ჯავახიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯავახიშვილი ივანე

ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე - (დ. - 1876, თბილისი — გ. - 1940, თბილისი) - ქართველი ისტორიკოსი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი. პროფესორი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1895 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1899 - პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება და იმავე წელს დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესოროს მოსამზადებლად. 1901-1902 წლებში მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში; 1907 დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე - „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“. მან სტუდენტობიდანვე მიიქცია მეცნიერთა ყურადღება, ნაშრომისათვის „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“, რომელიც უნივერსიტეტის საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898).

ქართული უძველესი ხელნაწერების შესწავლის მიზნით, 1902 წელს იმოგზაურა სინას მთაზე ნიკო მარისთან ერთად. 1902-1917 წლებში იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი, 1907-1917 წლებში ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. ახალგაზრდობიდანვე იღვწოდა საქართველოში უმაღლესი აკადემიური დაწესებულების უნივერსიტეტის შექმნისათვის. 1918 წლის 26 იანვარს ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ქართველი ერის დიდ საუკუნოვან სურვილს ფრთები შეასხა და დააფუძნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. თავისივე სურვილით უარი თქვა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე და კანდიდატად იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი ქართველი მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი დაასახელა, რომელიც პროფესორთა საბჭომ ერთხმად აირჩია. თავად ივანე ჯავახიშვილი კი უნივერსიტეტში არსებულ ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. პარალელურად ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის კათედრას. 1919 წლის შემოდგომაზე პეტრე მელიქიშვილი რექტორის თანამდებობიდან გადადგა. 1919 წლის 17 დეკემბერს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ რექტორად ივანე ჯავახიშვილი აირჩია.

აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ პროცესებში, თანამშრომლობდა მთავრობასთან. შედიოდა განათლების სამინისტროს სპეციალურ კომისიებში. ხშირად ხვდებოდა (და თანამშრომლობდა) დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრებს - გ. ლასხიშვილს, ნ. რამიშვილს, გრ. ლორთქიფანიძეს. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და დროშის შემუშავების პროცესში. 1919 წელს შედიოდა საქართველოს მიერ პარიზის საზავო კონფერენციაზე გასაგზავნ დელეგაციაში, როგორც ისტორიკოსი და კონსულტანტი, თუმცა ანტანტის მიერ მხოლოდ დელეგაციის რამდენიმე წევრზე გაიცა ვიზა, რის გამოც ივანე ჯავახიშვილი კონსტანტინეპოლიდან დაბრუნდა სამშობლოში. 1919 წელს კონსტანტინოპოლში მთავრობის წარმომადგენელთა თხოვნით დაწერა ნაშრომი „საქართველოს საზღვრები“. 1919 წლის თებერვალში დამოუკიდებელ (უპარტიოთა) კავშირის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელი კრების არჩევნებზე. იყო საკანდიდატო სიის მე-2 ნომერი, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. 1919 წლის აპრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მომენტის შესახებ“, რომელშიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში გულუბრყვილობაზე ისაუბრა.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის მიმდინარეობისას მიმართა უნივერსიტეტის სტუდენტებს და სამშობლოს დაცვისაკენ მოუწოდა. 1926 წლამდე იკავებდა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას, შემდგომში კი საბჭოთა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ჩამოაცილა მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტის მართვას. 1931-1933 წლებში ჩამოართვეს უნივერსიტეტში საათები და ლექციების წაკითხვა აუკრძალეს. საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტის მომდევნო რექტორებმა (თ. ღლონტი, კ. ორაგველიძე) გააკრიტიკეს ივ. ჯავახიშვილის სამეცნიერო საქმიანობა.

გარკვეული პერიოდი (1936-1940) საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად, იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937 წლიდან - რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის, ავტორი. ივანე ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორია-ფილოლოგიის არცერთი დარგი, სადაც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებინა. ფაქტობრივად, ივანე ჯავახიშვილმა პირველმა შეაფასა ქართული ისტორიული წყაროები. ღრმა, მეცნიერული კრიტიკის საფუძველზე დაასკვნა, რომ „ქართლის ცხოვრება“ ნახევრად ოფიციალური კრებულია და მისი ავტორები ცენტრალური სამეფო ხელისუფლების ინტერესების გამომხატველნი არიან. მისი აზრით, საქართველოს ისტორია უნდა შეისწავლებოდეს იმ პერიოდში არსებული სხვა ქვეყნებისა და ხალხის ისტორიასა და კულტურასთან მჭიდრო კავშირში.

ივანე ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე (1921-1930). მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. ივანე ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების დამუშავებას. მან პირველმა დაასაბუთა ქართველური ენების მთის კავკასიური ენებთან ერთიანობა ძირითადი გრამატიკის კატეგორიისა და ლექსიკის მიხედვით. მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია ამ ენათა შესწავლაში და ნიადაგი შეუმზადა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებას. ივანე ჯავახიშვილს ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმეში. სწორედ მის მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით - საისტორიო-საეთნოგრაფიო, წერა-კითხვის გამავრცელებელმა და ქართველ ხელოვანთა სამეცნიერო საზოგადოებებმა მნიშვნელოვანი ერთობლივი სამუშაო ჩაატარეს. 1989 წლიდან მის მიერ დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი სახელი მიენიჭა.

ივანე ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა”, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:

  1. „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V-XVIII სს“ (1916, 1921, 1945, 1977),
  2. „ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია” (1925),
  3. „ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია” (1926, 1949),
  4. „ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა” (1925);

კაპიტალური ნაშრომი „ქართველი ერის ისტორია”(5 წიგნად). აღმოაჩინა და გამოსცა მანამდე უცნობი ქართული წყაროები - „ანასეული და ჭალაშვილისეული „ქართლის ცხოვრება“. მის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში (V-VII სს.) ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის.

ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი ჯილდო სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობისაა. ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაარსებული საერთაშორისო ქართველოლოგიური სამეცნიერო პრემია.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • დ. გვრიტიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, თბ., 1968;
  • რ. მეტრეველი, კვალი განათებული - ივანე ჯავახიშვილი და ქართული კულტურის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1975;
  • ს. ჯორბენაძე, ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა, თბ., 1984;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919.,№76.


იხილე აგრეთვე


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები