ჯავახიშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ჯავახიშვილი

ჯავახიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე - (დ. - 1875, გორი — გ. - 1973, თბილისი) - გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაწყებითი სწავლა-განათლება თბილისის სათავადაზნაურო ვაჟთა სასწავლებელში მიიღო. შემდგომში სწავლობდა თბილისის ვაჟთა მეორე კლასიკურ გიმნაზიაში. 1895 წელს ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სახელმწიფო ხარჯზე სწავლის გაგრძელების უფლებით. 1900 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა უნივერსიტეტი და დარჩა საპროფესოროდ მოსამზადებლად. მუშაობას აგრძელებდა საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ანთროპოლოგიის შესწავლის კუთხით.

  • 1918 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ცენტრალურ პედაგოგიურ მუზეუმს.
  • 1920 წლის 19 ივნისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ალ. ჯავახიშვილი არჩეულ იქნა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის პროფესორად.
  • 1918-1921 წლებში ასწავლიდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
  • 1926-1932 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კარტოგრაფიულ ინსტიტუტს,
  • 1933-1938 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტს.
  • 1945-1962 წლებში ხელმძღვანელობდა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტს.
  • არის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის (1945) და საქართველოს სსრ გეოგრაფიის საზოგადოების (1924) დამაარსებელი.
  • 1936-1938 წლებში კითხულობდა ლექციებს: ბათუმის (1943-1949), გორის (1933-1936) ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, ხოლო 1934-1936 წლებში ბაქოს პედაგოგიურ ინსტიტუტში.
  • სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი.
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970).
  • გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944),

მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ატლასის (1964) შედგენა-გამოცემაში, რისთვისაც მას სხვა მეცნიერებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971).

1912 ალ. ჯავახიშვილის ანთროპოლოგიურ შრომებს „საქართველოს ანთროპოლოგია“, ტ. I და II, მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულმა ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოებამ უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო - პროფესორ ალექსანდრე რასცვეტოვის პრემიები მიანიჭა.

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელს ატარებს კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი, მისი სახელობისაა, ასევე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. XI, თბ., 1987;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.


იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები