The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



სერგი დურმიშიძე

სერგი დურმიშიძე
Date of birth:27 February, 1910
Date of death:29 May, 1989  (at 79 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Manufacturer

Biography

    სერგი დურმიშიძე დაიბადა 1910 წლის 27 თებერვალს დაბა საჩხერეში.  

    1931 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1935-1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე, მათ შორის, 1944-1945 წლებში იყო კათედრის გამგე. 1943-1954 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1954-1955 წლებში – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1955-1971 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. ამავე დროს, 1957 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 1971 წლიდან 1987 წლამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს მეცნირებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორია. 

     ბატონი სერგი მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. დაადგინა სპირტის დუღილის ძირითადი, მეორეული და გარეშე პროდუქტების გარდაქმნის ბიოქიმიური გზები; საფუძველი ჩაუყარა ვაზისა და ღვინის ფენოლურ ნაერთთა ბიოქიმიას; დაამუშავა არომატული ნაერთების უჯრედშიგა ცვლის თეორიული საფუძვლები; წამოაყენა ჰიპოთეზა უჯრედში ფენოლურ და უცხო ნაერთთა ღრმა ჟანგვითი გარდაქმნებისა და დეტოქსიკაციის შესახებ; გამოავლინა ატმოსფეროს, ნიადაგისა და წყლების ბიოლოგიური გასუფთავების ახალი გზები. ბიოქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას — ალკოჰოლური დუღილის ბიოქიმიას მრავალი ორიგინალური გამოკვლევა მიუძღვნა. პირველმა შეისწავლა რძემჟავის გენეზისი ალკოჰოლური დუღილის პროცესში. მისი კვლევის ეს შედეგები საყოველთაოდ აღიარებულია და შეტანილია მრავალ ადგილობრივ თუ უცხოურ სახელმძღვანელოში. დუღილის ბიოქიმიაში ჩატარებულმა ამ გამოკვლევებმა თეორიული საფუძვლები შეუქმნეს ამ პროცესზე დამყარებულ ტექნოლოგიებს. დადგენილი ვაზის მთრთიმლავ ნივთიერებათა ქიმიური ბუნება, იდენტიფიცირებულია მრავალი პრინციპული მნიშვნელობის ინდივიდუალური ნაერთი. შრომები, რომლებიც ვაზის მთრთიმლავი ნივთიერებების და ანთოციანების ქიმიას მიეძღვნა, შევიდა მსოფლიოს სპეციალურ ლიტერატურაში. სერგი დურმიშიძის ამ შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ვაზისა და ღვინის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ გამოკვლევებზე.

     1955 წელს გამოიცა აკადემიკოს სერგი დურმიშიძის მონოგრაფია: „ვაზისა და ღვინის მთრთიმლავი ნივთიერებანი და ანთოციანები“. დღესაც ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნს წარმოადგენს ფენოლურ ნაერთებზე მომუშავე მკვლევართათვის. უცხოელი მეცნიერების მიერ ამ წიგნის ძირითადი შინაარსი გადაითარგნა და გამოქვეყნდა აშშ–ში, საფრანგეთში, იტალიასა და პორტუყგალიაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 4 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. არის 5 მონოგრაფიის, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

    1954-1955 წლებში იყო საქართველოს კპ ცკ-ის წევრი, საქართველოს სსრ IV-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ბატონი სერგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო მრავალი საპრობლემო საბჭოს, კომისიის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, სამეცნიერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-მხატვრული ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი და საყურადღებო ნაშრომების ავტორი. მსოფლიო აღიარება ჰპოვა მისმა გამოკვლევებმა სპირტული დუღილის ბიოქიმიაში, ორგანული მჟავებისა და ამინომჟავების ცვლაში, ფლავონოიდების ქიმიასა და ბიოქიმიაში, ფენოლური ბუნების ქიმიური რეგულატორების მეტაბოლიზმში, ქსენობიოქიმიაში.

    1990 წელს ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს მიენიჭა სერგი დურმიშიძის სახელი.        

     ბატონი სერგი გარდაიცვალა 1989 წლის 29 მაისს. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.  

Awards and Honors

  • ლენინის ორდენი