ხორბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(სამეგრელო)
ხაზი 42: ხაზი 42:
  
 
===== სამეგრელო =====
 
===== სამეგრელო =====
[[ფაილი:Miwis damuSaveba xis kaviT.jpg|thumb|250px|სამეგრელო. ყმა გლეხის კარ-მიდამო, მიწის დამუშავება ხის კავით]]
+
[[ფაილი:Miwis damuSaveba xis kaviT.jpg|thumb|300px|'''სამეგრელო. ყმა გლეხის კარ-მიდამო, მიწის დამუშავება ხის კავით''']]
 
გასული საუკუნის 20-იანი წლების მონაცემებით, სამეგრელოში თესავდნენ ხორბალს: “...პურს ერთსა და იმავე მიწაზე შვიდიდან ათ წლამდე შეუწყვეტლივ თესენ; მერე გლეხი რაკი დაატყობს, ნიადაგი მოიღალაო, თავს ანებებს და სხვა, დასვენებულს და საძოვრად გაშვებულს მიწას დაუწყებს ხვნას. პურის დასათესად დანიშნულ ნიადაგზე ღვინობის თვეში მოაგროვებენ ბალახ-ბულახს, ეკლებს, ჯირკვებს და ყველას ერთად ცეცხლს წაუკიდებენ, ამის შემდეგ მოუხვნელ ნიადაგზე თესლს მოაბნევენ, მერე უღელ-ხარ შებმული სახნისით ერთის გოჯის სიღრმეზე მოხნავენ და მოხნულს დაფარცხავენ. მაისის გასულს პურს მომკიან კიდეც. პურს მზეზე აშრობენ. ლეწვა [[კალო|კალოზე]] იციან, ნავის ძირის მსგავს სალეწავით ([[კევრი]]), რომელსაც ძირში ხშირად კაჟის მსხვილი ნატეხები აქვს ჩასმული. კევრში ერთ უღელ ხარს აბამენ, ზედ შედგებიან და დაასრიალებენ წინ და უკან გაშლილ კალოზე, სანამ მარცვალი არ მოსცილდება თავთავს. ხორბალს ამის შემდეგ მზეზე აშრობენ, ფქვავენ და ფქვილად ინახავენ” ''(ბოროზდინი და სხვ., 1927)''.
 
გასული საუკუნის 20-იანი წლების მონაცემებით, სამეგრელოში თესავდნენ ხორბალს: “...პურს ერთსა და იმავე მიწაზე შვიდიდან ათ წლამდე შეუწყვეტლივ თესენ; მერე გლეხი რაკი დაატყობს, ნიადაგი მოიღალაო, თავს ანებებს და სხვა, დასვენებულს და საძოვრად გაშვებულს მიწას დაუწყებს ხვნას. პურის დასათესად დანიშნულ ნიადაგზე ღვინობის თვეში მოაგროვებენ ბალახ-ბულახს, ეკლებს, ჯირკვებს და ყველას ერთად ცეცხლს წაუკიდებენ, ამის შემდეგ მოუხვნელ ნიადაგზე თესლს მოაბნევენ, მერე უღელ-ხარ შებმული სახნისით ერთის გოჯის სიღრმეზე მოხნავენ და მოხნულს დაფარცხავენ. მაისის გასულს პურს მომკიან კიდეც. პურს მზეზე აშრობენ. ლეწვა [[კალო|კალოზე]] იციან, ნავის ძირის მსგავს სალეწავით ([[კევრი]]), რომელსაც ძირში ხშირად კაჟის მსხვილი ნატეხები აქვს ჩასმული. კევრში ერთ უღელ ხარს აბამენ, ზედ შედგებიან და დაასრიალებენ წინ და უკან გაშლილ კალოზე, სანამ მარცვალი არ მოსცილდება თავთავს. ხორბალს ამის შემდეგ მზეზე აშრობენ, ფქვავენ და ფქვილად ინახავენ” ''(ბოროზდინი და სხვ., 1927)''.
  

15:28, 16 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ხორბალი

ხორბალი- (Triticum L.). ტერმინი ხორბალი (ჭანურად "ქოვ-ალი" // "ქუვ-ალ-ი", "ქუ-ალ-ი", "ქვ-ალ-ი"; მეგრულად "ქობალი"; სვანურად "კვეცენ"), საქართველოში თავდაპირველად აღნიშნავდა საერთოდ ყოველგვარ პურეულ მცენარეს, ხოლო მოგვიანებით - მთლიანად ხორბლის გვარს. შემდგომ ხანაში შეიმჩნევა ტერმინ „ხორბლის“ ჩანაცვლება „პურით“, რომელიც გულისხმობს, როგორც თვითონ ხორბლის პურს, ასევე მცენარეს.

თავდაპირველად ქართველები საკუთრივ პურისა და პურეული მცენარის აღსანიშნავად სახელწოდება „დიარს“ იყენებდნენ. ამჟამად ტერმინი „დიარ“ შემონახული აქვთ მხოლოდ ლაზებსა და სვანებს (ივ. ჯავახიშვილი, 1930; Менабде, 1948).

სარჩევი

ქართული ხორბალი

ქართული ხორბალი, ქერი და ფეტვნაირი კულტურები ადასტურებს საქართველოს უნიკალურ პრეისტორიულ კულტურას. მიწათმოქმედების პირველი ნიმუშები საქართველოს ტერიტორიაზე თარიღდება მეზოლითის პერიოდით (Менабде, 1964). ნეოლითისა და ენეოლითის პერიოდებში საქართველოში უკვე ითესებოდა ხორბალი, ქერი, ფეტვნაირები, საზეთე-ბოჭკოვანი კულტურები, მოშენებული იყო ვაზი და ხეხილი (Менабде, 1948; Горгидзе, 1977; ICARDA 2003; Akhalkatsi et al., 2012).

ნ. ბრეგაძის გამოკვლევებით (1987), მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს საქართველოში გავრცელებული სამიწათმოქმედო ყოფასთან დაკავშირებული ლექსიკაც - აგროტერმინები, ხორბლის სახელწოდებები, აგრეთვე, აგრარული და ძველქართული წარმართული კალენდრების მონაცემები. ამ ტერმინთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ხორბლის უძველესი სახელწოდება - დიარ, რომლის წარმოშობა უნდა განეკუთვნებოდეს ქართველთა ყოფის იმ ადრეულ, მიწათმოქმედებამდელ ხანას, როცა ადამიანი ის-ის იყო იწყებდა მარცვლეულის გამოყენებას.

„საქართველოს ხორბლები გვევლინება თავისებურ ცოცხალ მუზეუმად, სადაც ხორბლის გვარის მთელი სახეობრივი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. მხოლოდ აქ (მსოფლიოში სხვაგან არსად) არის შემონახული კულტურული ხორბლების ევოლუციის საწყისი ეტაპები. ამგვარად, ხორბლების ქართული მუზეუმი მსოფლიო მნიშვნელობის უნიკუმია, რომლის ბადალი სხვაგან არსად გვხვდება” (Менабде, 1948; მაისაია და სხვ., 2005).

ხორბლის ველური ნათესავი, ეგილოფსი. Aegilops tauschii Coss.

ბოტანიკური, არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული და ლინგვისტური გამოკვლევებით მტკიცდება, რომ ხორბლის წარმოშობის წინააზიურ ცენტრში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. კულტურული ხორბლის წარმოშობის ქართულ კერაში შემორჩენილია ხორბლის ისეთი სახეობები, რომლებიც მიეკუთვნება ხალხური სელექციის დასაწყისს ველურ სახეობათა არსებობის პირველ პერიოდს (ნასყიდაშვილი, 1983; მაისაია და სხვ., 2005). საქართველოში შემორჩენილია როგორც კილიანმარცვლიანი, მტვრევადთავთავიანი (ველური სახეობისა და „დომესტიკაციის“ ადრეული ეტაპის არქაული ხორბლისთვის დამახასიათებელი ნიშნები), ისე შიშველმარცვლიანი, ადვილად ლეწვადი ხორბალი.

აკულტურაციის ერთ-ერთ წრეში შეჰყავდათ. აქ მოჰყავდათ ველურიდან კულტურულ პურეულში გარდამავალი ენდემური სახეობები – მახა და ზანდური(ჩიტაია, 1944).

არქეოლოგიური მონაცემები

არქეოლოგიური მონაცემებით, ხორბლის კარბონიზებული მარცვლები დაფიქსირებულია ძვ.წ. VI-IV ათასწლეულის ძეგლებზე (არუხლო, ხრამის გორა, შულავერი, ჩიხორი, ხელთუბანი). არუხლოს ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე იდენტიფიცირებული ხორბლის სახეობებია: Triticum boeoticum, T. monococcum, T. dicoccon, T. carthlicum, T. durum, T. spelta, T. aestivum/compactum – და სხვ. პალეობოტანიკური მასალების ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ნეოლითური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე ხორბლის შიშველმარცვლიანი სახეობები უკვე დომინირებს კილმარცვლიან, მტვრევადთავთავიან ფორმებზე. რაოდენობრივი თვალსაზრისით მათი უპირატესობა აშკარაა. რბილი ხორბლის მარცვლების გარდა, ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილია ამ სახეობის თავთავის ღერძის ნაწევრები. ნეოლითის ხანის ძეგლებზე რბილი ხორბლის შემდეგ ფართოდ გავრცელებული სახეობაა ასლი – T. dicoccon (Русишвили, 1990; მაისაია და სხვ. 2005).

ხორბლის სახეობები საქართველოში

1926 წ. ნ. ვავილოვმა გამოაქვეყნა წიგნი „კულტურული მცენარეების წარმოშობის ცენტრების შესახებ” (Вавилов, 1926). იგი თავის შრომებში დიდ ყურადღებას უთმობდა ამიერკავკასიის კულტურულ მცენარეებს. ნ. ვავილოვმა რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში. საყოველთაოდაა ცნობილი მისი აზრი საქართველოს შესახებ – „საქართველო არის უძველესი აგრარული კულტურის ქვეყანა”. ნ. ვავილოვმა და მისმა კოლეგებმა: პ. ჟუკოვსკიმ, ლ. დეკაპრელევიჩმა, ვ. მენაბდემ და სხვ., მოაწყვეს ექსპედიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შეაგროვეს ხორბლის ნიმუშები, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ნიმუშები მიეკუთვნებოდა შემდეგ სახეობებს: Triticum boeoticum Boiss., T.monococcum L., T. durum Desf., T. dicoccon (Schrank) Schubl., T. palaeo-colchicum Menabde, [=T. georgicum (Dekapr. & Menabde) Dekapr.], T. timopheevii(Zhuk.) Zhuk., T. turgidum L., T. carthlicum Nevski, T. polonicum L., T. aestivum L., T. macha Dekapr. & Menabde, T. zhukovskyi Menabde & Eritzjan;

მათგან საქართველოს ენდემური სახეობებია: T. timopheevii – Celta zanduri, T. zhukovsky – zanduri, T. macha – maxa, T. palaeo-colchicum – kolxuri asli, T. carthlicum – dika (ICARDA, 2003).

ხორბლის სამშობლო როგორც ე. სინსკაია (Синская, 1969) აღნიშნავს, წინა აზია არის ხორბლის 12 სახეობის სამშობლო, აქედან 8 სახეობის სამშობლოა სამხრეთი კავკასია. ხორბლის ენდემური სახეობებისა და ფორმების სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია (ICARDA, 2003).

ხორბლის ქართული ენდემური სახეობები არის ძვირფასი მასალა სელექციისათვის. კერძოდ, ტეტრაპლოიდური ხორბალი – T. timopheevii da heqsaploiduri _ T. zhukovskyi, ხასიათდება სოკოვანი დაავადებების მიმართ მაღალი მდგრადობით. ნ. ვავილოვის პირველი შრომები მცენარის იმუნური სისტემის შესახებ უკავშირდება ხორბალ დიკას –T.carthlicum-ს. ეს სახეობა ხასიათდება დაავადების მიმართ მძლავრი იმუნიტეტით, აქვს ვეგეტაციის მოკლე პერიოდი და ყინვაგამძლეა. ითესება მთაში, 2200-2300 მ ზღ. დ.-დან. აღსანიშნავია, რომ დიკა ფართოდ იყო გავრცელებული ჯავახეთში (ICARDA, 2003).

1950 წ. ვლ. მენაბდე აღნიშნავდა: „საქართველოს ხორბლების ენდემური სახეობები წარმოიშვა ისტორიულ წარსულში, ქართველურ ხალხთა თავდაპირველი სამშობლოს მინდვრებზე; ისინი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდანაა მოსული ქართველურ ტომებთან ერთად, რომლებმაც შეინარჩუნეს ეს რელიქტი ჩვენს დრომდე“ (მენაბდე, 1950).

უძველესი კოლხური კულტურების რელიქტებში (მახა, ზანდური, ძველი კოლხური ასლი) ნათლადაა წარმოდგენილი ხორბლის ევოლუციის თითქმის ყველა ეტაპი (Менабде, 1948).

როგორც ივ. ჯავახიშვილი (1930) აღნიშნავდა, ქართულ სამიწათმოქმედო ტერმინოლოგიაში ხორბლის კულტურა მოხსენიებულია წერილობით ძეგლებში, რომლებიც განეკუთვნება ძვ.წ. V საუკუნეს. უძველეს ქართულ ლექსიკაში კარგადაა ასახული ხორბლის სახეობრივი და ჯიშობრივი დიფერენციაცია, ხორბლის ქართული სახელწოდებები: ზანდური, მახა, ასლი, იფქლი, ხულუგო და ა.შ.

ცნობებს საქართველოში ხორბლის გავრცელების შესახებ

ცნობებს ძველ საქართველოში ხორბლის გავრცელების შესახებ ვხვდებით ანტიკური საბერძნეთის ისტორიკოსების ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს შრომებში (მიქელაძე, 1967, ყაუხჩიშვილი, 1960). უფრო გვიანდელი ცნობები საქართველოს ხორბლის შესახებ ეკუთვნის სულხან-საბა ორბელიანს (1658 -1725 წწ.), ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.), საქართველოში მოგზაურ უცხოელ ნატურალისტებს - გიულდენშტედტს, ი. გეორგის, ი. კლაპროტს (XVIII- XIX სს.).

შორეული წარსულიდან დღემდე ფრაგმენტების სახით მოღწეულია ხორბლის ქართულ სახეობათა და სახესხვაობათა დიდი მრავალფეროვნება, რომლებიც საუცხოოდ არის შეგუებული საქართველოს სხვა დასხვა კუთხის ბუნებრივ პირობებთან. ქართული ხორბლების მნიშვნელობა არ განისაზღვრება მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით, მათ განსაკუთრებული პრაქტიკული სელექციური ღირებულებაც აქვთ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოკოვანი დაავადებების მიმართ კომპლექსური იმუნიტეტი, გარემოსადმი ადაპტაციის განსაკუთრებული უნარი, პურცხობის საუკეთესო თვისებები და სხვ.

ხორბლის მოყვანა

ხორბალს უკავშირდება მატერიალური კულტურის რელიქტური ელემენტები, კერძოდ, მახას და ზანდურის მოსავლის ასაღებად გამოყენებული სამუშაო იარაღები: შნაკვი//შამკვი // შანკვი, ხორბლის სალეწი კევრი და სხვ.

სამეგრელო
სამეგრელო. ყმა გლეხის კარ-მიდამო, მიწის დამუშავება ხის კავით

გასული საუკუნის 20-იანი წლების მონაცემებით, სამეგრელოში თესავდნენ ხორბალს: “...პურს ერთსა და იმავე მიწაზე შვიდიდან ათ წლამდე შეუწყვეტლივ თესენ; მერე გლეხი რაკი დაატყობს, ნიადაგი მოიღალაო, თავს ანებებს და სხვა, დასვენებულს და საძოვრად გაშვებულს მიწას დაუწყებს ხვნას. პურის დასათესად დანიშნულ ნიადაგზე ღვინობის თვეში მოაგროვებენ ბალახ-ბულახს, ეკლებს, ჯირკვებს და ყველას ერთად ცეცხლს წაუკიდებენ, ამის შემდეგ მოუხვნელ ნიადაგზე თესლს მოაბნევენ, მერე უღელ-ხარ შებმული სახნისით ერთის გოჯის სიღრმეზე მოხნავენ და მოხნულს დაფარცხავენ. მაისის გასულს პურს მომკიან კიდეც. პურს მზეზე აშრობენ. ლეწვა კალოზე იციან, ნავის ძირის მსგავს სალეწავით (კევრი), რომელსაც ძირში ხშირად კაჟის მსხვილი ნატეხები აქვს ჩასმული. კევრში ერთ უღელ ხარს აბამენ, ზედ შედგებიან და დაასრიალებენ წინ და უკან გაშლილ კალოზე, სანამ მარცვალი არ მოსცილდება თავთავს. ხორბალს ამის შემდეგ მზეზე აშრობენ, ფქვავენ და ფქვილად ინახავენ” (ბოროზდინი და სხვ., 1927).

მესხეთ-ჯავახეთი

გ. ჯალაბაძის მიერ შეკრებილი მასალებიდან ირკვევა, რომ მესხეთში გავრცელებული ჯიში იყო „მახნია პური". ის ითესებოდა მესხეთის თითქმის ყველა სოფელში „მახნია პური“ ისეთი იყო, როგორიც დოლის პური, თეთრი თავთავი ჰქონდა, იგი ძირითადად მტკვრის ხეობის ზედა სოფლებში იყო გავრცელებული. ითესებოდა ხორბლის ჯიში „თოფბაში“; „თოფბაში“ თურქული სიტყვაა და „მსხვილთაველიან“ პურს ნიშნავს. „ფასენი" – მსხვილთაველიანი და მსხვილმარცვლიანი პურის ჯიში ყოფილა, მისი პური მეტად გემრიელი იყო (ჯალაბაძე, 1972).

მესხეთ-ჯავახეთი ძველთაგანვე გამოირჩეოდა ველურ და კულტურულ მცენარეთა მრავალფეროვნებით და საკმაოდ განვითარებული მიწათმოქმედებით საქართველოს ამ კუთხეში მოსახლე ქართველებს ხორბალი იმდენი მოჰყავდათ, რომ საზღვარგარეთაც კი გაჰქონდათ. თამარ მეფის ეპოქაში (XII ს.) მესხეთი საქართველოსათვის ნამდვილი ბეღელი იყო (ბერიაშვილი, 1973).

მესხეთ-ჯავახეთის ქართველობა ხორბალს ინახავდა ხაროში. ხაროს უმთავრესად ეზო-კარმიდამოს ფარგლებში აკეთებდნენ. ზოგჯერ იგი უშუალოდ სახლის შიგნით საბძელსა და კარაპანში იყო გაკეთებული. ჯავახური ხარო ქვითკირით იყო ამოყვანილი და მოყვანილობით ქვევრის ფორმას იმეორებდა. ხაროს წინასწარ საგულდაგულოდ ამოაშრობდნენ, ცეცხლს ჩაუნთებდნენ, მერმე განიავებდნენ, ფსკერზე გამხმარ თივას სქლად მოაფენდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყრიდნენ შიგ გამშრალ-განიავებულ ხორბალს. ზემოდან კვლავ თივას დააფენდნენ და ქვის სარქველს დაახურავდნენ. ამის შემდეგ ხაროზე აუცილებლად მიწის სქელ ფენას დაყრიდნენ, რომელსაც საგულდაგულოდ მოასწორებდნენ. ასე საიმედოდ ინახავდა გლეხი ჭირნახულს. ხაროში ხორბლის შენახვის ხანგრძლივობა ნიადაგსა და ხორბლის ჯიშზე იყო დამოკიდებული. კარგად გამომშრალი ხორბალი სათანადო ნიადაგურ პირობებში თითქმის თხუთმეტი წლის განმავლობაში ინახებოდა. სხვადასხვა მიზეზის გამო ხაროში, არცთუ იშვიათად, მავნე გაზები გროვდებოდა, ამიტომ შიგ ჩასვლა ადამიანისათვის საშიში იყო. როცა ხორბლის ამოღება უნდოდათ, მას სარქველს მოხდიდნენ და რამდენიმე ხანს ასე ტოვებდნენ. ამის შემდეგ შემოწმების მიზნით, შიგ ქათამს ჩასვამდნენ. თუ ქათამი არ გაიგუდებოდა, ხაროში ადამიანის ჩასვლა საშიში აღარ იყო. ჯავახეთში ქვიტკირის ხაროს გარდა, დიდი ტევადობის სამეურნეო დანიშნულების საცავ-ჭურჭელს წარმოადგენდა „ლაზამბარი“, რომლის გაკეთების ტრადიცია, სამხრეთ საქართველოში ლაზებმა დანერგეს (ჩიქოვანი,1982).

მთის რეგიონები

მთხრობელთა გადმოცემით მთაში ხვნა-თესვა იწყებოდა გაზაფხულზე, აღდგომის შემდეგ, „დამპლის კვირა“ რომ გავიდოდა. აღდგომის შემდეგ ერთი კვირა უფრო ხშირად წვიმიანი იყო, კიდეც რომ დაგეთესა რამე, მიწაში ჩალპებოდა. ხვნა ძირითადად იყო ერთი კვირის შემდეგ, აპრილის ბოლოდან 15 მაისამდე. გაიტანდნენ ხარ-გუთანს, თან მიჰქონდათ გამომცხვარი ქადა. გუთანს რომ შეაბავდნენ, „გუთნის დედა“ გასერავდა ქადას, სანთელს აანთებდა და ხარებს რქებზე მიაკრავდა ორ სანთელს; ერთი თვითონ ეკავა მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენაში სასმისით სავსე ჭიქა ან პატარა ყანწი (უფრო ყანწი). ამის შემდეგ წარმოსთქვამდა ლოცვას, შეავედრებდა ღმერთს თავის ოჯახს, შესთხოვდა ბუნების ძალას დათესილის მფარველობას და მშვიდობაში მოხმარებას. იქვე ჰქონდათ „ხმიადი“. გატეხავდა ამ ხმიადს შუაზე და ხარებს შეაჭმევდა. ამის შემდეგ დასხდებოდნენ, შეჭამდნენ ქადას, დალევდნენ 3-3 ჭიქა სასმელს და მერმე შეუდგებოდნენ ხვნა-თესვას. მხარზე გადაკიდებული ჰქონდათ ხურჯინი, სადაც თესლი ეყარა; იღებდნენ თითო მუჭას და მოაბნევდნენ მოზომილი რაოდენობითა და სისწრაფით. პურეულის ყანები ძირითადად იმკებოდა აგვისტოში. მკიდნენ ნამგლით, მაგრამ ზოგიერთ პურეულის ძნას ძირიანად აძრობდნენ, ამას „ღულით“ მკას ეძახდნენ; მიწას ჩამობერტყავდნენ და ისე კონავდნენ. ასე იღებდნენ უმთავრესად „სვილს“ და „ტრუპკას“ (წიწიბურას). ნამგლით იმიტომ არ ჭრიდნენ, რომ მისი ღერო სჭირდებოდათ „ყარტად“ საბძლებისა და სახლების დასახურავად. მომკილ ხორბლის თავთავს ააგებდნენ მამულებშივე ჯერ „წერილეებად“ (3 ძნას აყუდებდნენ ერთმანეთზე), მერმე ამ „წერილეებს“ გადააბამდნენ „ხუთულეებად“. ამ „ხუთულეებს“ მიზიდავდნენ სახლთან კალოზე და აგებდნენ ძნებად. ამას ეწოდებოდა „მუხლის ძნა“. მთელ ჭირნახულს რომ მოიმარაგებდნენ, ზამთარში აციების დროს იწყებდნენ ლეწვას, ხარის ფეხით. კალოს საღამოთი მოასხამდნენ წყალს, დილით ის იყო ყინულით დაფარული. დილით უთენია ჩაშლიდნენ ძნას და ხარებს „თავსაწაფით“ (თოკით) ატრიალებდნენ კალოში. ხარებს პირზე ამოკრული ჰქონდათ საპირეები. როცა მოილეწებოდა, ხარებს გვერდით გადააყენებდნენ და „მოჩალავდნენ“ (ჩალას მოაცილებდნენ) ფიწლით. მერმე „მოასურავებდნენ“ (ჩალიან მტვრიან ნაწილს მოაცილებდნენ). ამის შემდეგ არნადით მოხვეტავდნენ ერთად, მოახვავებდნენ და მეორე კალოს ჩაშლიდნენ; მერე გალეწავდნენ მესამედაც. შემდეგ ხარებს გამოუშვებდნენ და დაიწყებდნენ ამ ხვავის განიავებას და ცხავში გატარებას, გაცხრილვას, შემდეგ „დატაპკვას“ (დატაპკვა ტაბაკით დამუშავებას ეწოდება). „ტაბაკი“ ფართე ხის თეფშივით არის. ამას აკეთებდნენ იმისათვის, რომ მოეცილებინათ ქვა ან სხვა მინარევი. გასუფთავებულ მარცვლებს ინახავდნენ გოდრებში. გოდორი იყო დიდი, ძროხის ნაკელში შერეული ნაცრით გალესილი, თაგვი არ ეკარებოდა (დუშეთის რ-ნი, სოფ. კაწალხევი, მთხრ. გ. ხორნაული, 2014 წ)“.

რაჭა-ლეჩხუმი

რაჭისა და ლეჩხუმის ყველა სოფელში დამოწმებული, ხვნა-თესვის პირველ დღესთან დაკავშირებული, თესლგაღების საინტერესო ჩვეულების მიხედვით ხვნა-თესვა ყველგან “ფეხგასულზე, ადრე გაზაფხულზე ნაცხრამარტევს” იწყებოდა, ზოგ სოფელში კი თევდორობა დღეს. თესლის გასაღებად ძველ მთვარეზე დაამზადებდნენ ოჯახში ტაბლას, საზედაშე ღვინოს, სახვნელის, ხარებისა და ა. შ. გამოსახულებებით მოხატულ და ნამგლის ფორმის განატეხებს; ყოველივე ამას ყანაში, ან იქვე მახლობლად ეზოში გაიტანდნენ; ხარებს რქებზე წამოაცვამდნენ პურის გორგალს, მიამაგრებდნენ ანთებულ სანთლებს და თავზე „კირინებს“ (გამომცხვარი მრგვალი კოკრები) გადააყრიდნენ. სანთლების დადნობის შემდეგ დაილოცებოდნენ, ღმერთს მოსავლიან წელიწადს შესთხოვდნენ, ღვინოსა და განატეხებს შეექცეოდნენ. სახვნელით ერთ-ორ კვალს გაატარებდნენ და მოთესავდნენ ორიოდ მუჭა მარცვალს, რომელშიც წყალკურთხევის, ნათლისღების დროს აიაზმანაპკურები, ნაკურთხი მარცვალიც ერია. სახლში დაბრუნებისას მთესველი წამოიღებდა ხარის რქაზე წამოგებულ გორგალსა და წაღმა დაცემულ „კირინებს“; მათ „ვარცლის კვებოში ჩააგორებდა - დოვლათიანი წელიწადი იქნებაო“. სანთელს ვარცლთანაც დაანთებდნენ. თესლის გაღების დღეს „დამზნევება“ („ბედობა, ფეხისდაცდასავით“) იცოდნენ და არავითარ შემთხვევაში მოსულ სტუმარს ოჯახიდან არაფერს გაატანდნენ, რათა დოვლათი არ დაეკარგათ, ოჯახს განიავება-ზარალი არ დაბედებოდა. თესლის გაღების ზემოთ აღნიშნული წესის შესრულების შემდეგ შეიძლებოდა ხვნა-თესვის თუნდაც ერთი თვის დაგვიანებით, დამთბარ ამინდში დაწყება. გაზაფხულზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას ალოსთავის დადგომა ეწოდებოდა (ბრეგაძე, 1959)

სვანეთი

მთხრობელთა გადმოცემით, “...სვანეთში საშემოდგომო პურის ორი ჯიში ითესებოდა: თეთრი და წითელი (იფქლი), რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „კვეცენ“ სახელწოდებით იყო ცნობილი. საგაზაფხულო პურს სვანეთში უწოდებდნენ „კულს“ (დიკა). შემოდგომით იხვნებოდა ყანა, გაჰქონდათ „პატივი“ (საქონლის ნაკელი), როგორც კი წამოიწვერებოდა, ამ დროს უკვე თოვლი მოდიოდა. საგაზაფხულო ხორბალი ადრე გაზაფხულზე ითესებოდა. ბეჩოს ერთ-ერთი სოფელთაგანია სოფელი დოლი, სადაც დიდი სახნავი ყანები ჰქონდათ და ამას ეძახდნენ „დოლის ყანას“, რაც ხორბალ „დოლის პურთან“ ასოცირდება. მომწიფებულ ხორბლის თავთავებს ნამგლით მკიდნენ, კეთდებოდა სპეციალური კალო. მორწყავდნენ კალოს, მერე ცხვარს შეუშვებდნენ. ცხვარი დატკეპნიდა, ბავშვებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, ლეწავდნენ კევრით. ჰქონდათ სპეციალურად ხის კიდობანი , „კიბდონ“ სვანურად, ამაში ინახებოდა განიავებული გალეწილი ხორბალი. სათესლე ინახებოდა ცალკე, მოსახმარი კი ცალკე. საშემოდგომო ხორბლიდან პირველი მოსავლის ფქვილს „წმინდა“ ერქვა. ეს იყო დღესასწაულებზე გამოყენებული „წმინდა“ ანუ პირველი მოსავლის პირველი კალო” (მესტიის რ-ნი, სოფ. მაზერი, მთხრ. ი. კვიციანი, 2014 წ).


წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები