The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვახტანგ ციციშვილი

ვახტანგ ციციშვილი
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:1965  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის კონიაკის ქარხნის ეზო
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     ვახტანგ დავითის ძე ციციშვილი დაიბადა 1888 წლის 12 დეკემბერს ქარელის რაიონის სოფელ ქვემო ქვედურეთში. 1897 წელს მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს და მიაბარეს ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, რომელიც 1907 წელს დაამთავრა.

     1907 წელს მიემგზავრება მოსკოვს და აბარებს მისაღებ გამოცდებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო მესამე კურსზე თავს ანებებს სწავლას.

     1912 წელს, განკურნების შემდეგ, უმაღლესი განათლების მისაღებად მიემგზავრება საფრანგეთში და ირიცხება ქ. დიჟონის სამეურნეო ინსტიტუტის სამეურნეო ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც ამთავრებს 1915 წელს.

    1915 წლის სექტემბერში მუშაობას იწყებს "დ. ზ. სარაჯიშვილის ფირმის" კონიაკის ქარხანაში, ჯერ ოსტატის თანაშემწედ, შემდეგ ოსტატად. ეკატერინე ივანეს ასული ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ იგი ამ საზოგადოების აქტიური წევრია. მას მინდობილი ჰქონდა აღებ-მიცემის წარმოება სარაჯიშვილის ფირმაში.

    1920 წელს მოხდა კონიაკის ქარხნის კონსერვაცია იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა პროდუქციის რეალიზაცია. ამავე წელს მუშაობას იწყებს კოოპერატიული ამხანაგობის "ქართლის გამგეობის" წევრად.

    1924 წელს კონიაკის წარმოების აღდგენის შემდეგ ბრუნდება კონიაკის ქარხანაში და მუშაობს ტექნოლოგად კონიაკის კომბინატის დაარსებამდე. 1949 წელს გადაყვანილი იქნა კონიაკის კომბინატის დირექტორის მოადგილედ და კომბინატის მთავარ ტექნოლოგად. 1953 წელს, კომბინატის გაუქმების შემდეგ, დაინიშნა "სამტრესტი"–ს კონიაკის წარმოების მთავარ ტექნოლოგად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით იქმნებოდა დღეისათვის საქვეყნოდ განთქმული ქართული სამარკო კონიაკები.

     1947 წელს მაღალხარისხოვანი სამარკო კონიაკების შექმნისათვის მიენიჭა სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება.

    ბატონი ვახტანგის მიერ შექმნილი ქართული სამარკო კონიაკები: "ენისელი", "ვარციხე", "გრემი", "საიუბილეო 40 წ." საერთაშორისო კონკურსებსა და დეგუსტაციებზე არაერთხელ დაჯილდოებულა ოქროსა და ვერცხლის მედლებით. 

     ვახტანგ ციციშვილი გარდაიცვალა 1965 წელს. იგი დაკრძალულ იქნა თბილისის კონიაკის ქარხნის ეზოში, ხოლო 1968 წელს კონიაკის წარმოების 80 წლისთავისთვის მის საფლავზე დაიდგა მარმარილოს ბიუსტი.

     წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 83 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ოქროსა და ვერცხლის მედლები
  • სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება
    1947 წელს მაღალხარისხოვანი სამარკო კონიაკების შექმნისათვის