორტვეინის ტიპის ღვინო ღია მოოქროსფროა, აქვს ნაზი ტიპიური ბუკეტი და სრული ჰარმონიული გემო.

„მადერას“ ტიპის ღვინო სხვაგვარად მზადდება. კლერტგაცლილი გაჭყლეტილი ყურძენი დუღს 4-5 დღის განმავლობაში კოდში და როცა ტკბილში დარჩება 5-6% დაუდუღარი შაქარი მას გამოწნეხენ, ასხამენ კასრებში და უმატებენ ღვინის სპირტს 18,8-19,6 მოცულობით პროცენტამდე. სპირტის მიმატებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ ღვინოს გადაიღებენ და აცლიან ლექს. მეორე წელს ღვინოს აკუპაჟებენ ჯიშ ვერდელიოსა და სერსიალთან და თერმიულად ამუშავებენ მზეზე ან სამადერო კამერაში. ღვინის დავარგება მთავრდება მე-3 – მე-4 წელს, რომლის შემდეგ იგი მზადაა მოსახმარად.

რთველის დაწყების ვადა დამოკიდებულია როგორც წლის მეტეოროლოგიურ პირობებზე, ისე დასამზადებელი ღვინის ტიპზე. სუფრის ღვინისათვის წულუკიძის თეთრა უნდა დაიკრიფოს მაშინ, როცა მისი შაქრიანობა 19-20%, ხოლო მჟავიანობა 7‰ მიაღწევს. ჩვეულებრივ შაქრიანობა-მჟავიანობის ეს შეფარდება რაჭაში სექტემბრის შუა რიცხვებში დგება (15-20 რიცხვში), ხოლო ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვნისათვის 22-24% შაქრიანობისა და 5-6‰ მჟავიანობის დროს. მაგარი ღვინოების დასამზადებლად წულუკიძის თეთრა უნდა დაიკრიფოს მაშინ, როცა ყურძენში შაქრიანობა 24-26% და მჟავიანობა 5‰ მიაღწევს. ყირიმში ეს შეფარდება ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში დგება.

წულუკიძის თეთრას ღვინოების ქიმიური ბუნების დასახასიათებლად სუფრისა და მაგარი ღვინოების ანალიზების შედეგები მოყვანილია მე-5 ცხრილში.

საერთო შეფასება და დარაიონება

წულუკიძის თეთრა ადგილობრივი, სიმწიფის II პერიოდის ვაზის ჯიშია. გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, სადაც მას 476 ჰექტარი ფართობი უჭირავს. მისგან მზადდება ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „№25 – თეთრა“ და ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინო. საქართველოს გარეთ წულუკიძის თეთრა გავრცელებულია ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე და შუა აზიის რესპუბლიკებში სულ 30 ჰექტ. ფართობზე, სადაც წულუკიძის თეთრას იყენებენ მაგარი და სადესერტო ღვინის დასამზადებლად. მისგან წმინდად, ან სხვა ჯიშებთან ერთად დამზადებული პორტვეინის და მადერას ტიპის ღვინო მაღალი ღირსებით ხასიათდება.

ჯიშის დადებითი თვისებებია: შედარებით მაღალი მოსავლიანობა, სოკოვან ავადმყოფობათა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა, პროდუქციის კარგი ღირსება და მისი ვარგისობა ბუნებრივად ნახევრადტკბილი, სუფრისა და სადესერტო ღვინოების დასაყენებლად და აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად.

უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება – მიდრეკილება მარცვლების ლპობისადმი, განსაკუთრებით წვიმიან შემოდგომით და სხვა ჯიშებთან შედარებით შაქრის დაგროვების ნაკლები უნარი.

წულუკიძის თეთრა უკვე შეტანილია საქართველოს ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში – ყირიმის მხარეშიაც იგი შეტანილია სტანდარტულ ასორტიმეტში – იალტისა და ალუშტის რაიონებში მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ჩვენში მას უფრო დიდი გავრცელება და ფართო გამოყენება აქვს. ამიტომ დროული და მიზანშეწონილია მისი ფართობების კიდევ უფრო მეტად გადიდება. ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე მევენახეობის სამხრეთ და მაღალმთიან რაიონებში გასავრცელებლად, სადაც მისგან მიიღება სუფრის ხარისხოვანი ღვინო და ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. ამიტომ იგი თავისუფლად შეიძლება რეკომენდებული იქნეს აღნიშნულ რაიონებში ფართო საწარმოო გამოცდისათვის.

ლიტერატურა

1. დემეტრაძე ვ. მასალები დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მრეწველობის დარაიონებისა და სპეციალიზაციისათვის. ქუთაისი, 1936.
2. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957
3. მიროტაძე ა. რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1939.
4. მოდებაძე კ. მეღვინეობის წიგნი. თბილისი, 1948.
5. ტაბიძე დ. მეღვინეობის განვითარება საქართველოში. თბილისი, 1941.
6. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, ამპელოგრაფია. თბილისი, 1939.
7. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი II, თბილისი, 1934.
8. ჯორჯაძე ლ. მევენახეობა, ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. თბილისი, 1976.
9. Баллас М. Виноделие в России (историко-статистический очерк), ч. II, Западное Закавказье, СПБ, 1896.
10. Давитая Ф.Ф. Климатические зоны винограда в СССР, Москва, 1948.
11. Кварацхелия Ф.К. Западно-грузинские сорта винограда. Кутаиси, 1936.
12. Коржинский С.И. Ампелография Крыма. Описание сортов винограда разводимыхв Крыму, т.I-III, СПБ, 1904.
13. Камарова Е.С. Грузинские сорта винограда на Украине. Журн. «Виноделие и виноградарство СССР», №12, 1951.
14. Негруль А.М. Эволюция культурных форм винограда. Доклады АН СССР, том XVIII, №8, 1938.
15. Старосельский В.А. Закавказские сорта винограда (Шоропанский и Кутаисский уезды Кутаисской Губ.), Тифлис, 1893.
16. Табидзе Д.И. Институт «Магарач». Альбильо крымский (Цулукидзис тетра) «Ампелография СССР», т. II, Москва, 1953.


წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე; რედ.: დავით მაღრაძე, ლარისა ვაშაკიძე, თეიმურაზ ღლონტი; მხატვ. გიორგი მაღლაკელიძე. - მე-2 გამოც.. - თბილისი, 2012 (შპს Exclusive Print+). - 552 გვ. : ილ., ცხრ.; 32 სმ.. - იბეჭდება 1960 წლის გამოცემის მიხედვით. - გარეკანზე ავტ. აღნიშნულნი არ არიან. - განმარტებები: გვ. 548-549

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები