ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Jvari1.jpg

ჯვარი – 1) უძველესი და უმარტივესი საკრალური ნიშანი, რომელსაც სიცოცხლის სიმბოლურ გამოხატულებად მიიჩნევენ (ეგვიპტური ჯვრის სახელწოდება ანხ „სიცოცხლეს“ ნიშნავს). თუმცა მისი ზუსტი მნიშვნელობის ამოცნობა შეუძლებელია. ჯვარის გამოსახულება დადასტურებულია თითქმის ყველა ძველ ცივილიზაციაში. რას გამოხატავს მაინც ეს ნიშანი? პირველ რიგში, ის გამოხატავს ორიენტაციას სივრცეში. მის ფიგურაში მნიშვნელოვანია ზემოსა და ქვემოს, მარჯვენისა და მარცხენის გადაკვეთის წერტილი. ძველ აღთქმაში ჯვარი ჩანს სამოთხის აღწერილობაში: ედემის ბადის ოთხი მდინარე, რომლებიც ერთი წყაროდან მოედინებიან, ჯვარის სახეს ქმნიან. წრეში ჩახატულ ჯვარს კოსმოლოგიური მნიშვნელობა აქვს, მისი ვერტიკალური მკლავი ის ღერძია, რომლის ბოლოები წარმოადგენენ ზენიტს და მის ქვემო საპირისპირო წერტილს კვადრატში ჩასმული ჯვარი იდეალური ქალაქის სიმბოლოა: ჯვარი ოთხ თანაბარ ნაწილად ჰყოფს სივრცეს. კვადრატის ანუ ქალაქის ცენტრში იკვეთება ქვეყნის ოთხი კუთხისკენ მიმავალი ქუჩები. ჯვარი ადამიანური ფიგურაა: იგი ხელებგაშლილი ადამიანის სქემატური გამოსახულებაა; ამიტომაც ჯვარი შეგვიძლია ადამიანის სიმბოლოდაც მივიჩნიოთ.


2) ქრისტიანობის უპირველესი და უძირითადესი სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ერთდროულად ქრისტეს ვნებისა და მისი სიკვდილზე გამარჯვების იდეას. ძველად ქრისტიანებს „ჯვარის თაყვანისმცემლებად“ მოიხსენიებდნენ ჯვარის ერთ-ერთი სახეობაა ბორჯღალი.

ბორჯღალი

3) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საზოგადოებათა (საყმოთა) მფარველ წმიდანთა ან ანგელოზთა ერთ- ერთი სახელწოდება, როგორც ღვთისშვილი. წმიდა გიორგი, მთავარანგელოზი მიქაელი, ღვთისმშობელი, კოპალა, იახსარი, რომლებიც პატრონობენ და იცავენ ფშავ-ხევსურეთის სხვადასხვა საყმოებს, ჯვართა სახელით არიან ცნობილნი. ჯვარნი უხილავნი არიან, მათ საფარველი აქვთ დადებული, მხოლოდ ჯვარის რჩეულთ ეცხადებიან სააშკარაოდ – ისიც რაიმე სხვა სახით. ჯვარის გამოცხადების ყველაზე გავრცელებული სახეებია: მტრედი და ჯვარის გამოსახულება, ან ღრუბლის კოტორი (ფთილა), ან ცეცხლის ბურჯღუმი (სხივოსანი ბურთი)


4) ეწოდება იმ ადგილს, სადაც დაარსებულია ჯვარი, როგორც საყმოსა და მისი ტერიტორიის მფარველი აქ განლაგებულია წმიდა ნაგებობები: დარბაზი (სადაც ჯვარის მსახურნი იკრიბებიან დღესასწაულის დროს), საზარე, სადროშო (დროშის მისაყუდებელი) კოშკი, სალუდე და სხვა.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები