ხოვლეგორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოვლეგორა - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეს ჩრდილო-დასავლეთით, 2,5 კმ-ზე, სანიორე ქედის ბოლოში, ხეხველას მარცხენა ნაპირზე.

ხოვლეგორზე 1954-61 წლებში მოეწყო ექსპედიცია (ხელმძღვ ნ. ბერძენიშვილი). გაითხარა ნამოსახლარი, კერამიკოსთა სახელოსნო უბანი და სამაროვანი.

სარჩევი

ნამოსახლარი

ნამოსახლარზე გაითხარა რვა სტრატიგრაფიული ჰორიზონტი (I-VIII ზემოდან ქვემოთ). VIII-VII ჰორიზონტები თარიღდება ძვ. წ. XV-XIV საუკუნეებით. VI – დაახლ. ძვ. წ XIII საუკუნეებით. V – ძვ. წ. XII-X საუკუნეებით. IV – ძვ. წ IX-VII საუკუნეებით. III – ძვ. წ. VI საუკუნე. II – ძვ. წ V საუკუნე. I – ძვ.წ. IV საუკუნით.

გორაზე უწყვეტი ცხოვრება ყოფილა და ნამოსახლარი ფენები ერთმანეთის გაგრძელებასა და განვითარებას წარმოადგენს. თავდაპირველად მოსახლეობა სანიორე ქედის ბოლოში, განმხოლოებულ გორის თხემზე დასახლებულა და სამოსახლოსათვის ირგვლივ თხრილი და კედელი შემოუვლია. ძვ.წ. XV-VII საუკუნეების (VIII-IV ჰორიზონტი) საცხოვრებელი სახლები ძირითადად სწორკუთხაა, ერთოთახიანი, აქვს ქვითა და ტალახით ნაგები საფუძველი, იატაკი თიხატკეპნილია, კედლები – ძელური, ორივე მხარეს შელესილია თიხით. უკანა კედლის მარცხენა კუთხეში ღუმელია, მარჯვენაში – თიხის ნაძერწი ვერძის თავებით შემკული საკურთხეველი. ტიხრები წნულისაა, ორივე მხარეს თიხით შელესილი. სახურავი, სავარაუდოა, ბანური იყო, გადახურვა კედლის ხის სვეტებს (შემორჩენილია ნაშთები) ეყრდნობოდა, შუაზე გადებული იყო თავხე. საცხოვრებელი სახლებში აღმოჩნდა ნამგლის კაჟის ჩასართები, საწყაოკოდები“ (მარცვლეულის შესანახი ორმოები), მარცვლეული, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველთა ძვლები, რაც იმას მოწმობს, რომ იმდროინდელი ხოვლეგორელები მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას მისდევდნენ. აღმოჩნდა აგრეთვე სამეთუნეო ჩარხზე დამზადებული შავად და ლეგად, ზოგჯერ წაბლისფრად გამომწვარი სხვადასხვა გეომეტრიული სახეებით შემკული ჭურჭელი: ქილები, დერგები, დოქები, ქოთნები, ქვაბქოთნები, ტოლჩები, ჯამ-ლანგრები და ქვევრის ნატეხებიც.

ძვ. წ XII-X საუკუნეებში ხოვლეგორის ჩრდილოეთით სოფელი გაჩნდა. ამ დროის საცხოვრებელი სახლებში ერთი ნახევარი ბოსლადაა გამოყენებული, სადაც მოწყობილია ზღვე თავისი სანერწყულით. ძვ. წ IX-VII საუკუნეებში (IV ჰორიზონტი) ხოვლეგორელებს ერთი საერთო ბოსელი ჰქონიათ, რომელიც მიშენებულია გორის გამომყოფ კედელზე. ბოსლის იატაკი მოფილაქნებულია და ზღვეს (სიგ. 2 მ) წუნწუხის სადინარი გასდევს. ბაგა ხის ძელებითაა მოწყობილი. ამავე პერიოდში ნამოსახლარზე ერთი საერთო სალოცავიც შეუქმნიათ. ქვით ნაგები მასიური სვეტი (სიმ. 2 მ). ამ ჰორიზონტში აღმოჩნდა ოთხი ორფიცრიანი კევრი, IV ჰორიზონტში, როგორც გორაზე, ისე სოფელში, რომელიც ახლა უკვე სამხრეთიდან ეკვრის გორას, ჩნდება წითლად გამომწვარი კერამიკა. ძვ. წ VI საუკუნეში (III ჰორიზონტი) გორა საკმაოდ გასცდენია ბუნებრივ ფარგლებს. მისთვის ღრმა თხრილთან ერთად ქვის დიდი გალავანი შემოუვლიათ, გაზრდილა სოფლის საზღვრებიც და მოსახლეობის რაოდენობა. ახლა გორაზე და სოფელშიც სახლები შენდება ნატეხი ქვითა და ტალახით ნაგებ საფუძველზე ტკეპნილი თიხით ან ალიზით. გორაზე სახლები რამდენიმე ოთახისაგან შედგება. დარჩა ძველებური ღუმელი ოთახის კუთხეში, ღუმელთან ახლოს ქვის მაგიდაა, კედლის გასწვრივ სკამი, ერთ-ერთ ოთახში კედლებზე და იატაკზე აღმოჩნდა ჭილოფი. გაჩნდა ახალი ტიპის საკურთხეველი – შუა ოთახში თიხის ან ქვის ოთხკუთხა ან მრგვალი ბაქნები (სიმ. 0,2 მ), რომელზედაც ცეცხლის კვალი ჩანს. საქონელი ისევ საცხოვრებელში ჰყავთ. გორაზე საქონლის სადგომი არ შეიმჩნევა. გორაზეც და სოფელშიც შავლეგად გამომწვარი ჭურჭელი ინარჩუნებს ძველ ფორმებს და ორნამენტაციას, ჩნდება წითლად გამომწვარი ჭურჭლის ახალი ფორმები (ქვევრები, დერგები, გრძელტანიანი ქილები, მილიანი და სამტუჩა დოქები და სხვ.). ჭურჭელი შეღებილია წითელი საღებავით (წერნაქით). ნამოსახლარზე აღმოჩნდა აგრეთვე ქვის სამეურნეო იარაღი (ხელსაფქვავები, სანაყები, საბეგვლები, ნამგლის კაჟის ჩასართები, სადგისები, ქალის პატარა ქანდაკება). რკინისა (დანისპირის ფრაგმენტები, „ასტამი“) და ძვლის (ყუნწიანი ისრისპირები, სადგისები) ნივთებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამომწვარი თიხის სამეთუნეო მორგვი (III ჰორიზონტი).

ხოვლეგორის ნამოსახლარი შედის აღმოსავლეთ ამიერკავკასიის კულტურის წრეში. იგი მთელი რიგი ნიშნებით ენათესავება მომიჯნავე მხარეების ლოკალურ კულტურულ წრეებს (ქვემო ქართლი, თრიალეთი, შიდა ქართლი, სამთავრო) მაგრამ მნიშვნელოვნადაც განსხვავდება მათგან, რაც მიუთითებს აქ არქეოლოგიურ მიკრორაიონის არსებობაზე.

სახელოსნო უბანი

სახელოსნო უბანი მდებარეობს ნამოსახლარის სამხრეთით, 0,5 კმ-ზე. შესწავლილია სამი პერიოდის (ძვ. წ. IX-VIII, VII-VI და V-IV საუკუნეების) სახელოსნოები. ყოველ სახელოსნო უბანზე აღმოჩნდა ქურა, ხელოსნის სამუშაო ქვის მაგიდა, თიხის შესანახი (გასაფუებელი) ორმოები, წყლის შესანახი დერგები და ხელოსნის საცხოვრებელი სახლი. აქ გამოვლენილი ქურები ერთმანეთთან გენეტიკურად არიან დაკავშირებული, მაგრამ განსხვავდებიან კონსტრუქციულად.

სამაროვანი

სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0,5 კმ-ზე; ადგილ დუბეში. თარიღდება ძვ. წ XIV-VI საუკუნეებით. სამარხებში მიცვალებულები ჯგუფ-ჯგუფად არიან დაკრძალული, ინტვენტარი ერთფეროვანია განსხვავებულია ძვ. წ VII-VI სს. სამარხები, რომლებიც სოციალური დიფერენციაციის მაჩვენებელ მასალას შეიცავენ. მოპოვებული მასალის ნაწილი დაცულია საქართველოს სახელმწფო მუზეუმში, ძირითადი ნაწილი კი – კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალში, ხოვლეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები