I ოლიმპიური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „I ოლიმპიური თამაშები“ გადაიტანა გვერდზე „[[ათენის I ოლიმპიური თამ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ათენის I ოლიმპიური თამაშები“ გადაიტანა გვერდზე „[[I ოლიმპიური თამ...)

15:12, 2 დეკემბერი 2020-ის ვერსია

I ოლიმპიური თამაშები I ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1896 წელს (6-15 აპრილი) საბერძნეთში, ქალაქ ათენში.

  • მონაწილე ქვეყანა - 14
  • სპორტსმენი - 241 კაცი
  • სპორტის სახეობა - 9
  • მედლების კომპლექტი - 43
  • ყველაზე მეტი ოქროს მედალი კარლ შუმანი (ტანვარჯიში, ჭიდაობა, გერმანია) - 4

XIX საუკუნის ევროპისთვის ანტიკური ოლიმპიური თამაშების მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა უცხო არ იყო, მაგრამ არცერთი მათგანი არ სარგებლობდა ოლიმპიური შეჯიბრების სტატუსით იქამდე, ვიდრე ფრანგმა ბარონმა პიერ დე კუბერტენმა 1894 წელს სორბონაში კონგრესი არ მოიწვია და თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღოძინების იდეა არ გაახმოვანა. კუბერტენის წინადადება მოიწონეს. ახლა გასარკვევი იყო ჩატარების თარიღი და მასპინძლის ვინაობა. კუბერტენს მიაჩნდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ პირველი ოლიმპიური თამაშები 1900 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენის პარალელურად გაიმართებოდა, კონგრესის წევრთა უმეტესობის აზრით კი ექვსწლიანი ლოდინი ოლიმპიური თამაშებისადმი ინტერესს გაანელებდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ საინაუგურაციო ოლიმპიადა 1896 წელს ჩატარებულიყო. თამაშების მასპინძლად ლონდონის კანდიდატურა განიხილებოდა, რასაც კუბერტენი არ დაეთანხმა. საბერძნეთის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, კუბერტენმა თამაშების ჩატარების ადგილად ათენი დაასახელა, რაც ანტიკური ოლიმპიური თამაშების სამშობლოსთან ერთგვარ კავშირს დაამყარებდა, 1900 წლის ოლიმპიადის მასპინძლად კი პარიზის კანდიდატურა წამოაყენა. კონგრესმა წინადადება მოიწონა, ახლადდაარსებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტად კი სწორედ ვიკელასი აირჩიეს.

1896 წლის 6 აპრილს ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე 80 ათასი მაყურებლის წინაშე საბერძნეთის მეფე გეორგ პირველმა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) ცნობით, თანამედროვეობის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე = ავსტრალიის, ავსტრიის, აშშ-ის, ბულგარეთის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, უნგრეთის, ჩილეს, შვედეთის, შვეიცარიის და საბერძნეთის წარმომადგენლებმა სპორტის 9 სახეობაში (მძლეოსნობა, ველოსპორტი, ფარიკაობა, ძალოსნობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ცურვა, ჩოგბურთი, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში) მედლების 43 კომპლექტი გაითამაშეს. მერე და მერე, ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე მნიშვნელოვნად იზრდებოდა, როგორც მონაწილეთა, ისე სპორტის სახეობების, დისციპლინებისა და მედლების კომპლექტების რაოდენობა. სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე არ დაიშვებოდნენ ქალი სპორტსმენები. პიერ დე კუბერტენს მიაჩნდა, რომ მათი ჩართვა „არაპრაქტიკული, უინტერესო, არაესთეტური და არასწორი~ იქნებოდა”.

პირველი თამაშები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელი ოლიმპიადებისგან - არ იყო ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია, მონაწილე ქვეყნების აღლუმი, ასევე ოლიმპიური ფიცი არ დაუდიათ სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს; გამარჯვებულს ვერცხლის მედალს, ზეთის ხილის რტოსგან დამზადებულ გვირგვინს და დიპლომს გადასცემდნენ, მეორე ადგილზე გასულთათვის ბრინჯაოს მედალი, დაფნის რტო და დიპლომი იყო განკუთვნილი, მესამე ადგილოსნებზე კი ჯილდოები არ გაიცემოდა. განსხვავება იყო იმაშიც, რომ არ არსებობდა ოლიმპიური სოფელი. სპორტსმენები საკუთარ თავს თავად უზრუნველყოფდნენ საცხოვრებლით. ზოგიერთი უცხოელი სპორტსმენი კი მხოლოდ იმიტომ გავიდა ოლიმპიურ სარბიელზე, რომ იმხანად ათენში იმყოფებოდა.

თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი გახდა ამერიკელი მძლეოსანი ჯეიმს კონოლი, რომელმაც სამხტომში გაიმარჯვა, სიმაღლეზე ხტომაში მეორე ადგილი დაიკავა, სიგრძეზე ხტომაში კი მესამე იყო.

ცურვაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა უნგრელი ალფრედ ჰაიოში, რომელიც 100 და 1200 მეტრზე იყო საუკეთესო. საინტერესოა ისიც, რომ გრძელ მანძილზე ასპარეზობისთვის მოცურავეები ზღვაში ნავით გაჰყავდათ, საიდანაც ნაპირისკენ მონიშნულ მანძილს გადიოდნენ. საინაუგურაციო თამაშების ყველაზე წარმატებული სპორტსმენია გერმანელი კარლ შუმანი, რომელმაც ჭიდაობაში ჩემპიონობასთან ერთად სამი ოქრო მოიპოვა ტანვარჯიშში და დამატებით ძალოსნობაშიც მოსინჯა საკუთარი ძალები.

და მაინც, ათენის ოლიმპიადის გმირად ყველასთვის უცნობი ბერძენი სპიროს ლუისი შერაცხეს, რომელმაც მარათონულ რბენაში იმარჯვა და საბერძნეთს მძლეოსნობაში პირველი და ერთადერთი ოქროს მედალი მოუტანა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები