ხოლიგისწვერის ანგელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 16 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოლიგისწვერის ანგელოზი – ხოლიგის წვერი ერთი მაღალი მთაა ხევსურეთში არჭილოსა და ხახაბოს შუა. აქ წინათ ძალიან მდიდარი სალოცავი ყოფილა. ახლაც არის მისი ნადარბაზალი, ორი ჟანგიანი ლითონის ჯვარიც არის შემორჩენილი. დღესდღეობით მომსწრე არავინ არის, რომ ახსოვდეს იქ სალოცავად სიარული. არც ის ახსოვს ვინმეს, თუ რომელი ღვთისშვილის სახელზე ლოცულობდნენ ამ მაღალ მთაზე. ახლა კი ხოლიგის წვერის ანგელოზს ეძახიან. სალოცავს ბევრი ნადირი – ჯიხვი ჰყოლია. მათზე ნადირობა ხოლიგის წვერის ჯვარისაგან აკრძალული ყოფილა.

ლეკებს სცოდნიათ ამ სალოცავის სიმდიდრის ამბავი და წამოსულან თურმე და დასხმიან თავს. შეულეწავთ კარი და გაუტანიათ ყველაფერი, რაც იქ იყო. ერთი ოქროს ჯვარი ყოფილა იქ, თვალთ არ იყრიდა თურმე, ისეთი ბრწყინვალე სამკაულებით ყოფილა მორთული. ჯვარი წაუღიათ ლეკებს და ღვთისშვილიც გაჰყოლია ამ ჯვარს. სოფელში რომ მიუტანიათ, ერთ სუფთა ადგილზე დაუბრძანებიათ. მაგრამ რაკი ლეკები ურჯულოები იყვნენ, ჯვარს არ უნდოდა, ქრისტიანთ სალოცავი ურჯულოთა ქვეყანაში ყოფილიყო და გამწყრალა თურმე. გაჩენილა ლეკეთში ავადმყოფობა და ბევრი ხალხი გამწყდარა. მერე მკითხავს უთქვამს: ეგ ქრისტიანთ სალოცავი ჯვარი თუ არ მოაშორეთ, ამ ხალხის ხოცვას ვერ გადარჩებითო. ლეკებსაც შეუთვლიათ ხახაბოვლებისათვის, წამოდით და წაიღეთ თქვენი ჯვარიო. მაგრამ ხახაბოდან არავინ წასულა ლეკეთს ჯვრის დასაბრუნებლად და დარჩენილა იქ. ლეკებს ჯვარი იმ ადგილიდან აუღიათ და მაღალ მთაზე ერთ კლდეში დაუბრძანებიათ, ერთი ვერძიც დაუკლავთ და შემწყდარა ხალხის მუსრვა.

ლეკებს რომ ხატი წაუღიათ ხახაბოდან და ღვთისშვილიც თან გაჰყოლია, მაშინ ნადირიც წასულა და ლეკეთის მთაში გადახვეწილა. ნადირი რომ აიყარაო, ამბობენ, წავიდა როგორც ცხვრის ფარაო. სულ ბოლოს ერთი თოვლივით თეთრი ჯიხვი მიდიოდა და ისიც კლდეს მიეფარაო. ეს ჯიხვი არც მანამდე ჰყავდა ვისმე ნანახი და არც მერე ლეკეთში არავის უნახავსო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები