წყარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყარო

წყარო - ჰიდროტექნიკური სისტემის დამამთავრებელი ნაგებობა, დასახლებული ადგილის წყლითსარგებლობის ძირითადი ობიექტი.

ძველი ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ჰიდროტექნიკური სისტემების მაშენებლებსა და მომვლელებს „წყლის მკაზმავები“ ეწოდებოდათ (რომლებიც თავიანთი პროფესიის დიდი მნიშვნელობის გამო გათავისუფლებული იყვნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან), ხოლო იმ ადგილს, სადაც წყალი გადმოედინებოდა „წყაროს თუალნი“ და „ავაზანიც“ ეწოდებოდათ. „რაზომცა ციხენი და ქალაქნი აღაშენა ყოველგან წყაროს თვალნი გამოადინა“ (ვისრამიანი), „მტილ-სამოთხენი, თვალთ სამოთხენი, ზედ ავაზანთა შექმნილობანი“ (აბდულმესია). წყარონაგებობანი თავიანთი აგებულებით ერთ რომელიმე არქიტექტურულ სტილს არ ემორჩილებიან, მაგრამ მათი საერთო ნიშანი ქართული ხუროთმოძღვრული იერის მატარებელია, რომელიც ყველაზე მეტ მსგავსებას ამჟღავნებს საეკლესიო არქიტექტურასთან. ეთნოგრაფიული მასალით დგინდება, რომ წყარონაგებობის მშენებლობა სოფლისათვის პრესტიჟულ საქმიანობას წარმოადგენდა და მასში ყველა მოსახლე თანაბრად მონაწილეობდა. წყლის გაყვანისა და წყარონაგებობის მშენებლობას ხელმძღვანელობდა საგანგებოდ არჩეული პირი, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის გადაჭრა. განსაკუთრებით წყარონაგებობის ამშენებელი ქვითხუროს შერჩევა. ტიპური დასრულებული წყარო ნაგებობა ორი უზისაგან შედგება, რომელთაგან ერთში სასმელად საჭირო წყალი ჩაედინება, ხოლო მეორე სხვადასხვა საჭიროებისათვისაა განკუთვნილი. წყარონაგებობათა მშენებლობაში უმეტესად გათვალისწინებულია მისი ჰიგიენურად დაცულობის პრინციპი. წყარო თავისი აუცილებელი საჭიროების გარდა, წარმოადგენდა სოფლის საკრებულოს, სათემო თავშეყრის ადგილს და ფართო სოციალური ფუნქციის მატარებელი იყო.

ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები