ჯიბლაძე სილიბისტრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სილიბისტრო ჯიბლაძე

ჯიბლაძე სილიბისტრო გიორგის ძე (დ. - 1859, სოფ. ამაღლება, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 17.II.1922, თბილისი) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. როგორც უხუცესმა წევრმა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა (1919 წლის 12 მარტი) სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა.

სარჩევი

ბიოგრაფია

ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა (1879). რექტორ ჩუდეცკის ცემისთვის 1884 წელს იგი სემინარიიდან გარიცხეს და ორი წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს. იყო „მესამე დასის“ დამფუძნებელი წევრი (ყვირილა, 1892). 1894 წლის 7 მაისს, ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე, წაიკითხა „მესამე დასის“ პროგრამა. 1890-იან წლებში სოციალ-დემოკრატთა თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში; იყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის, მკვლელობის ორგანიზატორი (1906). არაერთხელ იყო დაპატიმრებული საიმპერიო რეჟიმის მიერ. თანამშრომლობდა გაზეთებში: „სხივი“, „განთიადი“, „ელვა“. შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტში.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და მის აღმასკომის წევრად. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების, სახალხო გვარდიის შტაბისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

სილიბისტრო ჯიბლაძეს ბოლშევიკები შეურიგებელ მტრად მიიჩნევდნენ. 1921 წლის ივნისში მოხუცი სილიბისტრო მეტეხის ციხეში მოათავსეს. მან მთელი ზაფხული ციხეში გაატარა. სექტემბრის თვეში იგი მძიმედ დაავადდა და დიდი ვაი-ვაგლახის შემდეგ საკუთარ ბინაში, ცოლ-შვილთან გადაიყვანეს, თუმცა „ჩეკას“ ზედამხედველობა არ შეუწყვეტია. იმ პერიოდში მეტეხის ციხეში გარდაიცვალა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი - პარმენ ჭიჭინაძე. ამ ფაქტმა ავადმყოფ სილიბისტროზე მძიმედ იმოქმედა. მიუხედავად ექიმების აკრძალვისა, მან გადაწყვიტა, ჭიჭინაძის დასაფლავებაში მიეღო მონაწილეობა. 10 ოქტომბერს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ორი-სამი დღის შემდეგ სილიბისტროს ბინას „ჩეკას“ წარმომადგენელი ეწვია, თუმცა პარმენის დასაფლავების მეორე დღესვე მან გადაწყვიტა, სახლში არ დაბრუნებულიყო და არალეგალურ მუშაობაში ხელმძღვანელის როლი ეკისრა. გააფთრებული დევნის გამო, ის იძულებული იყო, ბინა ხშირად გამოეცვალა, რამაც საბოლოოდ მოსწყვიტა საკუთარ ოჯახს. 1922 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალურ კონფერენციაზე, ის თავისი ფეხით მივიდა და სიტყვა მაინც წარმოთქვა. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა აღარ გამოკეთებულა და 17 თებერვალს გარდაიცვალა

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

ჟურ. „ბრძოლა“, პარ., 1925, №3; გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. I, თბ., 2001.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები