ხოფათური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 106: ხაზი 106:
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
 
1. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.<br />
 
1. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.<br />
2. მიროტაძე ა. რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1939. <br />
+
2. მიროტაძე ა. [[რაჭა]]-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1939. <br />
 
3. [[რამიშვილი მაქსიმე|რამიშვილი მ]]. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1948. <br />
 
3. [[რამიშვილი მაქსიმე|რამიშვილი მ]]. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1948. <br />
 
4. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, „ამპელოგრაფია“. თბილისი, 19380. <br />
 
4. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, „ამპელოგრაფია“. თბილისი, 19380. <br />

15:54, 16 იანვარი 2020-ის ვერსია

ხოფათური – აჭარის თეთრყურძნიან ვაზის ჯიში

ხოფათური – აჭარის თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ძველთაგანვეა ცნობილი, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში.

ლიტერატურული მასალები ხოფათურის წარმოშობის შესახებ არ მოიპოვება.

ე. ნაკაშიძეს თავის შრომაში (9) მოხსენებული აქვს ჯიში „ქვაფათური“, რომელიც გავრცელებული ყოფილა გურიაში (სოფ. გურიანთა, ლანჩხუთი, კახურა).

ს. ტიმოფეევი აჭარული ჯიშების დახასიათებისას (11) იძლევა ხოფათურის მოკლე აღწერილობას და მას აჭარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს.

აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით (6) ქვაფათური უნდა წარმოადგენდეს ხოფათურის ფონეტიკურ სახეცვლილებას. ეს ჯიში გავრცელებული უნდა ყოფილიყო სოფ. ხოფეს მიდამოებში (ჭანეთი) და მისი სახელწოდება სოფლის სახელისგან უნდა იყოს წარმომდგარი.

მტკიცდება, რომ ხოფათური ანუ ქვაფათური, როგორც მას გურიაში ეძახიან, კოლხური წარმოშობისაა და თავისი ნიშნების მიხედვით აჭარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ამის დამადასტურებელია ვაზის მორფოლოგიური ნიშნები და აგრეთვე მისი ბიოლოგიური თავისებურებანი.

საქართველოში გავრცელებულ ვაზის მრავალ ჯიშთან შედარებით ხოფათური მკვეთრად გამოირჩევა თავისი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური ნიშნებით და სრულიად დამოუკიდებელ ჯიშს წარმოადგენს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხოფათური წარმოქმნილია კოლხეთში, კერძოდ, აჭარაში და შემდეგ დროთა ვითარებაში ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული და განივითარა აქაური პირობებისათვის დამახასიათებელი ჯიშური თვისებები, რითაც იგი საბოლოოდ შეუერთდა აჭარის ვაზის ჯიშებს.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე ხოფათური მეტად ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარის სახით შუა და ზემო აჭარის მიკრორაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მაღლარ ვაზებს ტექნიკური სიძნელეების გამო თითქმის ვერ უვლიდა, ვაზი საკმაოდ ძლიერ იზრდებოდა-ვითარდებოდა და უხვ მოსავალსაც იძლეოდა. ადგილობრივი მოსახლეობა ხოფათურს, ძირითადად, ყურძნად იყენებდა და, როგორც გადმოგვცემენ, დიდი რაოდენობით ასაღებდა მას ქ. ბათუმის ბაზარზე. გარდა ამისა, ხოფათურისაგან ამზადებდნენ აგრეთვე საზამთროდ ყურძნის წვენს და ბექმეზს.

ხოფათურის გავრცელების თანამედროვე არეალი მეტად შეზღუდულია, რაც პირველყოვლისა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მავნე მოქმედებით აიხსნება. მისი მცირედ გავრცელების გამო მოსახლეობა ჯიშს თითქმის არ იცნობს, რაც, ეჭვს გარეშეა, მნიშვნელოვნად აფერხებს მის ფართოდ დანერგვას აჭარის რაიონებში. ხოფათურის ასწლოვანი მაღლარები ამჟამად კიდევ არის შემორჩენილი შუა აჭარაში, ქედის რაიონში, კერძოდ სოფ. სიხალიძეში, მეძიბნაში, შუახევში და აგრევე ქედის მიდამოებში. ვაზები მხოლოდ კარგი ამინდის შემთხვევაში ვითარდება ნორმალურად და იძლევა უხვ მოსავალსა და ხარისხოვან პროდუქციას. ამ ჯიშის მცირეოდენი ნარგავები დაბლარის სახით მოიპოვება ქედის საკოლექციო ნაკვეთზე და შუახევის ვენახებში (აჭარა).

სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

ხოფათური აღწერილია ქედის რაიონის სოფ. სიხალიძეში. ვაზები საკუთარ ძირზეა და ფორმირებულია მაღლარად. შედარების მიზნით იგივე ჯიში აღწერილია ქედაში ვაზის საკოლექციო ნაკვეთზე. ვაზები დაბლარადაა წარმოდგენილი და ფორმირებულია ქართული წესით.

ახალგაზრდა ყლორტი

კვირტების გაშლის პერიოდში მოთეთრო-მონაცრისფროა, ღია წითელი ელფერით და სქლად დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით. პირველი, ახლადგაშლილი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო ღია ვარდისფერია, მოწითალო ელფერით და სქლად დაფარულია მონაცრისფრო თეთრი ბუსუსით. ასევე შებუსვილია მისი ქვედა მხარეც. პირველი ფოთლის მომდევნო მეორე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანო ღია წითელია და როგორც ზემოდან, ისე ქვემოდან საკმაოდ სქლადაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. მომდევნო მესამე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან ღია მწვანეა, მოიისფრო ელფერით და ოდნავ დაფარულია ბუსუსით, მისი ქვედა მხარე კი საკმაო სქლადაა შებუსვილი. შემდგომ, მოზრდილ ფოთლებზე ეს შებუსვა თანდათან მცირდება.

ახალგაზრდა ყლორტი მრგვალი, ღია მწვანეა და ცალ მხარეზე ოდნავ მოწითალო ელფერი დაჰკრავს. იგი მცირედ შებუსვილია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით.

ერთწლიანი რქა

შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია; იგი ყავისფერია, ხოლო მუხლები კიდევ უფრო მუქი აქვს. მუხლთაშორისის სიგრძე 13-17 სმ აღწევს.

ფოთოლი

ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა; საერთო მოყვანილობით განიერ-ოვალურია ან მომრგვალო და მცირედ დანაკვთულია. მისი საშუალო სიგრძე 15,8 სმ, სიგანე – 16,0 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისებრია და მომრგვალო ფუძე აქვს. ამონაკვეთის ნაკვთები შედგება სამი ძარღვისაგან. გვხვდება ერთკბილიანი უბრალო ამონაკვეთიც.

ფოთლის ზედა ამონაკვეთი მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის. ქვედა ამონაკვეთი ძლიერ მცირედ ჩაჭრილია, იშვიათად კი საკმაოდ ჩაჭრილიცაა. ძირითადი ნაკვთი სამია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის. ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია და მომრგვალებული წვერი აქვს. გვხვდება ხერხკბილისებრი, ამოზნექილგვერდებიანი და მახვილწვერიანი კბილებიც. კბილები ზოგჯერ სამკუთხედისებრიცაა, მეორეული კბილები სამკუთხედისებრია და წამახვილებული ან მომრგვალო წვერი აქვს. გვხვდება ხერხკბილა სამკუთხედისებრი ფორმის კბილებიც.

ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია მცირედ, ზედა მხარე კი ზოგჯერ გლუვი და ბადისებრ-დანაოჭებულია. ფირფიტა ბრტყელია. გვხვდება ძაბრმაგვარი ღარისებრ მოხრილი და ან ნაპირებჩამოშვებული ფოთლებიც. მთავარი ძარღვები ოდნავ შებუსვილია და ღია მწვანე ფერისაა.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8-1,1 უდრის, იგი შიშველია და ღია მწვანიდან იისფერში გადადის.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია. ზოგ ყვავილში მტვრიანები საგრძნობლად გადახრილია ბუტკოდან ან მოკაკულია. ყვავილში 5 მტვრიანაა; გვხვდება 4 და იშვიათად 6 მტვრიანაც. ყვავილედში ყვავილების რაოდენობა 300-მდე აღწევს. მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 3-5 სმ აღწევს. მტევნის სიგრძე 13-18 სმ, სიგანე 8-9 სმ უდრის.

მტევანი ცილინდრულ-კონუსისებრია. იგი განტოტვილია და მეჩხერი. მტევნის ყუნწი კლერტითურთ ბალახმაგვარია და ღია მწვანე ფერისაა.

მარცვალი

მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 5-6 მმ აღწევს. იგი მწვანე ფერისაა, საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერკონუსისებრია, იშვიათად კონუსისებრიც გვხვდება. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საშუალოდაა მიმაგრებული.

მარცვალი ღია მწვანეა და მზის მხრიდან მოქარვისფრო ელფერი აქვს. იგი საშუალო ზომისაა ან მსხვილი. მისი სიგრძე 12,8-16,8 მმ, ხოლო სიგანე 11,2-14,5 მმ უდრის. ფორმით ოვალური, შუა წელში უფრო განიერია, ხოლო ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიული აქვს. სქელკანიანია, მაგრამ კანი რბილობთან ერთად ადვილად იღეჭება. მარცვალი საკმაოდ წვნიანი, ხორციანი და სასიამოვნო ტკბილია. ცვილით მარცვლის კანი საკმაოდაა დაფარული.

წიპწა

მარცვალში 1-4 წიპწაა; უფრო ხშირად გვხვდება 2, ხოლო იშვიათად 4 წიპწაც. გვხვდება უწიპწო მარცვლებიც. წიპწის სიგრძე 6-7,5 მმ, ხოლო სიგანე 3,5-4 მმ აღწევს. წიპწა მოწაბლისფრო-ყავისფერია. მუცლის მხრიდან ღარებში მოყვითალო ელფერით. ქალაძა მოთავსებულია ზურგის შუა ნაწილში. იგი მოგრძო-ოვალურია და საკმაოდ გამოსახული. ნისკარტის წვერი მუქი ყავისფერია და ხშირად მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. მისი სიგრძე 2 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა

ქედის რაიონში ხოფათურის სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა კვირტების გაშლიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე აღწევს 227-233 დღეს.

ფენოლოგიურ დაკვირვებათა შედეგები ცალკეული ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე მოყვანილია 1-ლ ცხრილში.

ყვავილობას ვაზი 3-7 ივნისიდან იწყებს და ხელსაყრელი ამინდის დროს 17-18 ივნისამდე მთავრდება; ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს მესამე დეკადაში, ხოლო იგი მასობრივად მწიფდება 15-20 ოქტომბრიდან. ფოთოლცვენა იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან და პირველ დეკემბრისათვის მთავრდება. არახელსაყრელი ამინდის დროს მაღლარ ვაზებს ხშირად ფოთლები ნაადრევად ცვივა, რაც სოკოვან ავადმყოფობათა, კერძოდ, ჭრაქის მოქმედებითაა გამოწვეული.

ხოფათურის რქები ხელსაყრელი ამინდის დროს, ყურძნის მასობრივი დამწიფების პერიოდისათვის ასწრებს მომწიფებას და ჯიშის დამახასიათებელ ელფერს იღებს, ზოგ შემთხვევაში ვეგეტაციის გახანგრძლივების გამო რქის წვერები ვეღარ ასწრებს მომწიფებას და ზამთრის ყინვების გავლენის შედეგად მასობრივად იყინება.

ვაზის ზრდა

ხოფათური ძლიერ მოზარდი ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ხელის შემწყობ ეკოლოგიურ პირობებში იგი კიდევ უფრო მეტად იზრდება და მისი რქები მაღლარზე ხშირად 2,5-3 მ-მდე აღწევს. ეჭვს გარეშეა, რომ სათანადოდ მოვლის შედეგად ხოფათური კიდევ უფრო მეტად გამოავლენს ამ თვისებას და მოსავლის გადიდებასთან ერთად პროდუქციის ღირსებაც გაუმჯობესდება. ამის დამადასტურებელია სოფ. ქედაში ვაზის საკოლექციო ნაკვეთზე და სოფ. შუახევში გაშენებული ხოფათურის ნარგავები; ვაზები ნამყენია და ფორმირებულია ქართული წესით დაბლარად. მათი ზრდა-განვითარება, მოსავლიანობა და პროდუქციის ღირსება სავსებით დამაკმაყოფილებელია. ამ მხრივ ჯიში ყოველმხრივ აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ყურძნისადმი წაყენებულ მოთხოვნას.

მოსავლიანობა

მაღლარად ფორმირებული ხოფათურის მოსავალი ცვალებადია. ხელსაყრელი ამინდის პირობებში იგი საშუალოზე მეტ მოსავალს იძლევა. ერთი ძირი მაღლარის მოსავალი ხშირად 30 კგ აღწევს. რქაზე 1-2 მტევანია განვითარებული; უფრო ხშირად გვხვდება 1 მტევანი. ვაზის ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა.

დაბლარად ფორმირებული ხოფათურის მოსავლიანობა რეგულარულია და სავსებით დამაკმაყოფილებელი (იხ. ცხრ. 2).

მაღლარ ვაზებზე მოსავლიანობის ზოგიერთი მაჩვენებლის დადგენა ტექნიკურ დაბრკოლებათა გამო შეუძლებელი გახდა. მაღლარ ვაზებზე მტევნის საშუალო წონა 135 გ არ აღემატება, ხოლო დაბლარზე მისი საშუალო წონა მნიშვნელოვნად მატულობს (148-150 გ). ასეთივე განსხვავებაა დიდი მტევნების წონათა შორისაც, რაც დაბლარად ფორმირებული ვაზების უკეთესი მოვლით არის გამოწვეული.

ჯიშს ახასიათებს მომეტებული ყვავილცვენა, რის შედეგადაც მიიღება თხელი მტევანი. მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 5% შეადგენს. წვრილი მარცვლები ხშირად უფრო ადრე მწიფდება, მაგრამ წიპწას არ ივითარებს. ქედის საკოლექციო ნაკვეთზე დაბლარად ფორმირებული ხოფათურის მოსავალი ერთ ძირ ვაზზე (გასხლულია ქართული წესით 10-12 კვირტზე) 2-2,5 კგ უდრის. რადგან ვაზები ძლიერი ზრდა-განვითარებისაა, შესაძლებლად მიგვაჩნია მათი უფრო მეტად დატვირთვა, რისთვისაც ჯიში, ფორმირებული უნდა იქნეს მრავალსაკავებლიანი ან ორმხრივი კორდონისებრი წესით ამაღლებულ შტამბზე თითოეულ მხარეზე 2-3 საფორმო რგოლის შექმნით იმ ანგარიშით, რომ ერთი ძირი ვაზის დატვირთვა 32-36 კვირტს არ აღემატებოდეს. ასევე წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხოფათურისათვის ოლიხნარის ან ფორჩხისებრი წესით ფორმირება. ამ შემთხვევაშიაც ვაზის დატვირთვა უნდა წარმოებდეს 36-40 კვირტით, ხოლო ვაზის შტამბის სიმაღლე აჭარის ეკოლოგიური პირობების შესაბამისად უნდა იყოს არა უმცირესი 1-1,2 მეტრისა.

სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ხოფათური სუსტი გამძლეა. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება იგი ჭრაქით.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხოფათური მეტად სუსტ გამძლეობას იჩენს ფილოქსერის მიმართ. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის, რომ აჭარაში ერთ დროს ფართოდ გავრცელებული ხოფათური ამჟამად მხოლოდ ერთეული ძირებითაა წარმოდგენილი და ისიც მხოლოდ ქედის რაიონის მთისპირა სოფლებში. ამიტომ მოსავლის გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია ხოფათურის გამრავლება ნამყენების სახით სამხრეთით დახრილ მზით განათებულ ფერდობებზე. ამავე დროს, აგროტექნიკურ ღონისძიებათა დროულად და წესიერად გატარების შედეგად ხოფათური თავისი პროდუქციის მაღალი ღირსებით უდავოდ პირველ ადგილს დაიჭერს აჭარულ თეთრყურძნიან აბორიგენულ ჯიშებს შორის.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი

დაკვირვებით დადასტურებულია, რომ ხოფათური აჭარისწყლის ხეობის პირველ ტერასაზე ძლიერ იზრდება და ამავე დროს ამინდის ხელშემწყობ პირობებში უხვ მოსავალსაც იძლევა (სოფ. შუახევი). ჯიში დიდ მგრძნობიარობას იჩენს ჭრაქის მიმართ და ხშირად ავადდება მისგან, რაც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მოსავალზე, ისე პროდუქციის ღირსებაზე, იგი დავაკებულ ადგილებში ნაკლებ ტრანსპორტაბელურ ყურძენს იძლევა. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით ხოფათურის გაშენება მიზანშეწონილია სამხრეთისაკენ დახრილ ფერდობ და მზით უხვად განათებულ ადგილებზე. ასეთი ადგილები კი აჭარისწყლის ხეობის შუა წელში საკმაოდ მოიპოვება (აჭარისწყლიდან შუახევამდე).

მსგავსად სხვა ადგილობრივი ჯიშებისა ხოფათური ადვილად იტანს ზამთრის ყინვებს, რაც ჯიშის გავრცელების ზონაში -8,-100 არ აღემატება. ამის გამო როგორც ვაზის გაღვიძება, ისე ვეგეტატიური ნაწილების განვითარება სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით ხოფათური სუფრის ყურძნის ჯიშია. იგი სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშისადმი წაყენებულ მოთხოვნას, როგორც მტევნების და მარცვლების გარეგნული სილამაზით, ისე ყურძნის ტრანსპორტაბელობით, შენახვის უნარიანობითა და მაღალი გემური თვისებებით. მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე საკმაოდ ხარისხოვანი სუფრის ღვინოების დასამზადებლად.

მექანიკურ-ქიმიური ანალიზების ჩასატარებლად ხოფათურის ყურძნის ნიმუშები აღებულ იყო სოფ. სიხალიძის ზონაში (ქედის რ-ნი) მაღლარი და ქედის საკოლექციო ნაკვეთში დაბლარი ვაზებიდან (იხ. ცხრ. 3).

ხოფათურის მტევნის საშუალო წონა 135-148 გ აღწევს. მტევანზე საშუალოდ 54-60 ნორმალური და 3-5 წვრილი მარცვალია. მტევნის ნაწილების შედგენილობა ასეთია: მარცვალი შეადგენს 96%, კლერტი – 3,3; კანი – 19,8%, წიპწა – 3,4%, ხოლო წვენის გამოსავალი – 74,0% უდრის.

100 მარცვლის საშუალო წონა 230-234 გ აღწევს. 100 მარცვალში 218 წიპწაა, წონით 6,5 გ. აქედან ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 12%, ორწიპწიანი – 51%, სამწიპწიანი – 28%, ოთხიპწიანი – 7% და უწიპწო მარცვლები – 2%.

შემოდგომის პერიოდში ხელის შემწყობი ამინდის პირობებში ხოფათურის ყურძენში შაქარი მნიშვნელოვნად მატულობს (22-23%), ხოლო საერთო მჟავიანობა შესაბამისად კლებულობს. ასეთი პროდუქცია მიიღება მერისის ხეობის მარჯვენა მხარეზე და ზვარეს ზონაში (აჭარისწყლის ხეობის მარჯვენა ნაწილი) სამხრეთით დახრილ და მზით უხვად განათებულ ფერდობებზე, რომელიც როგორც გემური თვისებებით, ისე შენახვის უნარითა და ტრანსპორტაბელობით სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ყურძნისადმი წაყენებულ ყველა მოთხოვნას.

ჯიშის საბოლოო შეფასება და დარაიონება

აჭარაში მევენახეობის შემდგომ განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს ძირითადად მეღვინეობა და სუფრის ყურძნის წარმოება. სუფრის ყურძნის წარმოების გაფართოების მიზნით ადგილობრივი ჯიშების და მათ შორის ხოფათურის აღდგენას და მასობრივად გამრავლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგანაც მას, აჭარის თბილ, ტენიან ეკოლოგიურ პირობებში წარმოქმნილს და აკლიმატიზებულს, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაღალი მაჩვენებლები ახასიათებს. ამ მხრივ ხოფათური ყურადღებას იპყრობს თავისი ძლიერი ზრდით, უხვი მოსავლით, მეტად ლამაზი აღნაგობის მტევნებითა და მარცვლებით, აგრეთვე შაქრიანობა-მჟავიანობის ნორმალური შეცულობით, ყურძნის ტრანსპორტაბელობითა და შენახვის კარგი უნარით. ხოფათურის პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინის დასამზადებლად.

ხოფათურის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მისი სუსტი გამძლეობა სოკოვან დაავადებათა მიმართ და ყვავილცვენის შედეგად მტევნის გათხელება. სოკოვან დაავადებათაგან დაცვის მიზნით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს დამატებით 1-2-ჯერ შეწამვლა ბორდოს ხსნარით, განსაკუთრებით ყვაივლობის წინ და ყურძნის გამოხორბლისთანავე. რაც შეეხება მტევნის გამეჩხრებას. იგი სუფრის ყურძნისათვის პირიქით, დადებით თვისებად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან ამგვარი ყურძნის გემური თვისებები, შენახვის უნარი და ტრანსპორტაბელობა უფრო მაღალია. ხოფათურის პროდუქციის საღვინედ გამოყენების შემთხვევაში მიზანშეწონილია ყვავილობის დასაწყისში ყლორტების წვერების წაწყვეტა. ამ ღონისძიების გატარებით ყვავილცვენა საგრძნობლად შემცირდება და ამის შედეგად ყურძნის მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

აჭარაში ხიფათურის აღდგენა და გავრცელება ძირითადად უნდა მოხდეს სუფრის ყურძნის წარმოების განხრით, მხოლოდ სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე ნამყენების სახით.

ლიტერატურა

1. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.
2. მიროტაძე ა. რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1939.
3. რამიშვილი მ. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1948.
4. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, „ამპელოგრაფია“. თბილისი, 19380.
5. შარდენი ჟ. მოგზაურობა საქართველოში. თბილისი, 1935.
6. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი II, თბილისი, 1934.
7. Дюбуа Фредерик Де Монпере. Путешествие вокруг Кавказа. Сухуми, 1937.
8. Леонов А. Виноград в исторические времена. Жур. «Русский винодел» СПБ, №10-11, 1887.
9. Накашидзе Е. Очерк виноградарства и виноделия в Гурии и Мингрелии. Сбор. свед. по виноградарство и виноделию на Кавказе. вып. 4, Тифлис. 1886
10. Негруль А.М. Эволюция культурных форм винограда. Доклады АН СССР, том XVIII, №8, 1938.
11. Тимофеев С. Очерк виноградарства в Батумском и Артвинском округах, Сб. свед. по виноградарство и виноделию на Кавказе, вып. IV, 1886.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე; რედ.: დავით მაღრაძე, ლარისა ვაშაკიძე, თეიმურაზ ღლონტი; მხატვ. გიორგი მაღლაკელიძე. - მე-2 გამოც.. - თბილისი, 2012 (შპს Exclusive Print+). - 552 გვ. : ილ., ცხრ.; 32 სმ.. - იბეჭდება 1960 წლის გამოცემის მიხედვით. - გარეკანზე ავტ. აღნიშნულნი არ არიან. - განმარტებები: გვ. 548-549

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები