ჯაყელი ბექა (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბექა (I) ჯაყელი - (დაახლოებით 1240-1306), სამცხის ათაბაგ სარგის ჯაყელის ძე; პირველი მანდატურთუხუცესი ჯაყელთა საგვარეულოდან 1285-1308 წწ-ში.

მისი სამფლობელოები გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან არზრუმამდე და შავ ზღვამდე, ხოლო პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა ტრაპიზონის იმპერიაზე, რისი ერთგვარი გამოხატულება იყო იმპერატორ ალექსი II-ის ქორწინება ბექა I-ის ასულზე და სამცხის მთავრისათვის ჭანეთის გადაცემა.

ბექა I აღმოსავლეთ საქართველოს მეფისა და ილხანთა ყაენის ვასალი იყო; ხარკს უხდიდა და ლაშქრით ეხმარებოდა ყაზან-ყაენს.

ბექა I-ის მმართველობის ხანაში გაძლიერდა მცირეაზიელი მომთაბარე თურქული ტომების თავდასხმები სამხრეთ საქართველოზე. დიდი შემოსევა მოხდა 1302 წელს ვინმე აზატ-მოსეს ხელმძღვანელობით, როგორც მას „ქართლის ცხოვრება“ უწოდებს. ქართველები მომზადებული დაუხვდნენ მტერს. სამხრეთქართული თემების ლაშქარმა (12 ათ. მეომარი) ბექა I-ის და მისი ვაჟის, სარგისის, სარდლობით რამდენიმე ბრძოლაში გაანადგურა მომხდურები. თურქთა ნარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს.

ბექა მანდატურთუხუცესად იხსენიება ჟამთააღმწერელთან აზატ მოსეს მეთაურობით თურქების შემოსევის ეპიზოდში 1302 წ-ის სიახლოვეს; ანჩის კარედი ხატის წარწერაში და აღბუღას სამართლის წიგნის წინასიტყვაობაში. ბექასათვის მანდატურთუხუცესის სახელოს ბოძება, სავარაუდოდ, განაპირობა ჯაყელთა ნათესაურმა კავშირმა საქართველოს სამეფო სახლთან - ბექას ასული ნათელი იყო დიმიტრი II-ის თანამეცხედრე, ხოლო დიმიტრის სიკვდილით დასჯის შემდეგ ბექამ თავის თავზე აიღო საკუთარი შვილიშვილის, მომავალი გიორგი V ბრწყინვალის აღზრდა. შემდგომში ბექამ დიდი წვლილი შეიტანა გიორგის გამეფებაში. XIII ს-ის მიწურულს ბექა ნათესაურ კავშირს ამყარებს კახა თორელის სახლთან, რის საფუძველზეც შეუდგენიათ ე.წ. „კეთილმოყვრობის დაწერილი“. იგი, როგორც საბუთის ერთ-ერთი მხარე, ამტკიცებს დაწერილს. ჟამთააღმწერელის თანახმად, ბექა განსაკუთრებით განდიდდა ვახტანგ III დიმიტრის ძის (1302-1308) მეფობის დროს. ბექა გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „მანდატურთუხუცესი ბექაჲ“.

იხილე აგრეთვე

ბექა I ჯაყელი


წყაროები და ლიტერატურა

ჟამთააღმწერელი 1959: 281, 313-315; ქისკ 1984: 192-193; საყვარელიძე 1976: 80; სამართალი ბექასი და აღბუღასი 1963: 425; ბერიძე 1954: 125; კლდიაშვილი 1981: 70-78.


Logo1.JPG ბექა მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები