ჭუმბურიძე დოდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:56, 30 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოდო ჭუმბურიძე

ჭუმბურიძე დოდო – (1946), ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ქუთაისში. 1968 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლად, ჟურნალ „განთიადის“ განყოფილების გამგედ, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ ლიტმუშაკად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკად, იყო თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტისა და დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის პრორექტორი.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1963 წელს გაზეთ „ქუთაისში“. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „გაზაფხული“, „გადაიხედე ჩემი გულიდან“, „შემოდგომის ტყე“, „ბედისწერის ნიშანი“, „მრავალძარღვას ფოთოლი მღერის“, „ვარსკვლავებსა და მცხეთის ჯვარს შორის“, „სამკაულები ამოვირჩიე“, „სანთლების ხეივანი“, „წვიმა მოთიბულ მდელოზე“, „სინათლე ბალახის ფესვიდან“. თარგმნილი აქვს ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ევგენი ევტუშენკოს, ბელა ახმადულინას, ნელი თარბას, ვანო თარბას, კონსტანტინე გერხელიას, რევაზ ასაევის ლექსები.


მაისი
მაისი ტანზე თეთრად მიმათოვს,
მთენთავი სუნი ექნებათ კორდებს,
ისეთი რამე უნდა ვინატრო, –
ახდენის ცოტა იმედი მქონდეს.
ნეტავ სულ ასეთ სიზმრებს აფენდეს
და აელვებულ ცისკრებით თოვდეს,
ამგვარად სცემდეს ტრფობა საფეთქლებს
და ქარი ამგვარ სიგიჟით ჰქროდეს.
ღამეს ათევდეს და ვერც ათევდეს,
სული სიცხიან ბავშვივით თრთოდეს,
გრიგალმა ჩვენში დაიბინადროს
და სივრცე ლამაზ ოცნებად გვფლობდეს...
ისეთი რამე უნდა ვინატრო, –
ახდენის ცოტა იმედი მქონდეს...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები